Facebook Twitter

საქმე # 190100122005428936

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №824აპ-24 ქ. თბილისი

ვ. გ. 824აპ-24 13 დეკემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 ივნისის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ვ–ს, - პირადი ნომრით ............, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 19,108-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ვ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 17 ივნისს, საღამოს საათებში, ქალაქ რ–ში, მ–ს ქუჩის მე-.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ავტოფარეხში, გ. ვ–მა თ. ჭ–ს, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მიზნით, გულმკერდის რბილი ქსოვილების არეში, მიაყენა გამჭოლი ჭრილობა. გ. ვ–მა განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში, რადგან თ. ჭ–ს დროულად აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება;

2.2. 2021 წლის 28 სექტემბერს, 15:00 საათიდან 19:00 საათამდე დროის შუალედში, ქალაქ რ–ში, ბ–ს ქუჩა N..-ში მდებარე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული შენობის N.. დარბაზში მიმდინარე საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულებიდან დისტანციურად ჩართულმა ბრალდებულმა - გ. ვ–მა, საქმის განმხილველ მოსამართლეს - მადონა მაისურაძეს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენით:

3.1. გ. ვ–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა;

3.2. გ. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10 000 ლარი;

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა, რომელმაც მოითხოვა გ. ვ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო ამავე კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 ივნისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა, რომელიც ითხოვს გ. ვ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო ამავე კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს გ. ვ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

9. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ გ. ვ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ვინაიდან, სასამართლო ითვალისწინებს მათ შორის შემდეგსაც:

10. ,,უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

11. დაზარალებული თ. ჭ–სი სრულებით გამორიცხავს გ. ვ–ს მონაწილეობას მისი დაჭრის ფაქტში.

12. მოწმე მ. შ–მა (თ. ჭ–ს დედა) სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით, მისი შვილისგან - თ. ჭ–სგან გაიგო, რომ მან არ იცოდა, თუ ვინ დაჭრა. მოგვიანებით მეორე შვილისგან - მ. ჭ–სგან შეიტყო, რომ გ. ვ–ს მხრიდან განხორციელდა თ. ჭ–ს დაჭრა, რომელსაც აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდეს პოლიციის თანამშრომლებმა. ამდენად, მოწმე მ. შ–ს ჩვენება ირიბია და მისი გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დაუშვებელია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52). გ. ვ–ს მიერ თ. ჭ–ს განზრახ მკვლელობის მცდელობის სამტკიცებლად ირელევანტურია მოწმეთა: ც. ქ–ს, ლ. ფ–სა და ა. შ–ს ჩვენებები.

13. მოწმე მ. ჭ–ს ჩვენების თანახმად (დაზარალებულ თ. ჭ–ს ძმა), სროლის ფაქტს არ შესწრებია. ძმასთან მომხდარის დეტალებზე არ უსაუბრია და არც იმით დაინტერესებულა, ვის შეიძლება განეხორციელებინა თ. ჭ–ს მიმართ გასროლა. მომხდარი ფაქტიდან დაახლოებით საათნახევარში, მათთან სახლში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და მათგან გაიგო, რომ სავარაუდოდ, თ. ჭ–ს მიმართ გ. ვ–მა განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა.

13.1. აღნიშნული მოწმის ჩვენების სანდოობის, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 ნოემბრის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მ. ჭ–მა მიუთითა, რომ მისი მობილური ტელეფონის ნომერია ... .. .. .. და პროკურორის კითხვაზე (რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფარული სატელეფონო ჩანაწერის თანახმად მ. ჭ–ი უთითებს, რომ თ. ჭ–სათვის სროლის შემდეგ გ. ვ–მა მასაც ესროლა ფეხებში) პასუხად მოწმემ მოითხოვა ჩანაწერის მოსმენა. პროკურორის განმარტებით ეს ტექნიკურად არ იყო შესაძლებელი. მოწმემ არ დაადასტურა მეგობართან მსგავსი კომუნიკაციის არსებობა, მიუთითა, რომ ფაქტს არ შესწრებია, სადაც სროლა მოხდა იმ ადგილიდან დაშორებული იყო 20 მეტრით და ფიზიკურად ვერ დაინახავდა რა მოხდა. თუ დედას ესაუბრა, რომ თ. ჭ–ს გ. ვ–მა ესროლა, აღნიშნული უთხრა პოლიციის თანამშრომელთა ნათქვამიდან გამომდინარე, რომლებმაც უთხრეს, რომ თ. ჭ–ს სავარაუდოდ ესროლა გ. ვ–სმა (იხ.: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 ნოემბრის სხდომის ოქმი 14:11:27-14:18:35)

13.2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე გამოიკვლიეს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია. მათ შორის გამოიკვლიეს ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული სატელეფონო კომუნიკაცია მ. ჭ–სა (ტელეფონის ნომერი ......) და მის მეგობარს შორის (კონტროლის ადგილი: ........, პროგრამა ......., წარმოდგენილია ასევე კრებსის N.... სახით (იხ.: ტ.2, ს.ფ. 102-103)), რომლის ფარგლებშიც მ. ჭ–ი უთითებს, რომ თ–ე და თავად გადავიდნენ მანქანიდან, გ. ვ–მა თ–ს ესროლა გარაჟში, შემდეგ გამოვარდა და ფეხებთან ესროლა მასაც, ფეხებში ესროლა, აცდა და გ–ი გაიქცა, შეეცადა მანქანით გაკიდებოდა და დაჯახებოდა, მაგრამ ვერ მოახერხა (იხ.: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 ნოემბრის სხდომის ოქმი 15:25:15 – 15:32:12).

13.3. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ერთი მხრივ არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობას, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებულ ჩანაწერები, რომელიც განხორციელებულია თ. ჭ–ს სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის დროს, პალატაში, ასევე სხვა პირთა შორის განხორციელებული სატელეფონო საუბრები არ მიუთითებენ გ. ვ–ს მიერ თ. ჭ–ს განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენის ფაქტზე, მეორე მხრივ კი ითვალისიწინებს, რომ გამოკვლეული ჩანაწერების შინაარსი სანდოობას უკარგავს მოწმე მ. ჭ–ს მიერ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 ნოემბის სხდომაზე მიცემულ ჩვენებას.

14. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს რუსთავის საქალაქო სამმართველოს გამომძიებელ გ. მ–ს ჩვენებას (განმარტა, რომ დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, თუმცა ნანახი ვერ იქნა ვერანაირი კვალი, რათა მომხდარიყო ნიმუშის აღება. დაათვალიერა ასევე კამერები, თუმცა მათი განლაგებიდან გამომდინარე უშუალოდ დანაშაულის ფაქტი არ გამოჩნდა. გ. ვ–ს დანაშაულში მონაწილეობა პოლიციის თანამშრომლებისათვის ცნობილი გახდა ინფორმაციული პატაკის საფუძველზე) და 2021 წლის 18 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს (ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩატარებულია გამომძიებელ გ. მ–სის მიერ, ქ. რ–ში, მ–ს ქუჩის N.. კორპუსის მიმდებარედ. საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა 2021 წლის 18 ივნისს 02:00-02:50 საათებს შორის პერიოდში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას რაიმე საგანი ან ნივთიერება ამოღებული არ იქნა).

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხოლოდ ფარული მიყურადების ჩანაწერებში მ. ჭ–ს მიერ გაჟღერებული ინფორმაცია და საინფორმაციო პატაკი (იხ.: ტ.1 ს.ფ. 40-41) სხვა პირდაპირი ანდა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებითი მტკიცებულების არარსებობის პირობებში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს გ. ვ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას და არ არის საკმარისი გ. ვ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. შესაბამისად, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს მსჯავრდებულ გ. ვ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.

17. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. იმავდროულად, არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. ვ–ს საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და შესაბამისი სასჯელი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე.

18. კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით, მსჯავრდებულ გ. ვ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება – ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

19. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ზოგადად, სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს მის უკიდურეს შემთხვევაში გამოყენებაზე ორიენტირებული. ..... თუ პასუხისმგებლობის სხვა ზომები/სახეები ობიექტურად საკმარისია კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების მისაღწევად, კანონი უნდა უბიძგებდეს სამართალშემფარდებელს, სწორედ არასაპატიმრო ალტერნატივების გამოყენებისკენ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-96).

20.1. საქართველოს სსკ-ის 39-ე და 59-ე მუხლით დადგენილ გარემოებებთან ერთად სასამართლო ასევე ითვალისწინებს ფსიქიატრიული ექსპერტიზის N........ დასკვნას, მსჯავრდებულის მიერ ბრალის აღიარებას (ამ ნაწილში), დანაშაულის ჩადენის მოტივს და მიზეზს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას და მოვალეობათა დარღვევის ხასიათს; თავისუფლების აღკვეთის ultima racio ხასიათს, გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის პრევენციულ ეფექტს, იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დანიშნული სასჯელის სახის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

21. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება სასჯელის სახით განსაზღვრულ ჯარიმაზე. შესაბამისად, გ. ვ–სათვის საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სასჯელზე – ჯარიმა 10 000 ლარი – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება ვერ გავრცელდება.

22. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

23. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

24. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

25. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

26. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 ივნისის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი