Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №971აპ-24 თბილისი

ა-ი დ., 971აპ-24 9 დეკემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის და მსჯავრდებულ დ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 მაისის განაჩენით დ. ა-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 22 დეკემბრიდან. საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულმა დანიშნული სასჯელი უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (შპს --) მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა უნდა გააგრძელოს საერთო წესით.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ დ. ა-მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგით:

· 2022 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით, 14:25 საათზე, თ-ში, ი. პ-ის ქუჩის №-კორპუსის ბინა №-ში, მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას დ. ა-მა განზრახ მოკვლის მიზნით, მჭრელი საგნის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა ადგილებში სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა გ. წ-ას, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

4. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. პროკურორი გრიგოლ ნიშნიანიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულისათვის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო ადვოკატი ვ. მ-ი – გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და დ. ა-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №58აპ-15, №110აპ-23).

7. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასწორად შეაფასა და გამოიტანა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია დ. ა-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედების ჩადენა.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოსაზრება მსჯავრდებულის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის თაობაზე, ვინაიდან: თავად დ. ა-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან ხანჯლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა გ. წ-ას, რის შემდეგაც დატოვა შემთხვევის ადგილი. სწორედ ეს ჭრილობები გახდა გ. წ-ას გარდაცვალების მიზეზი. დაცვის მხარის ვერსია, რომ დ. ა-ი იგერიებდა თავდასხმას, მოგონილია პასუხისმგებლობის თავიდან არიდების ან მისი შემსუბუქების მიზნით, რადგან მსჯავრდებულის სხეულზე ძალადობის ან სხვაგვარი დაზიანების კვალი არ დაფიქსირებულა, კისრის მიდამოში არსებული ნაკაწრი, გამოსაკვლევი პირის განმარტებით, მან მიიღო ძლიერი მოქავების შედეგად, ნაჯახზე, ხანჯალსა და დ. ა-ის ტანსაცმელზე აღმოჩენილი ლაქები კი აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნებოდა გ. წ-ას. ასევე, მსჯავრდებულის განმარტებით, დაჭრილისათვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად მას არსად დაურეკავს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს თუნდაც ერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ 2022 წლის 22 დეკემბერს, თითქოსდა, გ. წ-ა თავს დაესხა ბრალდებულს, ხოლო დ. ა-ს ჰქონდა თავდაცვის მიზანი და მოქმედებდა თანაბარი სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით. არ დასტურდება, რომ კონფლიქტის დროს მსჯავრდებული იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.

9. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოში გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება დ. ა-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

10. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის განსაზღვრულ სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იგი შეფარდებულია მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (მტკიცებულებათა ნაწილის უდავოდ ცნობით სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა, ქმედების ჩადენისას მსჯავრდებულის შეზღუდული შერაცხადობა) და დამამძიმებელი გარემოებების (დანაშაულის ჩადენა მჭრელი საგნის გამოყენებით) მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, ასევე – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას და მისი დამძიმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის და მსჯავრდებულ დ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ-ის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე