საქმე # 020142224701800550
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №30აგ-24 ქ. თბილისი
გ. გ. 30აგ-24 20 დეკემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 ივლისის განჩინებაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით:
1.1. გ. გ–ე, - პირადი ნომრით ............, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
1.2. გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (რ. კ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
1.3. გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (მ. ჩ–ს ეპიზოდი, მობილური ტელეფონის მეშვეობით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
1.4. გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
1.5. გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
1.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
1.7. გ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2020 წლის 23 ივნისიდან.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით გ. გ–ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
2.1. გ. გ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
2.2. გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (3 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
2.2.1. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (რ. კ–ს ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2.2. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ–ს ეპიზოდი მობილური ტელეფონის მეშვეობით) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2.3. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ–ს ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2.4. საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.4. გ. გ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2020 წლის 23 ივნისიდან.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ–ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენით: გ. გ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
4.1. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.2. საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.3. საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით გ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით დანიშნულ სასჯელს, 3 წლით თავისუფლების აღკვეთას სრულად დაემატა ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, გ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.6. გ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა 2022 წლის 22 მარტიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდილი ნაწილი, 2020 წლის 23 ივნისიდან 2022 წლის 22 მარტის ჩათვლით.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით, მსჯავრდებულ გ. გ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენი გ. გ–ს მიმართ.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ–ს საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად.
7. 2024 წლის 9 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა გ. გ–მ, რომელიც ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ( შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი საფუძვლით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენების, ასევე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენების გადასინჯვას, ვინაიდან, ყველა განაჩენს საფუძვლად უდევს ბრალდების დადგენილებები, რომლებიც აგებულია შესაძლო და არა უტყუარ მტკიცებულებებზე, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილი კი უკრძალავს ნებისმიერ მოსამართლეს, რომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდოს ვარაუდი. არსებობს გარემოება, ე.ი. კონსტუტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის სახით, რომელიც მოწმობს დასახელებული ბრალდების დადგენილებების, რომელიც საფუძვლად უდევს გ. გ–ს მიმართ გამოტანილ უკანონო განაჩენებს, დაუშვებლად ცნობას, რის გამოც საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დადგენილი საფუძვლით უნდა გადაისინჯოს აღნიშნული განაჩენები. იმავდროულად, მსჯავრდებულმა მოითხოვა წერილობით ეცნობებინათ მოცემული შუამდგომლობის სააპელაციო სასამართლოში შესვლის თარიღი, მისი განმხილველი შემადგენლობა, განხილვის თარიღი და განხილვაში მისი მონაწილეობის დაშვების შესახებ ინფორმაცია.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენების, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენების გადასინჯვის შესახებ, ცნობილ იქნა დაუშვებლად.
9. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. გ–მ, რომელიც ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 ივლისის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მის მიმართ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვას. მსჯავრდებულის განმარტებით გამოკვეთილია საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უნდა დაუშვას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
10. მსჯავრდებულმა გ. გ–მ 2024 წლის 17 ივლისს, 23 ივლისს, 25 ივლისსა და 26 ივლისს განცხადებებით (საჩივრები) მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
10.1. მსჯავრდებულმა გ. გ–მ 2024 წლის 15 ივლისის განჩინების გასაჩივრების ორ კვირიანი ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა არაერთი წერილი/განცხადება.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაადგინა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, დაუშვებელია საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლის არარსებობის პირობებში კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვა იმ საკითხის ხელახალი შეფასების მიზნით, რომელიც საქართველოს სსსკ-ის თანახმად, ფასდება შესაბამისად - საქმეზე არსებითი განხილვის დროს, სააპელაციო ან/და საკასაციო წარმოების ფარგლებში, მათ შორის - გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებების სარწმუნოობის ან/და საკმარისობის შემოწმება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 12 ივნისის განჩინება N46აგ-19, II-10).
3. ამდენად, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის/საფუძვლების არსებობას კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვისათვის.
4. მსჯავრდებული გ. გ–ე განაჩენის გადასინჯვის ერთ-ერთ საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ მის მიმართ გამოტანილ განაჩენებს საფუძვლად უდევს ბრალდების დადგენილებები, რომლებიც აგებულია შესაძლო და არა უტყუარ მტკიცებულებებზე, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილი კი უკრძალავს მოსამართლეს გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდოს ვარაუდი.
5. სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს.
6. მოცემულ შემთხვევაში კასატორი არ უთითებს რაიმე კონკრეტულ გარემოებაზე, რომელიც მიუთითებდა იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს. კასატორი კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნას უკავშირებს მის მიმართ გამოტანილი ბრალდების დადგენილებების დასაბუთებულობას ( და არა მტკიცებულების/ მტკიცებულებების დაუშვებლობას), ამასთან თავისი მოთხოვნის დასაბუთებისათვის არ უთითებს რაიმე ახალ ფაქტს/გარემოებას. შესაბამისად, კასატორის მოთხოვნა ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და სასამართლო მოკლებულია მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კონკრეტულ (კასატორის მიერ მითითებულ) სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებათა საკმარისობა, შესაბამისი საპროცესო დოკუმენტების თუ გადაწყვეტილებების საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესით გამოტანისთვის, შეფასებული იყო შესაბამის სისხლის სამართლის საქმეებზე სამართალწარმოების ფარგლებში სისხლის სამართლის საქმის წარმოების სხვადასხვა სტადიებზე შესაბამისი სასამართლოების მიერ. მათ შორის, ბრალდების შესახებ დადგენილების დასაბუთებულობა და წარდგენილი მტკიცებულებების საკმარისობა/ ბრალდების დაუდასტურებლობის საკითხიც. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვას კანონმდებლობა კრძალავს იმ საკითხის ხელახლა და იმავე მტკიცებულებების საფუძველზე შეფასებისთვის, რაც უკვე იყო აღნიშნულ საქმეზე სამართალწარმოებისას სასამართლოს/ პროცესის მწარმოებელი ორგანოს შეფასების საგანი (ასეთ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, მათ შორის, არც საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტი).
7.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინებაში (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ), ასევე - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებაში (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ) სასამართლოებმა იმსჯელეს და სამართლებრივი კუთხით შეაფასეს სისხლის სამართლის საქმეში არსებული (მათ შორის კასატორის მიერ მითითებული) მტკიცებულებები როგორც რელევანტურობის და დასაშვეობის, ასევე - უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით.
8. კასატორს არ წარმოუდგენია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რაც ცნობილი არ იყო სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში საქმის განხილვის დროს და რაც წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომლის საფუძველზეც სასამართლო უფლებამოსილი იქნებოდა, გადაესინჯა განაჩენი.
9. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მსჯავრდებულ გ. გ–ს მოთხოვნა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენებს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენებს საფუძვლად უდევს ბრალდების დადგენილებები, რომლებიც ეყრდნობა მხოლოდ ვარაუდს.
10. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2024 წლის 9 ივნისს, მსჯავრდებულ გ. გ–ს მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილ შუამდგომლობაში მითითებული იყო მსჯავრდებულის მოთხოვნა – წერილობით მიეწოდებინათ ინფორმაცია, მათ შორის მოცემული შუამდგომლობის სააპელაციო სასამართლოში შესვლის თარიღის, აცილების უფლების სრულად რეალიზების მიზნით შუამდგომლობის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობისა და განხილვის თარიღის შესახებ, ასევე მსჯავრდებული გ. გ–ე ითხოვდა შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვას.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ გ. გ–ს შუამდგომლობის დასაშვებობაზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელა 2024 წლის 15 ივლისს. 2024 წლის 17 ივლისს მსჯავრდებულ გ. გ–ს ეცნობა, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შესულია 2024 წლის 9 ივლისს, რომელიც საქმის განაწილების წესით დაეწერა მოსამართლე მაკა გორგოძეს.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით საკმარისი პროცედურული უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა. სამართლიანი სასამართლოს უფლების კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიები უნდა უჩენდნენ ადამიანებს იმის განცდას, რომ ისინი შეძლებენ საკუთარი უფლებების/კანონიერი ინტერესების სასამართლოში დაცვას, ამასთან, უნდა იწვევდნენ სასამართლოს სამართლიანობის აღქმადობას საზოგადოების მხრიდან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება №3/2/574 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59).
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს მათ შორის უფლებას საქმის დამოუკიდებლად და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ განხილვაზე და მსჯავრდებულის უფლებას დააყენოს მოსამართლის აცილების შუამდგომლობა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. გ–ს მოთხოვნის მიუხედავად სააპელაციო სასამართლომ არ უზრუნველყო გ. გ–სათვის მისი შუამდგომლობის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მისი შუამდგომლობის განხილვამდე. გ. გ–ს 2024 წლის 17 ივლისს (მას შემდეგ რაც სასამართლომ 2024 წლის 15 ივლისს ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელა გ. გ–ს შუამდგომლობაზე ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო) ეცნობა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2024 წლის 9 ივლისს შესული მისი შუამდგომლობა საქმის განაწილების წესით დაეწერა მოსამართლე მაკა გორგოძეს.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მნიშვნელოვანია „მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის შიდა პროცედურების არსებობა, კერძოდ, მოსამართლეთა აცილების მარეგულირებელი წესები. ასეთი წესები ცხადყოფს ეროვნული საკანონმდებლო ორგანოს დამოკიდებულებას გააქარწყლოს ნებისმიერი ეჭვი შესაბამისი მოსამართლის ან სასამართლოს მიუკერძოებულობასთან დაკავშირებით და წარმოადგენს მცდელობას, უზრუნველყოს მიუკერძოებლობა ასეთი ეჭვის საფუძვლების აღმოფხრის მიზნით” ( Zahirović v. Croatia, no. 58590/11, par. 35, ECtHR, 25/04/2013).
15. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „სამართლიანობა არა მხოლოდ უნდა აღსრულდეს, არამედ უნდა სჩანდეს კიდეც, რომ ის იქნა აღსრულებული” (De Cubber v. Belgium, no. 9186/80 §26, ECtHR, 26/10/1984).
16. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან, მათ შორის საკასაციო საჩივრიდანაც, იკვეთება, რომ შუამდგომლობის განმხილველი შემადგენლობის შეუტყობინებლობით მსჯავრდებულს არ მიეცა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებით (სასამართლო შემადგენლობის/მოსამართლის აცილების დაყენების უფლება) სარგებლობის შესაძლებლობა. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დამკვიდრებულ პრაქტიკასაც საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობის შესახებ ინფორმაციის დაინტერესებული მხარისათვის მიწოდების შესახებ.
17. აღნიშნულის მიუხედავად, წარმოდგენილი საქმის მასალებით (მათ შორის არც საკასაციო საჩივრიდან) არ იკვეთება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენების, და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენების ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 ივლისის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
18. იმავდროულად, მსჯავრდებულ გ. გ–ს მითითებაზე, რომ 19.10.2021 წლიდან უკანონოდ გადაიყვანეს N.. დახურული ტიპის დაწესებულებაში, რაც უტოლდება წამებას და ითხოვს სასამართლოს მხრიდან საქართველოს სსსკ-ის 1911-ე მუხლით დადგენილი წესით რეაგირებას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ თავად მსჯავრდებულ გ. გ–ს მიერ წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანების თანახმად, ბრძანების ტექსტშივე არის განმარტებული აღნიშნული ბრძანების გასაჩივრების შესაძლებლობა და წესი (მითითებულია, რომ ბრძანება შესაძლებელია გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში). შესაბამისად, გ. გ–ს მიერ სადავოდ გამხდარი საკითხი ექვემდებარებოდა სწორედ აღნიშნული წესით - ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გადამოწმებას. საქმის მასალებით დგინდება, რომ მითითებული ბრძანება გ. გ–ს გადაეცა 2021 წლის 9 ნოემბერს, თუმცა სისხლის სამართლის საქმის მასალებით ვერ დგინდება მსჯავრდებულმა ისარგებლა თუ არა გასაჩივრების უფლებით, ან/და რა დაადგინა სასამართლომ (გასაჩივრების შემთხვევაში). სასამართლო მოკლებულია ამ ნაწილშიც კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, ვინაიდან წარმოდგენილი საქმის მასალებიტ არ დგინდება საქართველოს სსსკ-ი 1911 მუხლის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.
19. მსჯავრდებულ გ. გ–ს მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2024 წლის 17 ივლისს შემოტანილ განცხადებებთან (საჩივარი) მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მასში მითითებული გარემოებები (საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსამართლე მ. ჩ–ს უტყუარი ინფორმაციის საფუძველზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენების გაუქმების შესახებ, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ხიშტ დანა მას ქუჩაში არ უტარებია) არ წარმოადგენდა მსჯავრდებულ გ. გ–ს 2024 წლის 9 ივლისის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობის საფუძველს და მასზე არ უმსჯელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. მოცემული გარემოების გათვალისწინებით კი, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 ივლისის განჩინების კანონიერების შემოწმებისას იმსჯელოს მათ შორის ამ საკითხებზეც.
19.1. ამავე განცხადებებში მითითებულ მსჯავრდებულ გ. გ–ს მოთხოვნაზე, სასამართლომ იმსჯელოს 03.04.2024 წლის N........ და 15.04.2024 წლის N........ საჩივრებზე სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 ივლისის განჩინებაზე მსჯავრდებულ გ. გ–ს საკასაციო საჩივრთან დაკავშირებით გადმოგზავნილ საქმის მასალებში მოცემული საჩივრები წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია აღნიშნული საკითხების შეფასების შესაძლებლობას.
20. მსჯავრდებული გ. გ–ე საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2024 წლის 23 ივლისს შემოტანილი განცხადებით ითხოვს, პასუხი გაეცეს მის 10.04.2024 წლის N........... საჩივარს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 ივლისის განჩინებაზე მსჯავრდებულ გ. გ–ს საკასაციო საჩივრთან დაკავშირებით გადმოგზავნილ საქმის მასალებში მოცემული საჩივარი წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია აღნიშნული საკითხის შეფასების შესაძლებლობას.
21. მსჯავრდებული გ. გ–ს მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2024 წლის 25 ივლისს შემოტანილ განცხადებებში (საჩივარი) მითითებულ გარემოებებთან (კერძოდ: მოწმე ქ. მ–ს გამოკითხვის ოქმში მითითებულ გარემოებებთან, ასევე საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გ. გ–სათვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის – განზრახი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების ნაწილში ამოღებული დანის კუთვნილების, სახეობისა და განკარგვის საკითხთან მიმართებით) დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მითითებულ გარემოებებზე მსჯელობას არ შეიცავდა მსჯავრდებულ გ. გ–ს 05.07.2024 წლის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ. შესაბამისად, აღნიშნულზე არ უმსჯელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. მოცემული გარემოების გათვალისწინებით კი, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 ივლისის განჩინების კანონიერების შემოწმებისას იმსჯელოს მათ შორის ამ საკითხებზეც.
21.1. ამავე განცხადებებში მითითებულ მსჯავრდებულ გ. გ–ს მოთხოვნაზე, სასამართლომ იმსჯელოს 03.04.2024 წლის N........., 29.04.2024 წლის N..........., 07.05.2024 წლის N.........., 12.06.2024 წლის N..........., 02.05.2024 წლის N.........., 04.07.2024 წლის N........., 09.07.2024 წლის N........., 10.07.2024 წლის N........, 11.06.2024 წლის ........., 15.07.2024 წლის .......... მის საჩივრებზე, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 ივლისის განჩინებაზე მსჯავრდებულ გ. გ–ს საკასაციო საჩივრთან დაკავშირებით გადმოგზავნილ საქმის მასალებში მოცემული საჩივრები წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია აღნიშნული საკითხების შეფასების შესაძლებლობას.
22. მსჯავდებულ გ. გ–სის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2024 წლის 26 ივლისს შემოტანილ განცხადებასთან მიმართებით, რომლითაც მსჯავრდებული ითხოვს პასუხი გაეცეს მის 15.05.2024 წლის N.........., 20.05.2024 წლის ........., 29.05.2024 წლის N..........., 03.06.2024 წლის N............, 07.06.2024 წლის N............. და 11.06.2024 წლის N......... საჩივრებს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 ივლისის განჩინებაზე მსჯავრდებულ გ. გ–ს საკასაციო საჩივრთან დაკავშირებით გადმოგზავნილ საქმის მასალებში მოცემული საჩივრები წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია აღნიშნული საკითხების შეფასების შესაძლებლობას.
23. სასამართლო ასევე მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მსჯავრდებულ გ. გ–ს მიერ 2024 წლის 15 ივლისის განჩინების გასაჩივრების ორ კვირიანი ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ არაერთი წერილსა და განცხადებაზე.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. გ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 ივლისის განჩინება, მსჯავრდებულ გ. გ–ს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ, დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე