Facebook Twitter

საქმე # 200100120003530682

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №769აპ-24 ქ. თბილისი

მ. თ. 769აპ-24 27 დეკემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, რევაზ ნადარაია

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ტ. ლ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ლ. ჩ–ს, მსჯავრდებულ დ. ჯ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ი. ო–ს, მსჯავრდებულ თ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. ვ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:

1.1. თ. მ–ს (პირადი ნომერი ..........) და ტ. ლ–ს (პირადი ნომერი .........), – ბრალად ედებოდათ:

1.1.1. განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჯგუფურად, ანგარებით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ”, მე-2 ნაწილის ,,ე” და მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით;

1.1.2. ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით, არაერთგზის, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით;

1.2. დ. ჯ–ს, – პირადი ნომერი ..........., – ბრალად ედებოდა:

1.2.1. განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჯგუფურად, ანგარებით, არაერთგზის, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ”, მე-2 ნაწილის ,,ე” და მე-3 ნაწილის ,,გ” და ,,ე” ქვეპუნქტებით;

1.2.2. ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით, არაერთგზის, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით თ. მ–ს, ტ. ლ–სა და დ. ჯ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 4 ნოემბერს, ტ. ლ–მა, დ. ჯ–მა, თ. მ–მ და დ. პ–მა განიზრახეს ჯგუფურად, დ–ს რაიონის სოფელ ა–ში მცხოვრებ თ. ბ–ზე ყაჩაღური თავდასხმა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იმავე დღეს, ქ. თ–ნ, თ. მ–ს კუთვნილი მერსედეს ბენცის მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომრით .......) გაემგზავრნენ დ–ს რაიონის სოფელ ა–ში, თუმცა თ. ბ–ეზე ყაჩაღური თავდასხმა ვერ განახორციელეს ქუჩაში შეკრებილი ხალხის გამო.

2019 წლის 5 ნოემბერს, დღის საათებში, ტ. ლ–სი, დ. ჯ–ი, თ. მ–ე და დ. პ–ი ქ. თ–დან კვლავ გაემგზავრნენ დ–ს რაიონის სოფელ ა–ში და 5 ნოემბრის 21:00 საათიდან 6 ნოემბრის 00:30 საათამდე პერიოდში, ყაჩაღობის მიზნით შეიჭრნენ თ. ბ–ს საცხოვრებელ სახლში, თავს დაესხნენ თ. ბ–ს, რომელიც იმყოფებოდა საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე. ჯგუფის წევრებმა მასზე დაიწყეს ძალადობა, რის შედეგადაც თ. ბ–ს კეფის არეში მიაყენეს დაზიანება ჭრილობის სახით, ხოლო შუბლის, მარჯვენა თვალბუდის, მარცხენა ლოყის, ცხვირის, მარჯვენა და მარცხენა იდაყვის სახსრისა და მარცხენა წვივის არეში მიაყენეს დაზიანებები ნაჭდევების სახით. ძალადობის დროს სთხოვდნენ ფულს და ოქროს ნივთებს, რა დროსაც თ. ბ–ი მათ კვლავ უწევდათ წინააღმდეგობას. წინააღმდეგობის შეწყვეტისა და თ. ბ–ს კუთვნილი ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, ტ. ლ–მა, დ. ჯ–მა, თ. მ–მ და დ. პ–მა ჯგუფურად შებოჭეს თ. ბ–ი, რომელსაც ზურგს უკან შეუკრეს ხელები, ფეხებზე დაადეს საწოლი, ხოლო ნაჭრის გამოყენებით ყელზე გაუკეთეს მარყუჟი და განზრახ მოკლეს თ. ბ–ი ანგარებისა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მოტივით. რის შემდეგაც, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს თ. ბ–ს ოჯახის კუთვნილი: 7900 ლარის ღირებულების ოქროს ნივთები, ფულადი თანხა – 3100 ლარის ოდენობით და ,,ლენოვოს“ ფირმის ლეპტოპი, ღირებული – 1600 ლარად.

განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდეგ, ჯგუფის წევრები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, ხოლო მოგვიანებით, თ. ბ–ი მისმა მეზობლებმა საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებულ საძინებელ ოთახში ნახეს გარდაცვლილი, რომელიც იატაკზე იწვა პირდაღმა და ხელები ზურგსუკან ჰქონდა შეკრული. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თ. ბ–ს სიკვდილის უშუალო მიზეზია მექანიკური ასფიქსია, მარყუჟით მოხრჩობით.

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 სექტემბრის განაჩენით:

3.1. თ. მ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.1.1. საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ”, მე-2 ნაწილის ,,ე” და მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 17 წლით;

3.1.2. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით;

3.1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 17 წლით;

3.1.4. თ. მ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2019 წლის 9 დეკემბრიდან.

3.2. ტ. ლ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.2.1. საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ”, მე-2 ნაწილის ,,ე” და მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 20 წლით;

3.2.3. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;

3.2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ტ. ლ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 20 წლით;

3.2.5. ტ. ლ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2019 წლის 9 დეკემბრიდან;

3.3. დ. ჯ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.3.1. საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ”, მე-2 ნაწილის ,,ე” და მე-3 ნაწილის ,,გ” და ,,ე” ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 20 წლით;

3.3.2. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;

3.3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ჯ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 20 წლით;

3.3.4. დ. ჯ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2019 წლის 9 დეკემბრიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: მსჯავრდებულმა თ. მ–მ, მსჯავრდებულ ტ. ლ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ლ. ჩ–მა და მსჯავრდებულ დ. ჯ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ო–მა, რომლებმაც მოითხოვეს მსჯავრდებულების უდანაშაულოდ ცნობა. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრებზე შესაგებელი წარმოადგინა კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – ვლადიმერ ბექიშვილმა. პროკურორმა მოითხოვა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა/გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 მაისის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 სექტემბრის განაჩენი თ. მ–ს, ტ. ლ–ს და დ. ჯ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, კერძოდ: მსჯავრდებულ ტ. ლ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ლ. ჩ–მა, მსჯავრდებულ დ. ჯ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ი. ო–მა, მსჯავრდებულ თ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – დ. ვ–მა. კასატორებმა მოითხოვს მსჯავრდებულების გამართლება. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრებზე შესაგებელი წარმოადგინა კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – ვლადიმერ ბექიშვილმა, რომელიც ითხოვს დაუშვებლად იქნეს ცნობილი დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები/უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განაჩენი.

7. თელავის რაიონულ სასამართლოში 2020 წლის 21 აპრილს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე სისხლის სამართლის საქმე განსახილველად გადაეცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სხდომა დაინიშნა – 2020 წლის 20 მაისს, თელავის რაიონულ სასამართლოში.

8. თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 მაისის განჩინებით, დაკმაყოფილდა დ. პ–ს ადვოკატის – გ. ქ–ს შუამდგომლობა და სისხლის სამართლის N1/76-20 საქმიდან ცალკე წარმოებად გამოეყო სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ დ. პ–მის მიმართ.

9. თელავის რაიონულ სასამართლოში 2020 წლის 1 სექტემბერს სასამართლომ დაითხოვა ნაფიცი მსაჯულები, ვინაიდან დააკმაყოფილა დაცვის მხარის, მათ შორის, სამივე ბრალდებულის შუამდგომლობა, მათ მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე განხილვისა და საქმის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მიერ განხილვის თაობაზე (01.09.2020; 16:55:18).

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 აპრილის განაჩენით, თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენი დ. პ–ს მიმართ დარჩა უცვლელად; დ. პ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ე“, მე-3 ნაწილის „ე“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 5 ნოემბერს მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ დ. პ–მის ადვოკატ გ. ს–სის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულების უდანაშაულოდ ცნობას, ხოლო ბრალდების მხარე შესაგებლით – მათი მსჯავრდების უცვლელად დატოვებას.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულების სრულად გამართლებას და არ დავობს ცალკეულ დანაშაულსა თუ მის მაკვალიფიცირებელ გარემოებაზე, შესაბამისად, დავის საგანია, საკითხის გარკვევა მსჯავრდებულებმა – თ. მ–მ, ტ. ლ–მა და დ. ჯ–მა ჩაიდინეს თუ არა თ. ბ–ს განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში და ყაჩაღობა მსჯავრად შერაცხილი კვალიფიკაციით, კერძოდ: თ. მ–მ და ტ. ლ–მა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ”, მე-2 ნაწილის ,,ე” და მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით, ხოლო დ. ჯ–მა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ”, მე-2 ნაწილის ,,ე” და მე-3 ნაწილის ,,გ” და ,,ე” ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულები.

14. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება მსჯავრდებულების: თ. მ–ს, ტ. ლ–სა და დ. ჯ–ს მიერ სადავო დანაშაულის ჩადენა და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით (თანდართული ფოტოსურათებით), ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის 2020 წლის 13 იანვრის N........ დასკვნით, ბიოლოგიურ (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით, შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ამონაწერითა და მომსახურე ანძების შესახებ ინფორმაციით, ვიდეოსათვალთვალო და ე.წ. ჭკვიანი კამერის ჩანაწერებით, დაზარალებულის უფლებამონაცვლის – ი. ბ–ს, ასევე მოწმეების, მათ შორის, ი. ც–ის, ნ. ქ–ს, ა. ჯ–ს და ნ. ბ–ს ჩვენებებით და სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს თ. ბ–ს განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში და ყაჩაღობა.

15. საკასაციო სასამართლო, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელთათმანის ფრაგმენტის რაოდენობასთან/ფერთთან მიმართებით, დაცვის მხარის პოზიციასთან დაკავშირებით, ითვალისწინებს, რომ: თ. ბ–ს საცხოვრებელი სახლის, ეზოსა და სათავსოს დათვალიერების 2019 წლის 6 ნოემბრის ოქმის თანახმად, ნახეს და ამოიღეს, მათ შორის, ,,მოიისფრო ხელთათმანის ფრაგმენტი (ობიექტი N..), რომელიც შეიფუთა ........ პაკეტში და დაესვა მონაწილეთა ხელმოწერები“ (ტ. N1; ს.ფ. 14), თუმცა ამავე დათვალიერების ოქმზე დართული ფოტოცხრილის თანახმად, ობიექტი N.. წარმოადგენს ხელთათმანის ორ ფრაგმენტს (ს.ფ. 133); აღნიშნულის მსგავსად, თ. ბ–ს საცხოვრებელი სახლის, ეზოსა და სათავსოს დათვალიერების 2019 წლის 6 ნოემბრის ოქმის თანახმად, ,,საწოლის ქვეშ დასავლეთის მხარეს ნანახი იქნა მოიისფრო ფერის ხელთათმანის ფრაგმენტი, რომელიც დაილუქა ....... პაკეტში და დაესვა მონაწილეთა ხელმოწერები (ობიექტი N..)“ (ტ. N1; ს.ფ. 14); სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნულ დათვალიერების ოქმზე დართული ფოტოცხრილის თანახმად, ობიექტი N.. წარმოადგენს ხელთათმანის ორ ფრაგმენტს (ტ. N6; CD დისკი, მასში ასახული ფოტოსურათებით);

15.1. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 22 ნოემბრის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზის განყოფილებაში შევიდა 7 პაკეტი, რომელთა შეფუთვისა და დალუქვის მთლიანობა დარღვეული არ არის. კვლევითი ნაწილის თანახმად: მათ შორის: ...... პაკეტი, რომელზეც იკითხება ხელნაწერი ტექსტი: ,,...მოიისფრო ხელთათმანის ფრაგმენტი ამოღებული გვამის გვერდზე იატაკიდან ობიექტი N...“, აღნიშნული პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა ქაღალდის პაკეტი, რომელზეც იკითხება ხელნაწერი ტექსტი: ,,ობიექტი N..“, რომელშიც აღმოჩნდა მოთავსებული ,,ორი ცალი ხელთათმანის ფრაგმენტი“ (ტ. N3; ს.ფ. 106). აღნიშნულ პაკეტში ორი ფრაგმენტის არსებობა დასტურდება, ამავე დასკვნის ფოტოცხრილით (ს.ფ. 112); ........ პაკეტი, რომელზეც იკითხება ხელნაწერი ტექსტი: ,,...ხელთათმანის ფრაგმენტი მოიისფრო ამოღებული საძინებელ ოთახში მდგარი საწოლის ქვეშიდან იატაკის ზედაპირიდან ობიექტი N...“, რომელშიც აღმოჩნდა ქაღალდის პაკეტი, რომელზეც იკითხება ხელნაწერი ტექსტი: ,,ობიექტი N..“, რომელშიც აღმოჩნდა მოთავსებული ,,ერთი ცალი ხელთათმანის ფრაგმენტი“ (ტ. N3; ს.ფ. 106);

15.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 29 ნოემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N.......... შუალედური დასკვნის კვლევითი ნაწილს თანახმად, პაკეტი N..-ში აღმოჩნდა კონვერტი წარწერით ,,ობიექტი N..“, რომელშიც აღმოჩნდა მოლურჯო ფერის რეზინისმაგვარი მასალის, სავარაუდოდ ერთჯერადი ხელთათმანის ერთი შედარებით დიდი და ერთი შედარებით პატარა ფრაგმენტი. ხელთათმანების ერთი მხარე დაფარულია მოწითალო-მოყავისფრო ლაქებით. ლაქებისგან, თავისუფალი მხრიდან გაკეთდა საერთო ანაწმენდი – ობ. N... ლაქებიანი მხრიდან გაკეთდა საერთო ანაწმენდი – ობ. N..; პაკეტი N..-ში აღმოჩნდა კონვერტი წარწერით ,,ობიექტი N..“, რომელშიც აღმოჩნდა მოლურჯო ფერის რეზინისმაგვარი მასალის, სავარაუდოდ ერთჯერადი ხელთათმანის ორი მცირე ზომის ფრაგმენტი. ხელთათმანების ერთი მხარე დაფარულია მოწითალო-მოყავისფრო ლაქებით. ლაქებისგან, თავისუფალი მხრიდან გაკეთდა საერთო ანაწმენდი – ობ. N... ლაქებიანი მხრიდან გაკეთდა საერთო ანაწმენდი – ობ. N..;

15.3. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა, მათ შორის: პაკეტი, რომელშიც მოთავსებულია – ,,ობიექტი N..“. გამოკვლევისას დადგინდა, რომ პაკეტში აღმოჩნდა კონვერტი, მასში მოთავსებული სავარაუდოდ ხელთათმანის ორი ფრაგმენტით. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ობიექტის ფერი (რაოდენობისაგან განსხვავებით) უშუალოდ სასამართლოში მისი გამოკვლევისას სადავო არ გამხდარა (05.09.2020; 13:03:19-13:08:08), ხოლო, მათ შორის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე თანდართულ ფოტოცხრილში (ტ. N6; CD დისკი, მასში ასახული ფოტოსურათებით); ასევე ექსპერტიზის დასკვნებზე თანდართულ ფოტოცხრილში (მაგ.: ტ. N3; ს.ფ. 112) ხელთათმანი არ არის მორუხო შეფერილობის, როგორც ამას უთითებს კასატორი ადვოკატი.

16. ხელთათმანის ფერთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ფერის/ფერების აღქმა – ადამიანის უნარია და იგი ინდივიდუალურია, შესაბამისად, დათვალიერების ოქმში, ისევე, როგორც ექსპერტიზის ზოგიერთ დასკვნაში სადავო ხელთათმანის მოიისფროდ დაფიქსირება, განსხვავებით ექსპერტიზის სხვა დასკვნისაგან, სადაც იგივე ხელთათმანი აღწერილია, როგორც – მოლურჯო, მოცემულ შემთხვევაში (მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ არცერთ შემთხვევაში საეჭვო არ იყო ლუქების მთლიანობა) არ იწვევს სადავო ნივთიერი მტკიცებულების შესაძლო გამოცვლის გონივრულ ეჭვს.

17. რაც შეეხება ხელთათმანის ფრაგმენტის/ფრაგმენტების რაოდენობასთან, მათ გამოცვლასა და მსჯავრდებულის ბიოლოგიური მასალის შესაძლო გადატანასთან დაკავშირებით დაცვის მხარის პრეტენზიაზე, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნამდვილად არსებობს გარკვეული ცდომილება ,,ობიექტი N..-თან“ დაკავშირებით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზის 2019 წლის 29 ნოემბრის შუალედური დასკვნის თანახმად, როგორც ხელთათმანის ფრაგმენტი, ისე სიგარეტის ნამწვავები ექსპერტიზის ბიუროში სხვა საკვლევ მასალასთან ერთად შევიდა 2019 წლის 15 ნოემბერს და დადგინდა, რომ მათზე არსებული ბიოლოგიური ნიმუშები, ეკუთვნოდა მამრობითი სქესის პირებს, ხოლო 2019 წლის 2 დეკემბრამდე – მსჯავრდებულ დ. ჯ–სგან ბიოლოგიური ნიმუშის აღებამდე – ბიოლოგიური ექსპერტიზის ფარგლებში, აღნიშნული სადავო ნივთიერი მტკიცებულებებიდან უკვე გამოყოფილი იქნა ბირთული დნმ-ი და მისი ფორმულა აისახა შუალედურ დასკვნაში, ხოლო ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის 2020 წლის 14 თებერვლის (ამ დასკვნის დასაშვებად ცნობილ ნაწილი) და 2020 წლის 14 აპრილის დასკვნებში ექსპერტი, სწორედ 2019 წლის 29 ნოემბრის შუალედურ დასკვნაში არსებულ გენეტიკურ პროფილებს ადარებს მსჯავრდებულებისგან აღებულ ბიოლოგიურ ნიმუშებს, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ იმ პირობებში, როდესაც მინიმუმ ჯერ კიდევ 2019 წლის 15 ნოემბერს აპელანტების მიერ სადაოდ გამხდარ ნივთმტკიცებებზე არსებობდა დნმ პროფილი, მსჯავრდებულებს კი, 2019 წლის 2 დეკემბრამდე (დ. ჯ–ი, სხვებს უფრო გვიან) შეხება არ ჰქონიათ სამართალდამცავ ორგანოებთან, დაცვის მხარის პოზიცია, რომ ნივთმტკიცებებზე ხელოვნურად იქნა გადატანილი ბიოლოგიური მასალა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ იმ პირობებში, როდესაც თავდაპირველად კვლევის საგანი იყო, ნიმუშების სხვა პირთა ბიოლოგიურ მასალასთან შედარება, რა დროსაც აღმოჩნდა მსჯავრდებულების გენეტიკური პროფილი, მოცემულ შემთხვევაში დაუსაბუთებელს ხდის დაცვის მხარის პოზიციას, მსჯავრდებულების მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა უკანონო ინტერესის შესახებ.

18. მსჯავრდებულ დ. ჯ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ი. ო–ს პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ 2019 წლის 29 ნოემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N......... დასკვნაში ასევე გამოკვლეული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს სხვადასხვა ადგილას ამოღებული მოიისფრო ხელთათმანის ფრაგმენტები, თუმცა ექსპერტის მიერ 2019 წლის 29 ნოემბრის მიმართვაში მითითებულ დადგენილებებსა და მიმართვებში ექსპერტს არ დავალებია მოიისფრო ხელთათმანის ფრაგმენტზე გენეტიკური კვლევის ჩატარება, შესაბამისად გაურკვეველი რჩება, რის საფუძველზე ჩაატარა ექსპერტმა გენეტიკური გამოკვლევა და გასცა ბიოლოგიურ-გენეტიკური დასკვნა, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს:

18.1. დაქტილოსკოპური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ 2019 წლის 7 ნოემბრის N........... დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე დაინიშნა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, ექსპერტს გადაეცა ნივთმტკიცება 7 ფუთად და მათ შორის, ექსპერტს დაევალა ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ობიექტებიდან და დაქტილოფირებიდან გენეტიკური კვლევისათვის ანაწმენდების აღება. დადგენილებაში მითითებულია, რომ გამოძიების პროცესში შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას 6 და 7 ნოემბერს ექსპერტ-კრიმინალისტებმა, მათ შორის, ამოიღეს სხვადასხვა ობიექტები (მათ შორის, მოიისფო ხელთათმანის ფრაგმენტები, ობიექტი N..,.. და სხვა), რომლებიც დაილუქა ცალ-ცალკე (ტ. N1; ს.ფ.211);

18.2. 2019 წლის 11 ნოემბერს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს უფროსის ზ. ჭ–ს მიმართვის თანახმად, დეტექტივ-გამომძიებელს ლ. ქ–ს გადაეგზავნა 2019 წლის 7 ნოემბერის დადგენილების საფუძველზე დაქტილოსკოპიურ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი მწებავი ლენტის ფრაგმენტებიდან, ობიექტი N..-ის მოწითალო ლაქიდან აღებული ანაწმენდები და თმისმაგვარი ღერები, ობიექტები: N..,..,..,..,... დანართი: .. პაკეტი. ამასთან, თანდართული ფოტოცხრილით დასტურდება, რომ მათ შორის, არის ხელთათმანის ფრაგმენტებიც (ტ. N2; ს.ფ.196-206).

18.3. ბიოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის 2019 წლის 11 ნოემბრის N......... დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე დაინიშნა ბიოლოგიური (დნმ გენეტიკური) ექსპერტიზა, ექსპერტს გამოსაკვლევად და შესაბამისი დასკვნის გასაცემად გადაეცა ნივთმტკიცება 7 ფუთად და დაევალა ექსპერტიზაზე წარდგენილ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ობიექტიდან აღებულ ანაწმენდებსა და თმისმაგვარ ღერებზე, იმის დადგენა, აღინიშნება თუ არა ადამიანის ბიოლოგიური მასალა და იდენტურია თუ არა ერთმანეთის; დადებით შემთხვევაში შედარება ბაზაში არსებულ პროფილებთან, რათა დადგინდეს თუ ვის ეკუთვნის ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნიმუშები. ექსპერტიზის ჩატარების დასასაბუთებლად მიეთითა, რომ იმის დასადგენად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებულ ობიექტებზე აღინიშნებოდა თუ არა ადამიანის ბიოლოგიური მასალა, რომელ სისხლის ჯგუფს, რეზუსს და გენეტიკურ პროფილს მიეკუთვნებიან ისინი, საჭიროა საქმეზე დაინიშნოს ბიოლოგიური (დნმ გენეტიკური) ექსპერტიზა (ტ. N2; ს.ფ. 188-198).

18.4. ამდენად, მათ შორის, ბიოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის 2019 წლის 11 ნოემბრის N.......... დადგენილებით გამომძიებლის მიერ მოთხოვნილი იყო შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ობიექტებზე, რომელთა შორის ასევე იყო ხელთათმანის ფრაგმენტები, გენეტიკური კვლევის ჩატარება.

19. გარდა ამისა, დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულ დ. ჯ–სისგან 2019 წლის 2 დეკემბერს, სხვა საქმის ფარგლებში აიღეს ბიოლოგიური ნიმუში, რაც, როგორც კვლევის ნიმუში, უკანონოდ აღმოჩნდა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებისას (2019 წლის 4 დეკემბერს სისხლის სამართლის საქმეზე N.......... დადგენილების საფუძველზე, დაინიშნა დამატებითი ბიოლოგიური ექსპერტიზა. დადგენილების თანახმად, გამოძიებისას მოპოვებული იქნა დ. ჯ–ს ნერწყვის ნიმუში, რომელიც მოთავსდა და დაილუქა ........სპეცდანიშნულების პაკეტში). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს წინასასამართლო სხდომის ფარგლებში თელავის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ 2020 წლის 21 აპრილის განჩინებას, რომლის თანახმად, დ. ჯ–ს ადვოკატის – ი. ო–ს შუამდგომლობა მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაუშვებლად იქნა ცნობილი 2019 წლის 20 დეკემბრის N........ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა (ექსპერტის დასკვნაზე თანდართული მიმართვის თანახმად, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველია N........ დადგენილება) და 2020 წლის 14 თებერვალს გაცემული სასამართლო ბიოლოგიური (სეროლოგიური) ექსპერტიზის (N........) დასკვნის დასკვნითი ნაწილის ბოლო აბზაცი, სადაც მითითებულია N........ ექსპერტიზის დასკვნა. კერძოდ, სასამართლომ გაითვალისწინება, რომ ბიოლოგიური-გენეტიკური ექსპერტიზის (2019 წლის 20 დეკემბრის N......... დასკვნის) დროს გამოკვლეული იქნა სხვა სისხლის სამართლის საქმეში აღებული დავით ჯავახიშვილის ნიმუში. ამ ნიმუშის წარმოშობა და საქმეზე საპროცესო წესით დამაგრება არ დასტურდებოდა. ხოლო 2020 წლის 14 თებერვალს გაცემული სასამართლო ბიოლოგიურ (სეროლოგიური) ექსპერტიზის (N.........) დასკვნის ნაწილის ბოლო აბზაცი დაუშვებლად იქნა ცნობილი, ვინაიდან მტკიცებულებად მითითებულია დაუშვებლად ცნობილი N.......... ექსპერტიზის დასკვნა (ექსპერტიზის სხვა დასკვნებში სასამართლოს მიერ დაუშვებლად ცნობილი მტკიცებულება (დ. ჯ–ს ნერწყვის ნიმუში) არ იყო გამოყენებული).

19.1. დაცვის მხარე საჩივარში ასევე უთითებს 2020 წლის 14 თებერვლის ბიოლოგიური (გენეტიკურ სეროლოგიური) ექსპერტიზის N......... დასკვნის დაუშვებლად ცნობილ ნაწილზე. საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს იმ საკითხებზე, რომელიც შეეხება დაუშვებლად ცნობილ მტკიცებულებებს, რომლებიც, თავის მხრივ, გამამტყუნებელ განაჩენს არ ედება საფუძვლად.

19.2. ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნერწყვის ნიმუშის 2019 წლის 18 დეკემბრის ოქმის თანახმად, თბილისის N.. იზოლატორის შენობაში ბრალდებულ დ. ჯ–საგან ნებაყოფლობით აიღეს ნერწყვის ნიმუში, რომელიც მოთავსდა სპეცპაკეტში შტრიხკოდით ......... ოქმი ხელმოწერილია, მათ შორის დ. ჯ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. ო–ს მიერ (ტ. N5; ს.ფ. 22-25), ხოლო ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის 2020 წლის 14 აპრილის N.......... დასკვნის თანახმად, გენეტიკური და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით: ,,27...ხელთათმანის ფრაგმენტი მოიისფრო, ამოღებული საძინებელ ოთახში მდგარი საწოლის ქვეშიდან იატაკის ზედაპირიდან, ობიექტი N.... (.......) მოთავსებულ ხელთათმანის ფრაგმენტზე არსებული ბიომასალის (ობ.N..) შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის დ. ჯ–ს (ობ. N..; პაკეტი წარწერით: ,,...ნერწყვის ნიმუში სტერილურ ჩხირზე, ბრალდებული დ. ე–ს ძე ჯ–ს პირის ღრუდან...“ ..........). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ექსპერტიზის ფარგლებში შესადარებლად გამოყენებული იქნა დ. ჯ–საგან N.. იზოლატორის შენობაში, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მონაწილეობით ნებაყოფლობით აღებული ნერწყვის ნიმუში, რომელიც აღებისთანავე დაილუქა შესაბამისი წესით, რაც ხელმოწერით დაადასტურა მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა.

20. უსაფუძვლობის გამო სასამართლო ასევე ვერ გაზიარებს მსჯავრდებულ დ. ჯ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ი. ო–ს პრეტენზიას, რომ არ არსებობდა დ. ჯ–ს სახლის გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე 2019 წლის 9 დეკემბრის ჩხრეკის ჩატარების საფუძველი, ვინაიდან გამოძიების ორგანოს ოპერატიული ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე ჩხრეკის წარმოებას, მიღებული ჰქონდა ჩხრეკის ჩატარებამდე 1 თვით ადრე. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს:

20.1. სისხლის სამართლის საქმის მასალებში კ–ს პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე-დეტექტივების სამმართველოს უფროსის ბ. ხ–ს 2019 წლის 10 ნოემბრის პატაკისა და იმავე დღის გამოკითხვის ოქმის გარდა (სადაც იგი ადასტურებს, რომ განსახილველი დანაშაული სავარაუდოდ ჩადენილი უნდა ჰქონდეთ – თ. მ–ს, ტ. ლ–ს და დ. ჯ–ს) ასევე წარმოდგენილია დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის დ. ნ–ს 2019 წლის 8 დეკემბრის პატაკი და გამოკითხვის ოქმი, რომელთა თანახმად, განსახილველი დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები – დ. ჯ–ი და ტ. ლ–ი იმყოფებიან ქ. ბ–ში და საკონტროლო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით აპირებენ თ–ს რესპუბლიკაში გადასვლასა და მიმალვას, ვინაიდან შეიტყვეს, რომ გამოძიება სწორ გზას დაადგა – დანაშაულის ჩადენის ეჭვი მათ მიმართ არსებობს. იმავე ინფორმაციის თანახმად, დ. ჯ–სი და ტ. ლ–ი თავიანთ საცხოვრებელ სახლებში ინახავენ მკვლელობისას, გარდაცვლილის სახლიდან დაუფლებულ ოქროს ნივთებს; თ. მ–ე იმყოფება ქ. რ–ში თავის საცხოვრებელ სახლში, სადაც ინახავს გარდაცვლილის სახლიდან დაუფლებული ნივთების ნაწილს (ტ. N3; ს.ფ.184-187). იმავდროულად, თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინებით კანონიერად იქნა ცნობილი 2019 წლის 9 დეკემბერს, 02:15-03:05 საათზე, ა–ს რაიონის სოფელ ......ში დ. ჯ–ს საცხოვრებელ სახლში, ეზოში და სახლის ეზოში არსებულ სათავსოებში, საქართველოს შსს კ–ს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გამომძიებლის დ. ნ–ს მიერ, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის გამო, მოსამართლის განჩინების გარეშე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება – ჩხრეკა (ტ. N4; ს.ფ. 146-148). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას გადაუდებელი აუცილობლების არარსებობისა და საგამოძიებო მოქმედების უკანონობის შესახებ.

21. დაცვის მხარის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ დ. ჯ–ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს მხოლოდ კონკრეტული ოქროს ნივთები, რომელთა აღწერილობაც არსად არ ფიქსირდებოდა მათ ამოღებამდე და დაზარალებულები არსად უთითებდნენ სამკაულების დაკარგვის ფაქტს, პირველადი გამოკითხვისას გაცხადებულის გარდა, ჩხრეკისას კი არ ამოიღეს ოჯახში არსებული სხვა ნივთები, რაც აჩენს ვარაუდს, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა ამოიღეს ის ნივთები რაც თავადვე ,,ჩადეს”, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სადავო ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჩხრეკა ჩატარდა 2019 წლის 9 დეკემბერს და ამოღებული იქნა ძეწკვი და მოშავოთვლიანი ოქროსფერი ბეჭედი (ტ. N3; ს.ფ. 202-215), ხოლო ი. ბ–ი გამოიკითხა 2019 წლის 6 ნოემბერს (რა დროსაც განაცხადა, რომ დედამისს – თ. ბ–ს პირადი სამკაულები ანუ ძვირფასეულობა ბევრი არ ჰქონდა, როგორც იცის მხოლოდ ბრილიანტისთვლებიანი ოქროს საყურე, თუმცა იგი ასევე ინახავდა ი. ბ–ს (მოწმის და) ძვირფასეულობას, კონკრეტული ნაკეთობები მისთვის უცნობია და აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიებას ი. ბ–ი მიაწვდის ინფორმაციას); 2019 წლის 8 ნოემბრის გამოკითხვის ოქმის თანახმად კი, მოწმე ი. ბ–მა განაცხადა, რომ რაც გამოკითხვის დროისათვის იცის, თ. ბ–ს სახლიდან წაღებულია 2 ბეჭედი: ერთი მამაკაცის და ერთი ქალის. მოწმემ დეტალურად აღწერა მითითებული ნივთები, მათ შორის, განმარტა, რომ ქალის ბეჭედი არის ყვითელი ოქრო, შუაში გიშრის თვლით, რომლისგანაც ობობის ფორმის მსგავსად გადადის გვერდებზე ექვსი ფეხის ფორმის ნაკეთობა (ტ. N2; ს.ფ. 35-37). აღნიშნული ბეჭედის აღწერა შესაბამისობაშია 2019 წლის 9 დეკემბერს ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებული სამკაულის როგორც აღწერასთან, ასევე თანდართულ ფოტოსურათთან.

21.1. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ დაზარალებულმა ჩხრეკის ჩატარებიდან რამდენიმე საათში განაცხადა სამკაულების (ყველა) დაკარგვის შესახებ და ისინი აღწერა იმდაგვარად, როგორც ეს ამოღების ოქმებში ჰქონდათ აღწერილი გამომძიებლებს, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შემდგომ მართლაც მიუთითა ცალკეულ ნივთებზე, აღნიშნულ სადავო საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამდე დეტალურად აღწერა იმ დროისათვის დაკარგულად მიჩნეული სამკაულები, გარდა ამისა გამოკითხვის ოქმში აღნიშნა, რომ მოგვიანებით დააზუსტებს დაკარგულ ნივთებს, იმ შემთხვევაში თუ აღმოაჩენს ასეთ ფაქტს.

22. დაცვის მხარის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას მოსამართლე უხეშად ერეოდა მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში, ხოლო სააპელაციო სასამართლოში საქმის განმხილველ მოსამართლეთაგან ერთ-ერთი არ უსმენდა და არ აქცევდა ყურადღებას საქმის განხილვის პროცესს, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 755-ე მუხლს, შესაბამისად, აღნიშნული არ წარმოადგენს სასამართლოს განხილვის საგანს.

23. მსჯავრდებულ ტ. ლ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ლ. ჩ–ს მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ თ. ბ–ს საცხოვრებელი სახლის, ეზოსა და სათავსის დათვალიერების ოქმში არსად არ არის მითითებული, რომ სახლის ეზოს გალავანზე ბეტონის ზედაპირიდან აიღეს სუნის ნიმუში, რაც ბადებს კითხვას თუ როგორ მოხვდა ექსპერტიზაზე ბეტონის ზედაპირიდან აღებული სუნის ნიმუში, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:

23.1. 2019 წლის 6 ნოემბრის დათვალიერების ოქმის თანახმად, უმცროსმა ექსპერტმა ი. მ–მა (კინოლოგი) აიღო სუნის ნიმუშები, კერძოდ: პირველ სართულზე არსებული საძინებელ ოთახში საწოლის წინ იატაკიდან; იმავე ოთახში ტუმბოს წინ იატაკიდან; მე-2 სართულზე შესასვლელი კარის წინ იატაკიდან და საცხოვრებელი სახლის მესერი ზედაპირიდან, რომლებიც დაილუქა ......... და ........ პაკეტებში.

23.2. არსებით სხდომაზე ჩვენების მიცემისას უმცროსმა ექსპერტმა ი. მ–მა განმარტა, რომ არის კინოლოგი და აქვს 19 წლიანი გამოცდილება. განსახილველ სისხლის სამართის საქმეზე აიღო სუნის ნიმუშები და ძაღლი გაუშვა კვალზე. შემთხვევის ადგილზე მისვლისას პირველად მუშაობა თავად დაიწყო, რათა სუნის ნიმუში აეღო ვიდრე სხვა პირების მიერ დაიკარგებოდა. სუნის ნიმუში აიღო: საძინებელ ოთახში (სადაც გვამი იყო) ტუმბოსა და საწოლის წინ იატაკიდან, მე-2 სართულის შესასვლელი კარის წინიდან და ეზოს ღობიდან (16:17:30). ტერიტორიებს თავად საზღვრავს და სათანადო აღჭურვილობით იღებს ნიმუშებს. ღობიდან აიღო იმიტომ, რომ ლურჯი ხელთათმანის ფრაგმენტი შენიშნა და ივარაუდა, რომ სუნის ნიმუში იქნებოდა (03.09.2020; 16:18:24). ძაღლი ორჯერ გაუშვა სუნზე, იგი ორივე შემთხვევაში საძინებელი ოთახიდან გამოვიდა, გაიარა ვერანდა და შევიდა მიწიან სათავსოში, საიდანაც გამოსულმა გაიარა ეზო და გავიდა ქუჩაში. მეორეხარისხოვანი საავტომობილო გზის 100 მეტრი გაიარა, გადაუხვია მარჯვნივ და დაახლოებით 60-80 მეტრში გაჩერდა. აღნიშნულ ადგილას აღმოჩნდა სიგარეტის ნამწვი და ბატარეა, რაც ამოიღეს ექსპერტებმა (16:20:16). აღნიშნულის შემდეგ სუნის ნიმუში დალუქა და გადასცა გამომძიებელს.

23.3. ოდოროლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ 2019 წლის 30 დეკემბრის დადგენილების თანახმად, 2019 წლის 6 ნოემბერს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ექსპერტების მიერ სახლის პირველ სართულზე საძინებელ ოთახში საწოლის წინ იატაკიდან; იმავე ოთახში ტუმბოს წინ იატაკიდან და მე-2 სართულზე შესასვლელი კარის წინ იატაკიდან აღებული სუნის ნიმუშები დაილუქა სპეცპაკეტში შტრიხკოდით – .........; ხოლო საცხოვრებელი სახლის ეზოს გალავნის ზედაპირიდან აღებული ნიმუში დაილუქა სპეცპაკეტში შტრიხკოდით – .......... იმის დასადგენად არის თუ არა შემთხვევის ადგილიდან აღებული და ბრალდებულებისაგან აღებული სუნის ნიმუშები იდენტური, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა.

23.4. ოდოროლოგიური ექსპერტიზის 2020 წლის 13 იანვრის N............ დასკვნის თანახმად, სისხლისსამართლის N.......... საქმეზე, დ–ს რაიონის სოფელ ა–ში, თ. ბ–ს საცხოვრებელ სახლში განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე საძინებელი ოთახის პირველ სართულზე იატაკიდან, საძინებელ ოთახში მდგარი უჯრებიანი ტუმბოს წინ იატაკიდან, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მისაღებ ოთახში განთავსებული კარის წინ იატაკიდან და სახლის ეზოს გალავანზე ბეტონის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულებისაგან: თ. მ–ისგან, დ. ჯსგან და ტ. ლ–სისგან აღებული სუნის ნიმუშების. ამდენად, დასკვნის თანახმად, თ. მ–სგან, დ. ჯ–სგან და ტ. ლ–სგან აღებული სუნის ნიმუშის იდენტურობა დადგინდა არამხოლოდ სახლის ეზოს ღობის ზედაპირიდან აღებულ სადავო სუნის ნიმუშთან, არამედ – საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე საძინებელი ოთახის პირველ სართულზე იატაკიდან, საძინებელ ოთახში მდგარი უჯრებიანი ტუმბოს წინ იატაკიდან, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მისაღებ ოთახში განთავსებული კარის წინ იატაკიდან აღებულ ნიმუშებთანაც.

23.5. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სუნის ნიმუში აღებული იქნა, მათ შორის, ეზოს ღობიდან, ხოლო დაკითხვისას ნიმუშის ამღებ მოწმისათვის არ დაუსვამთ შეკითხვა, იმასთან დაკავშირებით ღობის (მესერი) უშუალოდ რომელი ნაწილიდან იქნა აღებული სუნის ნიმუში. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს ი. მ–ს ჩვენებას, რომ სუნის ნიმუში აიღო ღობიდან, ვინაიდან აღნიშნულ ადგილას ნახა ლურჯი ხელთათმანის ფრაგმენტი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას საცხოვრებელი სახლის ეზოში გარედან შესასვლელ კარებთან, მესერის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოიღეს მოიისფრო ხელთათმანის ფრაგმენტი (ობიექტი N..); აღნიშნულ ოქმზე თანდართულ ფოტოცხრილს, რომლითაც დასტურდება, რომ აღნიშნულ ადგილას ღობე არის ბეტონის (ტ. N1; ს.ფ.163).

23.6. იმავდროულად, შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის ნიმუშების ლუქებთან დაკავშირებით, დაცვის მხარის პრეტენზიაზე, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ თ. ბ–ს საცხოვრებელი სახლის, ეზოსა და სათავსოს დათვალიერების 2019 წლის 6 ნოემბრის ოქმის თანახმად, უმცროსმა ექპერტმა ი. მ–მა (კინოლოგი) აიღო სუნის ნიმუშები, კერძოდ: პირველ სართულზე არსებული საძინებელ ოთახში საწოლის წინ იატაკიდან; იმავე ოთახში ტუმბოს წინ იატაკიდან; მე-2 სართულზე შესასვლელი კარის წინ იატაკიდან და საცხოვრებელი სახლის მესერი ზედაპირიდან, რომლებიც დაილუქა ...... და ......... პაკეტებში, ხოლო ოდოროლოგიური ექსპერტიზის 2020 წლის 13 იანვრის N.........დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი სუნის კვლის ნიმუშები მოთავსებული იყო 2 პაკეტში (პაკეტი №......... და პაკეტი №.........). ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.

24. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობასთან დაკავშირებით და კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეჯიბრებით სამართალწარმოებაში მხარეები წყვეტენ რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15).

24.1. საკასაციო სასამართლო, დაცვის მხარის პრეტენზიებთან დაკავშირებით, ითვალისწინებს, რომ საქართველო სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მტკიცებულება ასევე დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია საქართველოს სსსკ-ის დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ. ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით; მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმეთა ჩვენებების, ვიდეოჩანაწერებისა და ექსპერტიზის, მათ შორის, ოდოროლოგიური ექსპერტიზის 2020 წლის 13 იანვრის N.......... დასკვნით (რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე საძინებელ ოთახში მსგარი საწოლის წინ იატაკიდან, საძინებელ ოთახში მდგარი უჯრებიანი ტუმბოს წინ იატაკიდან, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მისაღებ ოთახში განთავსებული კარის წინ იატაკიდან და სახლის ეზოს გალავანზე, ბეტონის ზედაპირიდან, ამორებული სუნის კვლის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულებისაგან: თ. მ–სგან, დ. ჯ–სგან და ტ. ლ–გან აღებული სუნის ნიმუშების) გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას მსჯავრდებულების უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე. წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ თ. მ–მ და ტ. ლ–მა ჩაიდინეს – საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ”, მე-2 ნაწილის ,,ე” და მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით, ხოლო დ. ჯ–მა – საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ”, მე-2 ნაწილის ,,ე” და მე-3 ნაწილის ,,გ” და ,,ე” ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულები.

26. დაცვის მხარე კასატორის მტკიცებით სამართალწარმოების ფარგლებში, პროცესის მწარმოებელი პირების მხრიდან, ადგილი ჰქონდა კანონის დარღვევას (მათ შორის, კასატორის მტკიცებით თავდაპირველად გადაცემული მასალების თანახმად, პირადი ჩხრეკა ჩატარდა 2019 წლის 8 დეკემბერს, 20:43 (დაწყების) – 21:02 (დასრულების), ხოლო მოგვიანებით – 17 მარტს სასამართლოს დასრულების შემდეგ გადაცემულ სისხლის სამართლის საქმის მასალებში მითითებულია, რომ ტ. ლ–ს ჩხრეკა ჩატარდა 2019 წლის 9 დეკემბერს 01:05 (დასაწყისი) – 01:18 (დასრულების), ამასთან, ტ. ლ–ი 15 საათი და 17 წუთის განმავლობაში იყო უკანონოდ დაკავებული; დაცვის მხარე ასევე უთითებს, რომ სამართალწარმოების მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა სამართალდამცავი პირების მხრიდან ცალკეულ უკანონო ქმედებებს, მათ შორის, საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული მტკიცებულების მოპოვების საპროცესო წესის წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი დანაშაულის შესაძლო ჩადენას). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 1911-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე რეაგირებისათვის მიმართავს შესაბამის გამოძიების ორგანოს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე გაუჩნდა ეჭვი, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ განხორციელდა წამება, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, ან თუ ამის შესახებ თავად ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა განუცხადა სასამართლოს, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ დავობს დაცვის მხარე. ამდენად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას საკუთარი ინიციატივით გადააგზავნოს საქმის მასალები რეაგირებისათვის. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე უფლებამოსილია თავად მიმართოს შესაბამისი განცხადებით საგამოძიებო ორგანოს.

27. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულებს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

28. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ თ. მ–ს, ტ. ლ–სა და დ. ჯ–ს მიერ ჩადენილ დანაშაულზე არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება.

29. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

30. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად, არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

31. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

33. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ტ. ლ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ლ. ჩ–ს, მსჯავრდებულ დ. ჯ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ი. ო–ს, მსჯავრდებულ თ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. ვ–ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 მაისის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

რ. ნადარაია