Facebook Twitter

საქმე # 330802224010566709

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№243I-24 ქ. თბილისი

ი. ა. 243I-24 24 დეკემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ი–ს (A. Y.) ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. მ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა. ი–სის (A. Y.) მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

ა. ი–სის (A. Y.) ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის 2024 წლის 21 ოქტომბრის შუამდგომლობის თანახმად, მისი ექსტრადიცია მოთხოვნილია თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილთან და 54-ე მუხლის 1-ელ ნაწილთან ერთობლიობაში 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა) და ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ # 6136 კანონის მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით.

2024 წლის 21 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის იზმირის სისხლის სამართლის მე-17 უმაღლესმა სასამართლომ გამოსცა ა. ი–სის (A. Y.) დაკავების ბრძანებები ზემოაღნიშნულ დანაშაულებთან დაკავშირებით.

2. ა. ი–სის (A. Y.) მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2024 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა

საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ი–სი (A. Y.).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, ა. ი–ს (A. Y.) შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით;

2024 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა ა. ი–სის (A. Y.) ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები;

ამჟამად ა. ი–ი (A. Y.) მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის № .. პენიტენციურ დაწესებულებაში.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

2023 წლის 16 მაისს, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ა. ი–სა (A. Y.) და ი. ფ–ს შორის სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილ ფიზიკური დაპირისპირებისას, ა. ი–სმა (A. Y.) ცეცხლასასროლი იარაღით ესროლა ი. ფ–ს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

4. 2024 წლის 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორმა მეგი გურჩიანმა და მოითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი ა. ი–ს (A. Y.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის იზმირის სისხლის სამართლის მე-17 უმაღლესი სასამართლოს 2024 წლის 21 ოქტომბრის ა. ი–ს დაკავების ბრძანებებში მითითებული თურქეთის რესპუბლიკის N 5237 სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილთან და 54-ე მუხლის 1 ნაწილთან ერთობლიობაში 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა) და ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ N 6136 კანონის მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს სტაჟიორ-პროკურორ მეგი გურჩიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი ა. ი–სის (A. Y.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის იზმირის სისხლის სამართლის მე-17 უმაღლესი სასამართლოს 2024 წლის 21 ოქტომბრის ა. ი–სის დაკავების ბრძანებებში მითითებული თურქეთის რესპუბლიკის N 5237 სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილთან და 54-ე მუხლის 1 ნაწილთან ერთობლიობაში 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა) და ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ N 6136 კანონის მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით.

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ი–ს (A. Y.) ადვოკატი ნ. მ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და ა. ი–სის (A. Y.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

6.1. დაცვის მხარის განმარტებით, ა. ი–ს (A. Y.) ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მისი ეთნიკური წარმომავლობისა (არის ქურთი) და პოლიტიკური პოზიციის (წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ ოპოზიციურ პარტიას) გამო მას ემუქრება წამების, სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის საფრთხე. პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნება ა. ი–ს (A. Y.) მამა, ძმა და და (მამას, რომელიც არის 85 წლის განუსაზღვრეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ძმა გაათავისუფლეს სამსახურიდან, დას მოუწია ქვეყნის დატოვება). ა. ი–სი (A. Y.) მუდმივად განიცდიდა მის მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომებს. შესაბამისად, პირის ექსტრადიცია ისეთ სახელმწიფოში, რომელშიც მას ემუქრება წამების, სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის საფრთხე შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ კანონის 29-ე მუხლთან.

6.2. დაცვის მხარის შეფასებით, გასათვალისწინებელია თურქეთის რესპუბლიკაში არსებული ზოგადი მდგომარეობაც. ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოში კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამო დარღვევებს აქვს მასშტაბური და სისტემური ხასიათი.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორმა მეგი გურჩიანმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა ა. ი–ს (A. Y.) მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინების უცვლელად დატოვება.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

2. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

3. სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

4. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ი–ი (A. Y.) 2024 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

5. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, კერძოდ:

5.1. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია: თურქეთის რესპუბლიკის N 5237 სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილთან და 54-ე მუხლის 1-ელ ნაწილთან ერთობლიობაში 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა) და ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ N 6136 კანონის მე-13 მუხლის 1-ელი პუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს, შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთას უვადოდ და 1-დან 3 წლამდე ვადით.

5.2. მითითებული ქმედებები, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

6. ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში:

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენაც ბრალად ედება ა. ი–ს (A. Y.) განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 30 წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან და ათი წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან; ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს.

6.1.1. წარმოდგენილი მასალების თანახმად, ა. ი–სათვის (A. Y.) ბრალად შერაცხული ქმედება განხორციელდა 2023 წელს, ხოლო მის მიმართ დაკავების ბრძანება გამოცემულია 2024 წელს. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სისხლისსამართლებრივი ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.

6.2. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ა. ი–სის (A. Y.) მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა იწურება ერთ შემთხვევაში – 2031 წელს, ხოლო მეორე შემთხვევაში – 2048 წელს.

7. დანაშაულებრივი ქმედება, რომლისთვისაც მოითხოვება ა. ი–სის (A. Y.) ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. ა. ი–სის (A. Y.) მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში.

8. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციაზე.

8.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან 2024 წლის 28 ოქტომბერს მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ა. ი–სი (A. Y.) არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ა. ი–ი (A. Y.) არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.

8.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 5 ნოემბერს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის 22 ოქტომბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს განცხადებით მიმართა ადვოკატმა ზ. მ–მ, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა. ი–სათვის (A. Y.) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე. 2024 წლის 23 ოქტომბერს, დეპარტამენტის მიერ აღნიშნულ განცხადებაზე დადგინდა ხარვეზი და ადვოკატს განესაზღვრა 5 დღე ხარვეზის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული წერილი ხარვეზის დადგენის თაობაზე, ადვოკატს არ ჩაბარდა და 2024 წლის 4 ნოემბერს დაუბრუნდათ უკან. შესაბამისად, ა. ი–ი (A. Y.) არ ითვლება თავშესაფრის მაძიებლად.

8.2.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საჩივრის განხილვის მომენტში ა. ი–ს (A. Y.) არ აქვს მიცემული თავშესაფარი და იგი არ არის საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირი - ა. ი–ი (A. Y.) არ სარგებლობს ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსით საქართველოში. შესაბამისად, არ არსებობს არც ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი.

9. კასატორის მტკიცებით, ა. ი–ს (A. Y.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადირების შემთხვევაში არსებობს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის, პოლიტიკური ნიშნით დევნის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხე.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორი თავისი მოთხოვნის დასაბუთებისთვის არ უთითებს არც ერთ კონკრეტულ ან/და რელევანტურ მტკიცებულებას, რომელიც დაადასტურებდა ექსტრადიციის შემთხვევაში ა. ი–სის (A. Y.) მიმართ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევისა და მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის საფრთხის არსებობას. მათ შორის, წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დგინდება ა. ი–სის (A. Y.) ოპოზიციური პოლიტიკური პარტიისადმი კუთვნილება და სწორედ ამ ნიშნით დევნა თურქეთის რესპუბლიკაში, აღნიშნულის დასადასტურებლად არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება/ფაქტი/ინფორმაცია. აღნიშნულთან მიმართებით ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები ვერც გენერალურმა პროკურატურამ მოიძია.

10.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორის მითითება ა. ი–სის (A. Y.) ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ სავარაუდო დევნაზე არ დასტურდება არანაირი მტკიცებულებით (ატარებს ზეპირსიტყვიერი მტკიცების სახეს), რაც სასამართლოს არ აძლევს მათი რეალურად არსებობის გადამოწმების შესაძლებლობას.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მართალია პირველ რიგში უნდა შეფასდეს მიმღებ სახელმწიფოში არსებული ზოგადი სიტუაცია და შესაბამისად, ყურადღება გამახვილდეს მიმღებ სახელმწიფოში ზოგადი ძალადობრივი გარემოს არსებობაზე (იხ: Sufi and Elmi v. the United Kingdom, nos. 8319/07 და 11449/07, ECtHR, par.216, 28/06/2011), თუმცა ზოგადი ძალადობრივი გარემოს არსებობა იმთავითვე არ იწვევს მე-3 მუხლის დარღვევას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს განმარტებით, მომთხოვნი სახელმწიფოსთვის პირის გადაცემა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას იწვევს მხოლოდ „იმ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე კონკრეტულად იმ პირთან მიმართებით არსებობს, რომელიც მიმღებ სახელმწიფოში დაბრუნების შემთხვევაში დაექვემდებარება ამგვარ ძალადობას (NA. v. the United Kingdom, no. 25904/07, ECtHR, par. 115, 17/07/ 2008; Khasanov and Rakhmanov v. Russia, nos. 28492/15 and 49975/15, ECtHR, 29/04/2022).

12. ამასთან, ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. Mamatkulov and Askarov v. Turkey, no 46827/99, 46951/99, par. 72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, par. 58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no 36378/02, par. 52, ECtHR, 12/04/2005).

13. აღსანიშნავია, რომ ა. ი–სის (A. Y.) მიმართ საექსტრადიციო პროცედურის წარმოების დაწყებიდან დღემდე (მათ შორის მტკიცებულებათა გაცვლის ბოლო ეტაპზე), დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება/ინფორმაცია ა. ი–სის (A. Y.) ფუნდამენტური უფლებების დარღვევის საფრთხის რეალურობის დასადასტურებლად.

14. სასამართლო ითვალისწინებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. ასევე - თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ გარანტიას, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ა. ი–სის (A. Y.) უფლებები და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება და კვლავაც აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს (Zarmayev v Belgium, no. 35/10, §113, ECtHR, 27/02/2014; Gasayev v Spain, no. 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v Slovakia, nos. 21022/08, 51946/08, ECtHR, 14/09/2010); გარანტიები არის კონკრეტული და გაცემულია სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მიერ (Chahal v.The United Kingdom, no 22414/93, paras 105-107, ECHR, 15/10/1996; Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §344, ECHR, 12/10/2005).

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ა. ი. (A. Y.) დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას.

16. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no.140/10, par.11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

17. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ასევე შეისწავლა და თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას შეამოწმა ა. ი–ს (A. Y.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევის საფრთხის არსებობა (საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება რაც დაადასტურებდა/მიუთითებდა ექსტრადიციის შემთხვევაში ა. ი–ს (A. Y.) მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში სისხლის სამართალწარმოებაში სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის საფრთხეზე).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ა. ი–ს (A. Y.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის იზმირის სისხლის სამართლის მე-17 უმაღლესი სასამართლოს 2024 წლის 21 ოქტომბრის ა. ი–ს დაკავების ბრძანებებში მითითებული თურქეთის რესპუბლიკის N 5237 სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილთან და 54-ე მუხლის 1 ნაწილთან ერთობლიობაში 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა) და ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ N 6136 კანონის მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ი–ს (A. Y.) ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი