საქმე N 190100124008739854
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №974აპ-24 3 დეკემბერი, 2024 წელი
ვ–ი ვ., №974აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორ ქეთევან სონიძის და მსჯავრდებულ ვ. ვ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ღ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ვ. ვ. (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის 29 ნოემბერს, საღამოს, დაახლოებით 21:00 საათზე, ე. გ–ი, თავისი რძლის – ი. კ–სა და ვ. ვ–ს სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის ბრალდებულის ოჯახის წევრებისთვის გასამჟღავნებლად, მივიდა წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ–ში მდებარე, ვ. ვ–ს საცხოვრებელ სახლთან, რა დროსაც ბრალდებულმა მას თავის არეში ნაჯახის არაერთი დარტყმის შედეგად მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება, რის შედეგადაც ე. გ–ი ადგილზე გარდაიცვალა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 აპრილის განაჩენით, ვ. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით.
2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ქეთევან სონიძემ და მოითხოვა მსჯავრდებულ ვ. ვ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.
2.3. განაჩენი ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. ვ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ღ–მ და მოითხოვა დანიშნული სასჯელის შემსუბუქება და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელის ¼-ის პირობით მსჯავრად ჩათვლა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის განაჩენით, ბრალდების და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2024 წლის 18 ივლისს, მსჯავრდებულ ვ. ვ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ღ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელის ¼-ის პირობით მსჯავრად ჩათვლა.
3.3. 2024 წლის 23 ივლისს, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ქეთევან სონიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ვ. ვ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.
3.4. მსჯავრდებულ ვ. ვ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ღ–მ წარმოდგენილი შესაგებლით მოითხოვა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. დაცვის მხარის პოზიციით, ვინაიდან ვ. ვ–მა აღიარა და მოინანია დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან (მისი მონაწილეობით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები) - არსებობს მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების ფორმალური და სამართლებრივი საფუძვლები.
4.2. ბრალდების მხარის პოზიციით, სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა ვ. ვ–ს მიერ ჩადენილი ქმედების საფრთხე და ხასიათი, მსჯავრდებულის ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ და მას განუსაზღვრა მსუბუქი სასჯელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ხელს ვერ შუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას. ასევე, გასათვალისწინებელი გარემოებაა დაზარალებულის პოზიცია, რომელიც ითხოვს ვ. ვ–ს მკაცრად დასჯას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის მიზანს არ წარმოადგენს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა. თავისუფლების აღკვეთა, როგორც ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრესი ფორმა, გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
5.3. „დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა იყოს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
5.4. „მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
5.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით ვ. ვ–ს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, ვ. ვ–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი მუხლის სანქციის ფარგლებშია, შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს და სრულად უზურნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.7. გარდა ამისა, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.
5.8. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიუთითებს, რომ ვ. ვ–ს მიმართ არსებული შემამსუბუქებელი გარემოებები ვერ გადაწონის მისი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს და არ ქმნის მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის საფუძველს. შესაბამისად, ვ. ვ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პირობითად ჩათვლა მიზანშეუწონელია.
5.9. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებისა და დაცვის მხარეებს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორები საჩივარში არ უთითებენ.
5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რომლებსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორ ქეთევან სონიძის და მსჯავრდებულ ვ. ვ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ღ–ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე