საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №730აპ-24 თბილისი
ფ-ე თ., 730აპ-24 10 დეკემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ფ-ის ადვოკატ გ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის განაჩენით თ. ფ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 26 იანვრის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის თებერვლის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 თებერვლის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; ხოლო 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. ფ-ეს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 21 თებერვლიდან.
2. განაჩენის მიხედვით, თ. ფ-ეს მსჯავრად დაედო:
· გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი – სამი ეპიზოდი);
· საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი);
· საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი).
3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
o 2022 წლის 26 იანვარს, ღამის საათებში, ქ-ში, ხ----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თ. ფ-ე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილ მეუღლე მ. მ-ეს დაემუქრა ყელის გამოჭრით, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
o 2022 წლის თებერვლის დასაწყისში, საღამოს საათებში, ქ-ში, ხ----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თ. ფ-ე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილ მეუღლე მ. მ-ეს თანნაქონი დანით დაემუქრა ყელის გამოჭრით, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
o 2022 წლის 21 თებერვალს, საღამოს საათებში, ქ-ში, ხ----ში მდებარე საცხოვრებელი ბინის საერთო სარგებლობის აივანზე, თ. ფ-ე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილ მეუღლე მ. მ-ეს დაემუქრა ყელის გამოჭრით, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
o თ. ფ-ემ გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა საბრძოლო მასალა – ქარხნული წესით დამზადებული, 1905 წლის ნიმუშის 45 AUTO (11.43X23მმ) კალიბრიანი ერთი ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღების დიდი ჯგუფისთვის. აღნიშნული ვაზნა 2022 წლის 21 თებერვალს მან შეინახა პირადად;
o 2022 წლის 21 თებერვალს, ქ-ში, ---ს მიმდებარედ, თ. ფ-ე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ საბრძოლო მასალას – ქარხნული წესით დამზადებულ, 1905 წლის ნიმუშის 45 AUTO (11.43X23მმ) კალიბრიან ერთ ვაზნას, განკუთვნილს ამავე კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღების დიდი ჯგუფისთვის. აღნიშნული ვაზნა 2022 წლის 21 თებერვალს პოლიციის მუშაკებმა ამოიღეს თ. ფ-ის პირადი ჩხრეკისას.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. ფ-ის ადვოკატმა – გ. თ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და თ. ფ-ის გამართლება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის განაჩენით მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: თ. ფ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 26 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებისათვის; თ. ფ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის თებერვლის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 თებერვლის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; ხოლო 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. ფ-ეს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 21 თებერვლიდან.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. ფ-ის ადვოკატმა – გ. თ-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და თ. ფ-ის გამართლებას.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი; წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
9. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც, თ. ფ-ე გაამართლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 26 იანვრის ეპიზოდი) მსჯავრდებისათვის, ხოლო დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის თებერვლის ეპიზოდი); 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 თებერვლის ეპიზოდი); 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და განუსაზღვრა დანაშაულებრივი ქმედებების შესაბამისი სასჯელი. სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და თ. ფ-ეს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი. ამასთან, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ, ამომწურავად დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, ხოლო მასში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
10. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).
11. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ თ. ფ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით შეფარდებულ სასჯელებზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი ვერ გავრცელდება, ვინაიდან ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით (გარდა 236-ე მუხლის პირველი ნაწილისა) გათვალისწინებულ დანაშაულზე. „ამნისტიის შესახებ“ კანონი ასევე ვერ გავრცელდება თ. ფ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) შეფარდებულ სასჯელებზე, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მსჯავრდებულის თანხმობა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ კანონის შესაბამისად, დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე, ხოლო „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების მიხედვით, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, პირზე ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია (სასჯელის 1/6-ით შემცირება) გავრცელდება, თუ იგი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. ამავე დროს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ თ. ფ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) შეფარდებულ სასჯელებზე, „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია ვერ გავრცელდება, ვინაიდან ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, შეფარდებული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე, გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა, ხოლო მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დროს – 2022 წლის თებერვალში – თ. ფ-ე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 მარტის განაჩენით ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ თ. ფ-ის ადვოკატ გ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე