Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№973აპ-24 თბილისი

მ-ი მ., 973აპ-24 12 დეკემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ანა ლეკიაშვილისა და მსჯავრდებულ მ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. მ-ს ბრალად დაედო: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით); სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2020 წლის 19 ნოემბერს, საღამოს საათებში, თ-ში, ბ-ის ქუჩის №-ში, მ. მ-მა ხის ჯოხი რამდენჯერმე დაარტყა სხეულზე გ. ჭ-ესა და მ, მ-ეს, რითაც თითოეულ მათგანს მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მის მოუშლელად.

· 2020 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით, 17:00 საათზე, თ-ში, ბ-ის ქუჩის №-ში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა შეკრების მიმდინარეობისას, მ. მ-მა მ. მ-ეს ორჯერ დაარტყა ხელი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 2 თებერვლის განაჩენით მ. მ-ი, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; მ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა ჯარიმა – 1000 ლარი.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ანა ლეკიაშვილი ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, მ. მ-ის დამნაშავედ ცნობას ასევე საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის კანონიერი, სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელის განსაზღვრას, ხოლო მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ნ-ი – გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მ. მ-ის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ განაჩენი უკანონოა მ. მ-ის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გამართლების ნაწილში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადგინდა ბრალდების ამ ეპიზოდში მ. მ-ის ბრალეულობა.

8. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, უსაფუძვლოა პროკურორის მოთხოვნა მ. მ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და იგი სწორად ცნო უდანაშაულოდ მითითებულ ეპიზოდში. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მ. მ-ის მიერ მ. მ-ის ძალადობის ჩადენას.

9. რაც შეეხება ბრალდების მეორე ეპიზოდს, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში მ. მ-ის ბრალეულობა უტყუარადაა დადასტურებული არა მარტო დაზარალებულების ურთიერთთანხვდენილი ჩვენებებით (რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი პალატას არ გააჩნია), არამედ სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნების შედეგებთან. ამასთან, ნაკლებად სავარაუდოა, დაზარალებულებს ექსპერტიზების დასკვნებში აღწერილი დაზიანებები (განლაგებით, მორფოლოგიით, სიმრავლით) მიეღოთ დაცვის მხარის მიერ შემოთავაზებულ ვერსიაში მითითებულ გარემოებებში. საგულისხმოა ისიც, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მ. მ-ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება და სხეულზე დაზიანებების არსებობა.

10. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა მ. მ-ის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისათვის.

11. სასჯელთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინეს საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი წარსული ცხოვრება, ნასამართლობის არქონა), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, რაზე დაყრდნობითაც, მსჯავრდებულ მ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მუხლით დაწესებული კანონიერი და სამართლიანი სასჯელი – ჯარიმა – განუსაზღვრეს, რაც, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მიღებული გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავი პასუხები გაეცა მხარეთა საკასაციო საჩივრებში (იგივე საფუძვლები იყო მითითებული სააპელაციო საჩივრებშიც) მითითებულ მოტივებზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება – არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009), „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებისა და დაცვის მხარეების საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორთა მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ რომელიმე წინაპირობას.

15. საკასაციო სასამართლო აქვს მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუმცა ამავე კანონის მე-9 მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, ამ კანონის 1-ელი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა). ვინაიდან მ. მ-ს სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს ჯარიმა, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით დადგენილი შეღავათები.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის პროკურორ ანა ლეკიაშვილისა და მსჯავრდებულ მ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე