Facebook Twitter

საქმე # 010142224701899195

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №38აგ-24 6 მარტი, 2025 წელი

გ-ი ზ, 38აგ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1995 წლის 8 მარტის განაჩენით:

ზ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (ძველი რედაქცია) 78-ე მუხლით, სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მეოთხე პუნქტით, სსკ-ის 209-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 133-ე მუხლით, სსკ-ის 1331-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მეოთხე პუქტებით, სსკ-ის 203-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილებით, სსკ-ის 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა სიკვდილით დასჯა, რაც შეეცვალა – 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 30 მაისის განაჩენით:

ზ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრა – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 7 ივლისის განაჩენით:

ზ. გ-ს ერთი წლით შეუმცირა სასჯელი და განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. ყვარლის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის განაჩენით:

ზ. გ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლის მეორე ნაწილზე (სსკ-ს მოქმედი რედაქცია) და ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლის მეორე ნაწილით (სსკ-ს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;

ზ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ა“, ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – უვადო თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ზ. გ-ს განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით მის მიმართ დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საოლქო სასმართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 7 ივლისის განაჩენით მის მიმართ დანიშნული სასჯელის (თავისუფლების აღკვეთა 12 წლით) მოუხდელი ნაწილი – 2 წელი 9 თვე და 9 დღე – და ზ. გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა – უვადო თავისუფლების აღკვეთა.

ზ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა – 2007 წლის 18 მაისიდან.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 დეკემბრის განაჩენით:

მსჯავრდებულების – ზ. გ-ის, კ. ა-ის, გ. ვ-ისა და გ. ნ-ის – მიმართ ყვარლის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 28 მაისის განჩინებით:

მსჯავრდებულების – ზ. გ-სა და კ. ა-ის, მსჯავრდებულების – გ. ნ-ისა და გ. ვ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივრები არ დაუშვა განსახილველად.

7. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით:

,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, ზ. გ-ს თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 7 ივლისის განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელი 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ა“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის სახედ განესაზღვრა – უვადო თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შეკრების პრინციპით, ზ. გ-ს საბოლოო სასჯელის სახედ განესაზღვრა – უვადო თავისუფლების აღკვეთა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 13 სექტემბრის განაჩენით:

შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენებისა და განჩინებების გადასინჯვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა (ზ. გ-ის მიმართ).

9. 2024 წლის 12 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ზ. გ-მა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ითხოვა მის მიმართ გამოტანილი ყვარლის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის განაჩენის გადასინჯვა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინებით:

მსჯავრდებულ ზ. გ-ის შუამდგომლობა ყვარლის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი.

11. კასატორი – ზ. გ-ი – ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინების გაუქმებასა და სასამართლოსათვის მითითებას, რომ მან განსახილველად დაუშვას მსჯავრდებულ ზ. გ-ის შუამდგომლობა.

12. საკასაციო საჩივრის მიხედვით, მსჯავრდებულმა შუამდგომლობაში, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით, გამოკვეთა იმ მტკიცებულებათა დაუშვებლობის საკითხი, რომლებიც მისი მსჯავრდების კონტექსტში არაინფორმაციულია. ,,საქმის განხილვაში“ ერთ-ერთი პროკურორი მონაწილეობდა კანონით მინიჭებული უფლების გარეშე, უკანონოდ და დაინტერესებული იყო საქმის შედეგით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის არგუმენტები, გააანალიზა კასატორის მოსაზრებები და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან საჩივარში მითითებული გარემოებები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით განსაზღვრულ, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველს/წინაპირობას, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში, კასატორი მიუთითებს, რომ ყვარლის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის განაჩენი უნდა გადაისინჯოს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით. მოცემული მუხლის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს.

2. კასატორი აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის დროს მისი საქმის განხილვაში მონაწილეობდა ორი პროკურორი და მისთვის უცნობია, თუ რომელი მათგანი წარმოადგენდა ,,საქმის პროკურორს“ და რომელი მოქმედებდა საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლით აკრძალული დანაშაულებრივი ინტერესით.

3. მოცემულ შემთხვევაში, ყვარლის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის განაჩენში მონაწილეობას იღებდა ორი სახელმწიფო ბრალმდებელი (ვინაობა მითითებულია ხსენებულ გადაწყვეტილებაში). ამავე განაჩენით ირკვევა, რომ სასამართლომ საქმე განიხილა მსჯავრდებულთა (მათ შორის, ზ. გ-ის) და მათი ინტერესების დამცველების მონაწილეობით. შესაბამისად, პროკურორები ხსენებულ საქმეში მონაწილეობდნენ განსასჯელებთან ერთად. ზ. გ-ის მიერ შესაბამისი გარემოების გარეშე, ზოგადი სახის მითითება მათგან ერთ-ერთის საქმის შედეგით დაინტერესებისა და უფლებამოსილების გარეშე მოქმედების თაობაზე, არის დაუსაბუთებელი და არ გამომდინარეობს საქმის რომელიმე მასალიდან.

4. ყვარლის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 დეკემბრის განაჩენით უცვლელად არის დატოვებული, ხოლო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2008 წლის 28 მაისის განჩინებით ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე საკასაციო საჩივრები არ დაუშვა განსახილველად. აღსანიშნავია, რომ საკასაციო სასამართლომ მათ შორის ზ. გ-ის საჩივარიც განიხილა, რაც როგორც აღინიშნა, დაცვის მხარის სხვა წარმომადგენლების საჩივართან ერთად, არ დაკმაყოფილდა.

5. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს.

6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზ. გ-ის საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ მიესადაგება საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება – მსჯავრდებულ ზ. გ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ – კანონიერი და დასაბუთებულია, მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე – ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე