Facebook Twitter

საქმე # 010141224010135109

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№ 2391-24 23 დეკემბერი, 2024 წელი

კ. ა. 2391-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. კ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ჩ–ას საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 მარტის განაჩენით: ა. კ–ი – პირადი ნომრით .........., – ცნობილ იქნა დამნაშავედ:

1.1. ა. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

1.2. მსჯავრდებულ ა. კ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2022 წლის 6 ივნისიდან.

1.3. მსჯავრდებულ ა. კ–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 თებერვლის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება:

2.1. დამტკიცდა 2024 წლის 31 იანვარს, აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ირაკლი დონდოლაძესა და მსჯავრდებულ ა. კ–სს შორის, ზემდგომი პროკურორის - ვლადიმერ თურმანიძის თანხმობით დადებული საპროცესო შეთანხმება;

2.2.ა. კ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 4 წლის გამოსაცდელი ვადით;

2.3. მსჯავრდებულ ა. კ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2022 წლის 6 ივნისიდან;

2.4. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ა. კ–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, 5 წლით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო იმავე კანონის მე-3 მუხლის მე-41 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვა - 1 წლით.

3. 2024 წლის 3 ოქტომბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციური დაწესებულებიდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ა. კ–ს პირადი საქმე.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით:

4.1. მსჯავრდებულ ა. კ–ს „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული რეალური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად;

4.2. მსჯავრდებულ ა. კ–ს „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 4 წლით პირობით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 3 წლით პირობით თავისუფლების აღკვეთა, ასევე „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ერთი მეოთხედით შეუმცირდა გამოსაცდელი ვადა 4 წელი და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი;

4.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. 2024 წლის 13 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს წერილით მიმართა (სასამართლოს კანცელარიაში წერილი დარეგისტრირდა 2024 წლის 17 ნოემბერს) სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულების დირექტორმა ნ. ვ-მ. წერილის თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაში დაშვებული იყო ხარვეზი. კერძოდ, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ა. კ–ს ერთი მესამედით უნდა შემცირებოდა დანიშნული სასჯელი. შესაბამისად, უნდა აღმოიფხვრას ხარვეზი.

6. 2024 წლის 20 ნოემბერს N.. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულ ა. კ–ს წერილით მიმართა მოსამართლის თანაშემწე ს. ქა-მ და მიუთითა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაში დაშვებული შეცდომის გამოსწორება საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლიდან გამომდინარე არ იყო შესაძლებელი ხარვეზის აღმოფხვრის გზით. მსჯავრდებულ ა. კ–ს განემარტა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინების გასაჩივრების წესი (მსჯავრდებულისათვის მისი ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში). წერილშივე მიეთითა, რომ ვინაიდან, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინება ა. კ–ის მიერ ჩაბარებული იყო 2024 წლის 18 ოქტომბერს, მას უფლება ჰქონდა მოეთხოვა გაცდენილი ვადის აღდგენა.

7. 2024 წლის 11 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულმა ა. კ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ჩ–ამ და მოითხოვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენის გასაჩივრებისათვის დადგენილი 2 კვრიანი ვადის დარღვევის საპატიოდ ჩათვლა და გაცდენილი ვადის აღდგენა.

8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის, მ. ჩ–ს შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაზე გასაჩივრების ვადის აღდგენის და გაცდენილი ვადის საპატიოდ ჩათვლის შესახებ - დაკმაყოფილდა.

9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა. კ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ჩ–მ. საჩივრის თანახმად, ა. კ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე 1/6-ით არასწორად შეუმცირდა დანიშნული სასჯელი, ვინაიდან, ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, 1/5 ით უნდა შემცირებოდა დანიშნული სასჯელი როგორც ქალ მსჯავრდებულს. შესაბამისად, მსჯავრდებული ა. კ–ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ითხოვენ ა. კ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებას და მისთვის განსაზღვრული სასჯელის, 1/5-ით შემცირებას, ნაცვლად 1/6 ით შემცირებისა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.

3. სასამართლო ითვალისწინებს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა); ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ორი მესამედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით განსაზღვრული დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვანს ან განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე ქალს იმავე პუნქტებით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

4. სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტს, რომლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ერთი მესამედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრული დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვანს ან განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე ქალს იმავე პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

5. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი-მე-3 მუხლები, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებას არ შეიცავს ასევე ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი.

6. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად, ერთი მეხუთედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანს ან ქალ მსჯავრდებულს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

6.1. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 თებერვლის განაჩენით ა. კ–ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და დანაშაულთა იდეალური ერთობლიობისათვის განსაზღვრული აქვს ერთიანი სასჯელი.

7.1. შესაბამისად, ა. კ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე უნდა შემცირებულიყო 1/5-ით.

8. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ა. კ–სათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი ნაცვლად 1/5-ით შემცირებისა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ¼-ით შეუმცირდა.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ვინაიდან, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. კ–ს სასჯელი შემცირდა იმაზე მეტი ვადით, ვიდრე ამას მის მიმართ ამნისტიის კანონი ითვალისწინებდა, უზენაეს სასამართლოში კი წარმოდგენილია მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის საჩივარი (რომლის მოთხოვნა ერთი მხრივ არასწორია, ხოლო მეორე მხრივ ასევე აუარესებს მსჯავრდებულის მდგომარეობას, ვინაიდან ა. კ–ს სასჯელი შემცირებული აქვს ¼-ით), სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა და გაასწოროს დაშვებული შეცდომა.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. კ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ჩ–ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ა. კ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ჩ– ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი