საქმე # 330141224010194702
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№2141-24 12 დეკემბერი, 2024 წელი
ს. ო. 2141-24 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო. ს–ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის განაჩენით ო. ს–ე, – პირადი №…………, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 273-ე მუხლითა და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში;
1.1. ო. ს–ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი, როგორც ზედმეტად წარდგენილი;
1.2. ო. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 1000 ლარი და საბოლოოდ, ო. ს–ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
1.4. ო. ს–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყა – 2016 წლის 26 ოქტომბრიდან.
1.5. ო. ს–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის განაჩენი ო. ს–ს მიმართ დარჩა უცვლელად.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის განჩინებით ო. ს–ს მიმართ არ იქნა გამოყენებული ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
4. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე, ო. ს–ეს საბოლოოდ მოსახდელი სასჯელი შეუმცირდა 75 დღით და განესაზღვრა 9 წლით 9 თვით 16 დღით თავისუფლების აღკვეთა (იხ. N... პენიტენციური დაწესებულების მიერ 2024 წლის 17 ივნისს გაცემული ცნობა N.......).
5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2024 წლის 14 ივნისის №…….. გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ ო. ს–ეს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა შინაპატიმრობით.
5.1. შინაპატიმრობის ვადა აეთვალა პენიტენციური დაწესებულების დატოვების დღიდან;
5.2. ო. ს–ე გათავისუფლდა პატიმრობიდან 2024 წლის 17 ივნისს (იხ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის N... პენიტენციური დაწესებულების მიერ 2024 წლის 17 ივნისს გაცემული ცნობა N.......).
6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს თავმჯდომარის – მ. ზ–ის 2024 წლის 18 ივნისის მიმართვის თანახმად, საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2024 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, მსჯავრდებული – ო. ს–ე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2024 წლის 17 ივნისს,იგი სასჯელის მოხდას ასრულებდა 12.08.2026 წელს, შესაბამისად, შინაპატიმრობის ვადა აითვლება – 2024 წლის 17 ივნისიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე ო. ს–ს თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა შინაპატიმრობით 2 წლით, 1 თვითა და 26 დღით ადრე .
6.1. ასევე, 2024 წლის 18 ივნისის სამსახურებრივი ბარათის (პირადი საქმე გვ. 18) თანახმად, თბილისის პრობაციის ბიურომ წარმოებაში მიიღო სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2024 წლის 14 ივნისის №……… გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ო. ს–ს მიმართ, რომელსაც დარჩენილი თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა შინაპატიმრობით – 2 წლით, 1 თვითა და 26 დღით.
7. 2024 წლის 10 ოქტომბერს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ო. ს–ს პირადი საქმე.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ – ო. ს–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის განაჩენით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2024 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შინაპატიმრობა – 2 წელი, 1 თვე და 25 დღე, ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა შინაპატიმრობა – 1 წელი, 9 თვე და 15 დღე;
8.1. სხვა ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ო. ს–მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებულ განჩინებაში ცვლილების შეტანას და მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის განაჩენით
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის –თავისუფლების აღკვეთა 10 წლით – ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებას, ნაცვლად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის განაჩენითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2024 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის შემცირებისა. კასატორის მტკიცებით, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი უთითებს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირებაზე და არა – მოსახდელად დარჩენილ სასჯელზე.
10. მსჯავრდებულ ო. ს–ს პირადი საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2024 წლის 11 დეკემბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებ, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.
3. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის (ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა)), ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის (ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია) და იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის განაჩენის თანახმად, ო. ს–ის მიერ ჩადენილი ქმედება არ მოიცავს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებას ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას, იმავდროულად, აღნიშნული განაჩენით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენის დროს ო. ს–ე იყო ნასამართლობის მქონე პირი, ამასთან, მის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით მსჯავრადშერაცხილი ქმედება არ არის გათვალისწინებული ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის არც პირველი−მე-3 და არც მე-7 მუხლით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ო. ს–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის 1/6-ით შემცირების თაობაზე, რასაც სადავოდ არც კასატორი მიიჩნევს.
4. რაც შეეხება ო. ს–ის მოთხოვნას, რომ მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი (თავისუფლების აღკვეთა 10 წლით), ნაცვლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2024 წლის 14 ივნისის №………… გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელის – შემცირებისა, – საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადგილობრივი საბჭოს 2024 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის სახე, რომლის მიმართაც კასატორი ითხოვს ამნისტიის გამოყენებას, შეიცვალა. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს იმ სასჯელზე, რომელიც საჩივრის განხილვის დროისათვის აღარ არსებობს.
5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს თავმჯდომარის 2024 წლის 18 ივნისის მიმართვისა და 2024 წლის 18 ივნისის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2024 წლის 14 ივნისის №……….. გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ ო. ს–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დარჩენილი სასჯელი შეეცვალა შინაპატიმრობით - 2 წლით, 1 თვითა და 26 დღით, ხოლო გასაჩივრებული განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით შემცირდა – შინაპატიმრობა 2 წელი, 1 თვე და 25 დღე და ო. ს–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შინაპატიმრობა – 1 წელი, 9 თვე და 15 დღე, ნაცვლად – საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2024 წლის 14 ივნისის №……….. გადაწყვეტილებით 2 წლით, 1 თვითა და 26 დღით განსაზღვრული შინაპატიმრობის ერთი მეექვსედით შემცირებისა (რა შემთხვევაშიც ო. ს–ეს მოსახდელად დარჩებოდა – შინაპატიმრობა 1 წლით, 9 თვითა და 16 დღით), თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინება გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაასწოროს დაშვებული შეცდომა, ვინაიდან აღნიშნული გამოიწვევს ო. ს–ის მდგომარეობის გაუარესებას. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინებით განსაზღვრული სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელად.
5.1. იმავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის განაჩენი (რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით ო. ს–ის მიმართ დარჩა უცვლელად) სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, ნაცვლად გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული: ,,დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი” (განჩინების სამოტივაციო ნაწილის ბოლო და სარეზოლუციო ნაწილის მე-2 აბზაცი).
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ო. ს–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
2.1. მსჯავრდებულ – ო. ს–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის განაჩენით (რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2024 წლის 14 ივნისის №………… გადაწყვეტილებით განსაზღვრული შინაპატიმრობა – 2 წელი, 1 თვე და 25 დღე, ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა შინაპატიმრობა – 1 წელი, 9 თვე და 15 დღე;
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის განაჩენი (რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით ო. ს–ს მიმართ დარჩა უცვლელად) სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე