საქმე # 010100122006270219
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №711აპ-24 თბილისი
წ-ე ბ, 711აპ-24 12 დეკემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. წ-ის ადვოკატ პ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 მარტის განაჩენით ბ. წ-ე, დაბადებული --- (პირადი №---), ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 სექტემბრის განაჩენით მისთვის შეფარდებული პირობითი მსჯავრი. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 სექტემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ. წ-ეს განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 5 ივლისიდან.
2. განაჩენის მიხედვით, ბ. წ-ეს მსჯავრად დაედო ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
3. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2022 წლის 21 ივნისს, დაახლოებით, 18:30 საათზე, ხ-ის სოფელ გ--ში მდებარე ნ. მ-ის საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული წყენის ნიადაგზე, ბ. წ-ემ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭურვის ერთჯერადად გასროლით, ჯ. ბ-ეს მარჯვენა წვივის არეში განზრახ მიაყენა ნაკლებად მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და რასაც არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. წ-ის ადვოკატმა – პ. ბ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ბ. წ-ის გამართლება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. წ-ის ადვოკატმა – პ. ბ-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ბ. წ--ის გამართლებას.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. წ--ის ადვოკატ პ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაინიშნა 2024 წლის 12 დეკემბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით, მათ შორის: მოწმეთა ჩვენებებით, საგამოძიებო მოქმედებების ოქმებით, სასამართლო სხდომებზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, ექსპერტიზების დასკვნებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ბ. წ-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, რომელზე დეტალურ მსჯელობას პალატა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, ვინაიდან ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებსა და დასკვნებს. რაც შეეხება სასჯელს, პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, რაც უცვლელად დატოვა სააპელაციო სასამართლომ, ბ. წ--ისათვის განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და ბ. წ-ეს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი.
3. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001).
4. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ბ. წ-ის ადვოკატ პ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ბ. წ-ის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტია, კერძოდ:
5.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეფარდებული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
5.2. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ ბ. წ--ის მიმართ ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია – სასჯელის განახევრება, ვინაიდან სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს – 2022 წლის 21 ივნისს – ბ. წ-ე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 სექტემბრის განაჩენით ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის.
5.3. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 1/6-ით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
5.4. აქედან გამომდინარე, ვინაიდან მსჯავრდებულ ბ. წ-ის მიმართ, ნასამართლობის გამო, არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, მის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, 1/6-ით უნდა შეუმცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის შეფარდებული სასჯელი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და უნდა განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
5.5. ამავე დროს, მსჯავრდებულ ბ. წ-ეს ამ განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 სექტემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან განაჩენთა ერთობლიობით ნაწილობრივ დამატებული სასჯელი – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის შესაბამისად, უნდა შეუმცირდეს შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
· ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 დეკემბრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის განაჩენებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ბ. წ-ისათვის განსაზღვრულ სასჯელზე ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია – სასჯელის 1/6-ით შემცირება;
· ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით ბ. წ-ისათვის შეფარდებულ ძირითად სასჯელზე – 1 წლით თავისუფლების აღკვეთასა და ამ სასჯელზე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 დეკემბრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის განაჩენებით შეფარდებულ და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან განაჩენთა ერთობლიობით ნაწილობრივ დამატებულ სასჯელზე – 3 წლით თავისუფლების აღკვეთაზე – ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია – სასჯელის 1/6-ით შემცირება;
· ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 სექტემბრის განაჩენით ბ. წ-ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებულ ძირითად სასჯელზე – 1 წლით თავისუფლების აღკვეთაზე – „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღნიშნული ამნისტია არ ვრცელდება, ხოლო ამ სასჯელზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 იანვრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან განაჩენთა ერთობლიობით ნაწილობრივ დამატებულ სასჯელზე – 3 წლით თავისუფლების აღკვეთაზე – ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია – სასჯელის 1/6-ით შემცირება. აქედან გამომდინარე, ვინაიდან სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებული სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა (რომელზეც ამნისტია არ ვრცელდება) – წარმოადგენს საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის – 4 წლით თავისუფლების აღკვეთის – ¼-ს, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 იანვრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან ნაწილობრივ დამატებული სასჯელი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა (რომელზეც ვრცელდება სასჯელის 1/6-ით შემცირება) – წარმოადგენს საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის – 4 წლით თავისუფლების აღკვეთის – ¾-ს, „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია – სასჯელის 1/6-ით შემცირება ვრცელდება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 სექტემბრის განაჩენით ბ. წ-ისათვის განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის – 4 წლით თავისუფლების აღკვეთის – ¾-ზე.
5.6. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ბ. წ-ეს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელზე – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთაზე – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 სექტემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან განაჩენთა ერთობლიობით ნაწილობრივ დამატებული სასჯელი – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა – „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, უნდა შეუმცირდეს პროპორციულად, კერძოდ: 1/6-ით უნდა შეუმცირდეს 6 თვით თავისუფლების აღკვეთის ¾ ნაწილი – 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და უნდა განესაზღვროს 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც დაემატოს 6 თვით თავისუფლების აღკვეთის ¼ ნაწილს – 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას (რომელზეც ამნისტია არ ვრცელდება) და უნდა განესაზღვროს 5 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა; ხოლო 5 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა, სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა დაემატოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ. წ-ეს უნდა განესაზღვროს 2 წლით, 11 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ბ. წ-ის ადვოკატ პ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ბ. წ-ის ადვოკატ პ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განაჩენი შეიცვალოს:
2.1. ბ. წ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 სექტემბრის განაჩენით ბ. წ-ისთვის შეფარდებული პირობითი მსჯავრი;
2.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას – ნაწილობრივ დაემატოს წინა – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 სექტემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის პროპორციული წილი – ¾ ნაწილი – 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც დაემატოს 6 თვით თავისუფლების აღკვეთის ¼ ნაწილს – 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას (რომელზეც ამნისტია არ გავრცელდეს) და განესაზღვროს 5 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ. წ--ეს განესაზღვროს 2 წლით, 11 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა;
2.4. მსჯავრდებულ ბ. წ-ეს სასჯელის ვადა აეთვალოს დაკავებიდან – 2022 წლის 5 ივლისიდან. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, გაუქმებულია;
2.5. ნივთიერი მტკიცებულებები:
o შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები – ერთ პაკეტად – განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
o მ--ისაგან ამოღებული „ბ--“ (B--) მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით --- დაუბრუნდეს მესაკუთრეს/მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
o დ. დ-ისაგან ამოღებული ჯ. ბ-ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – დაუბრუნდეს მესაკუთრეს/მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
o ჯ. ბ-ის სამედიცინო დოკუმენტაცია დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით;
o „ბ--“ (B--) მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით ---) გახსნისა და დათვალიერებისას ამოღებული: პლასტმასის ბოთლები, ლითონის ქილა, სიგარეტის კოლოფი – სიგარეტებით, კისრის ბალიშები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელები – დაუბრუნდეს მესაკუთრეს/მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
o „ბ--“ (B--) მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით ---) გახსნისა და დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები ბიოლოგიურ ჩხირებზე და მიკრონაწილაკების ნიმუშები წებოვან ფირებზე – განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
o სს „ს---“ გამოთხოვილი ინფორმაცია – 11 ფურცლად – დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით;
o სისხლის სამართლის საქმეზე დართული 8 დისკი, შენახულ იქნეს საქმესთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე