Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №860აპ-24 თბილისი

ა-ი დ., 860აპ-24 18 დეკემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილისა და მსჯავრდებულ დ. ა-ის ადვოკატ მ. ვ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 თებერვლის განაჩენით:

§ დ. ა-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 26 ივლისიდან;

§ ა. ო-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 28 მაისიდან;

§ ე. კ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 28 მაისიდან.

2. განაჩენის მიხედვით: დ. ა-ს, ა. ო-სა და ე. კ-ს მსჯავრად დაედოთ გამოძალვა, ესე იგი, სხვისი ნივთის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით.

3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით: დ. ა-მა, ე. კ-მა და ა. ო-მა განიზრახეს ჰ. გ-ისა და ა. კ-ისათვის თანხის გამოძალვა. ამ მიზნით, 2021 წლის 5 ოქტომბერს, დღის საათებში, ჰ. გ-ს ტელეფონით დაუკავშირდა თანასოფლელი ე. კ-ი, რომელმაც სთხოვა შეხვედრა. მათი შეხვედრა შედგა იმავე დღეს სოფელ თ-ში, საავტომობილო გზაზე, რა დროსაც, ე. კ-მა ჰ. გ-ს უთხრა, რომ თვითონ და ა. ო-ი იყვნენ რადიკალური ი… დაჯგუფება „ვ-ის“ მიმდევრები, მოქმედებდნენ დ. ა-ის სახელით და მათ ჰ. გ-ი და ა. კ-ი ჰყავდათ ე.წ. „შავ სიაში“, რის გამოც, უნდა გადაეხადათ 10000 აშშ დოლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით. იმავე დღეს, ე. კ-ი და ა. ო-ი ტელეფონით ესაუბრნენ ჰ. გ-სა და ა. კ-ს, რა დროსაც, განუცხადეს იგივე და მოკვლის მუქარით კვლავ მოსთხოვეს 10000 აშშ დოლარი. 2021 წლის 8 ოქტომბერს, მათ ჰ. გ-ის საცხოვრებელ სახლში გადააგდეს დ. ა-ის ხელით დაწერილი მუქარის წერილი.

4. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:

Ш მსჯავრდებულ დ. ა-ის ადვოკატებმა – ა. ა-მა და ი. ო-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და დ. ა-ის გამართლება;

Ш მსჯავრდებულ ა. ო-ის ადვოკატმა – ვ. მ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ა. ო-ის გამართლება;

Ш სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მიხეილ კუპრაშვილმა, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; დ. ა-ის, ა. ო-ისა და ე. კ-ის დამნაშავეებად ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და უფრო მკაცრი სასჯელების განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განაჩენით პროკურორისა და მსჯავრდებულ დ. ა-ის ადვოკატების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად, ხოლო მსჯავრდებულ ა. ო-ის ადვოკატის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, საჩივრის უკან გათხოვის გამო.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს:

Ш მსჯავრდებულ დ. ა-ის ადვოკატმა – მ. ვ-მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და დ. ა-ის გამართლებას;

Ш სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მიხეილ კუპრაშვილმა, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; დ. ა-ის, ა. ო-ისა და ე. კ-ის დამნაშავეებად ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და უფრო მკაცრი სასჯელების განსაზღვრას.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი; წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

9. საკასაციო პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულის ადვოკატის მოსაზრებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც, დ. ა-ი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

10. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს პროკურორის არგუმენტებს სასჯელთან მიმართებით და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და დ. ა-ს, ა. ო-სა და ე. კ-ს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელები, რომელთა დამძიმების საფუძველი არ არსებობს. ამასთან, სააპელაციო პალატამ მსჯავრდებულთათვის უფრო მკაცრი სასჯელების განსაზღვრის შესახებ ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მოტივებს არგუმენტირებულად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, პროკურორი საჩივარში არ უთითებს.

11. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორისა და მსჯავრდებულის ადვოკატის მოსაზრებებს და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ამომწურავად დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, ხოლო მასში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

12. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).

13. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულების – დ. ა-ის, ა. ო-ისა და ე. კ-ის – მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი ვერ გავრცელდება, ვინაიდან ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილისა და მსჯავრდებულ დ. ა-ის ადვოკატ მ. ვ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე