საქმე # 330802224010532911
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№226I-24 ქ. თბილისი
ჩ. მ., 226I-24 13 დეკემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ჩ–ის (M. C.) ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ყ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 დეკემბრის განჩინებაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ. ჩ–ის (M. C.) მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის თანახმად, მ. ჩ–ის (M. C.) ექსტრადიცია მოითხოვება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 37/1, 158/1.1, 158/3-1, 53-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) სისხლის სამართალწარმოების (მიმდინარე განხილვის) დასრულების მიზნით.
2023 წლის 8 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის იალვაჩის სასამართლომ გასცა მ. ჩ–ის (M. C.) დაკავების ბრძანება და გამოცხადდა ძებნა.
2. მ. ჩ–ის (M. C.) მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2024 წლის 31 იანვარს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შევიდა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა მ. ჩ–ის (M. C.) ექსტრადიციის მიზნით დაკავების თაობაზე;
2024 წლის 5 აგვისტოს მ. ჩ–ი (M. C.) ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 5 აგვისტოს განჩინებით მ. ჩ–ს (M. C.) შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2024 წლის 13 აგვისტოს განჩინებით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 5 აგვისტოს განჩინება დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 ნოემბერის განჩინებით მ. ჩ–ის (M. C.) საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 2024 წლის 5 ნოემბრიდან 2025 წლის 5 თებერვლამდე. ამჟამად მ. ჩ–ი (M. C.) მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციურ დაწესებულებაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
მ. ჩ–ი სხვა პირებთან ერთად შეთანხმდა, რომ დაზარალებულს თავს წარუდგენდნენ როგორც პოლიციის თანამშრომლები და ამგვარად თაღლითურად დაეფლებოდნენ პირის კუთვნილ ქონებას. 2022 წლის 6 ოქტომბერს ისინი დაუკავშირდნენ თ–ს რესპუბლიკაში, ქალაქ ი–ში მცხოვრებ ა. გ–ის და თავი წარუდგინეს პოლიციის თანამშრომლებად. მათ თითქოსდა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მოსთხოვეს დაზარალებულს, რომ მათთვის ეჩვენებინა ფული და ოქრო, რომელსაც სახლში ინახავდა. ამგვარად ისინი დაუფლნენ 588 080 თურქული ლირის (46 790,23 ქართული ლარის ექვივალენტი) ღირებულების ძვირფას ნივთებსა და ფულად თანხას.
4. 2024 წლის 3 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ და მოითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი მ. ჩ–ის (M. C.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით ექსტრადიციის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 37/1, 158/1.1, 158/3-1, 53-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) სისხლის სამართლის პროცესის განხორციელების მიზნით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 დეკემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ჩ–ის (M. C.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ ქმედებებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 37/1, 158/1.1, 158/3-1, 53 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) სისხლის სამართლის პროცესის განხორციელების მიზნით.
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ჩ–ის (M. C.) ადვოკატი მ. ყ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და მ. ჩ–ის (M. C.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. დაცვის მხარის განმარტებით, მ. ჩ–ის (M. C.) ინფორმაციით, მისი თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მხრიდან. აქედან გამომდინარე დაუშვებლად მიაჩნია მისი ექსტრადიცია. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სათანადოდ არ შეუფასებია ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლისა და გაეროს წამების კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის საფრთხე და ამ საფრთხის რეალურობა.
7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა მ. ჩ–ის (M. C.) მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 დეკემბრის განჩინების უცვლელად დატოვება.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
2. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
3. სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
4. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ჩ–ი (M. C.) 2024 წლის 5 აგვისტოს დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
5. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, კერძოდ:
5.1. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია: თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 37/1, 158/1.1, 158/3-1, 53-ე მუხლებით (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
5.2. მითითებული ქმედებები, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი ჯგუფურად), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
6. ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენისთვისაც მსჯავრდებულია მ. ჩ–ი (M. C.) თურქეთის რესპუბლიკაში, განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 10 წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. წარმოდგენილი მასალების თანახმად, მ. ჩ–ის (M. C.) ექსტრადირება მოთხოვნილია მის მიერ 2022წელს სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სისხლისსამართლებრივი ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.
6.2. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, მ. ჩ–ის (M. C.) მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული.
7. დანაშაულებრივი ქმედება, რომლისთვისაც მოითხოვება მ. ჩ–ის (M. C.) ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. მ. ჩ–ის (M. C.) მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში.
8. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციაზე.
8.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან 2024 წლის 31 ოქტომბერს მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ მ. ჩ–ი (M. C.) არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. მ. ჩ–ი (M. C.) არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.
8.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 4 ნოემბერს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის 28 ივნისს მ. ჩ–ს (M. C.) უარი ეთქვა როგორც ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. გადაწყვეტილება მ. ჩ–ს (M. C.) ჩაბარდა 2024 წლის 3 ივლისს, N.. პენიტენციურ დაწესებულებაში. 2024 წლის 4 ნოემბრის მდგომარეობით მ. ჩ–ის (M. C.) მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე მიგრაციის დეპარტამენტისათვის ცნობილი არ არის.
8.2.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საჩივრის განხილვის მომენტში მ. ჩ–ს (M. C.) არ აქვს მიცემული თავშესაფარი და იგი არ არის საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირი - მ. ჩ–ი (M. C.) არ სარგებლობს ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსით საქართველოში. შესაბამისად, არ არსებობს არც ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი.
9. კასატორის მტკიცებით, მ. ჩ–ის (M. C.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადირების შემთხვევაში არსებობს მ. ჩ–ის (M. C.) სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის საფრთხე.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორი თავისი მოთხოვნის დასაბუთებისთვის არ უთითებს არც ერთ კონკრეტულ არგუმენტს ან/და რელევანტურ მტკიცებულებას, რაც დაადასტურებდა ექსტრადიციის შემთხვევაში მ. ჩ–ის (M. C.) მიმართ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის საფრთხის არსებობას. აღნიშნულთან მიმართებით ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები ვერც გენერალურმა პროკურატურამ მოიძია.
11. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99,par.72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, par.58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, par. 52, ECtHR, 12/04/2005).
12. აღსანიშნავია, რომ მ. ჩ–ის (M. C.) მიმართ საექსტრადიციო პროცედურის წარმოების დაწყებიდან დღემდე (მათ შორის მტკიცებულებათა გაცვლის ბოლო ეტაპზე), დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება/ინფორმაცია მ. ჩ–ის (M. C.) ფუნდამენტური უფლებების დარღვევის საფრთხის რეალურობის დასადასტურებლად.
13. სასამართლო ითვალისწინებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. ასევე - თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ გარანტიას, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში მ. ჩ–ის (M. C.) უფლებები და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება და კვლავაც აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს (Zarmayev v Belgium, no. 35/10, §113, ECtHR, 27/02/2014; Gasayev v Spain, no. 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v Slovakia, nos. 21022/08, 51946/08, ECtHR, 14/09/2010); გარანტიები გაცემულია სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მიერ (Chahal v.The United Kingdom, no 22414/93, paras 105-107, ECHR, 15/10/1996; Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §344, ECHR, 12/10/2005).
14. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no.140/10, par.11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 დეკემბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ჩ–ის (M. C.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ ქმედებებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 37/1, 158/1.1, 158/3-1, 53 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) სისხლის სამართლის პროცესის განხორციელების მიზნით კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ჩ–ის (M. C.) ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ყ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე