Facebook Twitter

საქმე N 080141224010141864

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №2201-24 9 დეკემბერი, 2024 წელი

მ–ე გ., N2201-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ–ს საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2024 წლის 4 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციური დაწესებულებიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ გ. მ–ს (პირადი ნომერი: ..........) პირადი საქმე.

2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 ნოემბრის განაჩენით, გ. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით. მასვე, 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 ნოემბრის განჩინებით, მსჯავრდებულ გ. მ–ს (დაბ: ....... წელს, ..........) მიმართ არ გავრცელდა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი.

4. მსჯავრდებულმა გ. მ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 ნოემბრის განჩინებაში ცვლილების შეტანა და მის მიმართ დანიშნულ სასჯელზე ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის გავრცელება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. გ. მ–ს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 ნოემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით. მოცემულ საქმეში არსებობს ორი დაზარალებულის უფლებამონაცვლე, რომელთაგან ერთმა - ხ.ვ–მ უარი განაცხადა გ. მ–ს მიმართ 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელებაზე.

3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ პირზე, რომლის მიერ ჩადენილმა დანაშაულმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას არ აცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.

4. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გ. მ–ს მსჯავრი დაედო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მის მიმართ აუცილებელი წინაპირობის (დაზარალებულის თანხმობა) არსებობისას, ვრცელდება ზემოხსენებული ამნისტიის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მეექვსე პუნქტებით გათვალისწინებული შეღავათი. მოცემულ შემთხვევაში კი, სასამართლოს წინაშე არ იქნა წარმოდგენილი ყველა დაზარალებულის თანხმობა. სასამართლო მიუთითებს, რომ რამდენიმე დაზრალებულის (დაზარალებულის უფლებამონაცვლის) არსებობისას მსჯავრდებულზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გავრცელდება ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი, თუ სასამართლოს წინაშე ყველა დაზარალებული განაცხადებს თანხმობას მსჯავრდებულის მიმართ აღნიშნული კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე. მოცემულ საქმეში არის ორი დაზარალებულის უფლებამონაცვლე, რომელთაგან ერთმა ხათუნა ვაშაყმაძემ უარი განაცხადა გ. მ–ს მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

5. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, მე-2 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-5 ან მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დაზარალებული ფიზიკური პირი გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, იმავე პუნქტში აღნიშნულ პირზე ამნისტია გავრცელდება, თუკი ამაზე თანხმობას ამ კანონით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი), ხოლო თუ დაზარალებულ ფიზიკურ პირს ოჯახის ასეთი წევრი არ ჰყავს ან დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ასეთი წევრი ვერ იძებნება, აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება“. საკასაციო პალატა მიუთითებს, ხსენებული ნორმაში ამომწურავადაა მითითებული ამ კანონის შესაბამისი მუხლების პუნქტები, რა დროსაც არის შესაძლებელი ამნისტიის აღსრულება თუ დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის წევრი ვერ მოიძებნა. მათ შორის კი მითითებული არ არის ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი. აღსანიშნავია, რომ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლი ამკრძალავი ნორმაა - მასში ჩამოთვლილია ის შემთხვევები, რაზეც ამნისტიის კანონი არ ვრცელდება, მათ შორის იმ დანაშაულზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას თანხმობას არ განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 ნოემბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. მ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე