საქმე # 080141124010144074
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №219I -24 თბილისი
ბ-ე ი., 219I -24 13 დეკემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ბ-ის ადვოკატ ნ. ჩ-ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2024 წლის ოქტომბერში სპეციალური პენიტენციური სამსახურის №--პენიტენციური დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ი. ბ-ის პირადი საქმე.
2. საქმის მასალების მიხედვით:
2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 აპრილის განაჩენით ი. ბ-ე, (პირადი №--), ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენით შეფარდებული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, დაემატა დამატებითი სასჯელი – ჯარიმა – 2625 ლარი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. ბ-ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2020 წლის 23 აგვისტოდან. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2625 ლარი.
2.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განაჩენით მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
2.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულის ადვოკატის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
2.4. მსჯავრდებულ ი. ბ-ეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის შესაბამისად, სასჯელის მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 75 დღით.
2.5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 თებერვლის განჩინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განაჩენით შეფარდებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 ივლისის განაჩენით შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ ი. ბ-ეს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2020 წლის 23 აგვისტოდან. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2625 ლარი.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ბ-ეს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 1/6-ით შეუმცირდა: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით; ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 ივლისის განაჩენით შეფარდებული სასჯელები, ხოლო „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ი. ბ-ე გათავისუფლდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელისაგან. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 მარტის განაჩენით შეფარდებულ (6 წლით თავისუფლების აღკვეთა) და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენით შეფარდებული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი – ჯარიმა – 2625 ლარი და საბოლოოდ ი. ბ-ეს განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2020 წლის 23 აგვისტოდან. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2625 ლარი.
4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ბ-ის ადვოკატმა – ნ. ჩ-მა, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, ითხოვს ი. ბ-ის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 მარტის განაჩენით შეფარდებულ და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელზე – 5 წლით თავისუფლების აღკვეთაზე – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენით შეფარდებული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან განაჩენთა ერთობლიობით ნაწილობრივ დამატებული 2 წლით თავისუფლების აღკვეთის 1/6-ით შემცირებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ი. ბ-ეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 მარტის განაჩენით შეფარდებულ (6 წლით თავისუფლების აღკვეთა) და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელზე – 5 წლით თავისუფლების აღკვეთაზე – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენით შეფარდებული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან განაჩენთა ერთობლიობით ნაწილობრივ დამატებული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, უნდა შეუმცირდეს 1/6-ით, ვინაიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენით შეფარდებულ სასჯელზე, ასევე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის განაჩენით შეფარდებულ სასჯელსა და ამ სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენით შეფარდებულ სასჯელზე განაჩენთა ერთობლიობით ნაწილობრივ დამატებულ სასჯელზე ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია – სასჯელის 1/6-ით შემცირება.
3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. ბ-ის ადვოკატ ნ. ჩ-ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი. ბ-ის ადვოკატ ნ. ჩ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განაჩენი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 თებერვლის განჩინება შეიცვალოს:
2.1. ი. ბ-ეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 1/6-ით შეუმცირდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 მარტის განაჩენით შეფარდებულ (6 წლით თავისუფლების აღკვეთა) და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელზე – 5 წლით თავისუფლების აღკვეთაზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენით შეფარდებული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან განაჩენთა ერთობლიობით ნაწილობრივ დამატებული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 მარტის განაჩენით შეფარდებულ და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენით შეფარდებული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი – ჯარიმა – 2625 ლარი და საბოლოოდ ი. ბ-ეს განესაზღვროს 6 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალოს დაკავებიდან – 2020 წლის 23 აგვისტოდან. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 2625 ლარი;
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინების, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განაჩენისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 თებერვლის განჩინების დანარჩენი ნაწილი დარჩეს უცვლელად;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე