საქმე # 330141224010526796
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№2521-24 27 დეკემბერი, 2024 წელი
ყ. გ. 2521-24 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ყ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 მაისის განაჩენით გ. ყ., – პირადი ნომერი ………, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. 2024 წლის 2 დეკემბერს გ. ყ–მ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების – პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების – მოთხოვნით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ყ–ს მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულ სასჯელზე – ჯარიმაზე, არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება;
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 დეკემბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ყ–მ, რომელიც ითხოვს ამნისტიის საფუძველზე პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, ვინაიდან ამნისტიის კანონი უთითებს – სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლებაზე. იმავდროულად, სასჯელის სახით დანიშნული – ჯარიმა უკვე გადახდილი აქვს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებ, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა;
3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებ, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბრალდებულის (მათ შორის, ძებნილი ბრალდებულის) მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორი, სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე − შესაბამისი სასამართლო; ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის (მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის) მიმართ გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია − თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.
3.1. იმავდროულად, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-12 მუხლი არეგულირებს/უთითებს იმ დაწესებულებებს, რომლებმაც შესაბამის სასამართლოს უნდა გადაუგზავნონ მსჯავრდებულის პირად საქმე. კანონი არ ითვალისწინებს, აღსრულებული ჯარიმის შემთხვევაში ამნისტიის გავრცელების მიზნით საქმის გადაგზავნას; იმავდროულად, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-12 მუხლის მე-6 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი უთითებს, სააღსრულებო საქმის მასალების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადაგზავნას, იმ შემთხვევაში თუ მსჯავრდებულს სასჯელის სახით დანიშნული აქვს მხოლოდ ჯარიმა და ის არ აღსრულებულა, თუმცა აღნიშნულიც მხოლოდ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით (საქართველოს სსკ-ის 2481-ე ან 3591-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული) გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით, რაც არ შეესაბამება განსახილველ შემთხვევას (მოცემულ შემთხვევაში, გ. ყ–ე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით).
3.2. აღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა), ხოლო გ. ყ–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდების გამო, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა მხოლოდ ჯარიმა (მით უფრო, რომ კასატორის მტკიცებით იგი აღსრულებულია), თბილისის საქალაქო სასამართლოში კანონის შესაბამისად არ განხორციელდა მისი საქმის გადაგზავნა ამნისტიის აღსრულების მიზნით.
4. რაც შეეხება უშუალოდ კასატორის მოთხოვნას (იგი არ ითხოვს ჯარიმისაგან (უკვე გადახდილია) გათავისუფლებას) პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის არცერთი დანაწესი არ უთითებს სასამართლოს მიერ პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებაზე. აღნიშნული აქტი სასამართლოს ანიჭებს მხოლოდ სასჯელისაგან გათავისუფლების ან შემცირების (მაგ.: ,,გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი”; ,,ორი მესამედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი” (მათ შორის, მე-2 მუხლი) და ა.შ.) შესაძლებლობას.
5. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. ყ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე