Facebook Twitter

¹ბს-255-198-კ-05 5 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. კლარჯეიშვილი,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: წარსული პერიოდის საპენსიო თანხების გადახდა.

აღწერილობითი ნაწილი:

შ. ნ-მა სარჩელით მიმართა ახმეტის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის _ სოცდაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახმეტის რაიონული ფილიალის მიმართ, რომელშიც აღნიშნა, რომ არის მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, ომის მე-2 ჯგუფის ინვალიდი, უვადოდ დანიშნული აქვს ომის ინვალიდობის პენსია თვეში 45 ლარის ოდენობით. “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის მიხედვით ეკუთვნის ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო პენსიების ერთდროულად მიღების უფლება, ამასთან, მოხუცებულობის პენსიაზე უნდა დაენიშნოს დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით. კუთვნილი პენსიის დასანიშნად მოსარჩელემ მიმართა სოცდაზღვევის ახმეტის რაიონულ განყოფილებას, რაზედაც უარი ეთქვა. “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად მოსარჩელემ მოითხოვა ომის ინვალიდობის პენსიასთან ერთად მოხუცებულობის პენსიის (14ლ.), ორი მინიმალური პენსიის დანამატით (28 ლ.), სულ 87ლ. დანიშვნა.

ახმეტის რაიონული სასამართლოს 02.04.04წ. გადაწყვეტილებით შ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შ. ნ-ს უკვე დანიშნულ ომის ინალიდობის პენსიასთან (45 ლ.) ერთად დამატებით დაენიშნა მეორე სახეობის პენსია მოხუცებულობის გამო (14 ლარი), ორი მინიმალური პენსიის დანამატი (28 ლარი), სულ 87 ლარი. სოცდაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახმეტის ფილიალს შ. ნ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა აგრეთვე გასული პერიოდის 12 თვის პენსიის დანამატი 504 ლარის ოდენობით.

მოპასუხის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდა ახმეტის რაიონული სასამართლოს 02.04.04წ. გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც სოცდაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახმეტის ფილიალს შ. ნ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა გასული პერიოდის 12 თვის პენსიის დანამატი _ 504 ლარი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 03.12.04წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 50-ე მუხლის მიხედვით, თუ პენსიონერმა მიიღო პენსიის მომატების უფლება და დროულად არ მიმართა სათანადო ორგანოებს პენსიის მისაღებად, მაშინ ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობა მიეცემა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უსწრებს პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვის დღეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს სოცდაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახმეტის რაიონულმა ფილიალმა საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ 31.12.03წ. კანონით მთელი რიგი ცვლილება იქნა შეტანილი საპენსიო უზრუნველყოფის საკითხებში, მე-60 მუხლის მოქმედება მთლიანად გადავადდა 2005წ. იანვრამდე, საოლქო სასამართლომ აღნიშნულის უგულებელყოფით ძალაში დატოვა ახმეტის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

“სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო ურუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” 23.07.03წ. კანონით ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა კანონის მე-17, 21-ე, 22-ე, 25-ე, 34-ე, 36-ე, 50-ე, მე-60 მუხლები, კანონის 48-ე მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი. “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო ურუნველყოფის შესახებ” კანონში 31.12.03წ. შეტანილი დამატებების თანახმად, კანონს დაემატა გარდამავალი დებულებების შემცვლელი მერვე თავი, რომლის 63-ე მულის თანახმად, 23.07.03წ. კანონით გათვალისწინებული ნოვაციები, მათ შორის კანონის მე-60 მუხლის განახლებული რედაქცია უნდა ამოქმედებულიყო 2005წ. 1 იანვრიდან. 29.12.04წ კანონით შეტანილი ცვლილებების თანახმად, ამავე კანონის 63-ე მუხლში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის მიხევითაც ამ კანონის მე-60 მუხლი ამოქმედდება 2006წ. 1 იანვრიდან. 31.12.03წ. და 29.12.04წ. კანონით განისაზღვრა 23.07.03წ. კანონით ჩამოყალიბებული მე-60 მუხლის განახლებული რედაქციის ძალაში შესვლის თარიღი. საქმის მასალებით დასტურდება რომ შ. ნ-ი პასუხობს მე-60 მუხლის ამჟამად მოქმედი რედაქციის მოთხოვნებს, კერძოდ ის არის 1941-45 წლების ომის მონაწილე, 75 წელს გადაცილებული, მეორე ჯგუფის ომის მონაწილე, ამდენად შ. ნ-ის მიმართ მართებულად გავრცელდა კანონი მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათები. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპლეციო წესით გასაჩივრდა მხოლოდ გასული პერიოდის 12 თვის პენსიის დანამატის 504 ლარის ანაზღაურების ნაწილში. შესაბამისად, სსკ-ის 264-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, პირევლი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვტეილება შ. ნ-ისათვის უკვე დანიშნული ომის ივალიდობის პენსიასთან ერთად მოხუცებულობის გამო პენსიის, აგრეთვე, ორი მინიმალური პენსიის დანამატის დანიშვნის ნაწილში კანონიერ ძალაშის შესული.

საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შ. ნ-ს არ უნდა აუნაზღაურდეს გასული პერიოდის მიუღებელი პენსია და აღნიშნავს, რომ “სახედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 50-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა პენსიების ოდენობაში ცვლილებების შეტანისას, გადაანგარიშება წარმოებს მომდევნო თავის პირველი რიცხვიდან.თუ პენსიონერმა მიიღო პენსიის მომატების უფლება და დროულად არ მიმართა სათანადო ორგანოს პენსიის მისაღებად, მაშინ მას სხვაობა ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის მიეცემა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უსწრებდა პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვის დღეს. კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიის დასანიშნად დაგვიანებით მიმართვის შემთხვევაში პენსია დაინიშნება მასზე უფლების წარმოშობის დღიდან და გაიცემა არა უმეტეს გასული 12 თვისა, რომელიც წინ უსწრებს პენსიის დანიშვნის საკითხზე მიმართვის დღეს. შ. ნ-ი განეკუთვნება კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სუბიექტთა წრეს, რომელსაც მე-60 მუხლის გათვალისწინებული მეორე სახეობის პენსიის დანიშვნის უფლება წარმოეშვა კანონის ამოქმედების დღიდან, მაგრამ მას ამ დროისათვის არ მიუმართვას სათანადო ორგანოებისათვის და არ მოუთხოვია პენსიის გადაანგარიშება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შ. ნ-ს პენსიის მიუღებელი სხვაობა არა უმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უსწრებდა პენსიის მომატებისათვის მიმართვის დღეს უნდა ანაზღაურდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სსკ-ის 410-ე მუხლის საფუძველზე კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე. “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის “ზ” ქვეპუნქტით საფუძველზე კასატორი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინიტსრაციული საპრცოესო კროდექსის პირველი, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახმეტის რაიონული ფილიალის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 03.12.04წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.