საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №782აპ-24 თბილისი
ლ-ი თ., 782აპ-24 10 დეკემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 აპრილის განაჩენით თ. ლ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლისა და სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით და დაუდგინდა 3 წლით გამოსაცდელი ვადა. მასვე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 70-ე მუხლისა და სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად, 3 წლით ჩამოერთვა საქმიანობის უფლება, კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რომლის ვადა აეთვალა განაჩენის დადგენიდან – 2024 წლის 8 აპრილიდან.
2. განაჩენის მიხედვით, თ. ლ-ს მსჯავრად დაედო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
3. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2021 წლის 10 დეკემბერს, ს-ოს მუნიციპალიტეტის სოფელ გ-აში, თ. ლ-მა „ოპელის“ მარკის ავტომობილით (სახელმწიფო ნომერი – --), თ-ი-ბა-ე-ლ-ის საავტომობილო გზის მიმართულებით, დაახლოებით, 70-80 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, დაამუხრუჭა, ავტომობილმა დაკარგა მართვა, გადავიდა საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს გვერდულზე, შეეჯახა ბუნებრივი აირის მილს, მის საყრდენ ბოძებს და ხეს, რის შედეგადაც ამავე ავტომობილში მჯდომი თ. ლ-ის მამიდაშვილი – 15 წლის ლ. კ-ი ადგილზე გარდაიცვალა.
4. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მ. კ-მა, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; თ. ლ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მიხეილ კუპრაშვილმა, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; თ. ლ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
7. მსჯავრდებულ თ. ლ-ის ადვოკატი ნ. ბ-ე საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს, რომ სასამართლომ დაუშვებლად ცნოს პროკურორის საჩივარი და უცვლელად დატოვოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განაჩენი.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება.
10. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება. ამასთან, სასჯელთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და თ. ლ-ს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
11. სააპელაციო პალატამ თ. ლ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მოტივებს არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება. ამასთან, რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, პროკურორი საჩივარში არ უთითებს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
12. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).
13. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ თ. ლ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვერ გავრცელდება, ვინაიდან ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეფარდებული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია; ასევე, „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-3, მე-6 პუნქტებისა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ პირზე, რომლის მიერ ჩადენილმა დანაშაულმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე თანხმობას არ განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია; ხოლო, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ ლ. კ-ის უფლებამონაცვლის – ლ. კ-ის თანხმობა, მსჯავრდებულ თ. ლ-ის მიმართ ამნისტიის გავრცელების შესახებ, არ არის წარმოდგენილი. ამავე დროს, დაზარალებულის უფლებამონაცვლის – ლ. კ-ის ადვოკატმა – ი. უ-მა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას წარმოუდგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა, რომ სასამართლომ დასაშვებად ცნოს პროკურორის საჩივარი და მსჯავრდებულ თ. ლ-ის მიმართ შეფარდებული პირობითი მსჯავრი შეცვალოს საპატიმრო სასჯელით – თავისუფლების აღკვეთით.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე