საქმე # 330100121004717358
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №788აპ-24 ქ. თბილისი
ფ.გ. 788აპ-24 6 დეკემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 მაისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: გ. ფ–ს, - დაბადებულს .... წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით(ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
2.1. გ. ფ–მ და ნ. მ–ა 2017 წლის 7 ოქტომბრიდან 2020 წლის 29 დეკემბრამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო 2.. წლის ... შეეძინათ ქალიშვილი. გ. ფ–მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა მეუღლეს - ნ. მ–ს. გ. ფ–ს ამგვარი ქმედებები, ძირითადად, გამოწვეული იყო ეჭვიანობის ნიადაგზე, რადგან იგი უშლიდა ნ. მ–ას მეგობრებთან შეხვედრას და სადმე წასვლას, უკონტროლებდა მათთან ურთიერთობას და გადაადგილებას, ასევე, უმოწმებდა სატელეფონო მიმოწერებს, რადგან ყველაზე ეჭვიანობდა და თვლიდა, რომ ნ. მ–ას უნდა ეცხოვრა ისე, როგორც ამას გ. ფ–მ მიიჩნევდა საჭიროდ. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოშობილი კამათის დროს კი, გ. ფ–მ ნ. მ–ს უყვიროდა, აგინებდა და მიმართავდა ქალისთვის დამამცირებელი უცენზურო სიტყვებით. აღნიშნული გრძელდებოდა მათი ქორწინების განმავლობაში და ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რასაც გ. ფ–მ ახორციელებდა ნ. მ–ს ორსულობის პერიოდშიც - 2018 წლის აპრილიდან 2018 წლის ოქტომბრამდე, რის შემდეგაც, ნ. მ–ა გადავიდა საცხოვრებლად მშობლებთან - ქ. თ–ში, გ–ის ქ. №..., ბინა №..-ში. 2019 წლის ზაფხულში, ნ. მ–ა და გ. ფ–მ გარკვეული პერიოდი ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე, თუმცა გ. ფ–მ თითქმის ყოველდღიურად, სატელეფონო კომუნიკაციისა და ტექსტური შეტყობინებების საშუალებით, ასევე, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა ნ. მ–ას, რომელსაც აგინებდა და სწერდა დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს. გ. ფ–ს მიერ განხორციელებულმა სისტემატურმა შეურაცხყოფამ და დამცირებამ, გამოიწვია ნ. მ–ას ტანჯვა;
2.2. გ. ფ–მ და ნ. მ–ა 2017 წლის 7 ოქტომბრიდან 2020 წლის 29 დეკემბრამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო 2..... შეეძინათ ქალიშვილი. 2018 წლის აპრილში გ. ფ–მ და ნ. მ–ა მეგობრისგან ტაქსით ბრუნდებოდნენ იმ დროისათვის მათ დროებით საცხოვრებელ ბინაში - ქ. თ–ი, თ–ს დასახლებაში მდებარე ნაქირავებ ბინაში. მგზავრობისას მათ შორის წარმოშობილი უთანხმოების ნიადაგზე, გ. ფ–მ, რომელმაც იცოდა, ნ. მ–ა იყო ორსულად, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა და მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რათა დაემცირებინა ნ. მ–ა როგორც ქალი და ახდენდა დემონსტრირებას, რომ ნ. მ–ა უნდა მოქცეულიყო ისე, როგორც ეს გ. ფ–ს მიაჩნდა საჭიროდ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გ. ფ–ს იგი საერთოდ არ სჭირდებოდა. ამასთანავე, გ. ფ–მა, ორსული ნ. მ–ას მიმართ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, ბინაში ასვლისას, პირველი შევიდა გ. ფ–მ და გააღო შესასვლელი ხის კარი, რომელიც განზრახ ძლიერად მიუხურა მის უკან მომავალ ნ. მ–ას. აღნიშნულის გამო, ნ. მ–ა მთელი ტანით მოჰყვა კარსა და კედელს შორის, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.3. გ. ფ. და ნ. მ–ა 2017 წლის 7 ოქტომბრიდან 2020 წლის 29 დეკემბრამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო 2.... შეეძინათ ქალიშვილი. 2018 წლის ივლისიდან 2018 წლის ოქტომბრამდე გ. ფ. და ნ. მ–ა ცხოვრობდნენ ქ. თ–ში, მ–ს ...... შესახვევი, №..-ში, ხოლო 2018 წლის მარტიდან, გ. ფ–სათვის უკვე ცნობილი იყო ნ. მ–ს ორსულობის შესახებ. 2018 წლის აგვისტოში, იმყოფებოდნენ რა მითითებულ მისამართზე, გ. ფ–მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რათა მოეხდინა მისი უპირატესობისა და ნ. მ–ს უუფლებობის დემონსტრირება, რაიმე სერიოზული მიზეზის გარეშე, განზრახ ჰკრა ხელი ლოგინზე დაწოლილ ორსულ ნ. მ–ას და გადააგდო იგი ლოგინიდან. აღნიშნულის შედეგად, ნ. მ–ა დავარდა იატაკზე და განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.4. გ. ფ–მ და ნ. მ–ა 2017 წლის 7 ოქტომბრიდან 2020 წლის 29 დეკემბრამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო 2... შეეძინათ ქალიშვილი. 2018 წლის ივლისიდან 2018 წლის ოქტომბრამდე გ. ფ–მ და ნ. მ–ა ცხოვრობდნენ ქ. თ–ში, მ–ს .. შესახვევი, №..-ში, ხოლო 2018 წლის მარტიდან გ. ფ–სათვის უკვე ცნობილი იყო ნ. მ–ას ორსულობის შესახებ. 2018 წლის ოქტომბერში, იმყოფებოდნენ რა აღნიშნულ მისამართზე, გ. ფ–მა, უმნიშვნელო მოტივით, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის გამო, დამცირებისა და ტკივილის მიყენების მიზნით, განზრახ ჰკრა ხელი და ლოგინიდან გადააგდო ორსული ნ. მ–ა, რომელიც დავარდა იატაკზე, ლოგინსა და კარადას შორის და აღნიშნულის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა;
2.5. გ. ფ–მ და ნ. მ–ა 2017 წლის 7 ოქტომბრიდან 2020 წლის 29 დეკემბრამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო 2... შეეძინათ ქალიშვილი. 2018 წლის ივლისიდან 2018 წლის ოქტომბრამდე გ. ფ–მ და ნ. მ–ა ცხოვრობდნენ ქ. თ–ში, მ–ს .. შესახვევი, №..-ში, ხოლო 2018 წლის მარტიდან გ. ფ–სათვის უკვე ცნობილი იყო ნ. მ–ას ორსულობის შესახებ. 2018 წლის ოქტომბერში, იმყოფებოდნენ რა იგივე მისამართზე, გ. ფ–სმა, რაიმე სერიოზული მიზეზის გარეშე, გენდერული ნიშნით სიძულვილის მოტივით, საკუთარი უპირატესობის დემონსტრირებისა და ნ. მ–ას დამცირების მიზნით, განზრახ ჰკრა ხელი და ლოგინიდან გადააგდო ორსული ნ. მ–ა, რომელმაც დაცემისას წელი ჩამოარტყა საწოლის კიდეს, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, ასევე, მიიღო დაზიანება დალურჯების სახით;
2.6. გ. ფ–მ და ნ. მ–ა 2017 წლის 7 ოქტომბრიდან 2020 წლის 29 დეკემბრამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო 2.... შეეძინათ ქალიშვილი. 2019 წლის 10 მაისს, გ. ფ–მ და ნ. მ–ა იმყოფებოდნენ მეგობრის დაბადების დღეზე, ქ. თ–ში, დ–ში, წვეულებისათვის ნაქირავებ სახლში, სადაც გ. ფ–მა მიიღო ალკოჰოლური სასმელი და მთვრალმა, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დაუწყო ნ. მ–ს ჩხუბი და ეჭვიანობა, ეუბნებოდა, რომ ეჭვიანობდა და ვინმესთან უნდოდა ჩხუბი. მეგობრებთან სიტუაციის დაძაბვის თავიდან ასაცილებლად, ნ. მ–მ გაიყვანა მეუღლე გარეთ და ცდილობდა მის დამშვიდებას, რა დროსაც გ. ფ–მ გახდა უფრო მეტად აგრესიული და ნ. მ–ს დაუწყო იქვე არსებული ქვების მიზანმიმართულად სროლა, რომელთაგან ერთ-ერთი განზრახ მოახვედრა მას თავის არეში. აღნიშნულის შედეგად, ნ. მ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა;
2.7. გ. ფ–მ და ნ. მ–ა 2017 წლის 7 ოქტომბრიდან 2020 წლის 29 დეკემბრამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო 2.... შეეძინათ ქალიშვილი. 2019 წლის 26 ივლისს, ნ. მ–ა მეგობრებთან ერთად აღნიშნავდა დაბადების დღეს ქ. თ–ში, მ–ს გამზირზე მდებარე რესტორან „.....აში“, სადაც დაახლოებით 22:00 საათისთვის მივიდა გ. ფ–ც. სუფრასთან ყოფნისას, ნ. მ–ამ თქვა, რომ აპირებდა თმის წითლად შეღებვას, რამაც გამოიწვია გ. ფ–ს უკმაყოფილება და მოსთხოვა მეუღლეს გარეთ გასვლა. რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, გ. ფ–მა დაუწყო ჩხუბი და ლანძღვა-გინება ნ. მ–ას, რა დროსაც, გენდერული ნიშნით სიძულვილის მოტივით, როგორც ქალს, მიმართავდა უწმაწური სიტყვებით, როგორც თმის ფერის, ასევე, ყველა იმ საკითხის გამო, რასთან დაკავშირებითაც იყო უკმაყოფილო. ამავდროულად, სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად, გ. ფ–მა თავისი ზურგჩანთა მიზანმიმართულად ესროლა ნ. მ–ას და მოარტყა თავში, საფეთქლის მიდამოში. ყოველივე აღნიშნულის შედეგად, ნ. მ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, ამასთანავე, თავის არეში მიიღო დაზიანება;
2.8. გ. ფ–მ და ნ. მ–ა 2017 წლის 7 ოქტომბრიდან 2020 წლის 29 დეკემბრამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო 2.... შეეძინათ ქალიშვილი. 2019 წლის აგვისტოს თვის პირველ რიცხვებში, იმყოფებოდნენ რა მეგობართან სახლში, მდებარე ქ. თ–ში, ა–ს ქუჩაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ. ფ–მა, უმიზეზოდ, გენდერული ნიშნით სიძულვილის მოტივით, დაუწყო ჩხუბი ნ. მ–ას, რა დროსაც განზრახ ძლიერად გადაუტრიალა მარჯვენა ხელი. აღნიშნულის შედეგად, ნ. მ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა;
2.9. გ. ფ–მ და ნ. მ–ა 2017 წლის 7 ოქტომბრიდან 2020 წლის 29 დეკემბრამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო 2... შეეძინათ ქალიშვილი. 2019 წლის ნოემბრიდან გ. ფ–მ და ნ. მ–ა ბავშვთან ერთად ცხოვრობდნენ ქ. თ–ში, ა–ს ქ. №.., კორპუსი №.., ბინა №..-ში. 2020 წლის 18 იანვარს, საღამოს საათებში, იმყოფებოდნენ რა აღნიშნულ მისამართზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ გ. ფ–სა და ნ. მ–ას შორის წარმოშობილი შელაპარაკებისას, გ. ფ–სმა, გენდერული ნიშნით სიძულვილის მოტივით, ნ. მ–ას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, გ. ფ–მ, საკუთარი უპირატესობის დამტკიცებისა და ნ. მ–ას დამცირების მიზნით, ლანძღავდა და აგინებდა მას, მიმართავდა ქალისათვის შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ამავდროულად, განზრახ მოუჭირა ნ. მ–ას ხელები ძლიერად სახის ორივე მხარეს და ზურგის არეში დაარტყა ფეხი, რამაც გამოიწვია ნ. მ–ას ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა;
2.10. გ. ფ–მ და ნ. მ–ა 2017 წლის 7 ოქტომბრიდან 2020 წლის 29 დეკემბრამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო 2... შეეძინათ ქალიშვილი. 2019 წლის 29 აგვისტოს იმყოფებოდნენ სახლში, მდებარე ქ. თ–ში, გ–ს ქ. №.., ბინა №..-ში, სადაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ. ფ–მა, ნ. მ–სა და მის მეგობარ ლ. მ–ს შორის არსებული სატელეფონო მიმოწერის შინაარსის გამო, ნ. მ–ას, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობისა და ეჭვიანობის მოტივით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამასთანავე, აიღო სამზარეულოს დანა, რომელიც მოუღერა ნ. მ–ას და ასევე, გენდერული ნიშნით სიძულვილის გამო დაემუქრა, რომ მოკლავდა და მათ ბავშვს მშობლის გარეშე დატოვებდა. ნ. მ–ას შეეშინდა და გაუჩნდა აღნიშნული მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც ჩაიკეტა თავის ოთახში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 ივნისის განაჩენით:
3.1. გ. ფ–მ ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის აპრილის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის ოქტომბრის პირველი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის ოქტომბრის მეორე ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 10 მაისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 26 ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის აგვისტოს პირველი რიცხვების ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 18 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 11',151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 20 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში;
3.2. გ. ფ–ს განემარტა, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნანა ჯაყელმა და მოითხოვა გ. ფ–ს დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილ ბრალდებაში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი ნანა ჯაყელი ითხოვს გ. ფ–ს დამნაშავედ ცნობას ყველა წარდგენილი ბრალდებით.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს გ. ფ–ს დამნაშავედ ცნობას ყველა წარდგენილი ბრალდებით.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (დაზარალებულ ნ. მ–ას ჩვენებით, მოწმეთა ლ. მ–ს, ნ. ღ–ს, მ. მ–ს, ა. ქ–ს, ლ. ლ–ს, ე. მ–ს, ფსიქოლოგ ქ. მ–ს, ექსპერტ-ფსიქოლოგ მ. მ–ს, პატრულ-ინსპექტორ ი. კ–ს, გამომძიებლების ა. მ–ს და გ. გ–ს ჩვენებები, ასევე წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის სასამართლო სხდომაზე წარდგენილი 2018 წლის 18 იანვრის კონფლიქტის ამსახველი აუდიოჩანაწერი და სხვა) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. ფ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. ფ–სათვის ბრალად წარდგენილი ქმედებების სამტკიცებლად ბრალდების მხარემ წარმოადგინა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება; ბრალდების მხარეს დაზარალებულის ჩვენების გარდა გ. ფ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების დასადასტურებლად არ წარმოუდგენია სხვა პირდაპირი მტკიცებულება.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. ფ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის სამტკიცებლად წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ ნ. მ–ს ჩვენება, ხოლო მოწმე მ. მ. არ არის შემთხვევის თვითმხილველი პირი, ის არ შესწრებია ძალადობის ფაქტებს და მან ამის შესახებ იცის მხოლოდ დაზარალებულის გადმოცემით. შესაბამისად, მისი ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია „მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხოლოდ დაზარალებულ ნ. მ–ს ჩვენებაა წარმოდგენილი ასევე გ. ფ–სათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2019 წლის აგვისტოს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების სამტკიცებლად. სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი ერთი ირიბი/გარემოებითი მტკიცებულებაც კი, რომელიც დაადასტურებდა მითითებულ ფაქტებს.
14. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 10 მაისის ეპიზოდი) გ. ფ–სათვის ბრალად წარდგენილ ქმედებასთან მიმართებით დაზარალებულ ნ. მ–ს ჩვენებას, რომელმაც მიუთითა, რომ 2019 წლის 10 მაისს ორივე იმყოფებოდნენ მეგობრის ლ. მ–სის დაბადების დღეზე. წვეულებაზე გ. ფ–მა დალია, იეჭვიანა ვიღაცაზე, ავარდა მეორე სართულზე, შეანგრია კარი და შემთხვევით თავისივე მეგობარს გაუტეხა ცხვირი. გ. ფ–ს ძლივს ამშვიდებდნენ, გამოიყვანეს გარეთ, სადაც გ. ფ–მა დაიწყო ქვების სროლა გამიზნულად მისი მიმართულებით, ერთი მოზრდილი ქვა მოხვდა თავის არეში, რაც ძალიან ეტკინა. სახლის აივნიდან იყურებოდა წვეულებაზე მყოფი პირებიც. თავად დაურეკა გ. ფ–ს მეგობარს ნ. უ–ს, რომელიც ისედაც აპირებდა წვეულებაზე მისვლას და სთხოვა მალე მისულიყო. ნ. უ–ს მისვლის დროს თავბრუ ეხვეოდა და ნ. უ–ე იჭერდა ხელით, რომ არ წაქცეულიყო, მანვე ტაქსი გამოიძახა და გ–სთან ერთად დატოვა აღნიშნული ადგილი.
14.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულ ნ. მ–ას ჩვენება არ არის თანხვდენილი შემთხვევის ადგილზე მყოფ მოწმე ლ. მ–სის ჩვენებასთან, რომელმაც მიუთითა, რომ 2019 წლის 10 მაისს იყო მისი დაბადების დღე, დაბადების დღეზე გ. ფ–სმა ძალიან ბევრი დალია და გადაწყვიტა, რომ ვიღაცაზე ეეჭვიანა, სცენები მოეწყო და ნ. მ–ა შეეცადა გამოერიდებინა მისი დაბადების დღიდან და თავადაც გაჰყვა. გ. ფ–მ იყო არაადეკვატური, გარეთ გასვლისას აქეთ-იქით სირბილი და ქვების სროლა დაიწყო, რამდენიმე ქვა ისროლა, რომელთაგან საკმაოდ მოზრდილი მოხვდა ნ. მ–ას, რაც ეტკინა, მაგრამ დაზიანება არ ჰქონია (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის სხდომის ოქმი 13:45:45-13:48:10).
14.1.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმე ლ. მ–სის ჩვენებიდან მართალია დგინდება, რომ გ. ფ–ს ნასროლი ერთი ქვა მოხვდა ნ. მ–ს, თუმცა მოწმის ჩვენებით ერთი მხრივ არ დგინდება, რომ გ. ფ–ს მიერ დაბადების დღის დატოვების და გარეთ გასვლის მიზანი იყო ნ. მ–სათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, მეორეს მხრივ კი ასევე არ დგინდება, რომ გ. ფ–მ ქვებს სწორედ ნ. მ–ს ესროდა განზრახ, მიზანმიმართულად.
14.2. სასამართლო ითვალისწინებს ასევე მოწმე ნ. უ–ს ჩვენებას, რომელიც 2019 წლის 10 მაისს დაბადების დღეზე მივიდა გვიან, 23:00 საათზე. ნახა გ. ფ–მ, რომელიც იყო აღელვებული და დადიოდა აქეთ–იქეთ. დაამშვიდა გ. ფ–მ და ნ. მ–ასთან ერთად გაუშვა სახლში. ნ. მ–ს და გ. ფ–ს კონფლიქტის შესახებ არაფერი უთქვამთ.
14.3. მოცემულ ეპიზოდთან მიმართებით ირიბია მოწმე მ. მ–ს ჩვენება (ნ. მ–ს და), რომელმაც ძალადობის ფაქტის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იცის დაზარალებულისაგან. შესაბამისად, მისი ირიბი ჩვენება საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
14.4. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გ. ფ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 10 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
15. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 26 ივლისის ეპიზოდი) გ. ფ–სათვის ბრალად წარდგენილ ქმედებასთან მიმართებით დაზარალებულ ნ. მ–ს ჩვენებას, რომელმაც მიუთითა, რომ 2019 წლის 26 ივლისს მეგობრებთან ნ. ღ–თან და ლ. მ–სთან ერთად მივიდა რესტორან „....ში“. გ. ფ–მაც იცოდა, რომ იქ იყვნენ და საღამოს 10 საათისკენ ისიც მივიდა. მათ მხოლოდ თითო კოქტეილი ჰქონდათ მიღებული. სუფრაზე საუბრისას ხუმრობით თქვა, რომ წითლად სურდა თმების შეღებვა, გ. ფ–მა „დაუძაბა“ სიტუაცია და სთხოვა გარეთ გასვლა. გ. ფ–მ ეუბნებოდა აზრზე მოსულიყო, ამ დროს თავად კედელზე იყო მიყრდნობილი. გ. ფ–ს თან ჰქონდა ზურგჩანთა, რომელიც ესროლა და მოხვდა საფეთქლის არეში. ამის შემდეგ უკან დაბრუნდნენ რესტორანში. მეგობარმა ლ. მ–მ ჰკითხა თუ რა ხდებოდა, რაზეც უპასუხა, რომ შემდეგ მოუყვებოდა. იმ ღამით მასთან სახლში დარჩა მეგობარი ნ. ღ–ი, რომელსაც სხვა ოთახში ეძინა, თავად კი გ. ფ–სთან ერთად იმყოფებოდა ოთახში. დილით გ. ფ–მ როგორ წავიდა არ გაუგია. შუადღისას გაიღვიძა და სამარშუტო ტაქსით წავიდა კ–ში. იქ დახვდა გ. ფ–ს დეიდაშვილი მ–ი, რომელმაც შეამჩნია სილურჯე და მოუყვა მას მომხდარის შესახებ. მ. შეშფოთდა თუ როგორ იქცეოდა გ. და უთხრა დაელაპარაკებოდა მასაც და მის დედასაც. ღამით თავი ასტკივდა და შეეშინდა ტვინის შერყევა არ ჰქონოდა, ტირილით გამოვიდა ოთახიდან, სადაც დახვდა დედამთილი ე. კ–ე, მასაც მოუყვა მომხდარის შესახებ, ისიც შეშფოთდა. კ–ში ყოფნის პერიოდში სახეზე ტონალურს ისმევდა და არაფერი ემჩნეოდა. ამიტომ შესაძლებელია სხვას ვერ შეემჩნია დაზიანება.
15.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნ. მ–ს დაბადების დღეზე მყოფი მოწმეები: ლ. მ–ე და ნ. ღ–ი ძალადობის ფაქტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არ შესწრებიან. მათ დაადასტურეს მხოლოდ ის გარემოება, რომ სავარაუდო შემთხვევის დროს დაზარალებული და გამართლებული პირი გარეთ იყვნენ გამოსულები და დაადასტურეს, რომ დაბრუნებულ დაზარალებულს აღენიშნებოდა სიწითლე სახის არეში. კერძოდ,
15.1.1. ლ. მ–ს განმარტებით, დაბადების დღეზე მისულ გ. ფ–ს ნ. მ–ასთან მოუვიდა შელაპარაკება და გარეთ გავიდნენ სასაუბროდ. დაახლოებით 25 წუთი არ გამოჩნდნენ, რის გამოც თავადაც გავიდა მათ მოსაძებნად. გზაში შეხვდა ნ. მ–ა, რომელიც იყო აღელვებული, საფეთქლის მხარეს ჰქონდა ჩაწითლება და როცა ჰკითხა თუ რა მოხდა, მან უთხრა, რომ გ. ფ–სმა ჩანთა დაარტყა. შემდეგ ნ. მ–ას ყინული ედო სახეზე.
15.1.2. მოწმე ნ. ღ–ს განმარტებით დაბადების დღის სუფრაზე დაბრუნებული ნ. მ–ა იყო შეწუხებული და შუბლზე საფეთქელთან ემჩნეოდა სიწითლე, თავად არაფერი ჰკითხა, რადგან გ. ფ–მ იქვე იყო და სიტუაციის გამწვავება არ სურდა. ამასთან, სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ლ. მ–სის ჩვენების თანახმად, მას ნ. მ–ამ უთხრა, რომ მას გ–ი უმტკიცებდა, შენ ნასვამი იყავი და თავად მიარტყი კედელს თავიო, ხოლო გ. ფ–ს განმარტებით კი მისი მხრიდან რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია და როცა რესტორანში მივიდა გოგოები ნასვამები იყვნენ, ნ. ღ–ს ბარზე ედო თავი, ცუდად გახდა და თავად მიხედა, შემდეგ თავისთან დაიტოვეს სახლში.
15.1.4. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ჩანთა წარმოადგენს ძალადობის განხორციელების იარაღს, რომლის არსებობა/არარსებობის ფაქტის დადგენა მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია. ხოლო მოწმეთა (მათ შორის ნ. ღ–სა და ლ. მ–ს) ჩვენებებით ასევე ვერ დგინდება, გ. ფ–ს ჰქონდა თუ არა დაბადების დღეზე მისვლის დროს ჩანთა და გაიტანა თუ არა ჩანთა გარეთ სასაუბროდ გასვლის დროს.
15.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმე მ. თ-ს ჩვენება ირიბია აღნიშნულ ფაქტთან მიმართებით და იმავდროულად, – მოწმის განმარტებით ნ. მ–ს მათთვის არ უთქვამს, რომ რამე დაზიანება ჰქონდა (ანალოგიურ გარემოებებზე მიუთითა გ. ფ–ს დედამ – ე. კ–ც). მოცემულ ეპიზოდთან მიმართებით ასევე ირიბია მოწმეთა: ლ. ლ–სა და მ. მ–ს ჩვენებებიც.
15.3. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებითი სტანდარტით არ დასტურდება გ. ფ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 26 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
16. გ. ფ–სათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ბრალად წარდგენილ ქმედებასთან – სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობა, – მიმართებით დაზარალებულს სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას მხოლოდ კონკრეტული ფიზიკური ძალადობის ეპიზოდების მოყოლის დროს ახსენებდა, რომ გ. ფ–მა აგინა და მიაყენა შეურაცხყოფა; დაზარალებულს არ მიუთითებია 2017 წლის 7 ოქტომბრიდან 2020 წლის 29 დეკემბრამდე პერიოდში მეუღლის მხრიდან სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტებზე, რაც მასში იწვევდა ტანჯვისა განცდას.
16.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისტემატურობა სახეზეა როდესაც არსებობს ფსიქოლოგიური ძალადობის მინიმუმ სამი ფაქტი და ძალადობრივ ქმედებებს შორის გასული დროის პერიოდი იმდენად მოკლეა, რომ პირველი ქმედებით მიყენებული ფიზიკური ტკივილი ანდა ფსიქიკური ტანჯვა ჯერაც არ გამქრალა და მას კვლავ არაერთხელ განიცდის დაზარალებული. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება, თუ როდის და რა პერიოდულობით ჩაიდინა გ. ფ–მა ნ. მ–ს მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტები. როგორც უკვე აღინიშნა, გ. ფ–ს მხრიდან სისტემატურ შეურაცხყოფაზე არ მიუთითებს თავად დაზარალებულიც კი.
16.2. სასამართლო ითვალისწინებს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N......... დასკვნას, რომელშიც მართალია მითითებულია, რომ ნ. მ–ა მის მიმართ განხორციელებული ქმედების გამო განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის ფარგლებში არ დგინდება, რომ ნ. მ–ას ტანჯვა გამოიწვია გ. ფ–ს მხრიდან სისტემატურმა ფსიქოლოგიურმა ძალადობამ, რაც ქმედების კვალიფიკაციის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.
16.3. სასამართლო ითვალისწინებს ფსიქო-თერაპევტ ქ. მ–ს ჩვენებას და დასკვნას, რომლის თანახმად, ნ. მ–ს ჰქონდა პოსტტრამვული სტრესული სიტუაციისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა, რაც დადგენილი იქნა(სუბიექტური და ობიექტური ნიშნებით), რომ უკავშირდებოდა 2020 წლის 18 იანვარს გადატანილ/მომხდარ ფაქტს.
16.4. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებში არის როგორც არსებითი წინააღმდეგობა, ისე შესაფასებელი ინფორმაციის ნაკლებობა, ამასთან ვერ დგინდება, რომ ნ. მ–ას მიერ განცდილი ტანჯვა უკავშირდება გ. ფ–ს მხრიდან განხორციელებულ შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ ქმედებებს, ვინაიდან აღნიშნულზე არ არის გაცემული ცალსახა პასუხი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნებში.
16.5. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება გ. ფ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
17. გ. ფ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 18 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს, რომ განსახილველ ეპიზოდთან მიმართებით გ. ფ–ს მხრიდან განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტიდან მალევე შემთხვევის ადგილზე მიდის, როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ასევე საპატრულო პოლიცია. ნ. მ–ს მათთან კომუნიკაციისას არ მიუთითებია არც დაზიანებების არსებობაზე (ხელით წვდა ყელის და ყბის არეში, ამოარტყა მუხლი ზურგის არეში) და არც იმაზე, რომ თავად წარმოადგენდა მსხვერპლს. ნ. მ–ას სხეულზე რაიმე დაზიანების არსებობაზე არ არის მითითებული არც მისი დაკავების ოქმში (დაკავების მომენტში ვიზუალური დაკვირვებით რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება, არაფერს უჩივის. (იხ. ტ.1, ს.ფ. 5-12)). სასამართლო ითვალისწინებს პატრულ-ინსპექტორ ზ. ბ–ს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმ მ. ტ–ს ჩვენებებს (შემთხვევის ადგილზე მყოფ ნ. მ–ას დაზიანება არ ემჩნეოდა, ჰკითხეს კიდეც, თუმცა არაფერი დაუფიქსირებია, იყო აღელვებული და ნამტირალევი, უარი განაცხადა სამედიცინო დახმარებაზე).
17.1. პატრულ-ინსპექტორმა ი. კ–მა, გამომძიებლებმა: ა. მ–მ და გ. გ–მ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა.
17.2. 2020 წლის 18 იანვარს განხორციელებულ ჩანაწერთან მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემული ჩანაწერით არ იკვეთება გ. ფ–ს მხრიდან ძალადობის ფაქტი. ჩანაწერში ასახულია მხოლოდ სიტყვიერი კონფლიქტი ნ. მ–სა და გ. ფ–ს შორის.
17.3. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ასევე არ დასტურდება გ. ფ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 18 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
18. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს. მაგალითად, ის არ ახდენს ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასებას, რომლებსაც დაეყრდნენ ქვედა ინსტანციის სასამართლოები და მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017). არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს განჩინება საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/20202).
19. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
20. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 მაისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი