Facebook Twitter

საქმე # 020141224010127880

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №254I-24 თბილისი

კ- ლ., 254I-24 27 დეკემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. კ-ს საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2024 წლის სექტემბერში სპეციალური პენიტენციური სამსახურის №-- პენიტენციური დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ლ. კ-ს პირადი საქმე.

2. საქმის მასალების მიხედვით: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 აგვისტოს განაჩენით ლ. კ-, (პირადი №---), ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 5 ივლისის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. კ-ს განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2024 წლის 11 აპრილიდან.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. კ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, კერძოდ: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, გაუნახევრდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; 1/6-ით შეუმცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; ასევე 1/6-ით შეუმცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. კ-ს განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2024 წლის 11 აპრილიდან. ასევე, მის მიმართ 3 თვით გამოიცა დამცავი ორდერი.

4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა – ლ. კ-მ, რომელიც ითხოვს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, მის მიმართ შეფარდებული სასჯელის განახევრებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა ეთანხმება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ ლ. კ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების შესახებ და დამატებით მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, შეფარდებული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე, გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა.

3. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 1/6-ით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია; ხოლო მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ოჯახური დანაშაული (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-7 მუხლით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულისა) ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია (სასჯელის 1/6-ით შემცირება) გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.

4. აქედან გამომდინარე, ვინაიდან წარმოდგენილია დაზარალებულ თ. კ-ას ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (მან ასევე თანხმობა განაცხადა სასამართლო სხდომაზე), ლ. კ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების შესახებ, ასევე წარმოდგენილია მსჯავრდებულის თანხმობა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ ამავე კანონის შესაბამისად, დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მსჯავრდებულ ლ. კ-ს მიმართ მართებულად გაავრცელა აღნიშნული ამნისტია, კერძოდ: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გაუნახევრა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და განუსაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ხოლო ამავე განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, შეუმცირა 1/6-ით და განუსაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; ასევე, „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, 1/6-ით შეუმცირა ამავე განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განუსაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. კ-ს განუსაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2024 წლის 11 აპრილიდან. ამავე დროს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულ ლ. კ-ს მიმართ 3 თვით გამოსცა დამცავი ორდერი.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ლ. კ-ს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ლ. კ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე