საქმე N 330100122006463140
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №956აპ-24 11 დეკემბერი, 2024 წელი
ო-ი მ., №956აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიანა ონიანის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. ო–ი (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2022 წლის 9 ოქტომბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, თ.......... მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის საფუძველზე ურთიერთშელაპარაკებისას, მ. ო–მა იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ–ს მიმართ, კერძოდ, გაშლილი ხელი ერთხელ დაარტყა სახის მარცხენა მხარეს, ლოყის არეში, შემდეგ კი მარჯვენა ხელის მუშტი ორჯერ დაარტყა გულმკერდის მიდამოში. მ. ო–ს მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად მ–სმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2022 წლის 9 ოქტომბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, თ....- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის საფუძველზე ურთიერთშელაპარაკებისას, მ. ო–მა იძალადა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი გერის – ლ–ს (დაბადებული: ....) მიმართ, კერძოდ, გაშლილი ხელი ორჯერ დაარტყა სახის მარჯვენა მხარეს, ლოყის არეში. მ. ო–ს მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად ლ–სმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 თებერვლის განაჩენით, მ. ო–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – 200 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 200 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და მ. ო–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 200 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2022 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 180 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, მარიანა ონიანმა, რომელმაც ითხოვა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმება, კერძოდ, უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება:
მ. ო–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – 200 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 400 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, მ. ო–ს განესაზღვრა 400 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. საქართველოს სს-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მ. ო–ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2022 წლის 10 ოქტომბრიდან, 2022 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით), დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 380 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
3.2. 2024 წლის 17 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით მომართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიანა ონიანმა, რომელმაც საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა და მ. ო–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება, რაც სრულად თავისუფლების აღკვეთასთან იქნება დაკავშირებული.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, მ. ო–ის მიმართ გამოყენებული სასჯელი შეუსაბამოა მის მიერ განხორციელებული ქმედებების ხასიათთან და ვერ უზუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მ. ო–ი პერიოდულად ფსიქოლოგიურად ძალადობდა დაზარალებულზე და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც, რამდენიმე თვის წინ, მის მიმართ შემაკავებელი ორდერიც კი იყო გამოცემული. მსჯავრდებული ღიზიანდება ყოფით საკითხებზე და ისე, რომ მეზობლებსაც არ ერიდება, სხვათა გასაგონად ლანძღავს დაზარალებულს, რომელმაც წარსულში განხორციელებული ძალადობრივი ფაქტი აპატია, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა შემაკავებელი და უკვე ფიზიკური ძალადობა განაგრძო. ძალადობის ხარისხი იმდენად გაიზარდა, რომ მსჯავრდებულმა უკვე გერზეც ფიზიკურად იძალადა მეზობლის თანდასწრებით. ამასთან, მსჯავრდებულის პოზიტიური დამოკიდებულება ალკოჰოლის მიმართ, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის მაპროვოცირებელია. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის წინააღმდეგ სამართლიანი და სასჯელის ადეკვატური ღონისძიებების გაუტარებლობა, მსგავსი დანაშაულის მიმართ სახელმწიფოს შემწყნარებლური დამოკიდებულება, ვერ იქნება გამართლებული, რადგან პრევენციული მექანიზმის ეფექტურობა მინიმუმამდე მცირდება. ჩადენილი დანაშაულების ხასიათის მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ვინაიდან, მსჯავრდებულს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, სასამართლო არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, რაც ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისთვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან მოცემული განაჩენი ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მ. ო–ს ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იმსჯელებს გასაჩივრებულ განაჩენზე მ. ო–ს მსჯავრდების ნაწილში და იმსჯელებს მხოლოდ მის მიმართ დანიშნულ სასჯელზე.
5.2. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მ. ო–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები.
5.4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის მიზანს არ წარმოადგენს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა. თავისუფლების აღკვეთა, როგორც ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრესი ფორმა, გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
5.5. „დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა იყოს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
5.6. „მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
5.7. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
5.8. საკასაციო სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს (მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ მიიჩნია მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას) და მიზანშეწონილად არ მიაჩნია მ. ო–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.
5.9. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მ. ო–ს მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის განაჩენით კი, მას ზემოხსენებულ ეპიზოდში სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათი, რაც არ ექცევა მსჯავრდაშერაცხილი მუხლის სანქციის ფარგლებში. აღნიშნულის გამო, განაჩენი ამ ნაწილში უნდა შეიცვალოს და ამ ეპიზოდში მ. ო–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 150 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
5.10. ამასთან, მართალია მ. ო–მა ბრალადწარდგენილი დანაშაულები ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, თუმცა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახურ დანაშაულზე დანიშნული სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე.
5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიანა ონიანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
3. მ. ო–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – 150 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 400 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, მ. ო.ს განესაზღვროს – 400 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მ. ო–ს, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2022 წლის 10 ოქტომბრიდან, 2022 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით), დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს და საბოლოოდ განესაზღვროს 380 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ აღკვეთის ღონისძიება - გირაო და დამატებითი აკრძალვა გაუქმებულია. გირაოს თანხა, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში, დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს;
6. საქმეს დართული ნივთიერი მტკიცებულება – დისკი, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;
8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე