Facebook Twitter

საქმე # 330141224010190603

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№2001-24 5 დეკემბერი, 2024 წელი

ნ. გ. 2001-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ნ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ა. გ–ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 თებერვლის განაჩენით თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზურა ბაიდოშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;

1.1. დამტკიცდა პროკურორ ზურა ბაიდოშვილსა და ბრალდებულ გ. ნ–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

1.2. გ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი;

1.3. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 4 000 ლარი;

1.4. გ. ნ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდა;

1.5. გ. ნ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო 2023 წლის 23 ოქტომბრიდან – 2023 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით;

1.6. გ. ნ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 3 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

2. 2024 წლის 10 ოქტომბერს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ გ. ნ–ის პირადი საქმე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებული გ. ნ–ი ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ძირითადი სასჯელის – 2 წლით პირობითი მსჯავრისა და 2 წლით გამოსაცდელი ვადის მოხდისაგან;

3.1. განაჩენი სხვა, მათ შორის დამატებითი სასჯელის – ჯარიმის და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების ნაწილში, დარჩა უცვლელად.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ნ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ა. გ–მა და მოითხოვა ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის გამოყენებით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.

5. მსჯავრდებულ გ. ნ–ის ადვოკატმა – ა. გ–მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2024 წლის 5 დეკემბერს წარმოადგინა განცხადება, რომლის თანახმად, გ. ნ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 თებერვლის განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა გადახდილია არასრული სახით, კერძოდ, შედგენილია განწილვადების დოკუმენტი, რომლის შესაბამისადაც, დაფარულია 5 თვის თანხა. ადვოკატი, იმავდროულად, ითხოვს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.

6. მსჯავრდებულ გ. ნ–ის პირადი საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, თბილისის პრობაციის ბიუროდან, გამოთხოვილი იქნა 2024 წლის 28 ნოემბერს, რაც გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის (2024 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით), კვლავაც არ არის შემოსული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, იმავდროულად, გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ტექნიკური ხასიათის ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 თებერვლის განაჩენით გ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი, რასაც ასევე უთითებს გასაჩივრებული განჩინების აღწერილობითი ნაწილი (§1), თუმცა ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის (ისევე როგორც აღწერილობითი ნაწილის §5-ის) თანახმად, მსჯავრდებული გ. ნ–ი ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ძირითადი სასჯელის – 2 წლით პირობითი მსჯავრისა და 2 წლით გამოსაცდელი ვადის მოხდისაგან;

2.1. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება ამ ნაწილში უნდა გასწორდეს და მიეთითოს შემდეგი: ,, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გ. ნ–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული ძირითადი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი – მოხდისაგან“.

3. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის – განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 თებერვლის განაჩენი სხვა, მათ შორის, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამორთმეული უფლებების ნაწილში, დარჩა უცვლელად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს გ. ნ–ის ადვოკატის – ა. გ–ს მიერ წარმოდგენილ 2024 წლის 5 დეკემბრის განცხადებას (რომლის თანახმად, გ. ნ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 თებერვლის განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული – ჯარიმა ამ დრომდე სრულად გადახდილი არ არის) და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად. კერძოდ, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის (პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაული და რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება, სასჯელისგან გათავისუფლებასთან ერთად, სასამართლოს გადაწყვეტილებით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა)) შესაბამისად, ვინაიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ძირითადი სასჯელისგან გათავისუფლებასთან ერთად, გ. ნ–ს ამ დრომდე არ აქვს მოხდილი დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული სასჯელი – ჯარიმა, მას „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა) ვერ აღუდგება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. ნ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ა. გ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

2.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გ. ნ–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული ძირითადი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი – მოხდისაგან;

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 თებერვლის განაჩენი სხვა, მათ შორის, დამატებითი სასჯელის – ჯარიმის და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების ნაწილში, დარჩეს უცვლელი;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე