საქმე N 330100123008050337
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1184აპ-24 31 იანვარი, 2025 წელი
ა..., №1184აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. გ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა–ი (პირადი ნომერი: ....) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) – დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის 11 ივლისს, თ–ში, სოფელი ფ–ს მიმდებარედ ა–მა უკანონოდ შეძენილი და შენახული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, წონით 0,574 გრამი უკანონოდ გაასაღა გ. ჯ–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
1.3. 2023 წლის 13 ივლისს, თ–ს მიმდებარედ, ა–მა უკანონოდ შეძენილი და შენახული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, წონით 0,93462 გრამი უკანონოდ გაასაღა გ. ჯ–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
1.4. 2023 წლის 14 ივლისს, თ-ის მიმდებარედ, ა–მა უკანონოდ შეძენილი და შენახული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, წონით 0,80478 გრამი უკანონოდ გაასაღა გ. ჯ–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 თებერვლის განაჩენით, ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 11 ივლისის ეპიზოდი) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 11 ივლისის ეპიზოდი) – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 13 ივლისის ეპიზოდი) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 13 ივლისის ეპიზოდი) – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 14 ივლისის ეპიზოდი) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 14 ივლისის ეპიზოდი) – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა ეპიზოდებისათვის დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წელი.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ა–ს როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; 20 წლით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ. ვ–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის ა–ს გამართლება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2024 წლის 10 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. გ–მ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ა–ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდების ნაწილში გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ იქნა დადგენილი ა–ს მიერ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია. დაცვის მხარის განმარტებით, ა–ი არის ნარკოდამოკიდებული პირი, რომელსაც არ ჰქონდა შესაძლებლობა დამოუკიდებლად შეეძინა ნარკოტიკული საშუალება, რის გამოც, მას სხვა პირებთან ერთად ჰქონდა ერთიანი განზრახვა შეგროვილი თანხით, პირადი მოხმარების მიზნით, შეეძინათ ნარკოტიკული საშუალება. შესაბამისად, ა–ს ქმედება წარმოადგენს არა ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, არამედ საერთო მიზნისთვის, საერთო თანხით შეძენილ ნარკოტიკული საშუალების ფლობას და შემდგომ მოთხოვნის შესაბამისად წილის გადაცემას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.2. უპირველეს ყოვლისა საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაცვის მხარის მიერ განაჩენი გასაჩივრებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ეპიზოდებში, ხოლო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა - არ გამხდარა სადოვოდ.
5.3. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის მსჯავრდების შესახებ.
5.4. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთის მხრივ, განაჩენი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, ხოლო, მეორეს მხრივ, მასში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ იქნა მიჩნეული ა–ს მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი – დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ფაქტები, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობიდან.
5.5. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ სადავო ბრალდებებში ა–სის მსჯავრდების დასადასტურებლად სასამართლოში წარმოდგენილია არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, კერძოდ: მოქალაქე გ. ჯ–ს განცხადება და მისი მოწმის სახით გამოკითხვის ოქმები, 2023 წლის 11 ივლისის ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების ოქმები, 2023 წლის 11 ივლისის საკონტროლო შესყიდვის და ვიზუალური კონტროლის განხორციელების შესახებ ოქმი, 2023 წლის 11 ივლისის ამოღების ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის N...... დასკვნა, 2023 წლის 13 ივლისის ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების ოქმი, 2023 წლის 13 ივლისის საკონტროლო შესყიდვის და ვიზუალური კონტროლის განხორციელების შესახებ ოქმი, 2023 წლის 13 ივლისის ამოღების ოქმი, 2023 წლის 12 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის №... დასკვნა, 2023 წლის 14 ივლისის ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების ოქმი, 2023 წლის 14 ივლისის საკონტროლო შესყიდვის და ვიზუალრი კონტროლის განხორციელების შესახებ ოქმი, 2023 წლის 14 ივლისს ჩატარებული ამოღების ოქმი, 2023 წლის 12 სექტემბრით დათარიღებული ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის N№... დასკვნა, ფონოსკოპიური ექსპერტიზის N... დასკვნა, რაც საკმარისია ფაქტის გადასდგენად, რომ ა–მა უკანონოდ გაასაღა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება (სამი ეპიზოდი).
5.6. მოცემულ შემთხვევაში, ა–ს მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და შემდეგ გ. ჯ–ზე გადაცემის ფაქტი არ გამხდარა სადავო. თუმცა ის გარემოება, რომ ა–ი ნაროკოტიკულ საშუალებას მეგობრებთან ერთად ყიდულობდა და შემდგომი მოხმარების მიზნით ინაწილებდა, ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილ ფაქტებს. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებად მიიჩნევა ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემა ნებისმიერი ფორმით და დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როცა გამსაღებელი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით გაასხვისებს ნარკოტიკულ საშუალებას სხვა პირზე. მოცემულ შემთხვევაში კი, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგინდა, ა–ს მხრიდან სამივე ეპიზოდში გარკვეული თანხის სანაცვლოდ გ. ჯ–ზე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ფაქტი, რა დროსაც ადგილი არ ჰქონია ჯამურად შეკრებილი თანხით ერთობლივად ნარკოტიკული საშუალებების შეძენას, საიდანაც ა–მა კუთვნილი წილი გადასცა გ. ჯ–ს. ამასთან, საკონტროლო შესყიდვის ამსახველი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით მკაფიოდ ჩანს, რომ ა–ს უკვე შეძენილი აქვს ნარკოტიკული საშუალება, რასაც თანხის სანაცვლოდ გადასცემს გ. ჯ–ს.
5.7. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ 2023 წლის 11 ივლისს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით, გ. ჯ–სთვის გადაცემულ იქნა 700 ლარი. საკონტროლო შესყიდვის და ვიზუალური კონტროლის განხორციელების შესახებ ოქმის თანახმად, გ. ჯ–ი გაემართა ფ–ათან შესახვედრად, მაგრამ ფ–ამა უარი განაცხადა შეხვედრაზე და მის ნაცვლად გ. ჯ–ეს ნარკოტიკული საშუალება მიჰყიდა ა–მა. მათი შეხვედრა მოხდა თბილისი სოფ. ფ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე. ნარკოტიკის შეძენის შემდეგ გ. ჯ–მა ნარკოტიკული საშუალება წარუდგინა გამომძიებელს პირვანდელ მდგომარეობაში. საქართველოს შსს საექსოერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის №... ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი შავი ფერის პოლიეთილენის მილღობილთავიან ნაჭერში ერთ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფხვნილისებური ნივთიერება, წონით ნოტიო მდგომარეობაში - 2,26 გრამი და წონით გამოშრობის შემდეგ 1,32 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის რაოდენობაა 0,574 გრამი.
5.8. 2023 წლის 13 ივლისის ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების ოქმის მიხედვით ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით გ. ჯ–სთვის გადაცემულ იქნა 600 ლარი. ამოღების ოქმით ირკვევა, რომ 19:15-19:30 საათებს შორის პერიოდში გ. ჯ–სგან ამოღებული იქნა ერთი ცალი პოლიეთილენის პარკის თავმომწვარი წონაკი მასში მოთავსებული ნივთიერებით. 2023 წლის 12 სექტემბრით დათარიღებული ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის მიხედვით - ვიდეო ჩანაწერში ჩანს მამაკაცი /მ/, რომელიც მოძრაობს ავტომობილით. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ წამიერად აჩერებს მანქანას. ამ დროს სწრაფი მოძრაობით უახლოვდება მეორე მამაკაცი /მ1/ და მისალმების დროს მოხერხებულად აწვდის ხელში რაღაც პატარა შეფუთვას. აგრეთვე მამაკაციც სწრაფი მოძრაობით იღებს საბარგულიდან თანხას და აძლევს სანაცვლოდ (ჩანს 100 ლარიანი ფულის კუპიურა). ამის შემდეგ სასწრაფოდ შორდებიან ერთმანეთს. მამაკაცი აგრძელებს ავტომობილით მოძრაობას და დაკვირვებით ატრიალებს ხელში პატარა ზომის შეფუთულ ნივთიერებას. საქართველოს შსს საექსოერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის №... ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით ექსპერტიზაზე წარდგენილი, შავი ფერის პოლიეთილენის პარკის ნაჭერში დაფასოებული მოყავისფრო, სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერება, ნოტიო მდგომარეობაში, გამოშრობის შემდეგ წონით 2,5954 გრამი, წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის რაოდენობა შეადგენს 0,93462 გრამს.
5.9. 2023 წლის 14 ივლისის ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების ოქმის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით, გ. ჯ–ეისთვის გადაცემულ იქნა 500 ლარი. საკონტროლო შესყიდვის და ვიზუალური კონტროლის განხორციელების შესახებ ოქმით ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც გ. ჯ–ეს გადაეცა 500 ლარის ოდენობით ფულადი თანხა იგი გაემართა ა–სთან შესახვედრად, იგი ა–ს შეხვდა ქ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ავტომანქანაში ხელიდან ხელში ა–ს გადასცა ფულადი თანხა, რის შემდეგაც გ. ჯ–მა ნარკოტიკული საშუალება წარუდგინა გამომძიებელს ქ. თ–ი ..., მ–ს გადასახვევის მიმდებარედ. ამოღების ოქმით ირკვევა, რომ 18:17-18:30 საათებს შორის პერიოდში გ. ჯ–სგან ამოღებული იქნა ერთი ცალი პოლიეთილენის პარკის თავმომწვარი წონაკი მასში მოთავსებული ნივთიერებით. 2023 წლის 12 სექტემბრით დათარიღებული ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის მიხედვით ვიდეოჩანაწერში ჩანს მანქანაში მჯდომი შუახნის, ჭაღარა მამაკაცი/მ/, რომელიც ხვდება ახალგაზრდა, შავგვრემან მამაკაცს/მ1/ შავი წვერით. მ- აუ, გული გამისკდა რა, დედა ... რა, გული გამისკდა რა.მ1- მალე, მაიტა... მძღოლის მხარეს მიდის, ფრთხილად იხედება აქეთ-იქეთ და მანქანის ფანჯარასთან ქუჩიდან, ხელების სწრაფი მოძრაობით ერთი ხელიდან მეორე ხელისგულში გადააქვს პარკში შეფუთული პატარა ზომის შეკვრა და ღია ფანჯარაში სწრაფად უდებს მამაკაცს/მ/ ხელისგულში, სანამ მეორე ხელით ფულს აძლევს. მ. ა–ა, გვერდით სათავსოდან იღებს რამოდენიმე ასლარიან კუპიურას და აძლევს /მ1/-ს, რომელიც სწრაფადვე მიდის. აუ, სად... არ ასრულებს და მანქანის უკუსვლით იწყებს მოძრაობას. რის შემდეგაც ვიდეოჩანაწერი სრულდება. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N№... ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით ექსპერტიზაზე წარდგენილი, შავი ფერის პოლიეთილენის პარკის ნაჭერში დაფასოებული მოყავისფრო, სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერება, ნოტიო მდგომარეობაში, გამოშრობის შემდეგ წონით 2,3616 გრამი, წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის რაოდენობა შეადგენს 0,80478 გრამს.
5.10. 2023 წლის 26 სექტემბრის N.... ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ფონოგრამებს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება.
5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელია, როგორც ფაქტების უტყუარი დადასტურება, ისე – მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტის დადასტურებულად მიჩნევა, რაც ქმნის დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას და სახეზეა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი).
6. სასჯელის დასაბუთება:
6.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის მიზანს არ წარმოადგენს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა. თავისუფლების აღკვეთა, როგორც ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრესი ფორმა, გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
6.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და, საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ა–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, ა–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელები მსჯავრადშერაცხილი მუხლების სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის კანონიერი და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
6.3. ამასთან, ვინაიდან ა–მა დანაშაულები ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, მის მიმართ უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი.
6.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა).
6.5. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, ვინაიდან რომ ა–ი არის ნასამართლობის არმქონე პირი მას უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები.
6.6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით, ამავე კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. გ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
3. ა–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 11 ივლისის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გაუნახევრდეს და განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 11 ივლისის ეპიზოდი) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 13 ივლისის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გაუნახევრდეს და განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 13 ივლისის ეპიზოდი) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 14 ივლისის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გაუნახევრდეს და განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 14 ივლისის ეპიზოდი) -12 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 14 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სხვა სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ა–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4. ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ა–ს როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; 20 წლით ჩამოერთვას: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
5. მსჯავრდებულ ა–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან – 2023 წლის 12 სექტემბრიდან;
6. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ა–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია;
7. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ერთი ცალი ლაზერული დისკი – შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
ნარკოტიკული საშუალებები, შესაფუთი მასალა, ნერწყვის ნიმუში – განადგურდეს;
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;
9. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე