საქმე # 330100124009118711
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1141აპ-24 ქ. თბილისი
დ-ია ს, 1141აპ-24 6 მარტი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ს. დ-ს, - დაბადებულს … წლის .. იანვარს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2024 წლის 17 თებერვალს, დღის საათებში, თ-ში ნ-ის ქუჩა, კორპუსი N.., ბინა N..-ში ს. დ-მ არასრულწლოვან შვილს თ. ჩ-ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ტელეფონი მარცხენა ხელის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 ივნისის განაჩენით:
2.1. ს. დ-ია გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. გამართლებულ ს. დ-ს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ქომოშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და ს. დ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
4.1. გამართლებულ ს. დ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. მ-მ შესაგებლით მოითხოვა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ს. დ-ას მიერ შვილის - თ. ჩ-ის მიმართ ძალადობის ჩადენას.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით ისჯება ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი, ნაკლებად მძიმე ან მძიმე ხარისხის დაზიანება.
8. დაზარალებულმა თ. ჩ-მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2024 წლის 17 თებერვალს ხელზე დაზიანება მიიღო აბაზანაში და მასზე დედას - ს. დ-ს არ უძალადია. მან ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია მიაწოდა მასწავლებელებს, რადგან ეგონა, რომ დედა ტელეფონს დაუბრუნებდა. თ. ჩ-ის ჩვენება ს. დ-სა და რ. ბ-ის ჩვენებების იდენტურია, რომ ს. დ-ამ თ. ჩ-ს ჩამოართვა მობილური, რის გამოც გაბრაზებულმა თ-ამ მასწავლებელს ანახა ხელზე არსებული დალურჯება, რომელიც მიიღო აბაზანაში წაქცევისას და უთხრა, რომ მასზე დედამ იძალადა.
9. რაც შეეხება უდავოდ ცნობილ შემაკავებელი ორდერის ოქმს, ის შეიცავს მწირ ინფორმაციას ძალადობის არსებობის თაობაზე, რომელიც არ დასტურდება სხვა პირდაპირი მტკიცებულებით. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ შემაკავებელი ორდერის ოქმი არ შეიცავს არანაირ ინფორმაციას ტკივილის განცდის თაობაზე.
10. ასევე ტკივილის განცდის ფაქტი არ დასტურდება მოწმეების - ნ. პ-ისა და ც. კ-ის გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციით. ამასთან აღნიშნული მოწმეები არ არიან თვითმხილველნი და ინფორმაციას ფლობენ თ. ჩ-ის და ს. დ-ნ, რომლებმაც არ დაადასტურეს ძალადობის ფაქტი და დაზიანების წარმომავლობასთან დაკავშირებით მისცეს იდენტური ჩვენებები.
11. საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის მსგავსად, მიუთითებს, რომ იმ მოცემულობაში, როდესაც პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია ბრალდებამ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაასაბუთოს პირის ბრალეულობა, მხოლოდ შემაკავებელი ორდერის ოქმში არსებული მწირი ინფორმაცია და ირიბი ჩვენებები ვერ ქმნის პირის მსჯავრდებისათვის აუცილებელ სტანდარტს.
12. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაემტკიცებინა ს. დ-ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობა.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენზე ს. დ-ს მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე