Facebook Twitter

საქმე # 010141224010162733

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№2231-24 17 დეკემბერი, 2024 წელი

ჩ. ჯ.,2231-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ჩ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – შ. ხ–ს საკასაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით ჯ. ჩ–ე, – პირადი ნომერი ……….,– ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

1.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 19,108-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 13 000 ლარი;

1.2. საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით – ჯარიმა 2000 ლარი;

1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ჯ. ჩ–ეს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი; ასევე ჯარიმა 2000 ლარი; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 13 000 ლარი;

1.4. ჯ. ჩ–ეს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2011 წლის 17 აგვისტოდან.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის განაჩენით ჯ. ჩ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

2.1. საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 17 წლით;

2.2. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

2.3. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნულ სასჯელს – 17 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან –თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან – თავისუფლების აღკვეთა 2 წელი და საბოლოოდ, ჯ. ჩ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 20 წლით;

2.5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, შემცირებული პირობითი მსჯავრი;

2.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა – თავისუფლების აღკვეთამ 20 წლით შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, შემცირებული სასჯელი და საბოლოოდ, ჯ. ჩ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 20 წლით;

2.7. ჯ. ჩ–ეს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2013 წლის 19 აგვისტოდან.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 ნოემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 16 ივლისის განჩნებით მსჯავრდებულ ჯ. ჩ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ხ. ბ–სა და ვ. ქ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

5. 2024 წლის 7 ოქტომბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციური დაწესებულებიდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ჯ. ჩ–ის პირადი საქმე.

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ჯ. ჩ–ის მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის კანონის“ მოქმედება და დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელი.

7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჯ. ჩ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – შ. ხ–მ. კასატორი ითხოვს, რომ ჯ. ჩ–ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ და საბოლოო სასჯელში ნაწილობრივად ასახულ სასჯელზე გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება და აღნიშნულის შესაბამისად, ჯ. ჩ–ს 1 წლით შეუმცირდეს საბოლოოდ შეფარდებული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 20 წლით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.

3. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის განაჩენით (რომელიც უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 ნოემბრის განაჩენით) დანიშნულ სასჯელებზე, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული განაჩენის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა – თავისუფლების აღკვეთამ 20 წლით შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, შემცირებული სასჯელი. შესაბამისად, გასაჩივრებულ – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის –განჩინებაში არ არის მსჯელობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრადშერაცხილ დანაშაულებთან მიმართებით ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების თაობაზე. საკასაციო სასამართლო კი კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულება ვერ იქნება დამოკიდებული განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის წესის (შთანთქმის, ნაწილობრივ შეკრების ან სრულად შეკრების) გამოყენებაზე, ვინაიდან სასჯელის შთანთქმა, იმავდროულად, არ გულისხმობს, მის გაუქმებას (იხ. მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 15 ნოემბრის №791-24 განჩნება).

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის (ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით) და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის (ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა)) და იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით ჯ. ჩ–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, ამასთან, საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული მითითებულია ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტში, როგორც დანაშაული, რომელზეც არ ვრცელდება აღნიშნული ამნისტია, ხოლო საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით ჯ. ჩ–ს სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა, რომელზეც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ასევე არ ვრცელდება აღნიშნული ამნისტია, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრადშერაცხილ დანაშაულებთან მიმართებით გაავრცელოს რაიმე სახის შეღავათი.

4.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით სასჯელის სახით დანიშნულ ჯარიმასთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება (და არც კასატორი უთითებს) ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული ჯარიმის აღსრულება (კასატორი არ ითხოვს ამ ნაწილში ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით დადგენილი შეღავათის გავრცელებას).

4.2. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის თანახმად, ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ჯარიმისაგან სრულად თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის. თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ არის აღსრულებული, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ ჯარიმის აღუსრულებელ ნაწილზე”.

4.3. შესაბამისად, საქმის მასალებში აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციის და მოთხოვნის არარსებობის გამო, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეამოწმოს აღნიშნულ ნაწილში ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენების საკითხი.

5. რაც შეეხება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინების მოტივაციას, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის განაჩენთან (რომელიც უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 ნოემბრის განაჩენით) მიმართებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ჯ. ჩ–ის მიმართ არ არსებობს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან, იგი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძველი რედაქცია) მსჯავრდებულია ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისათვის (რაც დღეის მდგომარეობით შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილს), ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, გარდა 236-ე მუხლის პირველი ნაწილისა (იგულისხმება მიმდინარე პერიოდში მოქმედი რედაქცია).

6. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მსჯავრდებულ ჯ. ჩ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – შ. ხ–ს საჩივარი და ჯ. ჩ–ის მიერ ჩადენილ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისათვის, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ. რედაქცია, (რაც დღეის მდგომარეობით შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილს)) შეფარდებულ სასჯელზე გაავრცელოს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება, ვინაიდან მითითებული კანონი არ ითვალისწინებს აღნიშნულ მსჯავრდებასთან მიმართებით, რაიმე სახის შეღავათის გავრცელების შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ჯ. ჩ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – შ. ხ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

2.1. მსჯავრდებული ჯ. ჩ–ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის შეფარდებულ სასჯელებზე არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი;

2.2. მსჯავრდებული ჯ. ჩ–ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის (რომელიც უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 ნოემბრის განაჩენით) განაჩენით: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის შეფარდებულ სასჯელებზე არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე