Facebook Twitter

საქმე N 120141124010142272

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №171-25 28 იანვარი, 2025 წელი

ი–ე ვ., N171-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ი–ს საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2024 წლის 4 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციური დაწესებულებიდან ახალციხის რაიონულ სასამართლოში ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ ვ. ი–ს (პირადი ნომერი: .........) პირადი საქმე. ამასთან, 2014 წლის 14 ნოემბერს სასამართლოს განცხადებით მიმართა მსჯავრდებულმა ვ. ი–მ, სადაც მიუთითა რომ იგი მოკლებულია შესაძლებლობას წარადგინოს დაზარალებულის თანხმობა და ამნისტიის კანონის საფუძველზე ითხოვა მის მიმართ დანიშნული სასჯელის 1/6-ით შემცირება.

2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 ივნისის განაჩენით, ვ. ი–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარი.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 ივლისის განაჩენით, ვ. ი–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

ვ. ი–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მძიმე სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მძიმე სასჯელი და ვ. ი–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელი.

5. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 აპრილის განაჩენით, ვ. ი–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით და საბოლოოდ, ვ. ი–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ვ. ი–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

6. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 ნოემბრის განჩინებით, მსჯავრდებული ვ. ი–ს უარი ეთქვას ამნისტიის კანონის გამოყენებაზე და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. მსჯავრდებულმა ვ. ი–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 ნოემბრის განჩინებაში ცვლილების შეტანა და ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე დანიშნული სასჯელის 1/6-ით შემცირება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

2. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

3. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

4. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი დაზარალებულის თანხმობა ვ. ი–ს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 ივნისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი, რაც დამატებული აქვს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 აპრილის განაჩენს – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით უნდა შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 თვით.

5. ვ. ი–ს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 ივლისის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით.

6. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ პირზე, რომლის მიერ ჩადენილმა დანაშაულმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას არ აცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.

7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვ. ი–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა), რაზეც აუცილებელი წინაპირობის (დაზარალებულის თანხმობა) არსებობისას ვრცელდება ზემოხსენებული ამნისტიის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მეექვსე პუნქტებით გათვალისწინებული შეღავათი. მოცემულ შემთხვევაში კი, სასამართლოს წინაშე არ იქნა წარდგენილი დაზარალებულის თანხმობა.

8. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, მე-2 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-5 ან მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დაზარალებული ფიზიკური პირი გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, იმავე პუნქტში აღნიშნულ პირზე ამნისტია გავრცელდება, თუკი ამაზე თანხმობას ამ კანონით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი), ხოლო თუ დაზარალებულ ფიზიკურ პირს ოჯახის ასეთი წევრი არ ჰყავს ან დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ასეთი წევრი ვერ იძებნება, აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება. საკასაციო პალატა მიუთითებს, ხსენებული ნორმაში ამომწურავადაა მითითებული ამ კანონის შესაბამისი მუხლების პუნქტები, რა დროსაც არის შესაძლებელი ამნისტიის აღსრულება. მათ შორის კი მითითებული არ არის ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი. აღსანიშნავია, რომ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლი ამკრძალავი ნორმაა – მასში ჩამოთვლილია ის შემთხვევები, რაზეც ამნისტიის კანონი არ ვრცელდება, მათ შორის იმ დანაშაულზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას თანხმობას არ განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.

9. რაც შეეხება ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით მსჯავრდებისათვის დანიშნულ სასჯელს – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით უნდა შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით.

10. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით.

11. შესაბამისად, ვ. ი–ე უნდა გათავისუფლდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 ნოემბრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ი–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 ნოემბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება;

3. ვ. ი–ს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 ივნისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი, რაც დამატებული აქვს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 აპრილის განაჩენს – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 თვით;

4. ვ. ი–ს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით;

5. ვ. ი–ე გათავისუფლდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან.

6. ვ. ი–ს მიმართ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 აპრილის განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და მისი მოხდის ვადის ათავლა - დარჩეს უცვლელი;

7. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე