Facebook Twitter

საქმე N330100122006037778

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1159აპ-24 17 იანვარი, 2025 წელი

გ–ე ბ., №1159აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამთა გახარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ბ. გ–ე (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2022 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 01:00 საათზე, თ–ში, გ–ს ... მიკრორაიონი, კორპუსი №..., ბინა №..–ში, ბ. გ–მ ფიზიკური ძალადობა განახორციელა მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ. ჯ–ს მიმართ, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას ხელი დაარტყა სახეში და მოუჭირა ხელზე, რა დროსაც თ. ჯ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 ივნისის განაჩენით ბ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი. მსჯავრდებულ ბ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა, პატიმრობაში ყოფნის პერიოდი, 2022 წლის 28 ივნისიდან - 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამთა გახარიამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2024 წლის 3 ოქტომბერს, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამთა გახარიამ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ბ. გ–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, თავისუფლების აღკვეთის სახით.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, ჩადენილი დანაშაულის ხასიათის მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უკანონოა. ამასთან, იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებს, რისი გათვალისწინებითაც ბ. გ–ს უნდა დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რისი მხედველობაში მიღებითაც არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა ბ. გ–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.3. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვა ნორმატიული აქტების, მათ შორის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

5.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 63-ე და 64-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, ბ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული, კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რაც სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).

5.6. საკასაციო პალატა, ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას თითქოსდა სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და განმარტავს, რომ მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა. ამასთან, პროკურორის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა განსხვავებული წინაპირობები არსებობს დანიშნული სასჯელის დამძიმებისათვის, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.

5.7. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

5.8. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა იყოს ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, რეალური და პროპორციული სასჯელის მიზნების მისაღწევად. ერთი მხრივ სასჯელის სახემ და ზომამ დაუსჯელობის განცდა არ უნდა გამოიწვიოს, ხოლო მეორე მხრივ, მსჯავრდებულს და საზოგადოებას არ უნდა გაუჩინოს განცდა, რომ სასჯელის მიზანს ადამიანის პირადი დასჯა და ტანჯვა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სასჯელის შერჩევისას სასამართლომ თანაბრად უნდა გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი ფაქტორები, რომელთა სამართლიანი ურთიერთშეფასებისას, არ უნდა მოხდეს რომელიმე საგულისხმო ფაქტორის უგულებელყოფა. საქმეში არსებული ინფორმაცია ბ. გ–ს წარსული ცხოვრების უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა, მას დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და შესაბამისად თავისუფლების აღკვეთის სახით სანქციის ფარგლებში გამოყენებული სასჯელი – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მისი მოხდის ფორმა, როგორც კანონიერი, ისე – სამართლიანია.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.11. ამასთან, მართალია ბ. გ–მ მსჯავრადშერაცხილი დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, თუმცა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე.

5.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამთა გახარიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე