Facebook Twitter

საქმე N 330802224010399612

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№197I-24 2 დეკემბერი, 2024 წელი

დ–ი ა., №197I-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. (A-R) დ–ი (D_K) ინტერესების დამცველის ადვოკატ მ. ტ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 4 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა. დ–სის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები და ფაქტობრივი გარემოებები:

1.1. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი: 2014 წლის 13 მაისს თურქეთის რესპუბლიკის ქ.იზმირის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის N16 სასამართლოს N2013/915-2014/305 განაჩენით (გამოცხადების ნომერი 2024/3079), ა. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 107/1 მუხლით (შანტაჟი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. იმავე განაჩენით, ა. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 თვის ვადით.

1.2. 2020 წლის 17 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის მე-4 პალატის გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული განაჩენი დარჩა ძალაში და მიიღო საბოლოო სახე.

1.3. 2015 წლის 4 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის აფიონქარაჰისარის სისხლის სამართლის საქმეთა პირველი ინსტანციის N2 სასამართლოს N2013/204-2015/358 განაჩენით (გამოცხადების ნომერი 2024/3080), ა. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 86/1, 86/3-ა, 87/1-დ და 87/1 მუხლებით (მეუღლის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, რამაც საფრთხე შეუქმნა მის სიცოცხლეს და გამოიწვია ძვლის მოტეხილობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. იმავე განაჩენით, ა. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 2 თვის ვადით.

1.4. 2018 წლის 20 სექტემბერს თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის მე-3 პალატის გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული განაჩენი დარჩა ძალაში და მიიღო საბოლოო სახე.

1.5. 2017 წლის 20 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის დინარის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა სასამართლოს N2017/12-2017/61 განაჩენით (გამოქვეყნების ნომრები 2024/2950; 2024/3077), ა. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 197/1 მუხლით (ფულის გაყალბება) და 58/6-7 მუხლთან ერთობლიობაში 204/1 მუხლით (ოფიციალური საბუთების გაყალბება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. იმავე განაჩენით, ა. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით და 3 წლის ვადით.

1.6. 2018 წლის 9 მარტს თურქეთის რესპუბლიკის ქ.ანტალიის რეგიონალური სასამართლოს სისხლის სამართლის მე-7 პალატის გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული განაჩენი დარჩა ძალაში და მიიღო საბოლოო სახე.

1.7. 2019 წლის 9 მაისს თურქეთის რესპუბლიკის ისფართას სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა პირველი სასამართლოს N2019/126-2019/215 განაჩენით (გამოცხადების ნომერი 2024/3078), ა. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 197/1 მუხლით (ფულის გაყალბება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. იმავე განაჩენით, ა. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის და 6 თვის ვადით.

1.8. 2020 წლის 8 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის ქ.ანტალიის რეგიონალური სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის მე-8 პალატის გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული განაჩენი დარჩა ძალაში.

1.9. 2022 წლის 12 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის დინარის აღმასრულებელი სასამართლოს N2022/1093-2022/1106 გადაწყვეტილებით, ა. დ–ს მიმართ ზემოაღნიშნული განაჩენებით დადგენილი სასჯელები შეიკრიბა და განისაზღვრა ჯამში - 14 წლის და 18 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, მითითებული სასჯელების მოხდის მიზნით, იგი სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2019 წლის 19 დეკემბრიდან 2023 წლის 26 ივლისამდე, მის პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების თარიღამდე.

1.10. 2024 წლის 12 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის ბოლვადინის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა სასამართლოს N2023/161-2024/5 განაჩენით (გამოქვეყნების ნომრები 2024/2519; 2024/2520), ა. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 58/6-7 მუხლთან ერთობლიობაში 158/1.f მუხლით (საინფორმაციო სისტემების, ბანკის ან საკრედიტო ორგანიზაციების გამოყენებით თაღლითობა) და 204/1 მუხლით (ოფიციალური საბუთების გაყალბება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. იმავე განაჩენით, ა. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით და 3 წლის და 9 თვის ვადით.

1.11. 2024 წლის 4 მარტს თურქეთის რესპუბლიკის ქ. ქონიის რეგიონალური სასამართლოს სისხლის სამართლის მე-8 პალატის გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული განაჩენი ძალაში იქნა დატოვებული და მიიღო საბოლოო სახე.

1.12. 2024 წლის 1 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის ბოლვადინის აღმასრულებელი სასამართლოს N2024/1024-2024/959 გადაწყვეტილებით, ა. დ–ს მიმართ ზემოაღნიშნული განაჩენებით დადგენილი სასჯელები შეიკრიბა და განისაზღვრა ჯამში - 22 წლით და 27 თვით თავისუფლების აღკვეთის სახით. ამასთან, აღნიშნული სასჯელიდან მან ფაქტობრივად უნდა მოიხადოს 2683 დღე, ხოლო 1704 დღის საპატიმრო დაწესებულებაში მოხდის შემდგომ, შესაძლოა მოიპოვოს პირობით გათავისუფლების უფლება.

1.13. 2024 წლის 2 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის ბოლვადინის საჯარო მთავარი პროკურატურის მიერ გამოცემულია ა. დ–ს დაკავების ბრძანება ზემოაღნიშნული სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით.

2. ა. დ–სის მიმართ საქართველოში განხორციელებული პროცედურები:

2.1. 2024 წლის 5 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. დ..

2.2. 2024 წლის 7 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ა. დ–ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.

2.3. 2024 წლის 12 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის წინაშე ა.დ–მა უარი განაცხადა გამარტივებული პროცედურის გამოყენებით თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციაზე.

2.4. 2024 წლის 21 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი ა. დ–ს და მისი ადვოკატის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

2.5. 2024 წლის 4 ივლისს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა ა. დ–ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.

2.6. 2024 წლის 3 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ა. დ–ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2024 წლის 5 დეკემბრამდე.

2.7. 2024 წლის 9 სექტემბერს და 17 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი ა. დ–ს და მისი ადვოკატის საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 3 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

2.8. 2024 წლის 20 სექტემბერს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია ა. დ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით. მოთხოვნილი ინფორმაცია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა 2024 წლის 11 ოქტომბერს.

2.9. ა. დ–ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციურ დაწესებულებაში.

2.10. 2024 წლის 12 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მომართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და მოითხოვა დასაშვებად იქნეს ცნობილი ა. დ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია სასჯელის მოხდის მიზნით.

2.11. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი – ა. დ–ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი მ. ტ–ე არ დაეთანხმნენ პროკურორის შუამდგომლობას.

2.12. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 21 ნოემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დასაშვებად იქნეს ცნობილი ა. დ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის აფიონქარაჰისარის სისხლის სამართლის საქმეთა პირველი ინსტანციის N2 სასამართლოს 2015 წლის 4 ივნისის N2013/204-2015/358 განაჩენით (გამოცხადების ნომერი 2024/3080) დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით;

დასაშვებად იქნა ცნობილი ა. დ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის დინარის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის N2017/12-2017/61 განაჩენით (გამოქვეყნების ნომრები 2024/2950; 2024/3077) დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით;

დასაშვებად იქნა ცნობილი ა. დ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ისფართას სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა პირველი სასამართლოს 2019 წლის 9 მაისის N2019/126-2019/215 განაჩენით (გამოცხადების ნომერი 2024/3078) დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით;

დასაშვებად იქნა ცნობილი ა. დ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ბოლვადინის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა სასამართლოს 2024 წლის 12 იანვრის N2023/161-2024/5 განაჩენით (გამოქვეყნების ნომრები 2024/2519; 2024/2520) დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით;

დაუშვებლად იქნა ცნობილი ა. დ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის ქ.იზმირის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის N16 სასამართლოს 2014 წლის 13 მაისის N2013/915-2014/305 განაჩენით (გამოცხადების ნომერი 2024/3079) დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით.

2.13. 2024 წლის 26 ნოემბერს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. დ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ტ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმება.

3. კასატორის პოზიცია:

3.1. კასატორის პოზიციით, ა. დ–ი თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლოა წამების, არაადამიანური მოპყრობისა და დასჯის მსხვერპლი გახდეს. ვინაიდან, მისივე განცხადებით მას თავის ქვეყანაში ტერორისტად თვლიან. იგი თურქეთის რესპუბლიკაში იყო დევნილი და შევიწროებული. ა. დ–ი არის თავშესაფრის მაძიენელი და მისი საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში. მას სიკვდილით ემუქრებიან ასევე მისი ოჯახის წევრები, რადგან მათ გაიფორმეს მისი მიწები, რაც მისი ძალისხმევით იქნა გაუქმებული, რასაც მას არ პატიობენ. ასევე საგულისხმოა, რომ მას ისფართის სასამართლოს გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელი მოხდილი აქვს. ამასთან, ვინაიდან ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები მიუთითებენ თურქეთის რესპუბლიკაში არსებულ არასათანადო მოპყრობისა, წამების ფაქტების ზრდაზე, წარმოდგენილი დიპლომატიური გარანტიების განხილვისას, სასამართლომ განსაკუთრებით ყურადღებით უნდა შეისწავლოს აღნიშნული გარანტიების სანდოობა. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ ა. დ–ი არ უნდა იქნეს ექსტრადირებული თურქეთის რესპუბლიკაში.

4. პოზიცია საკასაციო საჩივარზე:

4.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა წარმოადგინა პოზიცია და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების უცვლელად დატოვება. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 ნოემბრის ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინებით სასამართლოს მიერ შესწავლილ იქნა ექსტრადიციის სამართლებრივი საფუძვლები, ორმაგი დანაშაულებრიობის პრინციპი, ხანდაზმულობის ვადები, შეფასებულ იქნა ექსტრადიციის შემთხვევაში ა. დ–ს უფლებების დარღვევის რისკები, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით თურქეთის რესპუბლიკაში არსებული ზოგადი მდგომარეობა და უფლებების დაცვის გარანტიები. ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, კი არ არსებობს ა. დ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ ა. დ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია, რომლის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კონვენციის დებულებებს უპირატესი ძალა აქვს კონვენციის მხარეებს შორის არსებულ სხვა ხელშეკრულებებთან მიმართებით.

3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

4. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ ძებნილი ა. დ–ი 2024 წლის 5 ივნისს, საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ა. დ–ს მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

5. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს. საკასაციო სასამართლო შეაფასებს, არსებობს თუ არა ა. დ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე საფუძველი.

6. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული დაექვემდებაროს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული ქმედება როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს დასჯადი; 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს.

7. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა შემდეგნაირად:

8. 2014 წლის 13 მაისის განაჩენის თანახმად: 2010 წლის თებერვალში, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ა. დ. სახელის გამტეხი ცრუ ცნობების და ვიდეო მასალის გავრცელების მუქარის შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინებებით, აიძულებდა სემიჰა ბიროქს ეპასუხა მისი სატელეფონო ზარებისათვის. აღნიშნული ქმედება დასჯადი იქნებოდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე ვადით.

9. 2015 წლის 4 ივნისის განაჩენის თანახმად: 2013 წლის 23 თებერვალს, თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ა.დ–მა თავის მეუღლე – გ. დ–ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის დაზიანება, რასაც თან სდევდა ძვლის მოტეხილობა. აღნიშნული ქმედება დასჯადი იქნებოდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 13 წლამდე ვადით.

10. 2017 წლის 20 დეკემბრის განაჩენის თანახმად: 2016 წლის დეკემბერში თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ა.დ–მა, რომელსაც ჩამორთმეული ჰქონდა მართვის მოწმობა გამოიყენა სხვის სახელზე გაცემული ყალბი მართვის მოწმობა, რომელზეც დამაგრებული იყო მისი ფოტოსურათი. ამასთან, 2016 წლის ნოემბერში, თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ჰ. ფ–თან ანგარიშსწორებისას, ა.დ–მა განზრახ გამოიყენა ყალბი ფული. აღნიშნული ქმედებები დასჯადი იქნებოდა საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ფულის გასაღება), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 7 წლამდე ვადით და იმავე კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის გამოყენება), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე ვადით.

11. 2019 წლის 9 მაისის განაჩენის თანახმად: 2018 წლის 5 ნოემბერს, თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ა.დ–მ და მისმა თანამზრახველმა ჰ. ქ–მ, ბ. ს–ნ, ჰ. ს–თან და ე. ქ–თან ანგარიშსწორებისას განზრახ გამოიყენეს ყალბი ფული. აღწერილი ქმედება დასჯადი იქნებოდა საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ყალბი ფულის გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 10 წლამდე ვადით.

12. 2024 წლის 12 იანვრის განაჩენის თანახმად: 2015 წლის ნოემბერში, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ა.დ–მ და მისმა თანამზრახველებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი ჩეკები, რითაც მოტყუებით მიიღეს ფინანსური სარგებელი და ფინანსური ზიანი მიაყენეს დაზარალებულ პირებს. აღწერილი ქმედებები დასჯადი იქნებოდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 7 წლამდე ვადით და იმავე კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის გამოყენება), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე ვადით.

13. ამდენად, მოცემულ საქმეში ა. დ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოითხოვება ისეთი ქმედებების ჩადენისათვის, რომელიც დასჯადია როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კანონმდებლობით და ამავდროულად, მოცემული დანაშაულებისათვის სასჯელის სახით, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.

14. გარდა ამისა, დაცულია ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-3-მე-4 მუხლებითა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, კერძოდ, მოცემულ საქმეში პოლიტიკური დანაშაულის/პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულის ან სამხედრო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის.

15. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.

16. დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა ჩადენისთვისაც მოითხოვება ა. დ–ს ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება, სულ მცირე, საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი რაც ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, მძიმე და ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებია.

17. საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლების პირველი ნაწილის თანახმად, დადგენილია კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადები. მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა ა) ორ წელში იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას; ბ) ექვს წელში სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს; გ) ათ წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს; დ) თხუთმეტ წელში – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს ან/და თავი აარიდა სასჯელის მოხდას.

18. 1957 წლის ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. გარდა ზემოაღნიშნულისა, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.

19. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენისთვისაც ა. დ. მსჯავრდებულია თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს სსკ-ის მე-12 მუხლის თანახმად, მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშულთა კატეგორიას. საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 6 წელში ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს და 10 წელში - მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებისას. რაც შეეხება, მსჯავრდებას დანაშაულისათვის, რომლისთვისაც მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას, იმავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 2 წელში. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული ექსტრადიციის ქვემდებარე, 2015 წლის 4 ივნისის, 2017 წლის 20 დეკემბრის, 2019 წლის 9 მაისის და 2024 წლის 12 იანვრის განაჩენებთან მიმართებით. თუმცა, ხანდაზმულობის ვადა გასულია 2014 წლის 13 მაისის განაჩენთან მიმართებით, ვინაიდან დანაშაულებრივი ქმედება – იძულება, განხორციელდა 2010 წლის 9 თებერვალს, ხოლო განაჩენის აღსრულება არ იყო დაწყებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის 2 წლიანი ვადის გასვლამდე. ამასთან, მოცემულ საქმეში არ გამოკვეთილა ხანდაზმულობის ვადის დინების შემაჩერებელი გარემოება. (საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორს ამ დანაშაულთან მიმართებით არ მოუთხოვია ა. დ–სიქის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია).

21. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული არც თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით და იწურება 2028, 2032 და 2034 წლებში.

22. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სამართალწარმოება, გარდა საექსტრადიციო პროცედურებისა. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა „Non bis in idem“-ის პრინციპი.

23. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, რომ ა. დ–ი იდევნება, ვინაიდან საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ იგი რაიმე ნიშნით იდევნება თურქეთის რესპუბლიკაში ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის, არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც მიუთითებდა, რომ იგი შესაძლოა დაექვემდებაროს წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს პროკურატურამ ა. დ–ი შესახებ ინფორმაცია მოიძია ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებში (google.com, bing.com, yahoo.com), თუმცა ა. დ–ს უფლებების დარღვევის ან/და დევნის მანიშნებელი რაიმე ინფორმაცია არ მოიძებნა. ინტერნეტის ღია წყაროებში ინფორმაციის მოძიება ერთ-ერთი მზარდად გამოყენებადი მეთოდია პირის მიმართ უცხო სახელმწიფოში დევნის დასადასტურებლად. როგორც წესი, დევნის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ავრცელებენ. ასევე გასათვალისწინებელია, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი, რაც მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიას ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.

24. ამასთან, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ თურქეთის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ იქნა გარანტია იმის თაობაზე, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი ა. დ–ს უფლებები სრულად იქნება დაცული. საგულისხმოა, რომ გარანტიები არის კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი და ამასთანავე არის საკმარისად კონკრეტული და არა ზოგადი/ბუნდოვანი. მათ შორის მოიცავს გარანტიას იმის თაობაზე, რომ დანაშაული არ არის პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობის. ამასთან, საერთაშორისო კონვენციების და შიდა კანონმდებლობის შესაბამისად დაცული იქნება ეჭვმიტანილი პირის უფლებები.

25. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.: Mamatkulov and Askarov Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtH 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).

26. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“

27. ა. დ–ი არ არის საქართველოს მოქალაქე, იგი არ სარგებლობს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით. გარდა ამისა, იგი არის ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს მოქალაქე. ამდენად, არ არსებობს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, არ იკვეთება არც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები.

28. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი განსაზღვრავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი და მათზე არც დაცვის მხარე მიუთითებს.

29. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ მიუთითებია წონადი არგუმენტები თურქეთის რესპუბლიკაში ა. დ–ს მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის რეალური საფრთხის არსებობის შესახებ, ამასთან მსგავსი ინფორმაცია არც საქართველოს გენერალურ პროკურატურას გააჩნია.

30. საექსტრადიციო მასალებში არ იკვეთება, რომ ა. დ–ს საქმის განხილვისას პროცედურები აშკარად და უხეშად დაირღვა, რაც წარმოშობდა საფუძველს ვარაუდისა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მას შეეზღუდა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ამ უფლების დარღვევის საფრთხე.

31. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ა. დ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

32. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no. 140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. დ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ტ–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 21 ნოემბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. (A–R) დ–ს (D–K) ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ტ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 21 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე