Facebook Twitter

საქმე N 330100123007595323

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1126აპ-24 27 იანვარი, 2025 წელი

თ–ნ-მ–ი დ., №1126აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. თ–ნ–მ–სის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების თ. გ–სა და ნ. ჩ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. დ. თ–ნ–მ–ი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2023 წლის 22 აპრილს, დილის საათებში, ქ. თ–ში ......ის ქუჩა N.., ბინა N.. დ. თ–ნ–მ–მა, თავისივე საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას, განზრახ მოკვლის მიზნით, ხელთარსებული მჭრელი საგნით, სხეულის სხვადასხვა ადგილზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა მასთან სტუმრად მყოფ ზ. ე–ს. მიღებული დაზიანების შედეგად ზ. ე–ი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 იანვრის განაჩენით, დ. თ–ნ–მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღვეთა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 იანვრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა დაცვის მხარემ და მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. ალტერნატივის სახით კი, ქმედების საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ივნისის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2024 წლის 16 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა დ. თ–ნ–მ–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ნ. ჩ–მ და თ. გ–მ, რომლითაც მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. ალტერნატივის სახით კი, ქმედების საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება.

3.3. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრებზე, ბრალდების მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. კასატორთა პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, კერძოდ: მასში მოყვანილი დასკვნები არ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ეს მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებს დ. თ–ნ–მ–ს მიმართ მსჯავრადშერაცხილ ქმედებას. მსჯავრდებული თავადაა დაზარალებული. მას თავს სწორედ გარდაცვლილი დაესხა. ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც ზ. ე–მა ცინიკური საუბრით მას მოსთხოვა ნივთების ჩუქება, მსჯავრდებულმა კი, ნ. ზ–ს სთხოვა წასულიყო და თან წაეყვანა მიყვანილი სტუმრები, რა დროსაც ზ. ე–ი მოულოდნელად თავს დაესხა მსჯავრდებულს და რამდენიმე ძლიერი დარტყმით წააქცია იგი. დანა ხელში ზ. ე–ს ეჭირა, რომელიც მისი მიმართულებით მოიქნია. მსდჯავრდებულმა შეძლო წაერთმია დანა, რა დროსაც გადაეჭრა მარჯვენა და მარცხენა ხელის თითები. მისი უმოწყალო ცემა გრძელდებოდა უწყვეტად. თავდასხმისას მას ჩაემტვრა სახის ძვლები, დაუზიანდა ორივე თვალბუდე, მიიღო მრავალი დაზიანება სხეულზე. უკიდურეს მდგომარეობაში და თავდასხმისაგან მოგერიების მიზნით დაიწყო მსჯავრდებულმა ზ. ე–სთვის წართმეული დანის უმისამართოდ ქნევა, მის ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა თავი დაეღწია ხელყოფისაგან და გადაერჩინა საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. მოხვდა თუ არა ვინმეს მოქნეული დანა, ვერ მიხვდა, რადგან კვლავ გრძელდებოდა მისი ცემა. ცემის შედეგად წაქცეულმა დ. თ–ნ–მ–მა დაინახა მისი ბინიდან გამავალი თავდამსხმელი. ამდენად, დ. თ–ნ–მ–სთვის, მსჯავრადშერაცხილი ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით სამართლებრივად არასწორია. დ. თ–ნ–მ–ს მოცემულ სიტუაციაში არ ჰქონდა სხვა საშუალების გამოყენების შესაძლებლობა, გარდა იმისა, რომ თავი დაეცვა მის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმისგან, მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფისგან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამართლებელი განაჩენი ან/და მის მიერ ჩადენილი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს დ. თ–ნ–მ–ს მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.

5.3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეებს შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს, რომ დ. თ–ნ–მ–მა ზ. ე–ს დანით მიაყენა მრავლობითი ჭრილობები. აღნიშნული მსჯავრდებულმა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაადასტურა, თუმცა განმარტა, რომ მას ზ. ე–სის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. ზ. ე–ი თავად დაესხა თავს და მიაყენა მრავლობითი დაზიანებები. იგი იცავდა თავის სიცოცხლეს მართლსაწინააღმდეგო თავდასხმისაგან და მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. დ. თ–ნ–მ–ს განმარტებით, დანა, რომლითაც დაზიანებები მიაყენა ზ. ე–ს, ეკუთვნოდა თავად გარდაცვლილს, რომელიც წაართვა მასზე განხორცილებული თავდასხმის დროს, როდესაც ცდილობდა დარტყმას. აღნიშნულის შემდეგ უმისამართოდ იქნევდა დანას, შესაბამისად არ იცის სად და რა სახის დაზიანებები მიაყენა გარდაცვლილს.

5.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახი მკვლელობისათვის. ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა – სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის ან/და შელაპარაკების ნიადაგზე.

5.5. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის თაობაზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება: დანაშაულის იარაღი (მჩხვლეტავ-მჭრელი საგანი), დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, რა ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, ის, რომ მსჯავრდებულს ამოძრავებდა შურისძიების მოტივი, ასევე დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება და დანაშაულის ჩადენის შემდგომ მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ქმედებები.

5.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აუცილებელი მოგერიება შესაძლებელია როგორც საკუთარი, ასევე სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. აუცილებელი მოგერიების დროს აუცილებელია თავდასხმა იყოს ობიექტურად, რეალურად საშიში და მომგერიებელს სუბიექტურად უნდა ჰქონდეს თავდაცვის მიზანი. აღნიშნული სტრუქტურულად გამოიხატება უკიდურეს მდგომარეობაში, უკიდურესობით გამოწვეულ მოქმედებაში და თავდაცვის სურვილში. ხელყოფა გარდა იმისა, რომ უნდა იყოს რეალური, იგი უნდა იყოს ასევე მართლსაწინააღმდეგო, იმწუთიერი, რელევანტური ანუ სოციალურად მნიშვნელოვანი და სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით განხორციელებული. ასევე გადაცილებული არ უნდა იქნეს აუცილებელი მოგერიების ფარგლებს. იმისათვის, რომ სახეზე გვქონდეს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება – აუცილებელი მოგერიება აუცილებელია დადგინდეს მომგერიებლის სუბიექტური მდგომარეობა, რომელიც მიმართული უნდა იყოს მხოლოდ სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით და არა შურისძიებით.

5.7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულს ზ. ე–ს მოკვლა არ სურდა და მხოლოდ აუცილებელი მოგერიებისა და თავდაცვის მიზნით დაარტყა დანა სხეულის სხვადასხვა არეში, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. განსაკუთრებით საგულისხმოა, ზ. ე–სათვის მიყენებული დაზიანებების მდებარეობა და რაოდენობა, კერძოდ: დ. თ–ნ–მ–ს მიერ ზ. ე–ს მოკვლის განზრახვაზე უდავოდ მეტყველებს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გარდაცვლილს დაზიანებები, ასევე აღენიშნება ზურგში, უკნიდან-წინ, ზემოდან-ქვემოთ, მარჯვნიდან-მარცხნივ მიმართულებით. სწორედ ეს დაზიანება გამორიცხავს ბრალდებულის ვერსიას დანის უმისამართოდ ქნევასთან მიმართებით და მიუთითებს არა თავდაცვის მიზანზე, არამედ მიზანმიმართულ და გააზრებულ ქმედებაზე. ამასთან, ჭრილობები მიყენებულია თავის, გულმკერდის, მუცლისა და მარცხენა ზემო კიდურის მიდამოებში, რაც მათი ლოკალიზაციიდან გამომდინარე ნათლად მიუთითებს, რომ დ. თ–ნ–მ–სის მიერ განხორციელებული მოქმედებებით რისკი იმისა, რომ დაზიანებულიყო ადამიანის სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები - მაღალი იყო.

5.8. საკასაციო სასამართლო გვერდს ვერ აუვლის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 28 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის N.......... დასკვნას, რომლითაც დ. თ–ნ–მ–ს დაუდგინდა ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით, თუმცა საკასაციო სასამართლო ამ ვითარებაშიც კი ვერ მიიჩნევს ამ გარემოებას მსჯავრდებულის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ყოფნის დამადასტურებლად, ვინაიდან გარდაცვლილის სხეულზე არსებული დაზიანებების, ლოკალიზაციის, მიმართულების და რაოდენობის გათვალისწინებით დგინდება, რომ იმ დროს, როდესაც დ. თ–ნ–მ–მა დანის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ზ. ე–ს, ის იმყოფებოდა არა თავდაცვის, არამედ – თავდასხმის მდგომარეობაში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის – განზრახ მკვლელობის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი.

5.9. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის თანახმადაც, მტკიცებულებების შინაარსი გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას მსჯავრდებულის უდანაშაულობისა და თავდაცვის მდგომარეობაში ყოფნის თაობაზე.

5.10. ამდენად, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.13. ამასთან, მართალია დ. თ–ნ–მ–მა მსჯავრადშერაცხილი დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, თუმცა საკასაციო სასამართლო ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენება/არ გამოყენების თაობაზე არ იმსჯელებს, ვინაიდან ზემოხსენებული კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.

5.14. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. თ–ნ–მ–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების თ. გ–სა და ნ. ჩ–ს საკასაციო საჩივრები.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

მამუკა ვასაძე