საქმე N010141224010119821
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2251-24 13 დეკემბერი, 2024 წელი
ს–ე გ., N2251-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ს–ს საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2024 წლის 1 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის №..-ე დაწესებულების დირექტორმა, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე.
2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 05 ივლისის განაჩენით, გ. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ–ის 124-ე მუხლით (პირველი ეპიზოდი) – ჯარიმა 3000 ლარი.
საქართველოს სსკ–ის 124-ე მუხლით (მეორე ეპიზოდი) – ჯარიმა 3000 ლარი.
საქართველოს სსკ–ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა 5000 ლარი.
საქართველოს სსკ–ის 116-ე მუხლის მე–2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, გ. ს–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ს–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 9 ოქტომბრიდან.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განაჩენი უცვლელი დარჩა 2023 წლის 29 მარტის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენით ცვლილება შევიდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 მარტის განაჩენში:
გ. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ–ის 124-ე მუხლით (პირველი ეპიზოდი) – ჯარიმა 3000 ლარი.
საქართველოს სსკ–ის 124-ე მუხლით (მეორე ეპიზოდი) – ჯარიმა 3000 ლარი.
საქართველოს სსკ–ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა 5000 ლარი.
საქართველოს სსკ–ის 116-ე მუხლის მე–2 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, გ. ს–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ს–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2021 წლის 9 ოქტომბრიდან.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ს–ს მიმართ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენით – საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის დანიშნულ სასჯელებზე არ გავრცელდა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება.
6. გ. ს–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გავრცელება და დანიშნული სასჯელის შემცირება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
3. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ პირზე, რომლის მიერ ჩადენილმა დანაშაულმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას არ აცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.
4. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ ვინაიდან გ. ს–ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) სასჯელად დანიშნული აქვს ჯარიმა, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ მუხლებით დანიშნულ სასჯელებზე ვერ გავრცელდება ამ კანონის მოქმედება. რაც შეეხება, საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, ორი ან მეტი პირის მიმართ) დანიშნულ სასჯელს – 4 წლით თავისუფლების აღკვეთას, ამ შემთხვევაშიც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესის გათვალისწინებით ვერ გავრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული შეღავათი.
5. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რამდენიმე დაზარალებულის (დაზარალებულის უფლებამონაცვლის) არსებობისას მსჯავრდებულზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გავრცელდება ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით გათვალისწინებული ამნისტია, თუ თითოეული დაზარალებული სასამართლოს წინაშე განაცხადებს თანხმობას მსჯავრდებულის მიმართ აღნიშნული კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე. ვინაიდან, მოცემულ საქმეში არსებობს რამდენიმე დაზარალებული და მათი უფლებამონაცვლეები, რომელთაგან ნაწილის მოძიება ვერ მოხერხდა, ნაწილმა თავი შეიკავა, ხოლო ერთმა – რ. დ–მ უარი განაცხადა გ. ს–ს მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გავრცელებაზე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ს–ს მიმართ, საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულ სასჯელზე გაავრცელოს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ს–ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ს–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე