საქმე # 210100124008768015
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1085აპ-24 ქ. თბილისი
გ-ი გ, 1085აპ-24 6 მარტი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 3 აპრილის განაჩენით:
1.1. გ. გ-ი, - დაბადებული ... წლის ... ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 15000 ლარი.
1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილების შესაბამისად, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა გ. გ-ის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 3 აპრილის განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი ჯარიმა - 15000 ლარი. საბოლოოდ, გ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით, პენიტენციურ დაწესებულაბაში მოსახდელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა ჯარიმა - 5000 ლარი.
1.3. გაუქმდა გ. გ-ის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 თებერვლის განჩინებით შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - გირაო.
1.4. გ. გ-ს მოხდილად ჩაეთვალა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 3 აპრილის განაჩენით, დანაშაულთა ერთობლიობით, დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალა პირობით და იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი, ასევე დამატებით სასჯელი ჯარიმა - 5000 ლარი.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ-მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2017 წლის გაზაფხულზე, გ. გ-ი ს. გ-ის მეშვეობით დაუკავშირდა ი. ს-სა და თ. გ-ს, რომლებსაც შეჰპირდა შესაბამისი ფულადი თანხის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა ს-ოს რაიონის სოფელ ქ-სა და კ-ში მდებარე 3 და 8 ჰექტრიანი მიწის ნაკვეთების მათ სახელზე რეგისტრაციასა და საკუთრებაში გადაცემას. აღნიშნული მიზნით, გ. გ-მა ი. ს-სა და თ. გ-ს მოტყუებით გამოართვა ფულადი თანხა - 20000 ლარი, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა, რის შედეგადაც დაზარალებულებს მიადგათ დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 3 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიხეილ კუპრაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.
4.1. მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. უ-მა შესაგებლით მოითხოვა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ფორმა №1, მოწმეების - მ. კ-ის, ა. ს-ის, ი. ს-ის, თ. გ-ის, მ. ო-ის, ს. გ-ის გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან 2024 წლის 20 თებერვალს გადმოგზავნილი №... წერილი, დადგენილებები - ი. ს-ისა და თ. გ-ის დაზარალებულად ცნობის შესახებ, დაზარალებულების - ი. ს-სა და თ. გ-ის გამოკითხვის ოქმები, გ. გ-ის ბრალდებულის სახის გამოკითხვის ოქმი და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მსჯავრდებულ გ. გ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას, რასაც არც კასატორი ხდის სადავოდ.
7. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს მხოლოდ მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმებას.
8. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76); საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. აღნიშნული, თავის მხრივ, გულისხმობს არა აბსოლუტურად ყველა არგუმენტზე პასუხების დეტალურად გაცემას, არამედ იმ ფაქტორებზე მითითებას, რომლებიც გადამწყვეტია კონკრეტული საქმის შედეგისათვის (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ,,ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ (Lobzhanidze and Peradze v. Georgia), N21447/11, N35839/11, 27/02/2020, §66).
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე - შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
11. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, რისი მხედველობაში მიღებითაც, მას შეუფარდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე), კერძოდ: გ. გ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ, მძიმე კატეგორიის დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აქვს სურვილი დაზარალებულებისათვის ზიანის ანაზღაურების კუთხით, თუმცა მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო, ამ ეტაპზე ვერ შეძლო დაზარალებულებთან შერიგება.
12. საკასაციო სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ არ შეიძლება უგულებელყოფილ იქნეს კანონმდებლის ჩანაწერი განსახილველი დანაშაულისათვის სასჯელის ერთ-ერთ სახედ ჯარიმის დაწესებასთან დაკავშირებით, რაც იმთავითვე გულისხმობს, რომ შესაბამისი ზოგადსავალდებულო ელემენტების გათვალისწინებით, აღნიშნული სახის ქმედებისათვის შესაძლებელია, დამნაშავისათვის შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენდეს ჯარიმაც.
13.ამასთან, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობა, ისევე როგორც ბრალის აღიარება, დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების მიმართულებით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად (მაგალითისთვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის №449აპ-22 განაჩენი; 2022 წლის 3 ივნისის №388აპ-22 განჩინება).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე