საქმე N 330141224010190297
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №1771-24 4 დეკემბერი, 2024 წელი
ს–ი გ., N1771-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ს–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. თ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2024 წლის 10 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსმა, გ. ს–ს მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე.
2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 მაისის განაჩენით გ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდა 3 წელი გამოსაცდელი ვადა.
გ. ს–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 5 წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
3. 2024 წლის 17 აპრილის საპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს N......... გადაწყვეტილებით გ. ს–ს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა შინაპატიმრობით 9 თვითა და 24 დღის ვადით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, გ. ს–ს მიმართ გავრცელდა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება და ერთიმეექვსედით შეუმცირდა შეცვლილი სასჯელი შინაპატიმრობა 9 თვითა და 24 დღის ვადით და მოსახდელად დარჩა შინაპატიმრობა 8 თვისა და 5 დღის ვადით.
ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 მაისის განაჩენით გ. ს–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი სასჯელი, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად 3 წლის გამოსაცდელი ვადით – შეუმცირდა 1 წლით და განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 მაისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
6. საქართველოს უზენაეს სასამართლოს საჩივრით მომართა მსჯავრდებულ გ. ს–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. თ–მ, რომელმაც მოითხოვა გ. ს–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 მაისის განაჩენით დანიშნულ პირობით მსჯავრზე ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გავრცელება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით (იხ.: განჩინებაში დაშვებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ 2024 წლის 6 ნოემბრის განჩინება) გ. ს–ს მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება გავრცელდა არა მხოლოდ შინაპატიმრობის სახით დანიშნულ სასჯელზე, არამედ პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად 3 წლის გამოსაცდელი ვადით, შეუმცირდა 1 წლით და განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
3. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე აქვს ნამსჯელი - არ არსებობს მსჯავრდებულ გ. ს–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. თ–ს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რისი მხედველობაში მიღებითაც საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 ოქტომბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ს–ს ინტერესების დამცველის ადვოკატ ნ. თ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე