საქმე N 180139624010188142
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2331-24 20 დეკემბერი, 2024 წელი
მ–ი პ., N2331-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. მ–ს საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2024 წლის 10 ოქტომბერს, მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროდან მცხეთის რაიონულ სასამართლოში ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ პ. მ–ს (პირადი ნომერი: ..........) სააღსრულებო საქმე.
2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენით, პ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვლა პირობით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათი.
საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით – ჯარიმა 4000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, პ. მ–ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდა 2 წლით გამოსაცდელი ვადა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათი.
ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 და მე-41 ნაწილების შესაბამისად, პ. მ–ს 5 წლით ჩამოერთვა – საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით, მსჯავრდებული პ. მ–ი ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული ძირითადი და დამატებითი სასჯელისგან.
მსჯავრდებული პ. მ–ი ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე არ გათავისუფლდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული ძირითადი სასჯელისგან – ჯარიმისგან.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით ჩადენილი დანაშაულისათვის ძირითადი სასჯელის ჯარიმის დაკისრებისა და ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლებების ჩამორთმევის ნაწილში - დარჩა უცვლელად.
4. მსჯავრდებულმა პ. მ–მა საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინების გაუქმება, ვინაიდან ამნისტიის კანონის გავრცელებით დამძიმდა მისი მდგომარეობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ცვლილება უნდა შევიდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაში, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
3. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
4. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენით, პ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საბოლოოდ შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 1 წლით თვისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათი. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გავრცელებით პ. მ–ი თავისუფლდება საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან, თუმცა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნულ სასჯელზე - ჯარიმაზე არ ვრცელდება ზემოაღნიშნული კანონი. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ამნისტიის კანონის მიღება ხდება მსჯავრდებულთა სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით და მიუთითებს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პ. მ–ს დანაშაულთა ერთობლიობით განსაზღვრული სასჯელი ჩათვლილი ჰქოდა პირობითად, საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლების შემდეგ, მოსახდელად საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელის - 4000 ლარი ჯარიმის (რაც ნაშთანთქი ჰქონდა სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელს) განსაზღვრა აუარესებს მის სამართლებრივ მდგომარეობას, ვინაიდან როგორც ......ის პრობაციის ბიუროს სააღსრულებო წარმოებიდან ირკვევა პ. მ–ს სრულად აქვს მოხდილი საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული დამატებითი სასჯელი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათი, ასევე აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი დროა გასული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის დაწყებიდან.
5. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მეექვსე პუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაული და რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება, სასჯელისგან გათავისუფლებასთან ერთად, სასამართლოს გადაწყვეტილებით აღუდგება ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).
6. ვინაიდან პ. მ–ი ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს სასჯელისგან, მას უნდა აღუდგეს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა.
7. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პ. მ–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება;
3. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე პ. მ–ი გათავისუფლდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელებისგან.
4. პ. მ–ს აღუდგეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენით ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა.
5. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილში – დარჩეს უცვლელად;
6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე