Facebook Twitter

საქმე N210100123006833047

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №941აპ-24 17 დეკემბერი, 2024 წელი

ჯ–ი ჯ., №941აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ჯ–სა და სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ – მიშიკო ჯანგულაშვილის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ჯ. ჯ–მა (პირადი ნომერი: .........) ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2022 წლის 6 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე, დ–სოს რაიონის სოფელ ...ში, ცენტრალური საავტომობილო გზის გვერდულზე, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ჯ. ჯ–სმა მუშტების გამოყენებით დ. ა–ს განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 აპრილის განაჩენით, ჯ. ჯ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 10 თვით შინაპატიმრობა, კერძოდ: 22:00 საათიდან - 07:00 საათამდე პერიოდში დაეკისრა საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება.

2.2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ჯ. ჯ–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა - ა. ა–მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ჯ. ჯ–სის უდანაშაულოდ ცნობა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

2.3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ასევე გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიშიკო ჯანგულაშვილმა. ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ჯ. ჯ–სთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განაჩენით დაცვისა და ბრალდების მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2024 წლის 7 აგვისტოს, სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიშიკო ჯანგულაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა და ჯ. ჯ–სთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3.3. 2024 წლის 21 აგვისტოს, მსჯავრდებულმა ჯ. ჯ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ჯ. ჯ–ს შუამდგომლობა განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენის შესახებ და მსჯავრდებულ ჯ. ჯ–ს აღუდგა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების ვადა.

4. კასატორთა არგუმენტები:

4.1. კასატორის, მსჯავრდებულ ჯ. ჯ–ს პოზიციით, გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენი უკანონოა, ვინაიდან საქმეში არ არსებობს საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც უტყუარად დაადასტურებდა მის ბრალეულობას. სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა დაზარალებულ დ. ა–ს ჩვენება, რადგან დაზარალებულის განმარტებით, მან პირველივე დარტყმის შემდეგ გონება დაკარგა. შესაბამისად, გაუგებარია, როგორ შეძლო გონებადაკარგულმა ადამიანმა იმის აღწერა, რა ადგილებში და როგორ ურტყამდნენ, ან ვინ მივიდა პირველი დასახმარებლად. ამასთან, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები არის უთიერთსაწინააღმდეგო, ვინაიდან ისინი სხვადასხვანაირად აღწერენ ადგილზე განვითარებულ მოვლენებს. კერძოდ, მათი ჩვენებებით უტყუარად იმის მტკიცება ვინ მივიდა პირველი შემთხვევის ადგილზე, რომელი მათგანი აშველებდა და რამდენ ხანს გაგრძელდა ჩხუბი, არის შეუძლებელი, რის გამოც მათი ჩვენებები არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს. გარდა ამისა, მოწმეებმა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს ადგილზე ნანახი დაზარალებულის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც. კასატორი ასევე უთითებს, რომ სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რადგან ექსპერტმა ა. კ–მა განმარტა, რომ მას არ ჰქონდა სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რათა დაედგინა დაზიანების ხანდაზმულობა. შესაბამისად, უტყუარად იმის მტკიცება, რომ დ. ა–მა 2022 წლის 6 აპრილს მიიღო ყბის მოტეხილობა მოკლებულია საფუძველს. ასევე გაუგებარია საიდან გაჩნდა საქმეში ანკეტა N...., რადგან დ–ს კლინიკის მენეჯერის განმარტებით, მან გამომძებელს გადასცა დოკუმენტაცია 1 ფურცლად, ანკეტა კი არ ამოუბეჭდავს და არ გადაუცია. კასატორმა ასევე წარადგინა CD დისკი, რომელზეც ასახულია დ. ა–ს ინტერვიუ.

4.2. კასატორის, სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილის პოზიციით ჯ. ჯ–ს მიმართ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ჯ. ჯ–ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვა გაგრძელდა ერთ წელზე მეტ ხანს. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ მათ დაზარალებული ძლივს გააგდებენის ხელიდან ჯ. ჯ–ს და რომ არა მათი ჩართულობა შეიძლება მოეკლა კიდეც. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დ. ა–სთან დაპირისპირების მიზეზი იყო დაახლოებით 15 წლის წინ ჯ. ჯ–სის დედის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემა სასამართლოში, რაც მიუთითებს მის კონფლიქტურ ბუნებაზე. გარდა ამისა ჯ. ჯ–ი სასამართლო განხილვისას ყველა მოწმესთან შედიოდა პოლემიკაში და მათ შეურაცხყოფას აყენებდა. ჯ. ჯ–სთვის შინაპატიმრობის განსაზღვრა არის მისი სასჯელის გარეშე დატოვების ტოლფასი, მით უფრო, რომ მას დაეკისრა 22:00 საათიდან 07:00 საათამდე სახლში ყოფნის ვალდებულება, დღე-ღამის ამ მონაკვეთში კი ადამიანების უმრავლესობა ისედაც სახლში იმყოფება, შესაბამისად აღნიშნულს ჯ. ჯ–ი სასჯელად ვერ აღიქვამს.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასება:

5.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივრები, შეამოწმა მათი საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ჯ. ჯ–სა და სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ – მიშიკო ჯანგულაშვილის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

5.2. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს, რომ სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯ. ჯ–ს საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.3. დაზარალებულ დ. ა–სის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2022 წლის 6 აპრილს, დაახლოებით ექვს საათზე, სახლთან ახლოს მიდიოდა, როდესაც გზად ჯ. ჯ–ი შეხვდა. ჯ. ჯ–მა მის მიმართ უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ დაზარალებული წარსულში იყო მოწმე მისი ოჯახის წევრებს შორის არსებულ სამოქალაქო დავასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შემდეგ, ჯ. ჯ–მა დაარტყა სახის მარცხენა მხარეს. თავადაც მოუქნია ხელი ჯ. ჯ–ს, რომელმაც კვლავ დაარტყა და დაიწყეს ჩხუბი. ჯ. ჯ–სმა ის ღობეს მიახეთქა, რა დროსაც იქვე არსებულ ორმოში ჩაუვარდა ფეხი და ვეღარ წამოდგა. ჯ. ჯ–ი ზემოდან ეჯდა და სცემდა. მსჯავრდებული მას ხელს ურტყამდა, რომელიც სხვადასხვა ადგილას ხვდებოდა, მათ შორის ყბაში და თავში. მოგვიანებით, იგი გაითიშა, ვეღარ დგებოდა და გრძნობა აღარ ჰქონდა. მათთან გასაშვილებლად თავდაპირველად მივიდნენ გ. და ა. დ–ები, შემდეგ კი – მ. ჩ–ი. სწორედ ისინი დაეხმარნენ და წამოაყენეს. მათთან ასევე მივიდნენ ს. წ–ი და გ. დ–ი. დაზარალებულის განმარტებით, ჩხუბში სხვა პირი არ ჩართულა. ჯ. ჯ–ი გაშველების შემდეგაც იწევდა მისკენ და ქვასაც კი დაავლო ხელი. კლინიკაში მეორე დღეს წავიდა, სადაც დადგინდა, რომ ყბის ძვალი სამ ადგილას ჰქონდა გატეხილი, ასევე დაზიანებული ჰქონდა მუხლი და თავი. ოთხი კბილიდან არცერთი აღარ აქვს, ამასთან ჩხუბისას გაუტყდა პროთეზიც.

5.4. საკასაციო სასამართლო აფასებს დაზარალებულის ჩვენებას და განმარტავს, რომ დაზარალებულმა დ. ა–მა კატეგორიულად და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა ჯ. ჯ–სის მიერ მისთვის დაზიანებების მიყენების ფაქტი, მათ შორის სახეში და თავის მიდამოში ხელის არაერთხელ დარტყმა. დაზარალებულის ჩვენება გამყარებულია ფაქტის თვითმხილველი მოწმეების – ა. დ–ს, გ. დ–ს, ს. წ–ს, გ. დ–სა და მ. ჩ–ს ჩვენებებითა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 4 თებერვლის ექსპერტიზის N....... დასკვნით.

5.5. მოწმე ა. დ–ს ჩვენებით დგინდება, რომ 2022 წლის 6 აპრილს, საღამოს, ძმასთან ერთად ბრუნდებოდა ვენახიდან ავტომანქანით, რა დროსაც დაახლოებით 120 მეტრის მანძილიდან დაინახა, რომ ჯ. ჯ–ს სახლის მოპირდაპირე მხარეს იდგნენ და ხელების გაშლით საუბრობდნენ ეს უკანასკნელი და დაზარალებული. შემთხვევის ადგილზე სხვა პირი არ იმყოფებოდა. მოგვიანებით დაინახა როგორ დაარტყა ჯ. ჯ–სმა დ. ა–სს, საპასუხოდ დაზარალებულმაც დაარტყა, რის შემდეგაც დ–ი წაიქცა. მიუახლოვდა გასაშველებლად, რა დროსაც ჯ. ჯ–ი ზემოდან ეჯდა დ–ს და სცემდა. ჯ. ჯ–ს ხელში ეჭირა ქვა და დაზარალებულს სახეში ურტყამდა. მოწმის განმარტებით, ჯ. ჯ–ი დაზარალებულს ისე სცემდა, ლამის მოკლა. შემდეგ ჯ--ამ ქვა გადააგდო. გაშველების შემდეგ მათთან ბევრი ადამიანი მივიდა.

5.6. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს გ. დ–ს–მაც, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ გაშველების შემდეგ ჯ. ჯ–სმა გადააგდო ქვა, რომელსაც მარჯვენა ხელით მარცხენა ყბაში ურტყამდა დაზარალებულს. გაშველების შემდეგ, მსჯავრდებული კვლავ იწევდა დაზარალებულისკენ, დ–ი კი შეშინებული იყო.

5.7. ჯ. ჯ–ს მიერ დ. ა–ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები დაადასტურებულია, ასევე მოწმეების – გ. დ–ს, ს. წ–სა და მ. ჩ–ს ჩვენებებით.

5.8. გ. დ–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ჯ. ჯ–ი და დ. ა–ი გ. დ–ს–მა, ა. დ–ს-მა და ს. წ–მა გააშველეს. მათ გარდა შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდა მ. ჩ–ი, თავად ოდნავ გვიან მივიდა, თუმცა დაინახა, როგორ დაარტყა ჯ. ჯ–მა დ. ა–სს.

5.9. მოწმე ს. წ–ს ჩვენებით დგინდება, რომ მან დაახლოებით 70 მეტრის მანძილიდან დაინახა ჯ. ჯ–ი და დ. ა–სი. ამ დროს მათ წინ საბარგულიანი მარშუტკით გადაადგილდებოდნენ ძმები დ–ს-ები, რომლებმაც გააჩერეს ავტმანქანა და დაიწყეს ჯ--ას და დ–ის გაშველება. მოძრაობისას სხვა ვინმე არ შეუნიშნავს. მან ასევე დაინახა, რომ დ–ი წაქცეული იყო. მას ზემოდან ეჯდა ჯ. ჯ–ი და ურტყამდა. დაზარალებულმა მხოლოდ ერთხელ მოიქნია ხელი. ჩხუბი რამდენ ხანს გაგრძელდა არ იცის, თუმცა მალევე გააშველეს. მ. ჩ–ს ჩვენებით კი დგინდება, რომ დაინახა ჯ. ჯ–სს წაქცეული როგორ ჰყავდა დ. ა–ი და სცემდა მუშტებით. იქვე იყო 3-4 ბიჭი, კერძოდ, დ–ს–ები და ს. წ–ი, რომლებიც მათ აშველებდნენ. თვითონაც გააჩერა ავტომანქანა და დაეხმარა გაშველებაში. გაშველების შემდეგ ჯ-ა ისევ იწევდა დაზარალებულისკენ, რა დროსაც ქვასაც წაავლო ხელი.

5.10. საკასაციო სასამართლომ სრულად შეაფასა დაზარალებულ დ. ა–ს ჩვენება, ფაქტის თვითმხილველი მოწმეების – გ. დ–ს, ა. დ–ს, გ. დ–იის, ს. წ–სა და მ. ჩ–ს ჩვენებებთან, დ. ა–ს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N........ დასკვნასთან, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და მიაჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებები არ შეიცავს წინააღმდეგობებს ჯ. ჯ–ს მიერ დ. ა–ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის თაობაზე, არის საკმარისად ცხადი და თანმიმდევრული, ასევე თანხვდენილი საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. დაზარალებულმა დეტალურად აღწერა მის მიმართ მსჯავრდებულის მხრიდან განხორციელებული მოქმედებები, მათ შორის კონფლიქტის წამოწყების მიზეზი და ჯ. ჯ–ს მიერ დაზარალებულისათვის თავდაპირველად სახეში დარტყმის, ხოლო შემდგომ კონფლიქტის გამწვავების და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები. ფიზიკური დაპირისპირების დაწყება და შემდგომში მისი განვითარება ანალოგიურად განმარტეს ფაქტის თვითმხილველმა მოწმეებმა – გ. დ–ს–ცმა, ა. დ–ს–მა, გ. დ–მა, ს. წ–მა და მ. ჩ–მა, თითოეულმა დაადასტურა, რომ ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც ჯ. ჯ–მა სახეში დაარტყა ხელი დაზარალებულს, რის შემდეგაც დაზარალებულმაც მოუქნია ხელი მსჯავრდებულს. ასევე დაადასტურეს, რომ ჯ. ჯ–ი ზემოდან ეჯდა დაზარალებულს და ისე აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, ურტყამდა თავისა და სახის მიდამოში. მოწმეთა ჩვენებები კი, თავის მხრივ გამყარებულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N......... დასკვნით, რომლითაც დადგენილია, რომ დაზარალებულს დაზიანებები დაუდგინდა სწორედ იმ მიდამოებში, სადაც მოწმეთა ჩვენებებით ჯ. ჯ–ი ურტყამდა, კერძოდ: დ. ა–ს დაუდგინდა ქვედა ყბის მარჯვენა ტოტის ირიბი მოტეხილობა, ასევე აღენიშნებოდა შემდეგი სახის დაზიანებები: დაჟეჟილი ჭრილობა მარცხენა თხემის არეში. ნაჭდევები მარცხენა თხემის არეში და მარჯვენა მუხლის სახსრის არეში, სისხლნაჟღენთი მარცხენა ქვედა ქუთუთოს არეში. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს. ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნის სინამდვილე დადასტურებულია მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის ა. კ–სა და მოწმე ვ. ს–ს ჩვენებებით. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ კონფლიქტის პროვოცირება მოხდა ჯ. ჯ–ს მიერ, რომელმაც დაზარალებულს წლების წინ მომხდარ ამბავზე მოსთხოვა პასუხი და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო ჩხუბში მათ გარდა არავინ ჩართულა.

5.11. საკასაციო პალატას არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს დაზარალებულისა და თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებში, ასევე სხვა მტკიცებულებების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა. კასატორს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც პალატას მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველს გაუჩენდა. საკასაციო საჩივარში აღწერილი გარემოებები, მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი ვერ გახდება, ვინაიდან მომხდარიდან სასამართლოში ჩვენების მიცემამდე გასულია გარკვეული დრო და ლოგიკურია, რომ ფაქტის თვითმხილველ მოწმეებს ზუსტად არ ახსოვთ ვინ მივიდა შემთხვევის ადგილზე პირველი, როდის აღიქვეს და შეამჩნიეს ერთმანეთი, ზუსტად რამდენი ხანი გაგრძელდა ჩხუბი და სხვა. აღნიშნული არის სრულიად ბუნებრივი მოვლენა, ვინაიდან ეს დამოკიდებულია სხვადასხვა გარემო ფაქტორებზე, როგორიც შესაძლოა იყოს ადამიანის ასაკი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა თავდასხმის მომენტში, მისი ხასიათის თავისებურებები, გარემო პირობები, შემთხვევის ადგილის განლაგება, აღქმა და სხვა. საგულისხმოა, რომ მიუხედავად აღნიშნულისა, თითოეული მათგანი ადასტურებს შემთხვევის ადგილზე ყოფნას და საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მათ სასამართლოს მიაწოდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია, რისი გათვალისწინებითაც საკასაციო პალატას მოწმეთა ჩვენებები სარწმუნოდ მიაჩნია.

5.12. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების ეჭვქვეშ დაყენების საკითხს, ამ მხრივ საგულისხმოა, ექსპერტ ა. კ–ს ჩვენება, რომელმაც ერთმნიშვნელვნად დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის სინამდვილე და დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზის ჩატარებისას იხელმძღვანელა სამედიცინო დოკუმენტით, რენტგენის სურათი არ გამოუთხოვია, რადგან ექსპერტიზის ჩატარების დროს მას არ აქვს უფლება იმსჯელოს როგორც რენტგენოლოგმა, იგი დაეყრდნო რენტგენოლოგის დასკვნას, რომელიც არ იყო ბუნდოვანი, ხოლო მოწმე ვ. ს–სის ჩვენებით დადგენილია, რომ მან 2022 წლის 7 აპრილს მომართვის საფუძველზე დ–სოს რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის რენტგენოლოგიურ კაბინეტში სურათი გადაუღო დ. ა–ს, რომელსაც დაუდგინდა ქვედა ყბის ირიბი მოტეხილობა, რის შესახებაც დაწერა დასკვნა, რაც ინახება პროგრამაში. ამდენად, არც ამ შემთხვევაში არსებობს კასატორის პოზიციის გაზიარების საფუძველი.

5.13. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მართალია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ობიექტურად შეუძლებელია დადგინდეს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა, თუმცა მასში მითითებული ინფორმაცია, დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებს (რომლებშიც ისინი მიუთითებდნენ სახის იმავე მიდამოში ჯ. ჯ–ს მიერ ხელის არაერთხელ დარტყმის თაობაზე, რომელ მიდამოშიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზარალებულს აღენიშნებოდა დაზიანებები) სძენს მეტ დამაჯერებლობას და სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ მიღებული დაზიანებები ჯ. ჯ–ს მიერ დ. აზე ფიზიკური ზემოქმედების შედეგია.

5.14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ძირითადი საკითხი და წინააღმდეგობა, რომელზეც დაცვის მხარე ამახვილებს ყურადღებას, არის ის, რომ თუ პირველი დარტყმის შემდეგ დაზარალებულმა გონება დაკარგა, მაშინ, გონებადაკარგული დ. ა–ი როგორ აღწერდა მიმდინარე მოვლენებს და როგორ დაინახა ვინ მივიდა პირველი ან/და მეორე შემთხვევის ადგილზე. აღნიშნულს დაცვის მხარე გამორიცხავს დ. ა–სის ჩვენების შინაარსიდან გამომდინარე, რასაც სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან მან თავიდანვე სრულყოფილად მიუთითა და დეტალურად აღწერა ადგილზე განვითარებული მოვლენები, მოწმეთა ჩვენებებითაც დადგინდა, რომ პირველი დარტყმის შემდეგ დაზარალებულმაც მოუქნია ხელი მსჯავრდებულს, ამასთან, დ. ა–ს მიერ გონების დაკარგვის ფაქტი არ დადასტურებულა ფაქტის თვითმხილველი მოწმეების მიერ.

5.15. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ვერსიას ჯ. ჯ–ს უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან საპირისპირო დადასტურდა საქმეში არსებული პირდაპირი მტკიცებულებებით.

5.16. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელია, როგორც ფაქტების უტყუარი დადასტურება, ისე – მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტის დადასტურებულად მიჩნევა, რაც ქმნის დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას და სახეზეა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

6. სასჯელის დასაბუთება:

6.1. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართალწარმოების სამართლიანობა ვლინდება სამართლიანი სასჯელის დაკისრებაში, რა დროსაც სასამართლო შებოჭილია ვალდებულებით მის მიერ დანიშნული სასჯელი იყოს ეფექტური და პროპორციული. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი.

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს, ასევე განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

6.3. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას უნდა გაითვალისწინოს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

6.4. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

6.5. სასჯელის თანაზომიერება მიზნად ისახავს მიღწეული იქნეს ბალანსი პირის დასჯის ხარისხსა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების ლეგიტიმურ ინტერესებს შორის, რაც განსახილველ შემთხვევაში მიღწევადია სასჯელის სახედ შინაპატიმრობის გამოყენების პირობებში. დანაშაულის ხასიათი და ქმედებაში გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნება ასახულია შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებში და არ არსებობს სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შერჩეული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სასჯელის გენერალური და კერძო პრევენციის მიზნებს.

6.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

6.7. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ჯ. ჯ–სათვის დანიშნული სასჯელის დამძიმება, რისი გათვალისწინებითაც სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

6.8. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

6.9. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

6.10. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ჯ. ჯ–ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, მის მიმართ დანიშნულ სასჯელზე უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება, თუმცა ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება დაზარალებულ დ. ა–ს თანხმობა ჯ. ჯ–ს მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გავრცელების თაობაზე, მასზე უნდა გავრცელდეს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება და ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ჯ. ჯ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

ჯ. ჯ–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 თვით შინაპატიმრობა, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეუცირდეს 1/6-ით და განესაზღვოს შინაპატიმრობა 8 თვითა და 10 დღით;

ჯ. ჯ–ს დაეკისროს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება - 22:00 საათიდან - 07:00 საათამდე პერიოდში;

4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ჯ. ჯ–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია, ხოლო გირაოს სახით გადახდილი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს;

5. შინაპატიმრობის აღსრულებისას, კონტროლი და დახმარება მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

6. საქმეზე დართულ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

ჯ. ჯ–სგან ამოღებული ტანსაცმელი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე