საქმე # 330141224010194285
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№2151-24 6 დეკემბერი, 2024 წელი
გ-ი პ., 2151-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 ივნისის განაჩენით პ. გ-ი, - (პ/ნ), ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (1-ელი ეპიზოდი) და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (1-ელი ეპიზოდი) – 5-5 წლით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (მე-2, მე-3 და მე-4 ეპიზოდები) და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (მე-2, მე-3 და მე-4 ეპიზოდები) – 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და პ. გ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2024 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ პ. გ-ს თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა შინაპატიმრობით – 1 წლის, 1 თვისა და 24 დღის ვადით და პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2024 წლის 12 თებერვალს.
3. 2024 წლის 10 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების მიზნით, მიიღო მსჯავრდებულ პ. გ-ის პირადი საქმე.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ პ. გ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილისა და მე-9 მუხლის 1-ელი ნაწილის მოქმედება: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივნისის განაჩენით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2024 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შინაპატიმრობა 1 წლით, 1 თვითა და 24 დღით შეუმცირდა ერთი მეექვსედით და პ. გ-ს მოსახდელად განესაზღვრა 11 თვითა და 15 დღით შინაპატიმრობა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა პ. გ-მა საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი აღნიშნავს, რომ ამნისტიის შესახებ კანონი უნდა გავრცელებულიყო სასამართლოს განაჩენით დანიშნულ სასჯელზე – 6 წლით თავისუფლების აღკვეთაზე – და არა – შინაპატიმრობაზე, რის გამოც, ითხოვს თავდაპირველად დანიშნული სასჯელის – 6 წლით თავისუფლების აღკვეთის – შემცირებას ერთი მეექვსედით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ელი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების მომენტისათვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2024 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით პ. გ-ს განსაზღვრული ჰქონდა სასჯელის ახალი სახე – შინაპატიმრობა, ამნისტიის შესახებ კანონში კი არ არის მითითება მხოლოდ სასამართლოს განაჩენით დანიშნულ სასჯელებზე შეღავათების გავრცელების შესახებ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ კანონიერად შეუმცირა ერთი მეექვსედით მსჯავრდებულ პ. გ-ს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2024 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით განსაზღვრული 1 წლით, 1 თვითა და 24 დღით შინაპატიმრობის ვადა და განუსაზღვრა 11 თვითა და 15 დღით შინაპატიმრობა. ამდენად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ სასჯელზე, რომელიც საჩივრის განხილვის დროისათვის აღარ არსებობს (სუსგ №911-24, №1001-24).
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ პ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე