Facebook Twitter

საქმე N 190100123007896367

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №944აპ-24 31 იანვარი, 2025 წელი

ი-ი მ., №944აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ი–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. რ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ. ი–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება ე.ი. დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 12:30 საათზე, მ............ საავტომობილო გზის მე-20 კილომეტრზე, მეორეხარისხოვანი გრუნტიანი გზიდან მთავარი გზის მიმართულებით მოძრაობდა კ–ს მარკის სატვირთო ავტომობილი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით – ......., რომელსაც მართავდა მ. ი–ი. ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის დანართის – საგზაო პრიორიტეტის ნიშანი 2.3-ის მოთხოვნები, დათმობის გარეშე გავიდა მთავარ გზაზე და ავტომობილის წინა ნაწილით მარჯვენა გვერდითა ნაწილში შეეჯახა მ....... რაიონის სოფელ ...... მხრიდან ქ.მ....... მიმართულებით მოძრავ ,,ოპელ კორსას“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო სანომრე ნიშნით – ......, რომელსაც მართავდა ხ..... შეჯახების შედეგად ხ....ს ავტომობილი ინერციით გადაადგილდა საპირისპირო სავალი ზოლისკენ, სადაც მას შეეჯახა საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით – ......, რომელსაც მართავდა რ–ი. ავტოავარიის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო, ხ..... და მისი მგზავრი მ.... შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ.

1.3. 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 12:30 საათზე, მ....... საავტომობილო გზის მე-20 კილომეტრზე, მეორეხარისხოვანი გრუნტიანი გზიდან მთავარი გზის მიმართულებით მოძრაობდა კ–ს მარკის სატვირთო ავტომობილი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით – ......., რომელსაც მართავდა მ. ი–ი. ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის დანართის – საგზაო პრიორიტეტის ნიშანი 2.3-ის მოთხოვნები, დათმობის გარეშე გავიდა მთავარ გზაზე და ავტომობილის წინა ნაწილით მარჯვენა გვერდითა ნაწილში შეეჯახა მ..... რაიონის სოფელ ...... მხრიდან ქ.მ....... მიმართულებით მოძრავ „ოპელ კორსას“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო სანომრე ნიშნით – ......, რომელსაც მართავდა ხ..... შეჯახების შედეგად ხ....ს ავტომობილი ინერციით გადაადგილდა საპირისპირო სავალი ზოლისკენ, სადაც მას შეეჯახა საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით – ......, რომელსაც მართავდა რ–ინი. ავტოავარიის შედეგად ხ..... და მისმა მგზავრმა მ....- მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები, იმყოფებოდნენ სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და არ ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ ზომები თავის დასაცავად. ამის მიუხედავად, შეჯახების შემდეგ მ. ი–მა შემთხვევის ადგილზე დაუხმარებლად მიატოვა ხ..... და მ.... და ავტომობილით მიიმალა, მიუხედავად იმისა, რომ მას შეეძლო დაზარალებულებზე ზრუნვა და დახმარება. მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებების შედეგად, ხ..... და მ.... შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 თებერვლის განაჩენით, მ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით 1 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ი–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 1 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ი–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ. რ–მა და მოითხოვა მ. ი–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2024 წლის 31 ივლისს, მსჯავრდებულ მ. ი–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ. რ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მ. ი–ს გამართლება, ხოლო ალტერნატიულ მოთხოვნას წარმოადგენს მ. ი–სთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

3.3. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ წარმოდგენილი შესაგებლით მოითხოვა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, სასამართლოს მ. ი–ს მიმართ უნდა გამოეტანა გამამართლებელი განაჩენი, რადგან საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინება მისი ბრალეულობა. ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზები არ არის კატეგორიული და ეწინააღმდეგება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც ცალსახად დგინდება, რომ ავტომობილ ,,ოპელ კორსას“ მძღოლს ტექნიკური თვალსაზრისით, ყველა შესაძლო ზომის დროულად მიღებით შეეძლო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის აცილება. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ვ-ა. დაცვის მხარის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მ. ი–სმა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის დანართის საგზაო მოძრაობის ნიშანი 2.3-ის მოთხოვნები და გზის დათმობის გარეშე გავიდა მთავარ გზაზე - არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მსჯავრდებულის განმარტებით, მან გაიხედა მარცხნივ და მას შემდეგ რაც დარწმუნდა, რომ ავტომობილი არ ჩანდა დაიწყო მოძრაობა, ხოლო მტკიცებულება რომელიც საპირისპიროს დაამტკიცებდა - ბრალდების მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი. რაც შეეხება მ. ი–ს მიერ ხ.....ს და მ....ს განსაცდელში მიტოვებას, არც აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია ბრალდების მხარეს, ვინაიდან მსჯავრდებულის განმარტებით, შემთხვევის შემდეგ იგი მივიდა ,,ოპელ კორსას“ მარკის მანქანასთან და ნახა, რომ მასში მყოფი პირები იყვნენ გარდაცვლილები, ხოლო იქვე შეკრებილი იყო 20-30 ადამიანი. ამასთან, მ. ი–სისთვის დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, რაც არ შეესაბამება მის პიროვნებას, ქმედების ხასიათს და სასჯელის მიზნებს. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ყოველივე ზემოხსენებული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველს.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.2. უპირველეს ყოვლისა საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავოდ არ გამხდარა საკითხი, რომ 2023 წლის 3 აგვისტოს, მ...... საავტომობილო გზის მე-20 კილომეტრზე, მ. ი–ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის მონაწილეობით მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რასაც შედეგად ორი პირის გარდაცვალება მოჰყვა, თუმცა დაცვის მხარე გამორიცხავს მ. ი–ის ბრალეულობას და მიაჩნია, რომ მომხდარი ხ....- მიერ საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის დარღვევამ გამოიწვია. კერძოდ, თუ ხ.... დაბრკოლების წარმოშობისას დროულად მიიღებდა ყველა შესაძლო ზომას უსაფრთხოების უზრუნვესაყოფად - თავიდან აიცილებდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას.

5.3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ კატეგორიის საქმეებში საკვანძო საკითხს წარმოადგენს ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე რომელმა მძღოლმა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რამაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა და ამ წესების დაცვის შემთხვევაში შეძლებდა თუ არა იგი მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას. სწორედ ამ გარემოებების დასადგენად, უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას წარმოადგენს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სქემა-ნახაზი, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, რაც მოწმეთა ჩვენებებთან ერთად ფასდება ექსპერტების მიერ და ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შესაძლებლობას იძლევა.

5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას მ. ი–ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში უდანაშაულობის შესახებ და ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ: მოწმეების: რ–ს, ვ–ს, ა. ს–ს ჩვენებებზე, 2023 წლის 3 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და თანდართულ სქემატურ ნახაზზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებზე, სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის N......... და სატრანსპორტო-ტრასოლოგიურ-ავტოტექნიკური ექსპერტიზის N.......... დასკვნებზე და მიაჩნია, რომ 2023 წლის 3 აგვისტოს, მ. ი–მა ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვა, თავისი ქმედებით საფრთხე შეუქმნა გადასაკვეთ გზაზე პრიორიტეტული მოძრაობის მქონე „ოპელ კორსას“ მარკის ავტომობილს, რომლის მძღოლმა, აუცილებელი რეაგირების დროის არქონის გამო, თავიდან ვერ აიცილა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც, ავტომობილმა „ოპელ კორსამ“ დაკარგა მართვა და მოცურებულ მდგომარეობაში გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში, სადაც შეეჯახა საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომობილი, რომელსაც მართავდა რ–ინი. ავტოავარიის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო ხ..... და მისი მგზავრი მ.... შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ.

5.5. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მოწმე რ–ს ჩვენებაზე, რომელიც თვითმხილველი გახდა და აღწერა, როგორც კ–სა და „ოპელ კორსას“ შეჯახების გარემოებები, ისე „ოპელ კორსას“ მარკის ავტომობილის მოცურება და „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომობილთან შეჯახება. მისი ჩვენების თანახმად, 2023 წლის 3 აგვისტოს, მარნეულიდან ...... მიმართულებით მოძრაობდა 60 კმ/სთ სიჩქარით. ამ დროს, დაახლოებით 40 მეტრის მოშორებით, გზაჯვარედინზე დაინახა, რომ მარცხენა მხრიდან გამოვიდა მომწვანო-მოლურჯო „კამაზი“, ხოლო მოწინააღმდეგე მხრიდან მოდიოდა „ოპელ კორსა“. მისი აზრით, როდესაც მძღოლებმა ერთმანეთი დაინახეს ავტომობილებს შორის დაშორება იყო დაახლოებით 5-10 მეტრი. შეჯახება ოპელის დანახვიდან დაახლოებით 4-5 წამში მოხდა. ოპელის მარკის ავტომანქანა დაახლოებით 70 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა მთავარ გზაზე, როცა კამაზმა მარცხენა კუთხით, უკანა მარჯვენა მხარეს დაარტყა. ამ დროს ავტომანქანა ოპელი მარჯვნივ იყო მიმართული. შეჯახების შემდეგ კი, მისკენ მოძრაობდა – ნახევრად იყო მის სავალ გზაზე, ხოლო ნახევრად მოწინააღმდეგე მხარეს, რა დროსაც უკვე მას დაეჯახა. შეჯახების შედეგად ის დარჩა მის სამოძრაო ზოლში. მაღაზიის მხარეს არ გადასულა, რადგან იქ ხალხი იყო. ამასთან, შეეშინდა მანქანა არ გადაბრუნებულიყო და იმ წუთას ერთადერთ გამოსავლად მიიჩნია მისი მართვის ქვეშ მყოფი მანქანის გაჩერება. შემთხვევის ადგილზე მყოფი ადამიანები მივიდნენ მასთან და დაეხმარნენ, რომ გადმოსულიყო მანქანიდან. შემდეგ გადააადგილეს მანქანები, რადგან ვერ შეძლეს გამოეყვანათ ოპელის მარკის მანქანაში უგონოდ მყოფი ორი პირი. რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარება, რა დროსაც გაიგო, რომ მანქანაში მყოფი პირები გარდაიცვალნენ. ის სასწრაფო დახმარებამ წაიყვანა მ....... საავადმყოფოში, სადაც ტვინის შერყევა და მარჯვენა ფეხის მოტეხილობა დაუდგინდა. შემთხვევიდან ოთხი დღის შემდეგ, გამომძიებელთან ერთად შემთხვევის ადგილზე იყო მისული რა დროსაც შედგა სქემა და ოქმი.

5.6. 2023 წლის 7 აგვისტოს ვითარების აღდგენის მიზნით მოწმე რ–ის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელიც მიმდინარეობდა მ....... რაიონის სოფელ ზემო ს....... ტერიტორიაზე გამავალ მ...... საავტომობილო გზის მე-20 კილომეტრზე, გზაჯვარედინზე, სადაც მთავარ საავტომობილო გზას ორივე მხრიდან უერთდება მეორეხარისხოვანი გზები. შემთხვევის ადგილზე საავტომობილო გზა არის ასფალტირებული, უდეფექტო, მშრალ მდგომარეობაში და განკუთვნილია ორმხრივი მოძრაობისათვის. გზა არის გაყოფილი უწყვეტი ღერძულა ზოლით, რომელიც გზაჯვარედინზე იცვლება წყვეტილი ზოლით. სოფელ ...... მიმართულებით, გზაჯვარედინის ბოლოს, ცენტრალურ გზაზე არის მონიშვნა „ქვეითთა გადასასვლელი“. იგივე მიმართულებით გზის მარცხენა სამოძრაო ზოლის სიგანემ შეადგინა 3,8 მეტრი, ხოლო მთლიანი გზის სიგანემ შეადგინა 7,3 მეტრი. გზას ორივე მხარეს გააჩნია 0,3 მეტრი სიგანის ასფალტირებული გვერდული. სოფელ ...... მიმართულებით გზის მარჯვენა მხარეს არსებული ღორღიანი გვერდულის სიგანემ შეადგინა 7,8 მეტრი, ხოლო იგივე მიმართულებით გზის მარცხენა მხარეს არსებული ღორღიანი გვერდულის სიგანემ შეადგინა 5,0 მეტრი. მ............ საავტომობილო გზის მე-20 კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილას, რ–მა მიუთითა ადგილი და ზემოხსენებული ავტომობილების განლაგება იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობაშიც მოხდა „კ......“ სატვირთო ავტომანქანისა და „ოპელ კორსას“ მარკის ავტომანქანის შეჯახება. აღნიშნულის შემდეგ, „კ....“ სატვირთო ავტომანქანა და „ოპელ კორსას“ მარკის ავტომანქანა განალაგეს საავტომობილო გზაზე რ–ის მითითებით, რის შემდეგაც გაიზომა მანძილი შეჯახების წერტილიდან გზის მარცხენა პირობით კიდემდე სოფელ ...... მიმართულებით, რამაც შეადგინა 1,7 მეტრი. რ–მა აჩვენა თავის მართვის ქვეშ მყოფი „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანის განლაგების ადგილი, საიდანაც მან დაინახა კ.... მარკის სატვირო ავტომობილისა და „ოპელ კორსას“ მარკის ავტომობილის შეჯახება. აღნიშნულის შემდეგ „ფორდ ტრანზიტის“ ავტომობილი მოათავსეს იმ ადგილას, რომელზეც მიუთითა რ–მა. რის შემდეგ გაიზომა მანძილი აღნიშნული წერტილიდან კ.... მარკის სატვირთო ავტომობილისა და „ოპელ კორსას“ მარკის ავტომობილის შეჯახების წერტილამდე, რამაც შეადგინა 40 მეტრი. რ–მა მიუთითა ადგილი და აჩვენა განლაგება, რა განლაგებითაც მოხდა მისი მართვის ქვეშ მყოფი „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომოილისა და „ოპელ კორსას“ მარკის ავტომობილებს შორის შეჯახება. აღნიშნულის შემდეგ „ფორდ ტრანზიტის“ მარკისა და „ოპელ კორსას“ მარკის ავტომობილები განალაგეს საავტომობილო გზაზე რ–ს მითითებით, რის შემდეგ გაიზომა მანძილი აღნიშნული წერტილიდან გზის გამყოფ უწყვეტ ღერძულა ზოლამდე, რამაც შეადგინა 1,0 მეტრი. შედგენილი იქნა სქემატური ნახაზი და მოხდა ფოტოგადაღება, რაც ერთვის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს.

5.7. 2023 წლის 7 აგვისტოს, ვითარების აღდგენის მიზნით, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ........ის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელმა ვ–მ უფროსი გამომძიებლის კ. ბ–ს მონაწილეობით ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი მ....... რაიონის სოფელ ზ..... გამავალი მ............ საავტომობილო გზის მე-20 კილომეტრზე, გზაჯვარედინზე, სადაც მთავარ საავტომობილო გზას ორივე მხრიდან უერთდება მეორეხარისხოვანი გზები. შემთხვევის ადგილზე საავტომობილო გზა არის ასფალტირებული, უდეფექტო, მშრალ მდგომარეობაში და განკუთვნილია ორმხრივი მოძრაობისათვის. გზა არის გაყოფილი უწყვეტი ღერძულა ზოლით, რომელიც გზაჯვარედინზე იცვლება წყვეტილი ზოლით. ქ. მ....... მიმართულებით, გზაჯვარედინის დასაწყისში ცენტრალურ გზაზე არის საგზაო მინიშნება ქვეითთა გადასასვლელი. სოფელ ...... მიმართულებით გზის მარცხენა სამოძრაო სიგანემ შეადგინა 3,8 მეტრი, ხოლო მთლიანი გზის სიგანემ შეადგინა 7,3 მეტრი. გზას ორივე მხარეს გააჩნია 0,3 მეტრის სიგანის ასფალტირებული გვერდული. სოფელ ...... მიმართულებით გზის მარჯვენა მხარეს არსებული ღორღიანი გვერდულის სიგანემ შეადგინა 7,8 მეტრი, ხოლო იგივე მიმართულებით გზის მარცხენა მხარეს არსებული ღორღიანი გვერდულის სიგანემ შეადგინა 5,0 მეტრი. მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, გზის აღნიშნულ მონაკვეთში სოფელ ......--- ქ.მ....... მიმართულებით მოძრავ „ოპელ კორსას“ მარკის ავტომობილს, რომელსაც მართავდა ხ....., გზაჯვარედინზე მარჯვენა მხრიდან შეეჯახა მეორეხარისხოვანი გზიდან მომავალი კ.... მარკის სატვირთო ავტომობილი, გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში, სადაც მას შეეჯახა ქ.......... სოფელი ...... მიმართულებით მოძრავი „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომობილი. იმისათვის, რომ დადგენილიყო სატვირთო ავტომობილის მძღოლის სავარძლიდან მისთვის შესაფერის პოზიციაში ჯდომისას მძღოლისთვის რა მანძილზე იყო შესაძლებელი სოფ. მ....... მიმართულებით მოძრავი ავტომობილის დანახვა, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. შემთხვევის ადგილზე, გზაჯვარედინზე, სადაც მთავარ გზას უერთდება მეორეხარისხოვანი გზები, ქ. მ....... მიმართულებით გზის მარჯვენა მხარეს არსებულ მეორეხარისხოვან გზაზე, გზაჯვარედინის დასაწყისიდან მიმართულებით გზაჯვარედინისაკენ გაჩერებული იქნა კ.... მარკის ავტომობილი, რომელიც წინა ნაწილით განლაგდა ქ. მ....... მიმართულებით გზის პირობით მარჯვენა კიდესთან. აღნიშნული ავტომობილის წინა მარჯვენა კუთხიდან მეორეხარისხოვანი გზის (სადაც არის ის გაჩერებული) მარჯვენა კიდემდე მანძილმა შეადგინა 1,8 მეტრი, ხოლო უკანა მარჯვენა კუთხიდან გზის იმავე კიდემდე მანძილმა შეადგინა 1,6 მეტრი. აღნიშნულის შემდგომ იმის გასარკვევად რამდენად შესაძლებელი იყო ავტომობილის მძღოლის სავარძლიდან მისგან მარცხენა მხრიდან მთავარ გზაზე, სოფ. ქ. მ....... მიმართულებით მოძრავი „ოპელ კორსას“ მარკის ავტომობილის დანახვა, გამომძიებელი კ. ბ–ი დაჯდა მძღოლის სავარძელზე, ავტომობილის მართვისას შესაფერის პოზიციაში, აღნიშნული პოზიციიდან მარცხენა კარის ფანჯრიდან ნათლად დაინახა საავტომობილო გზა. ამის შემდეგ სოფელ ......, იმ ადგილიდან, რომელიც არ ჩანს შემთხვევის ადგილიდან დაიძრა საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილე „ოპელ კორსას“ მარკის ავტომობილი და მაშინ, როდესაც კ. ბ–მა დაინახა კ.... მარკის ავტომობილის მძღოლის სავარძლიდან „ოპელ კორსას“ მარკის ავტომობილი, მოხდა აღნიშნული ავტომობილის გაჩერება, რის შემდეგ გაიზომა მანძილი კ.... მარკის ავტომობილსა და ექსპერიმენტში მონაწილე „ოპელ კორსას“ მარკის ავტომობილს შორის, რამაც შეადგინა 100 მეტრი. აღნიშნულის შემდეგ, იმის გასარკვევად, რამდენად შესაძლებელი იყო ,,ოპელ კორსას“ მარკის ავტომობილის მძღოლის სავარძლიდან მისგან მარჯვენა მხრიდან მეორეხარისხოვანი გზის დასასრულთან მთავარ გაზე შემოსვლამდე გაჩერებული კ.... მარკის ავტომობილის დანახვა, გამომძიებელი კ. ბ–ი დაჯდა მძღოლის სავარძელზე და დაიწყო მოძრაობა სოფელ ......--- ქ. მ....... მიმართულებით იმ ადგილიდან, რომელიც არ ჩანს შემთხვევის ადგილიდან და მას შემდეგ, როგორც კი გამოჩნდა მარჯვენა მხრიდან მეორეხარისხოვან გზაზე გზაჯვარედინის დასაწყისიდან გაჩერებული კ.... მარკის სატვირთო ავტომობილი, კ. ბ–მა გააჩერა ავტომობილი, რის შემდეგაც გაიზომა მანძილი „ოპელ კორსას“ მარკის ავტომობილიდან კ.... მარკის ავტომობილამდე, რამაც შეადგინა 100 მეტრი. საგამოძიებო ექსპერიმეტის შედეგად შედგა სქემატური ნახაზი და ფოტოგადაღება.

5.8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლი ბლანკეტური შინაარსის ნორმაა და ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევის დადგენისას სახელმძღვანელო ნორმატიულ აქტს წარმოადგენს საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონი. მოცემულ შემთხვევაში მ. ი–ს მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა გამოიხატა მასში, რომ მან ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის დანართის – საგზაო პრიორიტეტის ნიშანი 2.3-ის მოთხოვნები, რომელიც განსაზღვრავს პრიორიტეტის ნიშნებს, კერძოდ, პრიორიტეტის ნიშანი ადგენს გზაჯვარედინის, სავალი ნაწილის გადაკვეთის ან გზის ვიწრო მონაკვეთის გავლის რიგითობას. მათ შორის, პრიორიტეტის ნიშანი 2.3. „დაუთმე გზა“ − გულისხმობს გზას, რომელზეც მოძრავი მძღოლიც ვალდებულია გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ მძღოლს. მეორეხარისხოვანი გზიდან მოძრავ ავტომობილს გააჩნია ვალდებულება გზა დაუთმოს მთავარ გზაზე მოძრავ ავტომობილს და არ შექმნას საფრთხე, არ აიძულოს პრიორიტეტის მქონე მძღოლი უეცრად შეცვალოს მოძრაობის მიმართულება ან სიჩქარე.

5.9. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის დამადასტურებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან იმის დადგენა, წინდახედულობის ნორმის დარღვევამ გამოიწვია თუ არა სისხლისსამართლებრივად დასჯადი შედეგი, მოითხოვს სპეციალურ ცოდნას. რიგ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ წინდახედულობის ნორმის როგორც დაცვის, ისე მისი უგულებელყოფის დროს ერთიდაიგივე შედეგი დადგეს. ამიტომ სატრანსპორტო დანაშაულებთან მიმართებით განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ ექსპერტიზის დასკვნასა და მის უტყუარ/კატეგორიულ ხასიათს ენიჭება. ექსპერტმა ზუსტად უნდა დაადგინოს საფრთხის შექმნის მომენტი და განსაზღვროს, მიიღო თუ არა მძღოლმა საფრთხის შექმნის მომენტიდან ის ზომები, რის მიღებასაც მას საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონი ავალდებულებს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის №780აპ-20 განაჩენი).

5.10. 2023 წლის 4 აგვისტოს სატრანსპორტო ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის N..... დასკვნით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ ავტომობილებზე არსებული დაზიანებები ნაჭდევი ხასიათისაა, თან გასდევს საღებავის აფხეკა, თავისი ფორმითა და განვითარების ხასიათით მექანიკურია და დამახასიათებელია რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის. სატვირთო ავტომობილის სახ.№.......-ის წინა „ბამპერის“ სამაგრ ჭანჭიკებზე აღენიშნება მოხსნა-დაყენების კვლები. ლითონის „ბამპერი“, თავისი ფორმით და მოყვანილობით შესაძლებელია მიეკუთვნებოდეს, როგორც ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სატვირთო ავტომობილი სახ.№.......-ის შემადგენელ ნაწილს, ასევე სხვა ანალოგიური მარკის და მოდელის ავტომობილის შემადგენელ ნაწილს. მიკროავტობუსი „FORD-TRANSIT“ სახ. №......-ის და ავტომობილი „OPEL CORSA“-ს პირველადი კონტაქტის დროს გრძივ ღერძებს შორის მახვილი კუთხე შეადგენდა დაახლოებით 80 გრადუსს, ხოლო ავტომობილ „OPEL CORSA“-ს და სატვირთო ავტომობილი სახ. №.......-ს შორის შეჯახების კუთხის დადგენა ვერ მოხერხდა. მიკროავტობუსი „FORD-TRANSIT“ სახ.№......-ის სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია, ხოლო საჭით მართვის მექანიზმი გამოსულია მწყობრიდან მასზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტო-საგზაო შემთხვევის დროს. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომობილი „OPEL CORSA“ სახ.№......-ის, როგორც საჭის მართვის მექანიზმი, ასევე სამუხრუჭე სისტემა გამოსულია მწყობრიდან მათზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტო-საგზაო შემთხვევის დროს. სატვირთო ავტომობილი სახ. №.......-ის საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ მ. ი–ს მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის დანართის საგზაო პრიორიტეტის ნიშანი 2.3-ის მოთხოვნას, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ტექნიკური თვალსაზრისით, მძღოლი ხ.... მის განკარგულებაში არსებული მანძილისა და დროის სიმცირის გამო შეჯახების თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ტექნიკური თვალსაზრისით, მძღოლ რ–ს შეჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებში საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის უგულებელყოფა არ აღინიშნება.

5.11. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე გ......... დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, ვინაიდან მსჯავრდებულ მ. ი–ს გამოკითხვის ოქმიდან ირკვეოდა, რომ მან მეორეხარისხოვანი გზიდან მ............ საავტომობილო გზაზე შესვლის წინ გააჩერა ავტომობილი, რის შემდეგაც, დაახლოებით 5 კმ/სთ სიჩქარით გაიარა 0,5-1 მეტრი, რა დროსაც დაინახა მისგან მარცხენა მხარეს მოძრავი ავტომობილი „ოპელ კორსა“, რომელიც მისგან დაშორებული იყო 5-6 მეტრით, მან როგორც ექსპერტმა მიიჩნია, რომ მძღოლის – მ. ი–სის მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის დანართი საგზაო პრიორიტეტის ნიშნების 2.3-ის მოთხოვნას, რომელთა დაცვის შემთხვევაში მომხდარ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. ავტომობილ „ოპელ კორსას“ მძღოლის მოქმედებების შეფასებასას – ტექნიკური თვალსაზრისით შეეძლო თუ არა აღნიშნული საფრთხის თავიდან აცილება, ანუ მეორეხარისხოვანი გზიდან მის გზაზე მოულოდნელად შემოსულ სატვირთო ავტომობილთან შეჯახების თავიდან აცილება, მოწმემ განმარტა, რომ გამოანგარიშებამ აჩვენა, რომ 5-6 მეტრს „ოპელ კორსა“ გაივლიდა 0,3-0,4 წამში, რაც ნაკლებია მისთვის განკუთვნილ სარეაქციო დროზე, რაც შეადგენს ერთ წამს. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს „ოპელ კორსას“ დაზიანების ლოკალიზაციას – შუაში და უკან, აქედან გამომდინარე, შეჯახებამდე „ოპელ კორსას“ მძღოლი მის განკარგულებაში არსებული მანძილისა და დროის სიმწირის გამო, დამუხრუჭების დაწყებასაც ვერ მოასწრებდა. რაც შეეხება „ფორდ ტრანზიტის“ ავტომანქანის მძღოლის რ–ის მოქმედებას - მას საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის კანონის უგულებელყოფა არ აღინიშნება, ვინაიდან მის სავალ ნაწილზე გადმოსული მართვადაკარგული ავტომობილი იმყოფებოდა მოძრაობაში, მას რომც მიეღო ზომები, გაჩერებასთან დაკავშირებით და გაეჩერებინა, „ოპელ კორსა“ იყო მოძრაობაში და შეჯახება გარდაუვალი იქნებოდა. ამასთან, საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მანევრი ისე უნდა შესრულდეს, რომ საფრთხე არ შეუქმნას სხვა ავტომობილს. გაჩერებული ავტომობილის დაძვრა აღიქმება და არის მანევრი და სატვირთტო ავტომობილის მძღოლს მანევრი უნდა შეესრულებინა უსაფრთხოდ ისე, რომ სხვა ავტომობილისთვის საფრთხე და დაბრკოლება არ შეექნა. ვინაიდან, „ოპელ კორსას“ მარჯვენა ნაწილში აღენიშნება დაზიანება მარჯვნიდან მარცხნივ და ნაწილობრივ წინიდან უკან, მიუთითებს იმაზე, რომ დამამძიმებელი ძალა მხოლოდ წინიდან უკან არ იყო, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ „ოპელ კორსა“ არ იყო მოძრაობაში და ნაწილობრივ რაღაცა სიჩქარით (რაღაც კინეტიკური ძალით) წინ გადაადგილდებოდა სატვირთო ავტომობილიც. „ოპელ კორსა“ არის ე.წ. კუპე და მარჯვენა კარი ერთი აქვს. კარზე აღენიშნება მარჯვნიდან მარცხნივ და წინიდან უკან მოძრავი დინამიური კვლები. უკანა ფრთის და კარის გადაბმაზე მარჯვნიდან მარცხნივ არის დაზიანება, რაც განვითარდებოდა იმ შემთხვევაში, თუ მარჯვნიდან მარცხნივ იმოძრავებდა სატვირთო ავტომობილი. ამასთან იმის გამო, რომ „ოპელ კორსა“ საპირისპირო სავალ ნაწილზე აღმოჩნდა მოცურებული მარცხენა გვერდით „ფორდ ტრანზიტისკენ“, მიუთითებს, რომ „ოპელ კორსას“ მარცხენა გვერდით ნაწილში მოქმედებდა ძალა, რომელმაც უკანა ნაწილი წაიღო და მარცხენა გვერდით „ფორდ ტრანზიტს“ შეეჯახა. ექსპერმა განმარტა, რომ ავტომანქანა „კავზი“ არ იყო გაჩერებული, რადგან სხვა შემთხვევაში ამ განლაგებას ვერ მიიღებდნენ. სატვირთო ავტომანქანის უმოძრაოდ დგომისას ან გასმითი შეჯახების დროს „ოპელ კორსა“ თავის ზოლში დატრიალდებოდა. რაც შეეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებების სიჩქარის დადგენას, მის ხელთ არსებულ მასალებში არ ყოფილა მითითებული, თუმცა მას არ დასჭირვებია „ოპელ კორსას“ სიჩქარის გამოთვლა, რადგან სატვირთო ავტომობილის მძღოლის განმარტებით, მან დაიწყო მოძრაობა, გაიარა 0,5 მეტრი და „ოპელ კორსა“ მისგან დაშორებული იყო 5-6 მეტრით. ამ პუნქტში დასაშვებ სიჩქარედ 60-ის ნაცვლად 30-40 კმ/სთ-იც რომ აეღო, ისევ რეაქციის საჭირო დროზე ნაკლები დარჩებოდა „ოპელ კორსას“. მართალია, მან არ იცის თუ რა მანძილში დაინახავდა „ოპელ კორსას“ მძღოლი სატვირთო ავტომანქანას, თუმცა მისთვის ცნობილია საფრთხის წარმოქმნის მომენტი – მათ შორის არსებული 5 მეტრი და ის ფაქტი, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტით დადგინდა, რომ გზების აღნიშნული კვეთა 100 მეტრიდან ჩანს - შედეგს არ ცვლის. მან სატრანსპორტო ტრასოლოგიური ცოდნიდან, დაზიანებული ნაწილებიდან, მიმართულებებიდან და მათი დინამიკიდან გამომდინარე, ცალსახად დაასკვნა, რომ გაჩერებულ მანქანას „ოპელ კორსა“ გვერდს აუვლიდა წინა ნაწილით. მოცემულ შემთხვევაში კი „ოპელ კორსა“ ე.წ. მანქანის ცხვირის წინა გაბარიტით აცდა სატვირთო ავტომობილს და ამ უკანასკნელის შემდგომმა მოძრაობამ შექმნა საფრთხე.

5.12. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 30 აგვისტოს სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის N....... დასკვნით დგინდება, რომ მოცემულ საგზაო სიტუაციაში, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „კავზ 644“-ის ის სახ.ნომრით ....... მძღოლის მ. ი–ს მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N..-ის პრიორიტეტის ნიშნების, 2.3. პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. მოცემულ საგზაო სიტუაციაში, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „ოპელ კორსას“, სახ.ნომრით ...... მძღოლს, ხ. ა–ს, ტექნიკური თვალსაზრისით, კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება. მოცემულ საგზაო სიტუაციაში, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „ფორდ ტრანზიტის“, სახ.ნომრით ...... მძღოლზე, რ–ე არ იყო დამოკიდებული კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება და მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.

5.13. ექსპერტ ემზარ გ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ საექსპერტო კვლევა ჩაატარა ი-სთან ერთად, წარმოდგენილი საქმის მასალების შესწავლით, სხვადასხვა მონაცემის გათვალისწინებით, ახსნილი იყო კონკრეტული მექანიზმი, თუ როგორ განვითარდა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა, კერძოდ, ავტო-საგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი „ოპელი“ მოძრაობდა თავის სავალ ნაწილზე, რასაც მარჯვენა მხრიდან უერთდებოდა მეორეხარისხოვანი გზა, სადაც გამოდიოდა „კავზის“ ტიპის ავტომობილი, რომელიც მანევრს ასრულებდა. მთავარ გზაზე შემოსვლისას, მსვლელობის მომენტში, „კავზის“ მძღოლმა საფრთხე შექმნა მოძრაობაში, რა დროსაც ავტომობილი „ოპელის“ მძღოლმა დაიწყო საფრთხის არიდება, საჭე აიღო ნაწილობრივ მარცხნივ, რაზეც ნათლად მიუთითებს ის გარემოება, რომ ავტომობილი „ოპელის“ წინა მარჯვენა გვერდით ნაწილზე არანაირი დაზიანება არ არის განვითარებული. ამავდროულად ვინაიდან ავტომობილი „კავზი“ იმყოფებოდა მოძრაობაში, წინა ნაწილით კონტაქტში მოვიდა ავტომობილ „ოპელის“ მარჯვენა შუა და უკანა ნაწილებთან. სიჩქარეებისა და მიმართულების გათვალისწინებით კი დადგინდა, რომ უკანა ნაწილს კონტაქტის შედეგად მიენიჭა სხვა მიმართულება, რამაც გამოიწვია ავტომობილი „ოპელის“ მოცურება და მძღოლმა დაკარგა მართვა, რის გამოც მოცურებულ მდგომარეობაში გააგრძელა სვლა და გადავიდა საპირისპირო სავალ ზოლში, სადაც მას მარცხენა გვერდით ნაწილში შეეჯახა თავის სავალ ნაწილში მოძრავი „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომობილი. „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომობილი ცალსახად მოძრაობდა თავის სამოძრაო ზოლში, რასაც მიუთითებს მის მიერ დატოვებული კვლები. ვინაიდან „ფორდ ტრანზიტი“ შეჯახების დროს იმყოფებოდა თავის სამოძრაო ზოლში, ხოლო, მას წინა ნაწილში დაეჯახა შემხვედრად მოძრავი მართვადაკარგული ავტომობილი, „ფორდ ტრანზიტის“ მძღოლზე არ იყო დამოკიდებული კონკრეტული შემთხვევის თავიდან აცილება. ავტომობილ „კავზსა“ და ავტომობილ „ოპელს“ შორის მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეულია ავტომობილი „კავზის“ მძღოლის ქმედებით. „ოპელის“ მძღოლმა კი, მხოლოდ საჭის მარცხნივ აღება მოასწრო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავტომობილი „ოპელის“ მძღოლი მიიღებდა კონკრეტულ ზომას ავტომობილის სრულად გასაჩერებლად, ტექნიკური თვალსაზრისით ის მაინც ვერ შეძლებდა შემთხვევის თავიდან აცილებას. ექსპერტის განმარტებით, „ოპელი“ მოძრაობდა თავის ზოლში, როდესაც მარჯვენა მხრიდან ავტომობილი „კავზი“ მოვიდა მანქანის უკანა ნაწილთან კონტაქტში, რა დროსაც ავტომობილ „ოპელს“ ძალები წინ ჰქონდა მიმართული, ხოლო, კავზის მიერ მინიჭებული ძალის გამოყენებით დაიწყო მოცურება. ამასთან, საგამოძიებო ექსპერიმენტით დადგენილი უდიდესი მანძილი, საიდანაც ავტომობილის მძღოლებს შეეძლოთ შეემჩნიათ ერთმანეთი, არის 100 მეტრი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად 100 მეტრი იყო მათ შორის დაშორება, როდესაც „კავზის“ მძღოლი შემოვიდა სავალ ნაწილზე. საფრთხის შექმნის მომენტი გაცილებით უფრო ახლოს იყო, რადგან თუ ავტომობილი ოპელი დაშორებული იქნებოდა 100 მეტრით მაშინ, როდესაც კავზი შევიდა სავალ ნაწილზე და კავზის მძღოლი გააგრძელებდა მოძრაობას, ის გარკვეულ მანძილს კვლავ გაივლიდა მანამ, სანამ ოპელი იქამდე მივიდოდა და მათი ტრაექტორიები გადაიკვეთებოდა. შესაბამისად, კავზის მძღოლიც შეძლებდა გარკვეული მანძილის გავლას და ნაცვლად კავზის წინა ნაწილით ოპელის უკანა ნაწილთან შეჯახებისა, შეჯახება მოხდებოდა სხვა ადგილებში ან შეიძლება საერთოდ არ მომხდარიყო და გადაესწრო კავზის ავტომობილს. ვინაიდან ავტომობილ „კავზს“ დაზიანებული ჰქონდა წინა მარცხენა ნაწილი, ხოლო ავტომობილ „ოპელს“ - უკანა მარჯვენა გვერდითი ნაწილები, აღნიშნული გარემოებები მიუთითებს იმაზე, რომ საფრთხის შექმნის მომენტში, როდესაც კავზი შევიდა სავალ ნაწილზე, ავტომობილი „ოპელი“ ახლო მანძილით იყო მასთან დაშორებული და მძღოლმა მხოლოდ საჭის აღება მოასწრო, თუმცა ავტომობილი „კავზი“ კონტაქტში მოვიდა ავტომობილ „ოპელთან“. ექსპერტის განმარტებით, გამოირიცხა რომ ავტომობილ „ოპელის“ მძღოლს საჭე გაექცა და თავად შეეჯახა „კავზს“, რადგან ასეთ შემთხვევაში სხვა კოორდინატებში მოხდებოდა მათი განლაგება და არა ისე, როგორც სქემაზეა მოცემული.

5.14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა - ი. ლ–მ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და მიუთითა იგივე ფაქტობრივი გარემოებები.

5.15. 2023 წლის 18 სექტემბრის ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, „ოპელ კორსას“ მარკის ავტომობილის, სახელმწიფო ნომერი - ...... მძღოლს ხ. ა–სს, ტექნიკური თვალსაზრისით, შეეძლო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება, როგორც დასაშვები, ისე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში, თუ ის დაბრკოლების წინ დროულად მიიღებდა ყველა შესაძლო ზომას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მძღოლის მოქმედება არ შეესაბამებოდა საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.

5.16. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ-ა დაადასტურა დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ მის მიერ დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი. რა დროსაც დარწმუნდა საგამოძიებო ექსპერიმენტში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებში. კერძოდ, იმ ფაქტის ნამდვილობაში, რომ 100 მეტრი მანძილიდან და უფრო მეტი მანძილიდანაც ჩანს „ოპელ კორსას“ ავტომობილის მიმართულებით სატვირთო ავტომობილის შემოსვლის ადგილი. ექსპერტის განმარტებით, „ოპელ კორსას“ მძღოლს შეეძლო შეჯახების თავიდან აცილება. თუ ავტომობილი იმოძრავებდა დასაშვები 50 კმ/სთ სიჩქარით, მისი გაჩერების სიგრძე იქნებოდა 32 მეტრი; თუ იმოძრავებდა 60 კმ/სთ სიჩქარით – 42 მეტრი, ხოლო, თუ მაქსიმალური 105 კმ/სთ სიჩქარით – 96 მეტრი. შესაბამისად, ყველა შემთხვევაში შეეძლო ავტომობილის გაჩერება და ამიტომ სიჩქარის განსაზღვრას 105 კმ/სთ-მდე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ექსპერტის განმარტებით, საფრთხის შექმნის მომენტი დადგენილია საგამოძიებო ექსპერიმენტით და წარმოადგენს 100 მეტრს. „ფორდ ტრანზიტის“ მძღოლის მითითებით სატვირთო ავტომობილი არარეგულირებად გზაჯვარედინზე შევიდა შეუჩერებლად და შესაბამისად, საფრთხე წარმოქმნა იმ მომენტში. მძღოლის განმარტებით, შეჯახების მომენტში სატვირთო ავტომობილი გზაჯვარედინზე შესული იყო 0,5 მეტრიდან 1 მეტრამდე, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტით დადგენილია, რომ სატვირთო ავტომობილი შესული იყო 1,7 მეტრით. ექსპერტის განმარტებით, თუ სატვირთო ავტომობილი შესული იქნებოდა 0,5 მეტრით, „ოპელ კორსას“ არავითარი დაბრკოლება არ შეექმნებოდა გაეგრძელებინა გზა თავის სამოძრაო ზოლში, ხოლო თუ შესული იქნებოდა 1 ან 1,7 მეტრით, „ოპელ კორსას“ შეეძლო მარცხნივ მოხვევის მანევრით აეცილებინა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა, მარცხნივ გადასვლით ანუ სატვირთო ავტომობილზე მარცხნიდან გვერდის ავლით. იმ შემთხვევაში, თუ სატვირთო ავტომობილი შესული იყო 1,7 მეტრით და ავტომანქანა „ოპელ კორსას“ გატარების მიზნით იყო გაჩერებული, სატვირთო ავტომობილის მძღოლს უნდა გაეთვალისწინებინა მარჯვნიდან საპირისპირო ზოლში მომავალი ავტომობილი, მაგრამ, მას გზა უნდა დაეთმო ღერძულა ხაზის გადაკვეთის მომენტიდან. საპირისპირო მოძრაობის ,,ფორდ ტრანზიტისთვის“ საფრთხე შეიქმნებოდა მაშინ, როდესაც სატვირთო ავტომობილი დაიწყებდა გამყოფი ხაზის გადაკვეთას. ამ შემთხვევაში, სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებული იყო დაეთმო გზა, რადგან მის გზაზე ეყენა ნიშანი დაუთმე გზა. მაგრამ, ნიშანი დაუთმე გზა, არ ავალდებულებს მძღოლს აუცილებლად გაჩერდეს გზაჯვარედინზე შესვლის მომენტში. ის ავალდებულებს, რომ უნდა დაუთმოს გზა თავის ზოლში მოძრავ ავტომობილს. მოცემულ შემთხვევაში, სატვირთო ავტომობილის მძღოლს შეეძლო, როგორც გაჩერებით, ისე გაუჩერებლად შესულიყო გზაჯვარედინზე თუ ის არ შეუქმნიდა საფრთხეს მსუბუქი ავტომობილის მძღოლს. მსუბუქი ავტომობილი, რადგან ფაქტობრივად დაშორებული იყო დიდ მანძილზე ანუ 100 მეტრზე მეტ მანძილზე, სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვერ ხედავდა რომ მოძრაობდა რაიმე სატრანსპორტო საშუალება, რა დროსაც მას შეეძლო შესულიყო სამოძრაო ზოლში და დაეწყო გზაჯვარედინის გადაკვეთა.

5.17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებებს შორის წინააღმდეგობების არსებობისას, სასამართლომ ცხადად უნდა განმარტოს მიზეზები, რის გამოც იზიარებს ერთ მტკიცებულებას და გამორიცხავს მეორეს ან წარმოაჩინოს ის საფუძვლები, რის გამოც უარს აცხადებს თითოეული მათგანის გაზიარებაზე. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დეტალურად იმსჯელა და შეაფასა, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უტყუარობა, თავსებადობა და ის გარემოებები, რის გამოც არ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.18. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ შეჯახების მომენტში, ავტომობილი „ოპელ კორსა“ იმყოფებოდა ავტომობილ „კავზთან“ ახლოს, ვინაიდან მძღოლმა მხოლოდ საჭის მარცხნივ აღება მოასწრო. ასევე ის ფაქტი, რომ ნებისმიერი სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაშიც კი, თუ ავტომობილი „ოპელ კორსას“ მძღოლი მიიღებდა კონკრეტულ ზომას ავტომობილის სრულად გასაჩერებლად, ტექნიკური თვალსაზრისით, ის მაინც ვერ შეძლებდა შემთხვევის თავიდან აცილებას. რაც გამორიცხავს დაცვის მხარის მოწმის მითითებას, რომ „ოპელ კორსას“ მძღოლს საჭე გაექცა და თავად შეეჯახა „კავზს“, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთ შემთხვევაში, სქემაზე მოცემული კოორდინატებისგან განსხვავებულად მოხდებოდა მათი განლაგება.

5.19. საკასაციო პალატა მიღებული გადაწყვეტილების დასასაბუთებლად ასევე ყურადღებას გაამხვილებს სადავოდ გამხდარ მნიშვნელოვან გარემოებაზე, კერძოდ საფრთხის წარმოქმნის მომენტში ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანებს შორის არსებულ დაშორებაზე და მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაშიც არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის არგუმენტი, რომ თითქოს საფრთხის წარმოქმნის მომენტში მანქანებს შორის მანძილი იყო 100 მეტრი. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტებით დადგინდა მხედველობის არე, კერძოდ, სატვირთო ავტომობილის მძღოლის სავარძლიდან მძღოლისთვის რა მანძილზე იყო შესაძლებელი სოფ.......--- მ....... მიმართულებით მოძრავი ავტომობილის დანახვა და პირიქით. ორივე ავტომობილის მძღოლის მხედველობის არე იყო 100 მეტრი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხილვადობის მანძილი გაიგივებული იქნეს საფრთხის წარმოქმნის მომენტში ავტომობილებს შორის არებულ მანძილთან. საფრთხის შექმნის მომენტი არის ის მომენტი, როდესაც მეორეხარისხოვანი გზიდან მოძრავი ავტომობილი იღებს გადაწყვეტილებას გადაკვეთოს მთავარი გზა და მას აქვს ვალდებულება მანევრის შესრულებამდე დარწმუნდეს, რომ მთავარ/გადასაკვეთ გზაზე მოძრაობის რომელიმე მონაწილისთვის არ ქმნის საფრთხეს. მართალია, სატვირთო ავტომანქანას შეეძლო მისგან 100 მეტრში დაენახა „ოპელ კორსა“ თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ ეს ავტომობილები საფრთხის წარმოქმნის მომენტში ერთმანეთისგან 100 მეტრით იყვნენ დაშორებულნი. ის ფაქტი, თუ როდის წარმოიქმნა საფრთხე უნდა დადგინდეს კონკრეტული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით. თვითმხილველი მოწმის რ–ს ჩვენების თანახმად, მისგან დაახლოებით 40 მეტრის მოშორებით გზაჯვარედინზე დაინახა, რომ მარცხენა მხრიდან გამოდიოდა მომწვანო-მოლურჯო კამაზი, ხოლო მოწინააღმდეგე მხრიდან მოდიოდა „ოპელ კორსა“. მათ შორის დაშორება იყო დაახლოებით 5-10 მეტრი, როცა ერთმანეთი დაინახეს. მსჯავრდებულ მ. ი–სის ჩვენების თანახმად კი, როდესაც მან დაიწყო გზაჯვარედინზე შეუჩერებლად შესვლა გაიხედა ორივე მხარეს და ოპელი ვერ შენიშნა, ხოლო როდესაც 1 მეტრით უკვე შესული იყო მთავარ გზაზე მისგან 15-20 მეტრში დაინახა „ოპელ კორსა“. ექსპერტებმა ე. გ–მა, ი. ლ–მ და გ-....... იხელმძღვანელეს სწორედ საფრთხის შექმნის მომენტში საგზაო შემთხვევის მონაწილეთა შორის არსებული მანძილით. მაშინ როცა ექსპერტმა ვ–ა საფრთხის შექმნის მომენტში მდგენელად აიღო 100 მეტრი, რაც არ ემყარება საქმეზე დადგენილ გარემოებებს. 2023 წლის 4 აგვისტოს სატრანსპორტო ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის N... და 2023 წლის 30 აგვისტოს სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის N.... დასკვნებით დადგინდა, რომ ხ.... მის განკარგულებაში არსებული მანძილისა და დროის სიმცირის გამო შეჯახების თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.

5.20. საკასაციო პალატის შეფასებით, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, აღნიშნულ ეპიზოდში შესაძლებელია, როგორც ფაქტების უტყუარი დადასტურება, ისე – მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტის დადასტურებულად მიჩნევა, რაც ქმნის დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას და სახეზეა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით.

5.21. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ მ. ი–მა შემთხვევის ადგილი დატოვა მას შემდეგ რაც დარწმუნდა, რომ ხ.... და მ.... იყვნენ გარდაცვლილები. ამასთან, შემთხვევის ადგილზე იყო შეკრებილი ხალხი, რომლებიც ცდილობდნენ მათ დახმარებას. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მ. ი–მა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის დანართის – საგზაო პრიორიტეტის ნიშანი 2.3-ის მოთხოვნები, დათმობის გარეშე გავიდა მთავარ გზაზე და ავტომობილის წინა ნაწილით მარჯვენა გვერდითა ნაწილში შეეჯახა „ოპელ კორსას“ მარკის ავტომობილს. შეჯახების შედეგად ხ....ს ავტომობილი ინერციით გადაადგილდა საპირისპირო სავალი ზოლისკენ, სადაც მას შეეჯახა საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომობილი. ავტოავარიის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო, ხ..... და მისი მგზავრი მ.... შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ. შესაბამისად, ვინაიდან მსჯავრდებულის გაუფრთხილებელი დანაშაულის გამო, აღმოჩნდნენ ხ.... და მ.... სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში სწორედ მას ეკისრებოდა ვალდებულება ეზრუნა მათზე. თუმცა, მოწმეთა ჩვენებებით და თავად მ. ი–ს ჩვენებით ირკვევა, რომ მ. ი–ს არც უცდია განსაცდელში მყოფთათვის რაიმე დახმარების აღმოჩენა, არ მიუღია რაიმე ზომა მათ დასახმარებლად და მალევე დატოვა შემთხვევის ადგილი.

5.22. საკასაციო პალატის მიერ ასევე ვერ იქნება გაზიარებული დაცვის მხარის მითითება, რომ თითქოს მ. ი–ი გადმოვიდა ავტომობილიდან და შემდეგ კი როდესაც თავად ცუდად გახდა განარიდეს შემთხვევის ადგილიდან. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება საწინააღმდეგო, რომ მ. ი–ი არ დაინტერესებულა ხ....- და მ....ს მდგომარეობით და ისე მიატოვა შემთხვევის ადგილი. ამასთან არ დგინდება, რომ მას რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება უსპობდა დახმარების შესაძლებლობას.

5.23. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ. ი–სის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

6. სასჯელის დასაბუთება:

6.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის მიზანს არ წარმოადგენს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა. თავისუფლების აღკვეთა, როგორც ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრესი ფორმა, გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

6.2. „დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა იყოს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

6.3. „მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).

6.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და, საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მ. ი–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, მ. ი–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი მსჯავრადშერაცხილი მუხლების სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის კანონიერი და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.

6.5. ამასთან, ვინაიდან მ. ი–მა დანაშაულები ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, მის მიმართ უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი.

6.6. მოცემულ შემთხვევაში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციური დაწესებულებიდან შემოსული მსჯავრდებულ მ. ი–ს განცხადებით ირკვევა, რომ დაზარალებულების უფლებამონაცვლეებმა განაცხადეს უარი მის მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით გათვალიწინებული შეღავათის გავრცელების თაობაზე.

6.7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ პირზე, რომლის მიერ ჩადენილმა დანაშაულმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას არ აცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.

6.8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მ. ი–ს მსჯავრი უნდა დაედოს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მის მიმართ აუცილებელი წინაპირობის (დაზარალებულის თანხმობა) არსებობისას, ვრცელდება ზემოხსენებული ამნისტიის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შეღავათი. მოცემულ შემთხვევაში კი, სასამართლოს წინაშე არ იქნა წარმოდგენილი დაზარალებულების უფლებამონაცვლეების თანხმობები.

6.9. აღსანიშნავია, რომ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლი ამკრძალავი ნორმაა - მასში ჩამოთვლილია ის შემთხვევები, რაზეც ამნისტიის კანონი არ ვრცელდება, მათ შორის იმ დანაშაულზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას თანხმობას არ განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.

6.10. ამასთან, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, მ. ი–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით დანიშნული სასჯელი უნდა შემცირდეს 1/6-ით.

6.11. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით, ამავე კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ მ. ი–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. რ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

3. მ. ი–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით 1 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის თანახმად შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 თვით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ი–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 1 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

4. მსჯავრდებულ მ. ი–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 4 აგვისტოდან;

5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მ. ი–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია;

6. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

ავტომობილის პლასტმასის დეტალი, საღებავის ფრაგმენტი, შალითის ნაჭერი, ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, სისხლის ნიმუშები, ავტომობილის ქსოვილის ნიმუშები და ავტომობილის ე.წ. „ბამპერი“ - განადგურდეს;

„ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა (სახ.ნომრით ......) და „ოპელ კორსას“ მარკის ავტომანქანა (სახ.ნომრით ......) – დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;

კ.... მარკის სატვირთო ავტომანქანა (სახ.ნომრით .......) – დაექვემდებაროს საპროცესო კონფისკაციას;

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;

8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე