საქმე N 330802224010465147
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№211I-24 9 დეკემბერი, 2024 წელი
ს–ი ა., N211I-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. (A.) ს–ს (S-v) ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ყ–მის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა. (A.) ს–ს (S-v) მიმართ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები და ფაქტობრივი გარემოებები:
1.1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი: ა. ს–მა მოიპოვა ა–ს რესპუბლიკის ნ–ს რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლის ს. ა–ს ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახულია ს. ა–სთვის მეგობრის მიერ დაბადების დღეზე ნაჩუქარი რვა ქიმიანი ვარსკვლავის ფორმის ტორტის გაჭრის პროცესი.
2023 წლის აგვისტოს თვეში ა. ს–ი დაუკავშირდა ს. ა–ს და უთხრა, რომ მის შესახებ ფლობდა მაკომპრომეტირებელ მასალას. მან აღნიშნული მასალის გავრცელების მუქარით 3000 აზერბაიჯანული მანათი მოსთხოვა ს. ა–ს.
ს. ა–ი იძულებული გახდა, რომ ა. ს–სთვის გადაეხადა 1500 აზერბაიჯანული მანათი. 2023 წლის აგვისტოს თვის შუა რიცხვებში ს. ა–მა 1500 აზერბაიჯანული მანათი ჩარიცხა ა. ს–ს ანგარიშზე. აღნიშნულით ა. ს–ი არ დაკმაყოფილდა და აგრძელებდა დარჩენილი 1500 მანათის მოთხოვნას.
2023 წლის ოქტომბრის თვეში ა. ს–ი დაუკავშირდა ნ–ს რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს ფ. მ–ს, დაემუქრა, რომ მის შესახებ გაავრცელებდა ყალბ ინფორმაციას, თითქოსდა ფ. მ–ს უკანონოდ გაყიდული ჰქონდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება. ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავების სანაცვლოდ მან ფ. მ–ს მოსთხოვა 6000 აზერბაიჯანული მანათი. ფ. მ–მა მას, 2023 წლის ოქტომბრის თვეში ჩაურიცხა 3000 აზერბაიჯანული მანათი. აღნიშნულით ა. ს–ი არ დაკმაყოფილდა და აგრძელებდა დარჩენილი 3000 აზერბაიჯანული მანათის მოთხოვნას.
1.2. 2024 წლის 10 მაისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული დანაშაულის მთავარი დეპარტამენტის საგამოძიებო განყოფილების უფროსის მოადგილის დადგენილებით ა. ს–ი ცნობილი იქნა ბრალდებულად აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 182.2.2 და 182.2.4 მუხლებით.
1.3. 2024 წლის 11 მაისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ნარიმანოვის რაიონულმა სასამართლომ გასცა ა. ს–სის დაკავების განჩინება.
2. ა. ს–ს მიმართ საქართველოში განხორციელებული პროცედურები:
2.1. 2024 წლის 15 ივლისს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შევიდა ა. ს–ს ექსტრადიციის შუამდგომლობა და დანართი მასალა ელექტრონული ფოსტით.
2.2. 2024 წლის 24 ივლისს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შევიდა ა. ს–ს ექსტრადიციის შუამდგომლობისა და დანართი მასალის დედანი.
2.3. 2024 წლის 3 აგვისტოს ექსტრადიციის მიზნით ა. ს–ი დაკავებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ.
2.4. 2024 წლის 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით ა. ს–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა.
2.5. 2024 წლის 13 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი აღკვეთის ღონისძიების გაუქმებისა და შეცვლის თაობაზე.
2.6. 2024 წლის 9 ოქტომბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილი იქნა დამატებითი ინფორმაცია და ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიები.
2.7. 2024 წლის 1 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით ა. ს–ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, სულ 6 თვემდე, 2024 წლის 3 ნოემბრიდან 2025 წლის 3 თებერვლამდე.
2.8. 2024 წლის 1 ნოემბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შევიდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მომართვა ა. ს–ს საქმეზე დამატებითი ინფორმაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიების თაობაზე.
2.9. 2024 წლის 13 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი აღკვეთის ღონისძიების გაუქმებისა და შეცვლის თაობაზე. ამჟამად ა. ს–ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებაში.
2.10. 2024 წლის 22 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ და მოითხოვა დასაშვებად იქნეს ცნობილი ა. ს–ს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული დანაშაულის მთავარი დეპარტამენტის საგამოძიებო განყოფილების უფროსის მოადგილის 2024 წლის 10 მაისის დადგენილებაში ა. ს–ს ბრალდებულად ცნობის თაობაზე (ს. ა–ს კუთვნილი ფულადი თანხის გამოძალვა და ფ. მ–ს კუთვნილი ფულადი თანხის გამოძალვა) და დასჯადია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 182.2.2 და 182.2.4 მუხლებით.
2.11. სასამართლო სხდომაზე პროკურორებმა ქეთევან ვაშაკიძემ და ნანიკო ზაზუნაშვილმა მხარი დაუჭირეს შუამდგომლობას და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები არ დაეთანხმნენ პროკურორის შუამდგომლობას.
2.12. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
2.13. 2024 წლის 3 დეკემბერს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ს–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ყ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინების გაუქმება.
3. კასატორის პოზიცია:
3.1. კასატორის პოზიციით, ა–ს რესპუბლიკაში ა. ს–ს მიმართ წაყენებული ბრალდება არის ცრუ და მისი ექსტრადიცია მოითხოვება მხოლოდ იმიტომ, რომ მისი პროფესიული საქმიანობის გამო მიეცეს პასუხისგებაში. ექსტრადიციის განხორციელების შემთხვევაში იგი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას. პროფესიული ნიშნით დევნა და ექსტრადიციის შემდეგ, ა. ს–ს მიმართ წამების, სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის შესაძლო ფაქტები დადასტურებულია დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებით, რომლებიც მიუთითებენ ა–ს რესპუბლიკაში სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების დევნის, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევისა და საპატიმროებში არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. პირველი ინსტანციის სასამართლო მხოლოდ ზოგადი შეფასებებით შემოიფარგლა. ამასთან, რეალურია სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელყოფის ფაქტიც, ვინაიდან ამ საკითხთანაც დაკავშირებით არაერთ ანგარიშშია საუბარი და ჟურნალისტების მიმართ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების (ჩხრეკა და სხვა) სასამართლო კონტროლის მექანიზმები არ არსებობს. ამდენად, სახეზეა მთელი რიგი სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც ა. ს–ი არ უნდა იქნეს ექსტრადირებული აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.
4. პოზიცია საკასაციო საჩივარზე:
4.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ წარმოადგინა პოზიცია და მოითხოვა ა. ს–ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინების უცვლელად დატოვება.
5. სასამართლოს მეგობარი (Amicus Curiae):
5.1. სახალხო დამცველმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს წარმოუდგინა „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება, რომელშიც აღნიშნულია, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჟურნალისტთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო შეფასებები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები აზერბაიჯანის რესპუბლიკის წინააღმდეგ. საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნით ნაწილში კი, მითითებულია, რომ მნიშვნელოვანია შეფასდეს – ხომ არ შეიძლება უსაფუძვლო იყოს ა. ს–სის მიმართ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და მიმდინარეობა, გამოძალვის იმ ეპიზოდებთან მიმართებით, რომლისთვისაც დასაშვევბად იქნა ცნობილი მისი ექსტრადიცია, ასევე ხომ არ უკავშირდება აღნიშნული ა. ს–სის ჟურნალისტურ საქმიანობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ ძებნილი ა. ს–ი 2024 წლის 3 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ა. ს–ს მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს. საკასაციო სასამართლო შეაფასებს, არსებობს თუ არა ა. ს–ს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე საფუძველი.
5. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული დაექვემდებაროს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული ქმედება როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს დასჯადი; 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. მსჯავრდებულის შემთხვევაში კი ასევე აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.
6. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით დასჯადი იქნებოდა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – 4 წლით თავისუფლების აღკვეთას.
7. ამდენად, ა. ს–ს მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ზემოხსენებული ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა.
8. მოცემულ საქმეში აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოითხოვება ისეთი ქმედებების ჩადენისათვის, რომელიც დასჯადია როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კანონმდებლობით და ამავდროულად, მოცემული დანაშაულებისათვის სასჯელის სახით, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, დაცულია „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-3-მე-4 მუხლებითა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, კერძოდ, მოცემულ საქმეში პოლიტიკური დანაშაულის/პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულის ან სამხედრო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის.
9. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. გარდა ზემოაღნიშნულისა, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.
10. დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა ჩადენისთვისაც მოითხოვება ა. ს–ს ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილს, რაც ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებია.
11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ გავიდა ექვსი წელი ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს.
12. ამასთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 75.1.3. მუხლის შესაბამისად, ა. ს–ს მიერ სავარაუდოდ ჩადენილ ქმედებებზე სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება 12 წლით, რომელიც აითვლება სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების ჩადენიდან, ხოლო 75.3. მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა ჩერდება, თუ პირი ემალება გამოძიებას ან სასამართლოს. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნი, ისე - მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.
13. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ თხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულია საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილება შესაბამისი პირის მიმართ იმ დანაშაულის ან დანაშაულების ჩადენისათვის, რომლებისთვისაც მოითხოვება ექსტრადიცია. ექსტრადიციაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ გადამცემი მხარის კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტენ არ დაიწყონ ან შეწყვიტონ სამართალწარმოება იმავე დანაშაულის ან დანაშაულების წინააღმდეგ.“ ასევე, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
14. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სამართალწარმოება, გარდა საექსტრადიციო პროცედურებისა. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა „Non bis in idem“-ის პრინციპი.
15. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, რომ ა. ს–ი შესაძლოა დაექვემდებაროს წამებასა ან/და არაადამიანურ მოპყრობას ვინაიდან საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ იგი რაიმე ნიშნით იდევნება აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის, არასათანადო მოპყრობის ან/და წამების საფრთხე. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც მიუთითებდა, რომ იგი შესაძლოა დაექვემდებაროს წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას. გასათვალისწინებელია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი, რაც მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიას ქმნის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.
16. ამასთან, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ აზერბაიჯანის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ იქნა გარანტია იმის თაობაზე, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი ა. ს–ს უფლებები სრულად იქნება დაცული. საგულისხმოა, რომ გარანტიები არის კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი და ამასთანავე არის საკმარისად კონკრეტული და არა ზოგადი/ბუნდოვანი.
17. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.: Mamatkulov and Askarov Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtH 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე ( Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
18. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“
19. ა. ს–ი არ სარგებლობს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით. გარდა ამისა, იგი არის ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს მოქალაქე. მას უარი ეთქვა საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით. მითითებული გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული სამართლოს მიერ. ამდენად, არ არსებობს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, არ იკვეთება არც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები.
20. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი განსაზღვრავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი და მათზე არც დაცვის მხარე მიუთითებს.
21. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ მიუთითებია წონადი არგუმენტები აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ა. ს–სის მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის რეალური საფრთხის არსებობის შესახებ, ამასთან მსგავსი ინფორმაცია არც საქართველოს გენერალურ პროკურატურას გააჩნია და დაცვის მხარის აპელირება ამ საკითხზე მოიცავდა მხოლოდ ზოგად განმარტებებს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის და ტრადიციების შესახებ.
22. საექსტრადიციო მასალებში არ იკვეთება, რომ ა. ს–ს საქმის წარმოებისას პროცედურები აშკარად და უხეშად დაირღვა, რაც წარმოშობდა საფუძველს ვარაუდისა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მას შეეზღუდა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ამ უფლების დარღვევის საფრთხე.
23. აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ა. ს–ს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
24. რაც შეეხება დაცვის მხარის განმარტებას ა. ს–ს მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო მიმდინარე სისხლისსამართლებრივ პროცედურებზე, საკასაციო სასამართლო ამ შემთხვევაშიც იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას და დამატებით მიუთითებს, რომ სტატუსის დადგენის შესახებ დასკვნის თანახმად, ა. ს–სი ანკეტირებისა და გასაუბრებისას თავადვე აღნიშნავდა, რომ ჟურნალისტური საქმიანობისას რაიმე პრობლემა არ შექმნია, დაუბრკოლებლად იკვლევდა და აგროვებდა ინფორმაციას, წერდა სტატიებს და აქვეყნებდა ვიდეოებს. არც მის ონლაინ საინფორმაციო პორტალს შექმნია პრობლემა და დღემდე ფუნქციონირებს. საგულისხმოა, ისიც, რომ ა–ს პრეზიდენტმა ა. ს–ი შეიწყალა, ისე რომ მას არ მიუმართავს მისთვის, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს პოზიციას, რომ სახელმწიფო ორგანოების მხრიდან არ ყოფილა მისი დევნის ინტერესი.
25. აღსანიშნავია ისიც, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი არ ითვალისწინებს პირის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებას. ექსტრადიციის მარეგულირებელი ეროვნული და საერთაშორისო საკანონმდებლო ნორმების თანახმად, ექსტრადიციის შუამდგომლობის განმხილველი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ვერ იმსჯელებენ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ბრალეულობის საკითხზე, რამდენადაც ხსენებული საკითხი ექსკლუზიურად ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების იურისდიქციის სფეროს განეკუთვნება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს N14I-19 გადაწყვეტილება). ამდენად, ექსტრადიციის საკითხის განხილვის მიზნებისთვის უსაფუძვლოა დაცვის მხარის პოზიცია ზოგადად ა. ს–ს უდანაშაულობისა და ბრალდების უსაფუძვლობის თაობაზე.
26. საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ აზერბაიჯანის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ იქნა დეტალური ინფორმაცია მის მიმართ მიმდინარე სამართალწარმოებაზე და გარანტია იმის თაობაზე, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი ა. ს–ს უფლებები სრულად იქნება დაცული.
27. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის საფრთხეს, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიცია შეუსაბამოა კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no.9742/07, §29, ECtHR, 26/01/2010). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no.27279/95, ECtHR, 8/12/1997). ამდენად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში გახდეს.
28. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, ა. ს–ს კავშირები ...–ში, ყოველივე ზემოაღნიშნული კი ადასტურებს, რომ ა. ს–ს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლში ჩარევა არ მოხდება.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ს–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატის მ. ყ–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 28 ნოემრბის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ა. (A.) ს–ს (S-v) ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ყ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე