საქმე N 330100123006982013
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №987აპ-24 4 დეკემბერი, 2024 წელი
ბ–ი თ., №987აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 აგვისტოს განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ბ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ა–სა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. თ. ბ. (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადება და გამოყენება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
2021 წლის 11 აგვისტოს, პაციენტი ვ. ჩ–ი, ახალი კორონავირუსის მკურნალობის მიზნით, მოთავსდა თ–ში, .......ს გამზირი №.. „..“-ში მდებარე შპს „...... კლინიკაში“, სადაც გაიხსნა პაციენტის სამედიცინო ისტორია. მკურნალობის პროცესში, კლინიკის მორიგე ექიმების და ექთნების მიერ, ყოველდღიურად იწერებოდა სამედიცინო ისტორიის შემადგენელი დოკუმენტი – „პაციენტის დანიშნულების ფურცლები“, რომლებშიც მიეთითებოდა ინფორმაცია პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციების შესახებ (პაციენტის ვიტალური მონაცემების, მიწოდებული მედიკამენტების და მათი დოზების მითითებით). აღნიშნულ დოკუმენტს ხელმოწერით ადასტურებდა შემსრულებელი ექიმი და მორიგე ექთანი, რომელმაც უშუალოდ ჩაატარა სამედიცინო მანიპულაციები. 2021 წლის სექტემბერში, სამედიცინო ისტორიის დახურვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ 2021 წლის 17 აგვისტოდან - 2021 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით დათარიღებული „პაციენტის დანიშნულების ფურცლები“ არ იყო ხელმოწერილი შესაბამისი მორიგე ექთნების მიერ. ამავე პერიოდში, თ. ბ–მა ხსენებულ დოკუმენტზე, მორიგე ექთნების ნაცვლად მოაწერა ხელი, რითაც დოკუმენტში შეიტანა არასწორი ინფორმაცია, თითქოს პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციები მის მიერ იყო შესრულებული. რეალურად მას აღნიშნული სამედიცინო მანიპულაციები არ ჩაუტარებია და არც მათ ჩატარებაში მიუღია მონაწილეობა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 თებერვლის განაჩენით, თ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 თებერვლის განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა, ნ. ა–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ასევე გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თ. ბ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 აგვისტოს განაჩენით, ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2024 წლის 23 აგვისტოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 აგვისტოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა, ნ. ა–მა, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3.3. 2024 წლის 29 აგვისტოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 აგვისტოს განაჩენი საკასაციო წესით, ასევე გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა თ. ბ–სის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. კასატორის, მსჯავრდებულ თ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ა–ს პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ თ. ბ–ს მიმართ მსჯავრადშერაცხილ ქმედებას. განაჩენი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის, ეროვნული კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს. სასამართლომ არასწორად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული, .........ი საავადმყოფოს არცერთი თანამშრომელი არ საუბრობს თ. ბ–ს ბრალეულობაზე. ...... კლინიკის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, ბრალდებული პირნათლად ასრულებდა თავის ვალდებულებას და მის მიერ შესრულებული მოქმედებები, მასსა და მის დამსაქმებელს შორის არსებული ორმხრივი ვალდებულებების შედეგია, რომელიც კლინიკის შინაგანაწესიდან გამომდინარეობს. დოკუმენტებს ხელს აწერენ, ამავე კლინიკის დირექტორი ზ. ა–ი და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი შ. კ–ი. თ. ბ–ს ხელი არ მოუწერია სხვა პირების ნაცვლად – მორიგე ექთნის ხელმოწერისათვის განკუთვნილ გრაფაში, ამასთან არც მონაცემები შეუცვლია ან ჩაუმატებია დოკუმენტში. მან ხელი მოაწერა თავისი სახელით და მიუთითა სიმართლე, რომ ხელმომწერი არის უფროსი ექთანი თ. ბ–სი, რისი უფლებამისილებაც გააჩნია, კერძოდ: ვინაიდან ვერ მოხერხდა ექთნების მიერ ხელმოწერა, მ. კ-მ თ. ბ–ს უთხრა მოეწერა ხელი პაციენტის მდგომარეობისა და დანიშნულების ფურცლისათვის, რაც განახორციელა კიდეც, თუმცა არა სხვის ნაცვლად, არამედ თავისი სახელით. თ. ბ–მა ამ ხელმოწერით დაადასტურა, მხოლოდ მის უფლებამოსილებაში შემავალი ქმედების - პაციენტზე გაცემული მედიკამენტის ხარჯვის (გაცემული და მიღებული ამპულების მიხედვით) სისწორე. ეს დოკუმენტები არ იყო სრული, ამ ფურცლებზე არ არის მორიგე ექთნებისა და მთელ რიგ შემთხვევებში, ექიმების ხელმოწერებიც, შესაბამისად, მ. კ-ს არ უნდა გადაეგზავნა აღნიშნული ფურცლები შესაბამისი ორგანოებისათვის. ამრიგად, დაცვის მხარის პოზიციით, თ. ბ–ს დანაშაული არ ჩაუდენია.
4.2. კასატორის, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის პოზიციით, თ. ბ–ს მიმართ დანიშნული სასჯელი ლმობიერი და არასამართლიანია. სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. სასჯელის დადგენისას სასამართლომ უგულვებელყო სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი და არ უმსჯელია რატომ გამოიყენა კონკრეტული სასჯელის სახე და ზომა. პროკურორის განმარტებით, თ. ბ–ს მიმართ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.
5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.
5.4. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ სადავო დოკუმენტებზე თ. ბ–ს მიერ ხელმოწერის ფაქტი სადავო არ არის (აღნიშნული თავად თ. ბ–მაც დაადასტურა თავის ჩვენებაში). საკასაციო საჩივარში დაცვის მხარის ძირითადი არგუმენტები შეეხებოდა იმას, რომ თ. ბ–მა ხელმოწერები განახორციელა თავისი სახელით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და არა სხვის ნაცვლად. ხელმოწერით კი, დაადასტურა მხოლოდ მედიკამენტების ხარჯვითი ნაწილი, რაც გამორიცხავს მისი მხრიდან რაიმე სიყალბის დადასტურებას. ამასთან, ჯანმრთელობის დანიშნულების ფურცელი არ არის ოფიციალური დოკუმენტი და ასეთად რომც ჩაითვალოს, სახეზე არ იყო დანაშაულის მთავარი ნიშანი – გამოყენების მიზანი.
5.5. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას თ. ბ–ს უდანაშაულობის შესახებ და მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობის თაობაზე, კერძოდ:
5.6. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისათვის, გამოყენების მიზნით და გამოყენებისათვის. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოფიციალური დოკუმენტების ბრუნვის კანონით დადგენილი წესი. ყალბი დოკუმენტის დამზადებაში იგულისხმება, როგორც მთლიანად ფიქციური დოკუმენტის დამზადება, ისე ნამდვილი ოფიციალური დოკუმენტის ნაწილობრივ შეცვლა-გაყალბება (მაგ.: ტექსტის ნაწილის გადასწორება, დამატებითი მონაცემის შეტანა, სხვის მაგივრად ხელის მოწერა და სხვა), ხოლო გამოყენება გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის წარდგენას იმ პირისათვის/ორგანიზაციისათვის, ვისაც შემოწმების ვალდებულება აქვს. აღნიშნული დანაშაული ფორმალური ხასიათისაა და დამთავრებულად ითვლება კანონში მითითებული ნებისმიერი მოქმედების ჩადენისთანავე.
5.7. მოცემულ შემთხვევაში, მოწმე ნ. ც–ს ჩვენებით, სამედიცინო ისტორია ივსებოდა მატერიალურად, ფურცელზე. დანიშნულების ფურცელიც ხელით ივსებოდა 24 საათის განმავლობაში. მოწმე გ. ქ–ს ჩვენების თანახმად, 2021 წლის 13 სექტემბერს, ექიმს და თ. ბ–ს დაუძახა ხარისხის მართვის სამსახურმა, რათა ვ. ჩ–ს ისტორიაში შეევსოთ ხარვეზი. თ. ბ–მა ხელი მოაწერა მედიკამენტების აღრიცხვას. ხარვეზი აღმოიფხვრა თუ არა არ იცის. მოწმე ს. კ–ს ჩვენებით დასტურდება, რომ ვ. ჩ–ითან ორჯერ იყო, როგორც ექთანი, თუმცა გამორჩა ხელმოწერა. მოწმე მ. გ–ს ჩვენებით, ის მუშაობდა ..... საავადმყოფოში ხარისხის მართვის სამსახურში. საავადმყოფო ფურცელში ძირითადი მონაცემები შეჰყავდა ექიმს, ფიზკალურ მონაცემებს ავსებდა ექთანი. უფროსი ექთანი დოკუმენტებს არ ადგენდა, მონაცემები არ შეყავდა. იგი ამოწმებდა მედიკამენტების ხარჯს. მოწმე მ. ლ–ს ჩვენებით, მუშაობდა ....... საავადმყოფოში ხარისხის მართვის სამსახურში. ხელმოუწერელი სამედიცინო დოკუმენტის აღმოჩენის შემთხვევაში, ვინც შეავსო იმას უნდა გამოესწორებინა ხარვეზი. აღნიშნულ დოკუმენტებზე ხელს აწერდნენ მკურნალი ექიმი და ექთანი, ხოლო უფროსი ექთანი ხელს არ აწერდა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თვითონ ასრულებდა ექთნის ფუნქციას; მოწმე ნ. ბ–ს ჩვენებით, რომელიც მუშაობდა ......... საავადმყოფოში ხარისხის მართვის სამსახურში, დადასტურებულია, რომ ხელმოუწერელი სამედიცინო დოკუმენტის აღმოჩენის შემთხვევაში, იგი იძიებდა პირს, ვისაც გამორჩენილი ჰქონდა ხელმოწერა. ხოლო მოწმე მ. კ-ს ჩვენების (......... საავადმყოფოში მუშაობდა ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე) თანახმად, ის ამოწმებდა არა მკურნალობის სისწორეს, არამედ ტექნიკურ მხარეს, სწორად იყო თუ არა შევსებული დოკუმენტები და დანართები, რომელიც N...... ბრძანების მიხედვით რეგულირდებოდა. ხარვეზი იწერებოდა და ეგზავნებოდა ვისაც შეეშალა ან მის ხელმძღვანელს. მან შეამოწმა ვ. ჩ–ს სამედიცინო ისტორია, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ ხელმოწერები გამორჩენილი იყო. ასევე აკლდა პაციენტის დანიშნულების ფურცელი. მან ადრესატებს მიუთითა, რომ ხელი მოეწერათ. თ. ბ–მა უთხრა, რომ ხარვეზი ვერ აღმოიფხვრა. მას კომუნიკაცია ჰქონდა თანამშრომლებთან, თუმცა სრულად არ იმყოფებოდნენ სამსახურში. ხარვეზის აღმოფხვრა როგორ მოხდა, მოწმეს არ ახსოვს. პროკურორმა გამოაქვეყნა მ. კ–ს მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენება, რასაც მოწმე დაეთანხმა. მან განმარტა, რომ ბრალდებულმა თავისი ინიციატივით მოაწერა ხელი ვ. ჩ–ს სამედიცინო ისტორიას და არა მისი დავალებით. მოწმე გ. ჯ–ს ჩვენების თანახმად, ავადმყოფობის ისტორიაში ექიმს და ექთანს შეყავდათ კვლევები, დიაგნოზი. დანიშნულების ფურცლის პირველ გვერდზე ექიმსაც და ექთანსაც ევალებოდა ხელმოწერა. ექიმი წერდა დანიშნულებას, ექთანი წერდა შესრულებას. დანიშნულების ფურცელის ხელმოწერას ამოწმებდა ხარისხის სამსახური. წამლების გაცემაზე მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა, მხოლოდ ნარკოტიკულ საშუალებებზე ხდებოდა.
5.8. ამდენად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ამოღების ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით დადასტურებულია, რომ უფროსი ექთანი – თ. ბ–ი სამედიცინო დოკუმენტებს არ ადგენდა, მათში ინფორმაცია არ შეჰქონდა და ხელმოწერით არ ადასტურებდა მათ ნამდვილობას. მას მხოლოდ კონტროლი უნდა განეხორციელებინა აღნიშნული დოკუმენტების შედგენაზე. მათი შედგენის ვალდებულება ჰქონდათ ექთნებს. ექიმები გასცემდნენ დანიშნულებას, ხოლო ექიმების მიერ გაცემული დანიშნულების შესრულებას ადასტურებდნენ ექთნები, რისი გათვალისწინებითაც ჩატარებული მანიპულაციების შესახებ, შესაბამის დოკუმენტებზე ხელმოწერა მხოლოდ მორიგე ექთნების ფუნქციებში შედიოდა, ვინაიდან ჩატარებულ მანიპულაციებს ვერ დაადასტურებდა ის პირი, ვინც მასში მონაწილეობას არ იღებდა.
5.9. ამასთან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, 2009 წლის 19 მარტის, №...... ბრძანებით „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ნორმატიულად განსაზღვრულია სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესები. ამავე ბრძანების მეოთხე მუხლით ნორმატიულად დადგენილია ექიმის დანიშნულების ფურცლის, როგორც ერთ-ერთი სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტის რაობა. ხსენებული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, „მკურნალი ექიმი ჩანაწერებს აკეთებს მკაფიოდ და გასაგებად, მიუთითებს მედიკამენტის დანიშვნისა და მოხსნის თარიღს. ექთანი ხელმოწერით ადასტურებს მედიკამენტის დანიშვნისა და მოხსნის ფაქტებს. მკურნალი ექიმი ყოველ დილას, შემოვლისას, პაციენტის გამოკითხვის საფუძველზე, ამოწმებს დანიშნულების მიღების სიზუსტეს და დანიშნულების ფურცელში ხელმოწერით ადასტურებს ექთნის მიერ ჩატარებულ ყველა პროცედურას“. ამდენად, ნათელია, რომ ვ. ჩ–ს ავადმყოფობის ისტორიაში მოთავსებული დანიშნულების ფურცლები წარმოადგენს სტაციონარულ სამედიცინო დოკუმენტს, რომელსაც ექიმთან ერთად ავსებს ექთანი. საგულისხმოა, ისიც რომ ხარვეზი, რომელიც გამოწვეული იყო ავადმყოფობის ისტორიაში მოთავსებული დანიშნულების ფურცლების ხელმოუწერლობით გამოსწორდა, მას შემდეგ, რაც თ. ბ–მა ავადმყოფობის ისტორიაში მოთავსებულ დანიშნულების ფურცლებს მოაწერა ხელი.
5.10. საკასაციო სასამართლო ეთანხმება დაცვის მხარეს იმასთან დაკავშირებით, რომ თ. ბ–მა სადავო დოკუმენტებს ხელი მოაწერა თავისი სახელით და გვარით, ბოლოში და არა ექთნებისათვის განსაზღვრულ გრაფაში, თუმცა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ თ. ბ–ი, ვ. ჩ–ს სამედიცინო ისტორიაში მითითებულ ექთნების მიერ შესრულებულ პროცედურებს თავის ჟურნალთან ვერ შეადარებდა. ჩანაწერები კი, რაც თ. ბ–მა დაადასტურა თავისი ხელმოწერით მის მიერ და მისი მეთვალყურეობის ქვეშ არ შესრულებულა და მასზე მისი მხრიდან კონტროლი ვერ განხორციელდებოდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მისი მხრიდან ხელმოწერა განხორციელდა არა მხოლოდ მედიკამენტების ხარჯვით ნაწილზე, არამედ დადასტურებული იქნა მთლიანად დოკუმენტში ასახული ინფორმაცია.
5.11. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ბ–ს ქმედების კვალიფიკაციასთან ფაქტებისა და გარემოებების მისადაგებისას, არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც, სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას.
5.12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება თ. ბ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
5.13. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში სრულყოფილად მიმოიხილა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძვლები, ხოლო საკასაციო საჩივარი არ შეიცავს ისეთ ობიექტურ და მნიშვნელოვან გარემოებაზე მითითებას, რაც საკასაციო სასამართლოს დაარწმუნებდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს მტკიცებულებათა შეფასებისას საპროცესო კანონის მნიშვნელოვანი დარღვევის ან ისეთი სამართლებრივი პრობლემის არსებობის თაობაზე, რაც დადგენილისაგან განსხვავებული სასამართლო პრაქტიკის საჭიროებას გამოკვეთს.
5.14. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში დეტალურად არის შესწავლილი და განხილული ყველა საკითხი, რასაც დაცვის მხარე სადავოდ მიიჩნევდა. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა, გონივრულ ეჭვს მიღმა, მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული.
5.15. რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას, მსჯავრდებულ თ. ბ–სისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა წინაპირობები არსებობს დანიშნული სასჯელის დამძიმებისა და მითითებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შესაცვლელად. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ თ. ბ–ს სასჯელის სახედ დაუნიშნა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.16. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
5.17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მას კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ თ. ბ–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მის პიროვნულ მახასიათებელს. დანიშნული სასჯელი შეესაბამება მოცემული საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების ხარისხს და წარმოადგენს სასჯელის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებას.
5.18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.19. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.20. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. მსჯავრდებულის პირადი საქმიდან ირკვევა, რომ 2024 წლის 26 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებული თ. ბ–ი შეწყალებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 აგვისტოს განაჩენით დანიშნული საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან, შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაზარალებულის თანხმობის არსებობა/არარსებობის მიუხედევად, არ არსებობს ამნისტიის კანონის გამოყენების საფუძველი.
5.21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ თ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ა–სა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე