საქმე N 330141224010146615
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2341-24 17 დეკემბერი, 2024 წელი
წ–ი გ., N2341-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. წ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2024 წლის 3 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ გ. წ–ს (პირადი ნომერი: ............) პირადი საქმე.
2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 23 ივნისის განაჩენით, გ. წ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.
გ. წ–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 26 სექტემბრიდან.
3. თბილისის სააპელაცო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის განაჩენი გ. წ–ს მსჯავრდების ნაწილში დარჩა უცვლელი.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინებით დაცვის და ბრალდების მხარეების საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ივლისის განაჩენით, გ. წ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს – 6 თვით თავისუფლების აღკვეთას, სრულად დაემატა წინა განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის (თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით), (თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 9 თვითა და 23 დღით მოხდილია) მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, 2 თვითა და 7 დღით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. წ–ს – სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, 8 თვითა და 7 დღით.
გ. წ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოცხადების მომენტიდან – 2021 წლის 19 ივლისიდან.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებულ გ. წ–ს მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულ სასჯელზე არ გავრცელდა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი.
ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გ. წ–ს ერთი მეექვსედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთა 7 წლით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 10 თვით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულ სასჯელს 6 თვით თავისუფლების აღკვეთას დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილის პროპორცული წილი თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, 3 თვითა და 25 დღით და გ. წ–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, 9 თვითა და 25 დღით.
გ. წ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო – 2021 წლის 19 ივლისიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
7. მსჯავრდებულმა გ. წ–მა საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაში ცვლილების შეტანა და მისთვის დანიშნული სასჯელის ვადის ათვლის დაწყება 2019 წლის 26 სექტემბრიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 23 ივნისის განაჩენით, გ. წ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
3. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან, გ. წ–ს მსჯავრი დაედო როგორც საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მის მიმართ ამნისტიის კანონის პირველი-მე-3 მუხლების მოქმედება არ ვრცელდება. შესაბამისად, დაზარალებულის თანხმობის არსებობა/არარსებობის მიუხედავად, გ. წ–ს მიმართ დანიშნული ერთიანი სასჯელის მხედველობაში მიღებით, არ არსებობს ამნისტიის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის გავრცელების საფუძველი.
5. ამასთან, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
6. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ. წ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის (იმ ნაწილის, რასაც იხდის 2021 წლის 19 ივლისის განაჩენით) 1/6-ით შემცირება არის კანონიერი.
7. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლით. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულ სასჯელზე არ ვრცელდება ხსენებული ამნისტიის კანონი.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გაზიარებული არ უნდა იქნეს საჩივრის ავტორის მოთხოვნა, რომ მის მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდის ათვლა უნდა დაიწყოს მის დაკავების დღიდან – 2019 წლის 26 სექტემბრიდან, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. ამნისტიის კანონის გამოყენების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლო მსჯელობს დანიშნულ სასჯელზე ამნისტიის კანონის გავრცლების საკითხზე. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. განაჩენთა ერთობლიობის დროს დანიშნული საბოლოო სასჯელი აითვლება ბოლო განაჩენის მიღების დღიდან.
10. შესაბამისად, ვინაიდან, გ. წ–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ივლისის განაჩენით, სასჯელი დანიშნული აქვს განაჩენთა ერთობლიობით, მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბოლო განაჩენის მიღების დღიდან – 2021 წლის 19 ივლისიდან.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. წ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე