ბს-253-241(კ-06) 11 ოქტომბერი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი – ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და ვეტერანთა საქმებიის სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ო-ე
მესამე პირი – თ. წ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 10 ოქტომბერს გ. ო-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიმართ სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1992 წლიდან მუშაობდა ქალაქის სოციალური დახმარების განყოფილების .... თანამდებობაზე. 2004 წლის მაისში რეორგანიზაციის შედეგად სოციალური დახმარების განყოფილება და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურად.
მოსარჩელის განმარტებით, მან მონაწილეობა მიიღო კონკურსში და საკონკურსო – საატესტაციო კომისიამ წარადგინა ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილედ სოციალურ საკითხებში, სადაც დაინიშნა სამსახურის უფროსის 2004 წლის 1 აგვისტოს ბრძანებით. 2005 წლის მარტიდან სამსახურის უფროსად დაინიშნა ნ. ბ-ე, რომელმაც 2005 წლის 12 სექტემბერს გამოსცა@¹288 ბრძანება მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, სადაც გათავისუფლების საფუძვლად მითითებული იყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს მუშაკის გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევისათვის. მან სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლის გარკევის მიზნით, განცხადებით მიმართა სამსახურის უფროსს, რომელმაც 2005 წლის 6 ოქტომბრის წერილში მიუთითა მის მიერ ბიუჯეტის თანხების შეუსაბამოდ განკარგვაზე, რაც უსაფუძვლოა და მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების გამოცემისას მოპასუხე ორგანიზაციის მიერ დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, ვინაიდან ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ არ შეიცავდა წერილობით დასაბუთებას. მოსარჩელის მოსაზრებით, მის მიმართ ხორციელდებოდა სამსახურებრივი დევნა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის 2005 წლის 12 სექტემბრის ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას 2005 წლის 12 სექტემბრიდან ყოველთვიურად 270 ლარის ოდენობით.
მოპასუხე ქ. ქუთაისის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და ვეტერანთა საქმეების სამსახურის წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით გიორგი ოყრეშიძის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გიორგი ოყრეშიძემ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით გიორგი ოყრეშიძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით გიორგი ოყრეშიძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის 2005 წლის 12 სექტემბრის ბრძანება; გ. ო-ე აღდგენილ იქნა ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილედ სოციალურ საკითხებში. გ. ო-ეს აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ო-ე არ მოქმედებდა უფროსთან შეთანხმების გარეშე. ამასთან, სამსახურის თანამშრომელთა მოვალეობების შესახებ დასახელებული ბრძანების მიხედვით, მოადგილე ასრულებდა უფროსის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში. როგორც გ. ო-ის მიერ სამსახურის უფროსისადმი მიცემული ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, სამსახურის უფროსის მოადგილეს თავისი ფუნქციების განხორციელებისათვის ჰქონდა საბანკო ფაქსიმილე, რაც მას აძლევდა უფლებას ხელი მოეწერა ქვითრებზე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული გარემოება მოწმობს იმას, რომ თანხების გადარიცხვის უფლება ჰქონდა მოადგილეს, და სწორედ ამან განაპირობა გ. ო-ის მიმართვები შპს «ქ. ტ.", თუმცა, სამსახურის უფროსის 2005 წლის 9 სექტემბრის წერილიდან გამომდინარე, თანხების გადარიცხვა მოხდა თავად სამსახურის უფროსის რეზოლუციის საფუძველზე.
აღნიშნულის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევა.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და ვეტერანთა საქმეების სამსახურის უფროსმა.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის 2005 წლის 12 სექტემბრის ¹228 ლ/ნ 289-ე ბრძანებით გ. ო-ე გათავისუფლდა აღნიშნული სამსახურის უფროსის მოადგილის (სოციალურ საკითხებში) თანამდებობიდან, «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, რომლის შესაბამისადაც, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის. ამავე კანონით მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობას. დისციპლინური გადაცდომისათვის სამსახურიდან გათავისუფლება თავისთავად წარმოადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებას, რაც შეიძლება მოხდეს მხოლოდ განსაკუთრებული დისციპლინური გადაცდომის დროს, თუ მოხელე უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობას.
კასატორის განმარტებით, ის ფაქტი, რომ უფროსის მოადგილეს თავისი ფუნქციების განხორციელებისათვის აქვს საბანკო ფაქსიმილე და ხელს აწერს ქვითარს, არ არის იმის დამადასტურებელ მტკიცებულება, რომ სამსახურის უფროსის მოადგილეს უფროსთან შეთანხმების გარეშე შეეძლო განეკარგა ბიუჯეტის სახსრები. საქმეში არსებული პროგრამის მიხედვით, ქ. ქუთაისის ბიუჯეტიდან 2005 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე გამოყოფილ იქნა 216220 ლარი განსაკუთრებით გაჭირვებული მოქალაქეებისათვის, მათ შორის, სარიტუალო მომსახურებისათვის. პროგრამის განხორციელება დაევალა ქ. ქუთაისის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს.
2005 წელს, სხვადასხვა დროს, გ. ო-ის მიერ გადაგზავნილ იქნა შპს «ქ. ტ." დირექტორის მიმართვები სარიტუალო მომსახურების შესახებ. ახსნა-განმარტებაში ჩამოთვლილ პირთაგან, როგორც ირკვევა, განსაკუთრებით გაჭირვებულ მოქალაქეთა კატეგორიას არ მიეკუთვნებოდა არც ერთი მათგანი და, შესაბამისად, მათი სარიტუალო მომსახურების ანაზღაურება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის კომპეტენციას აღემატებოდა.
კასატორის განმარტებით, ზემოთ მითითებული გარემოება, ადასტურებს იმას, რომ სახეზე იყო სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევა და ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის არამიზნობრივი ხარჯვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივლისის განჩინებით ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და ვეტერანთა საქმეების სამსახურის უფროსის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა» პუნქტის შესაბამისად.
2006 წლის 4 ოქტომბერს, საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, კასატორმა - ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და ვეტერანთა საქმეების სამსახურის უფროსმა, ა. მ-მა, განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კასატორის – ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და ვეტერანთა საქმეების სამსახურის უფროსის - ა. მ-ის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მისი განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, შეწყდეს ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და ვეტერანთა საქმეების სამსახურის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
კონკრეტულ შემთხვევაში კასატორმა - ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და ვეტერანთა საქმეების სამსახურის უფროსმა უარი განაცხადა რა საკასაციო საჩივარზე, გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც ადმინისტრაციული პროცესის მონაწილე მხარის ნების შეუზღუდავი გამოვლენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, თუU საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ არსებული ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო ანალოგიის პრინციპის გამოყენებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ" პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
ყოველივე აღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, დააკმაყოფილოს ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და ვეტერანთა საქმეების სამსახურის უფროსის ა. მ-ის განცხადება და საკასაციო საჩივარზე შეწყვიტოს საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე, 399-ე მუხლებით, 272-ე მუხლის «გ" პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და ვეტერანთა საქმეების სამსახურის უფროსის - ა. მ-ის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და ვეტერანთა საქმეების სამსახურის უფროსის ა. მ-ის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;
3. ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და ვეტერანთა საქმეების სამსახურის უფროსს ა. მ-ს განემარტოს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.