საქმე # 140141124010188606
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№2041-24 4 დეკემბერი, 2024 წელი
ც-ი ს., 2041-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. ც-ის საკასაციო საჩივრები გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის განაჩენით ს. ც-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2005 წლის 30 მარტს ჩადენილი დანაშაულებისათვის) და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან 2 წელი – რეალურად მოსახდელად, ხოლო 1 წელი – ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 თებერვლის განაჩენით ს. ც-ს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2008 წლის 1 ივლისიდან. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 სექტემბრის განაჩენით შეიცვალა: ს. ც-ს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან 3 წელი – რეალურად მოსახდელად, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის განაჩენით ს. ც-ს საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეუპუნქტით მიესაჯა 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი – 1 წელი და, საბოლოოდ, ს. ც-ს მიესაჯა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2008 წლის 1 ივლისიდან. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 29 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი.
4. გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 17 სექტემბრის დადგენილებით ს. ც-ს დაუდგინდა საბოლოო სასჯელი – 20 წლით, 6 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა, აქედან რეალურად მოსახდელად განესაზღვრა 19 წლით, 6 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 1 წელი – ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელი აეთვალა 2010 წლის 17 სექტემბრიდან.
5. გორის რაიონული სასამართლოს სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, მსჯავრდებულ ს. ც-ს საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები (როგორც რეალური, ისე – პირობითი) შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 14 წლით, 8 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 9 თვით თავისუფლების აღკვეთა – ჩაეთვალა პირობით, 9 თვის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელი აეთვალა 2010 წლის 17 სექტემბრიდან.
6. №-- პენიტენციური დაწესებულების ცნობის თანახმად, ს. ც-ს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მოსახდელი ნაწილი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე, შეუმცირდა 75 დღით და თავისუფლდება 07.03.2025 წელს.
7. 2024 წლის 10 ოქტომბერს გორის რაიონულმა სასამართლომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №-- პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, მიიღო მსჯავრდებულ ს. ც-ის პირადი საქმე.
8. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით:
მსჯავრდებულ ს. ც-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის დანიშნულ სასჯელები დარჩა უცვლელად და არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება.
მსჯავრდებულ ს. ც-ს გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, აქედან 1 წელი და 8 თვე უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 10 თვით თავისუფლების აღკვეთა – ჩაეთვალა პირობით, 10 თვის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ს. ც-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, აქედან 2 წელი და 6 თვე უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 10 თვით თავისუფლების აღკვეთა – ჩაეთვალა პირობით.
მსჯავრდებულ ს. ც-ისათვის დანიშნული საბოლოო სასჯელი დარჩა უცვლელად: სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 14 წლით, 8 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 9 თვით თავისუფლების აღკვეთა – ჩაეთვალა პირობით, 9 თვის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელი აეთვალა 2010 წლის 17 სექტემბრიდან.
გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 სექტემბრისა და 2010 წლის 11 მარტის განაჩენები და გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
9. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ს. ც-მა საჩივრებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი აღნიშნავს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით რეალურად მოსახდელად განესაზღვრა 14 წლით, 8 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა და 9 თვით პირობითი მსჯავრი; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე მას დანიშნული სასჯელი შემცირებული ჰქონდა 75 დღით და სასჯელის ვადა უმთავრდებოდა არა 2025 წლის 21 მაისს (როგორც ეს გასაჩივრებული განჩინებით ითვლება), არამედ – 2025 წლის 7 მარტს, ე.ი. დანიშნული სასჯელი დაუმძიმდა 75 დღით. აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ითხოვს გორის რაიონული სასამართლოს შეცდომის გასწორებას, ასევე – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის სწორად გავრცელებას პირობით მსჯავრზეც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 17 სექტემბრის დადგენილებით მსჯავრდებულ ს. ც-ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა 20 წლით, 6 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა; აქედან 19 წლით, 6 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა – სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1 წელი – ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2010 წლის 17 სექტემბრიდან.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც-ს საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა: 14 წლით, 8 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა (რეალური სასჯელი) და 9 თვით პირობითი მსჯავრი, 9 თვის გამოსაცდელი ვადით. სასჯელის ათვლის თარიღი – 2010 წლის 17 სექტემბერი – დარჩა უცვლელად.
4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, ერთი მეექვსედით უმცირდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო ამავე კანონის მე-7 მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXII თავით განსაზღვრულ დანაშაულებზე.
5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ სწორად არ გაავრცელა ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი საქართველოს სსკ-ის 137-ე და 138-ე მუხლებით დანიშნულ სასჯელებზე, ვინაიდან ეს მუხლები მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXII თავში. შესაბამისად, მსჯავრდებულ ს. ც-ს სწორად განესაზღვრა რეალურად მოსახდელი სასჯელის ზომად 14 წლით, 8 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ მსჯავრდებულს რეალურად მოსახდელი საბოლოო სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელი – 75 დღე.
6. რაც შეეხება პირობით მსჯავრს: გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულს დანიშნული ჰქონდა ასევე 9 თვით პირობითი სასჯელი, 9 თვის გამოსაცდელი ვადით, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა შეემცირებინა ერთი მეექვსედით და ს. ც-ისათვის განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 7 თვითა და 15 დღით, ასევე – უნდა შეემცირებინა გამოსაცდელი ვადა.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ს. ც-ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, საქართველოს სისხლს სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ს. ც-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება;
3. მსჯავრდებულ ს. ც-ს, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 14 (თოთხმეტი) წლით, 8 (რვა) თვითა და 4 (ოთხი) დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალოს 2010 წლის 17 სექტემბრიდან;
4. მსჯავრდებულ ს. ც-ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელი – 75 (სამოცდათხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა;
5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ ს. ც-ს ერთი მეექვსედით შეუმცირდეს გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 17 სექტემბრის დადგენილებით დანიშნული და იმავე რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით ერთი მეოთხედით შემცირებული 9 (ცხრა) თვით პირობითი მსჯავრი და განესაზღვროს 7 (შვიდი) თვითა და 15 (თხუთმეტი) დღით პირობითი მსჯავრი, 7 (შვიდი) თვისა და 15 (თხუთმეტი) დღის გამოსაცდელი ვადით;
6. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
7. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე