Facebook Twitter

საქმე N330141224010203319

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №2121-24 13 დეკემბერი, 2024 წელი

ა–ი ე., N2121-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. ჯ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2024 წლის 11 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას მიმართა თბილისის პრობაციის ბიუროს დირექტორმა, ე. ა–ს მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე.

2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენით, ე. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.

ე. ა–ს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ე. ა–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელი -ჯარიმა 5000 ლარი.

ე. ა–სს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 29 ოქტომბრიდან - 2018 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 20 თებერვლის განაჩენით ე. ა–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილებით ე. ა–სათვის დადგენილი პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის, 5 წლით თავისუფლების აღკვეთის, მოუხდელი ნაწილიდან – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. ა–ს განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 6 თვე, ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

ე. ა–ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის მოხდა აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 6 ოქტომბრიდან.

მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის დრო – 2021 წლის პირველი დეკემბრიდან იმავე წლის 4 დეკემბრის ჩათვლით.

ე. ა–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, მსჯავრდებულ ე. ა–სის მიმართ არ გავრცელდა 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მოქმედება, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 20 თებერვლის განაჩენით დანიშნულ სასჯელებზე.

5. საქართველოს უზენაეს სასამართლოს საჩივრით მომართა ე. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. ჯ–მ, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გავრცელება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით (გარდა 236-ე მუხლის პირველი ნაწილისა). მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

3. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს, რომელიც პირობით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის ან XII თავის შესაბამისად (გარდა იმ დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის მე-7 მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381​1 მუხლით, 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში) ან 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში), ან ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) და რომელსაც დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა, ამ კანონის მე-2−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის თანახმად, 1 წელზე ნაკლები ვადით უმცირდება, ამ მუხლის საფუძველზე 1 წლით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა. ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება იმ პირზე, რომელიც, 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით: ა) პირობით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის ან XII თავის შესაბამისად ან ბ) პირობით ვადამდეა გათავისუფლებული.

4. განსახილველ შემთხვევაში, ე. ა–ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 20 თებერვლის განაჩენით საბოლოო სასჯელი განესაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გათვალისწინებით. ამ განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილებით დანიშნული სასჯელის ნაწილი. ამდენად, საბოლოოდ დანიშნული სასჯელი, მათ შორის ამჟამად მოსახდელი თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით (რაც ჩათვლილი აქვს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით), მოიცავს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის წილსაც (7 თვე და 20 დღე), რაზეც უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება და აღნიშნული უნდა შეუმცირდეს 1/6-ით (1 თვე და 8 დღე) და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს – 1 წლით, 4 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, უნდა ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

5. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მართალია ე. ა–ი ამჟამად ითვლება პირობით მსჯავრდებულად, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მასზე ვერ გავრცელდება ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით დგინდება ე. ა–ი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2024 წლის 1 ოქტომბერს, რისი გათვალისწინებითაც საქმის წარმოება პრობაციის ბიუროში დაიწყო ხსენებული თარიღის შემდგომ, შესაბამისად, 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით იგი არ ითვლებოდა პირობით მსჯავრდებულ პირად.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით უნდა დაკმაყოფილდეს მსჯავრდებულ ე. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის დ. ჯ–ს საჩივარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ე. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის დ. ჯ–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინება.

3. მსჯავრდებულ ე. ა–ს მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 20 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის წილზე გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მოსახდელად განესაზღვროს – 1 წლით, 4 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 20 თებერვლის განაჩენი დანარჩენ ნაწილში, დარჩეს უცვლელი.

5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე