საქმე N 330141224010121228
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2351-24 18 დეკემბერი, 2024 წელი
ხ–ი ა., N2351-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ხ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2024 წლის 1 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის №..-ე დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა, ა. ხ–ს მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე.
2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 მარტის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენში და ა. ხ–ი (დაბადებული: ......) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2021 წლის 11 იანვრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად გაუნახევრდა და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა 9 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ხ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა. ხ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 2 თებერვლიდან.
ა. ხ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 მარტის განაჩენი არ გასაჩივრებულა.
4. ამნიტიის შესახებ 2022 წლის 12 აპრილის საქართველოს კანონის საფუძველზე, ა. ხ–ს სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 75 დღით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულ ა. ხ–ს ერთი მეექვსედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ა. ხ–ს მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელებზე არ გავრცელდა 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონი.
6. ა. ხ–სმა საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაში ცვლილების შეტანა და დანიშნული სასჯელის შემცირება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა). ამავე კანონის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა).
3. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე–4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
4. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4, მე-5 ან მე-7 ნაწილით. ამდენად, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღებისათვის მსჯავრდებულ პირებზე.
5. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 მარტის განაჩენით ა. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და თითოეული ქმედებისათვის დაენიშნა დამოუკიდებელი სასჯელი.
6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4, მე-5 ან მე-7 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ოდენობების გათვალისწინებით) მსჯავრდებულ პირებზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ა. ხ–ს მიმართ საქართველოს 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება) დანიშნულ სასჯელზე არ გავრცელდა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება - კანონშესაბამისია.
7. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე–4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე არ ვრცელდება ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება. ამასთან, ხსენებული დანაშაული არ ექცევა ამ კანონის მე-7 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ გამონაკლისებში. აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელზე ვრცელდება ხსენებული ამნისტიის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება და დანიშნული სასჯელი უნდა შემცირდეს ერთი მეექვსედით. მოცემულ შემთხვევაში ა. ხ–ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და დანიშნული აქვს ერთიანი სასჯელი, რისი გათვალისწინებითაც პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება, რომლითაც ამ მუხლით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - კანონშესაბამისია.
8. ამასთან, საგულისხმოა, რომ მართალია ა. ხ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს შეეხო ამნისტიის კანონის მოქმედება და ამ მუხლით დანიშნული სასჯელი შემცირდა, თუმცა ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელებზე არ გავრცელდა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება, სასჯელი, კი დანიშნულია სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ა. ხ–ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 მარტის განაჩენით, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა - დარჩა უცვლელი.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. ხ–ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ხ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე