საქმე # 200100123007671667
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1064აპ-24 ქ. თბილისი
ხ-ი გ, 1064აპ-24 6 მარტი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განაჩენზე კახეთის საოლქო პროკურატურის შს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ვლადიმერ ბექიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ხ-ს, - დაბადებულს … წლის … მაისს, - ბრალად ედება განზრახ მკვლელობა ანგარებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2023 წლის 20 მაისს, გ. ხ-ი ყ-ის რესპუბლიკიდან საქართველოში ჩამოვიდა მეგობარ ქალთან - ჟ. ტ-ნ ერთად და თ-ში, გ-ის ქუჩის №..-ში მდებარე სასტუმრო „მ-ში” იქირავა ნომერი. ჟ. ტ-ს საქართველოში უნდა შეეძინა ავტომანქანა. გ. ხ-ის ცნობილი იყო, რომ ჟ. ტ-ნი პირადად ინახავდა ავტომანქანის შესაძენად განკუთვნილ თანხას. გ. ხ-ის ასევე ცნობილი იყო, რომ ჟ. ტ-ი ასევე ფლობდა ყ-ში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის გაყიდვის შედეგად აღებულ თანხას - ათ მილიონ ტენგს. გ. ხ-მა განიზრახა ჟ. ტ-ის მკვლელობა ხსენებული თანხის დაუფლების მიზნით. განზრახვის აღსასრულებლად, 2023 წლის 21 მაისს, ღამის საათებში, გ. ხ-მა ჟ. ტ-ნი თ-ნ მოტყუებით წაიყვანა კ-ში „ჰონდა ინსაიდის“ მარკის ავტომანქანით (სახ. ნომრით ....). მან ავტომანქანა გააჩერა ს-ოს რაონის სოფელ ო-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ი-ზე არსებულ კაშხალთან, გ. ხ-ი და ჟ. ტ-ი გადმოვიდნენ ავტომანქანიდან. გ. ხ-მა მიწიდან აიღო აგური და მოკვლის განზრახვით თავში დაარტყა ჟ. ტ-ს, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გ. ხ-მა კვალის დაფარვის მიზნით ჟ. ტ-ის გვამი გადააგდო მდინარე ი-ში, თავად კი დაეფლა ჟ. ტ-ის მობილურ ტელეფონსა და ჩანთას, რომელშიც ჰქონდა 7100 აშშ დოლარი, რის შემდეგაც დატოვა შემთხვევის ადგილი.
2. თელავის რაიონული სასამართლოს, 2024 წლის 15 თებერვლის განაჩენით:
2.1. გ. ხ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 108-ე მუხლზე.
2.2. გ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 24 მაისიდან.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ვითარებაში, გ. ხ-მა, განზრახ მოუსპო სიცოცხლე ჟ. ტ-ს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განაჩენით:
4.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორმა - კახეთის საოლქო პროკურატურის შს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ვლადიმერ ბექიშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: გ. ხ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. ბრალდების მხარის საკასაციო მოთხოვნისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, დავის საგანს არ წარმოადგენს, რომ მსჯავრდებულმა გ. ხ-მა ჩაიდინა ჟ. ტ-ის განზრახ მკვლელობა. მხარეთა შორის დავის საგანია მსჯავრდებულმა განზრახ მკვლელობა ჩაიდინა ანგარებით თუ დამამძიმებელი გარემოების გარეშე, ანუ მან ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული თუ სსკ-ის 109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გ. ხ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის - განზრახ მკვლელობის ანგარებით ჩადენა და ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. ხ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად მტკიცებულებასა და არგუმენტზე.
9. მსჯავრდებულ გ. ხ-ის მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ მან აღიარა მკვლელობის ჩადენა, მაგრამ უარყო ანგარების მიზანი. კერძოდ, მსჯავრდებულმა განმარტა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ფაქტიურად ცხოვრობდა ყ-ში. მას საქართველოში გააჩნდა უძრავი ქონება, რაც გაყიდა, ყ-ში ავტოსახელოსნო შეიძინა და ცხოვრობდა იქ. წლების წინ სოციალური ქსელით გაიცნო ჟ. ტ-ნი. გარკვეული დრო მასთან ურთიერთობდა, თუმცა 2018 წელს იქორწინა და ჟ-ან ურთიერთობა გაწყვიტა. წლების შემდეგ ისევ აღადგინეს ურთიერთობა. შემთხვევამდე ჟ. ტ-ა უთხრა, რომ საქართველოში ჯანმრთელობის გამოკვლევა და თან ქვეყნის დათვალიერება სურდა და წამოყოლა სთხოვა. იგი დაეთანხმა, თავისი ხარჯებით იქირავა თ-ში სასტუმრო, მგზავრობის ხარჯიც თვითონ გაიღო და სა-ოში ჩამოვიდნენ. აქ მან იქირავა ავტომანქანა და ჟ. ტ-ნს ათვალიერებინებდა ს-ოს. ნაქირავები მანქანით წავიდნენ კ-ნ. ჟ. ტ-მა გზაში რამდენჯერმე გააჩერებინა მანქანა და სთხოვდა სურათების გადაღების საშუალება მიეცა, რაზეც თვითონ ძალიან ბრაზდებოდა, ვინაიდან ღამე იყო და სურათის გადაღებას აზრი არ ჰქონდა. ბოლოს გააჩერებინა იმ ხიდზე, სადაც ეს შემთხვევა მოხდა. გაჩერების შემდეგ მათ კამათი მოუვიდათ, თანაც ჟ-ა ნასვამი იყო და მისი და მისი მეუღლის მიმართ ძლიერი შეურაცხყოფა გამოხატა. ამავე დროს ლანძღავდა და ურტყამდა ჩანთას. ამაზე გაბრაზებულმა აიღო იქვე ნანახი აგური და დაარტყა. (მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მეტი დეტალი არ ახსოვს). შედეგად კი ქალი გარდაიცვალა, თუმცა დაზიანებები მას ჟ. ტ-აც მიაყენა. მან გვამი, ტელეფონი და ჩანთა წყალში გადააგდო და მანქანით წავიდა. თ-ში დაბრუნების შემდეგ, მან მანქანა იყიდა, ვინაიდან არ უნდოდა სხვისი მანქანის დაზიანება. მანქანა მან საკუთარი ფულით იყიდა 23 მაისს. ეს ფული ყ-ან ჩამოიტანა პირადად, ვინაიდან ყ-ში 14500 დოლარად გაყიდა თავისი მანქანა „ჰუნდაი ტუქსონი“ და ფული აქედან ჰქონდა. მანვე აჩვენა, რომ ჟ. ტ-ს საქართველოში ავტომანქანის ყიდვა არ უნდოდა, ის ქვეყნის დასათვალიერებლად ჩამოვიდა და ამასთან ჯანმრთელობის გამოკვლევა სურდა.
10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ მოიპოვა მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ჟ. ტ-ის მიერ საქართველოში შემოსვლისას ნაღდი ფულის ქონას 7100 აშშ დოლარის ოდენობით. ჟ. ტ-ი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და საქართველოს საზღვარზე შემოსვლის დროს მას არ დაუდეკლარირებია ფულადი თანხა. ასევე საქმეში არ დევს მტკიცებულება, რომ საქართველოში შემოსვლის შემდეგ ჟ. ტ-მა ბანკიდან მიიღო ფულადი თანხა. მსჯავრდებულის ჩვენებით თანახმად კი მან იცოდა, რომ ჟ. ტ-ს ამ რაოდენობის ფულადი თანხა არ გააჩნდა, იგი ს-ოში ჩამოსული იყო არა მანქანის საყიდლად. როგორც მან იცოდა, გარდაცვლილის ს-ოში ჩამოსვლის მიზანს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და ქვეყნის დათვალიერება წარმოადგენდა.
11. უფრო მეტიც, საქმის მასალებით დგინდება საწინააღმდეგო - ფულადი თანხას სწორედ გ. ხ-ი ფლობდა, სასტუმროსა და ავტომანქანას ქირის თანხებიც მან გადაიხადა.
12. საკასაციო სასამართლოს აზრით, ანგარების გამომრიცხავი მოტივია ის გარემოებაც, რომ მოკლულ ჟ. ტ-ნს საკმაოდ დიდი რაოდენობით ოქროს სამკაულები აღმოაჩნდა. ამას ადასტურებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ასევე სამედიცინო ექსპერტი გ. კ-ი, რომელმაც ჩაატარა გვამის გარეგნული დათვალიერება.
13. ვიდეოჩანაწერებითა და მისი დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ გ. ხ-ი აეროპორტში ჩამოსვლისას ფულის სავალუტო ჯიხურთან მიდის საკუთარი ფულის გადასახურდავებლად და ჟ-ა მას ცალკე ელოდება. აღნიშნულიც ადასტურებს, რომ გ. ხ-ს საკუთარი ფული გააჩნდა და მისი ნაწილი აეროპორტშივე დაახურდავა. ეს კი სარწმუნოობას მატებს მსჯავრდებულის ჩვენებას, რომ მას თავისი თანხა ჰქონდა და ავტომანქანა საკუთარი ფულით იყიდა.
14. მოწმე გ. მ-ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ გ-ი კითხულობდა, სად შეიძლებოდა გადაეხურდავებინა ვალუტა, ხოლო ჟ-ა დაინტერესებული იყო დასათვალიერებელი ადგილებით.
15. ბრალდების მხარემ ყ-ის რესპუბლიკიდან, კერძოდ, ყ-ში არსებული ბანკებიდან გამოითხოვა ინფორმაცია და დადგინდა, რომ ჟ. ტ-ის ანგარიშზე არსად ფიქსირდება ფულადი თანხა 7100 დოლარის ოდენობით; ასევე - ბრალდების დადგენილებაში მითითებული საცხოვრებელი სახლის 10 მილიონ ტენგად გაყიდვის ფაქტი, ასეთი რაოდენობის თანხა მას ანგარიშზე არ ჰქონია.
16. დადგენილია ასევე, რომ გ. ხ-ს არც ჟ. ტ-ის სიკვდილის შემდეგ უნდა ჰქონოდა მისი რაიმე ქონების დაუფლების ვარაუდი, რამდენადაც იგი გარდაცვლილთან რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფება და შესაბამისად, ვერ მიიღებდა მემკვიდრეობას.
17. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გ. ხ-ს აღენიშნებოდა ნაჭდევები მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის, მარჯვენა მტევნის მესამე თითის, მარჯვენა მუხლის სახსრისა და მარცხენა წვივის არეში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ჟ. ტ-ნი მსუბუქად ნასვამი იყო. მის სისხლში აღმოჩნდა 0,13% ეთილის სპირტი.
18. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას, რომლის თანახმად არ დადასტურდა ბრალდების მხარის ვერსია, თითქოს გ. ხ-მა ანგარებით მოკლა ჟ. ტ-ნი. პირიქით, თვითონ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ამყარებს გ. ხ-ის ჩვენებას, რომ მას ჩხუბი მოუვიდა ჟ. ტ-ან, ისინი დაეცნენ ძირს რა დროსაც მან რაღაც საგანი, აგური ჩაარტყა ჟ. ტ-ს და მოკლა. ჩხუბის შედეგად კი მანაც მიიღო გარკვეული დაზიანებები.
19. ქმედების სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის საქმე №527აპ-17). კონკრეტულ შემთხვევაშიც, მსჯავრდებული უარყოფს მკვლელობის ანგარების ჩადენის განზრახვას, ხოლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი) არ ადასტურებს იმას, რომ გ. ხ-მა იცოდა ჟ. ტ-ის მიერ თანხის ფლობის შესახებ და მისი დაუფლების მიზნით მოკლა იგი.
20. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მსჯავრდებულ გ. ხ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - განზრახ მკვლელობის ჩადენა.
21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009); როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვეობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის ( Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017; Tchaghiashvili, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, par. 106, 18 /12/2007; Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, par.29, 18/07/2006).
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
23. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი კახეთის საოლქო პროკურატურის შს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ვლადიმერ ბექიშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ხ-ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე