Facebook Twitter

საქმე # 330802224010611243

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №249I-24 თბილისი

ო-ი ს. ე., 249I-24 27 დეკემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნ. სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს. ე. ო-ის – ადვოკატ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ს. ე. ო-ის მიმართ ჩატარებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები თურქეთის რესპუბლიკაში – 2023 წლის 20 მარტს თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლის საქალაქო ანატოლიის მე-12 სისხლის სამართლის სასამართლომ გასცა ს. ე. ო-ის დაკავების ბრძანება, რომლის მიხედვით, ს. ე. ო-ი ბრალდებულია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „f“ ქვეპუნქტითა (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) და 204-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება).

2. საქმის მასალების მიხედვით, ს. ე. ო-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგით: 2017 წლის 28 ივლისს, ქ. ს-ი, ს. ე. ო-მა და მისმა თანამზრახველმა გააყალბეს ოფიციალური საგადასახადო დოკუმენტი, რომლის გამოყენებითაც, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ ქონებას.

3. ს. ე. ო-ის მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:

§ 2023 წლის 5 მაისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისაგან მიიღო ს. ე. ო-ის საექსტრადიციო მასალები;

§ 2024 წლის 26 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ს. ე. ო-ი;

§ 2024 წლის 29 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებით ს. ე. ო-ს აღკვეთის ღონისძიების სახით განესაზღვრა გირაო – 15000 ლარი, ხოლო გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, გირაოს თანხის სრულად შეტანამდე – შეეფარდა 3 თვით საექსტრადიციო პატიმრობა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2024 წლის 26 ივლისიდან. გირაოს თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო, ს. ე. ო-ი დარჩა პატიმრობაში;

§ 2024 წლის 23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით ს. ე. ო-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2025 წლის 26 იანვრამდე;

§ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს. ე. ო-ის ადვოკატის – ნ. მ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. 2024 წლის 16 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს. ე. ო-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინებით პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს. ე. ო-ის, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „f“ ქვეპუნქტითა (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) და 204-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება).

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს. ე. ო-ის ადვოკატმა – ნ. მ-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და თურქეთის რესპუბლიკაში ს. ე. ო-ის ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას იმ საფუძვლით, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში, მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ეთნიკური წარმომავლობის გამო (იგი ეროვნებით ქურთია), მისივე განმარტებით, დაემუქრება საფრთხე.

7. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორი მეგი გურჩიანი ითხოვს, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილოს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ადვოკატის საკასაციო საჩივარი და უცვლელად დატოვოს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინება, იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს ს. ე. ო-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს და ორმაგი დასჯის აკრძალვის (Non bis in idem) პრინციპებს, ასევე, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, არის დაცული.

3. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ძებნილი ს. ე. ო-ის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებისა და საექსტრადიციო პატიმრობის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. გარდა ამისა, საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ ს. ე. ო-ი არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, იგი არ არის საქართველოს მოქალაქე და არ ითვლება საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2024 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს. ე. ო-ს უარი ეთქვა, როგორც ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამავე დროს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესახებ მიმდინარე სამართალწარმოება ვერ მიიჩნევა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის დამაბრკოლებელ გარემოებად.

5. საკასაციო პალატა არ იზიარებს ადვოკატის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ს. ე. ო-ის ექსტრადიცია არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო ნორმებს. ამასთან, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ადვოკატის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ს. ე. ო-ის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, ხოლო ზოგადი განცხადებები ვერ ჩაითვლება ექსტრადიციის გამომრიცხავ გარემოებად. ამავე დროს, ვერც საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ იქნა მოპოვებული თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ს. ე. ო-ის მიმართ ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფის ან უფლებების სხვაგვარი, მათ შორის, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულება.

6. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაუშვებელია პირის ექსტრადიცია, თუ არსებობს არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან/და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება რეალური საფრთხე. ამასთან, კასატორმა უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არსებობს მისი უფლებების შელახვის რისკი. ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილის გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას (ECtHR, №36378/02, შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ (Shamayev and Others v. Georgia and Russia), 12/04/2005, §352). უკანონო მოპყრობის შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით (ECtHR, №46827/99, 46951/99, მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) 04/02/2005, §70).

7. ამავე დროს, საკასაციო პალატა ითვალისწინებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ გარანტიებს, რომელთა თანახმად: თურქეთის რესპუბლიკა წარმოადგენს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მონაწილე მხარეს; თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ს. ე. ო-ის უფლებები დაცული იქნება საერთაშორისო კონვენციებისა და შიდა კანონმდებლობის შესაბამისად; მას მიეცემა დაცვის ყველანაირი კანონიერი შესაძლებლობა. ამასთან, მისთვის წარდგენილი ბრალდება არ არის პოლიტიკური ან სამხედრო ხასიათის.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს. ე. ო-ის – ადვოკატ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე