გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-693-02 19 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი,
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 23 მაისს სააქციო საზოგადოება “ე.” ფილიალის ზესტაფონის საქსელო საწარმოს დირექტორმა ზესტაფონის მონადირეთა და მეთევზეთა კავშირის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ ქ.ზესტაფონში, .... ქ.¹1 მდებარე საცხოვრებელი სახლი 1981 წლიდან ირიცხება საქსელო საწარმოს ბალანსზე და წარმოადგენს მათ კუთვნილებას. ამ სახლის 22 კვ.მ დაკავებული აქვს მოპასუხეს. მოპასუხესთან მას 1989 წლიდან გაფორმებული ჰქონდა ქირავნობის ვადიანი ხელშეკრულება. გარკვეული პერიოდის შემდეგ მოპასუხემ ქირის გადახდა შეწყვიტა და უარი განაცხადა ქირავნობის ხელშეკრულების შესრულებაზე.
2000წ. 5 აპრილს მოპასუხეს მათ მიერ გაეგზავნა პრეტენზია ქირის სახით 2700 ლარის გადახდის შესახებ, მაგრამ მათი პრეტენზია მოპასუხემ რეაგირების გარეშე დატოვა.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის იძულებით გამოსახლება მითითებული ფართიდან.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო ფართი ქ.ზესტაფონის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის 1982წ. 30 მაისის ¹114 გადაწყვეტილებით მათი ყოფილი ამორტიზებული შენობის სანაცვლოდ გადაეცათ სარგებლობასა და საკუთრებაში. აქედან გამომდინარე სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2000წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვების გამო.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 23 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააქციო საზოგადოება “ე.” ფილიალის ზესტაფონის საქსელო საწარმოს დირექტორის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი და მოპასუხე გამოსახლებულ იქნა სადავო ფართიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალტის 2001წ. 28 სექტემბრის განჩინებით ზესტაფონის მონადირეთა და მეთევზეთა კავშირის კლუბის პრეზიდენტის კ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 23 აპრილის გადაწყვეტილება.
ზესტაფონის მონადირეთა და მეთევზეთა კავშირის კლუბის პრეზიდენტმა კ. ჩ-ემ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს, მოითხოვა ამავე სასამართლოს 2001წ. 23 აპრილის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 28 სექტემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
განცხადების ავტორი მიუთითებდა, რომ მათთვის ცნობილი გახდა ახალი გარემოებები: მათ ნგრევაში მოყოლილი ბინის სანაცვლოდ არ მიუღიათ ფულადი კომპენსაცია. მათი ყოფილი ბინის საბალანსო ღირებულება შეადგენდა 2954 მანეთს. მათ ბინა გამოეყოთ ქალაქის საბჭოს აღმასკომის მიერ კუთვნილი ფართიდან.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 19 თებერვლის განჩინებით ზესტაფონის მონადირეთა და მეთევზეთა კავშირის კლუბის პრეზიდენტის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს სსკ-ს 423-ე, 426-ე მუხლების მოთხოვნებს, ვინაიდან განცხადებაში მითითებული სამივე გარემოება ცნობილი იყო განმცხადებლისათვის ჯერ კიდევ ქუთაისის საოლქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს.
ზესტაფონის მონადირეთა და მეთევზეთა კავშირის კლუბის პრეზიდენტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილებით საქმის წარმოების განახლება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 5 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
სსკ-ს 426-ე მუხლის I და II ნაწილების თანახმად განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობა.
მოცემულ საქმეზე ზესტაფონის მონადირეთა და მეთევზეთა კავშირის კლუბის პრეზიდენტის კ. ჩ-ის განმარტებით, მისთვის განცხადებაში მითითებული გარემოებები ცნობილი იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოში თავდაპირველი საქმის განხილვის დროს, მაგრამ არ ჩათვალა საჭიროდ მათი წარმოდგენა, რადგან საკმარისად ჩათვალა მათ მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები.
აღნიშნულის გამო საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ განმცხადებლის მიერ არ იქნა დაცული სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული განცხადების შემოტანის წესი და მისი ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ზესტაფონის მონადირეთა და მეთევზეთა კავშირის კლუბის პრეზიდენტის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზესტაფონის მონადირეთა და მეთევზეთა კავშირის კლუბის პრეზიდენტის კ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ქუთისის საოლქო სასამართლოს სამო ქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 19 თებერვლის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.