Facebook Twitter

საქმე N 160100122005643292

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1111აპ-24 29 იანვარი, 2025 წელი

ნ–ი გ., №1111აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას, ასევე მსჯავრდებულ გ. ნ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. მ–ს და მსჯავრდებულ ა. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ო. მ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. ბ–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება – 2022 წლის 20 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება – 2022 წლის 22 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, 2022 წლის 25 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 2022 წლის 15 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

ა. ბ–მა გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, საერთო წონით 0,03438 გრამს, რომელიც 2022 წლის 20 იანვარს, დაახლოებით 15:11 საათზე, ქ.მ–ში, რ–ს ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 100 ლარად გაასაღა მოქალაქე ს. მ–სზე.

ა. ბ–მა გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, საერთო წონით 0,03982 გრამს, რომელიც 2022 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 16:01 საათზე, ქ. მ–ში, რ–ს ქუჩაზე არსებული კაზინო „ბ–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე 100 ლარად გაასაღა მოქალაქე ს. მ–ზე.

2022 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 12:50 საათზე, ა. ბ–მა წინასწარი შეთანხმებით გ. ნ–სთან ერთად, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში – ქ. მ–ში, გ–ს ქუჩა N..-ში, მოქალაქე ს. მ–ზე 100 ლარად უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, საერთო წონით 0,0162 გრამი.

ა. ბ–სმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, საერთო წონით 1,2704 გრამს, რომელიც ამოღებული იქნა მ–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2022 წლის 15 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ.მ–ში რ–ს ქ. N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ა. ბ–ს პირადი ჩხრეკის შედეგად.

1.2. გ. ნ–ი (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ – 2022 წლის 25 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, 2022 წლის 15 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

2022 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 12:50 საათზე, ა. ბ–მა წინასწარი შეთანხმებით გ. ნ–სთან ერთად, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში – ქ. მ–ში, გ–ს ქუჩა N..-ში, მოქალაქე ს. მ–სზე 100 ლარად უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, საერთო წონით 0,0162 გრამი.

გ. ნ–მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, საერთო წონით 0,1867 გრამს, რომელიც ამოღებული იქნა მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2022 წლის 15 მარტს, დაახლოებით 17:20 საათზე, ქ.მ–ში, გ–სა და ფ–ს ქუჩების გადაკვეთაზე ჩატარებული გ. ნ–ს პირადი ჩხრეკის შედეგად.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ ა. ბ–ს მიმართ დაადგინა, რომ 2022 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 12:50 საათზე, ა. ბ–მა წინასწარი შეთანხმებით გ. ნ–სთან ერთად, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში – ქ.მ–ში, გ–ს ქუჩა N..-ში მოქალაქე ს. მ–ზე 100 ლარად უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, საერთო წონით 0,0162 გრამი.

2.2. გ. ნ–ს მიმართ კი, დაადგინა, რომ 2022 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 12:50 საათზე, ა. ბ–სმა წინასწარი შეთანხმებით გ. ნ–სთან ერთად, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში – ქ.მ–ში, გ–ს ქუჩა N..-ში მოქალაქე ს. მ–ზე 100 ლარად უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, საერთო წონით 0,0162 გრამი.

2.3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 25 აპრილის განაჩენით, ა. ბ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი და მე-4 ნაწილებით (2022 წლის 20 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებით და გამართლდა.

ა. ბ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი და მე-4 ნაწილებით (2022 წლის 22 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებით და გამართლდა.

ა. ბ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით და გამართლდა.

ა. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ნ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით და გამართლდა.

გ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 25 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ზაზა ცქვიტარიამ და ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ა. ბ–სა და გ. ნ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ბრალად წარდგენილი ყველა კვალიფიკაციით. ასევე, სასჯელის დანიშვნისას მათთვის ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევა.

2.5. მსჯავრდებულ გ. ნ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. მ–მა სააპელაციო საჩივარით ითხოვა მსჯავრდებულის გამართლება.

2.6. განაჩენი სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ო. მ–მა და ითხოვა მისი დაცვისქვეშ მყოფი პირის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განაჩენით, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მსჯავრდებულების ა. ბ–სა და გ. ნ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების ო. მ–სა და ნ. მ–ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 25 აპრილის განაჩენი.

ა. ბ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით (2022 წლის 20 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებით.

ა. ბ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით (2022 წლის 22 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებით.

ა. ბ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით.

ა. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ა. ბ–ს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით ვადით ჩამოერთვა – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით ჩამოერთვა – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

გ. ნ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით.

გ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ნ–ს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა –სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით ვადით ჩამოერთვა – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით ჩამოერთვა – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

3.2. 2024 წლის 9 აგვისტოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მომართა მსჯავრდებულ გ. ნ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. მ–მა და მოითხოვა გ. ნ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

3.3. განაჩენი ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ო. მ–მა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3.4. საქართველოს უზენაეს სასამართლოს ასევე მომართა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზაზა ცქვიტარიამ და ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ა. ბ–სა და გ. ნ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ბრალად წარდგენილი ყველა კვალიფიკაციით.

3.5. მსჯავრდებულ ა. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ო. მ–მა წარმოდგენილი შესაგებლით მოითხოვა პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

4. კასატორთა არგუმენტები:

4.1. მსჯავრდებულ გ. ნ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. მ–ს პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი და არასამართლიანი, რადგან არ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს მიერ კრიტიკულად არ იქნა შეფასებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს „პროვოკატორი აგენტის“ ს. მ–ს ქმედებები. ს. მ–ს მიერ „პროვოცირებულმა დანაშაულმა“, რა დროსაც მისი ქმედებები გაცდენილია ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ „მკაცრად პასიურ“ როლს, გამოიწვია უდანაშულო პირების მსჯავრდება. დაცვის მხარეს გასათვალისწინებელ გარემოებად მიაჩნია, რომ ს. მ–ი არის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი, რომელიც ა. ბ–სთან ერთად მოიხმარდა ნარკოტიკს. სინამდვილეში თავად ს. მ–ი ასაღებდა ნარკოტიკულ საშუალებას, რისი გათვალისწინებითაც ფარულ კადრებს იღებდა ეპიზოდურად, ისე როგორც მას აწყობდა. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, პირველი ინსტანციის სასამართლომ ცალკეულ ეპიზოდებში (2022 წლის 20 და 22 იანვარი) კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ს. მ–ს მიერ ა. ბ–სგან ნარკტიკული საშუალების ყიდვის ფაქტი. კასატორის პოზიციით, სახეზე იყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433-ე მუხლის მე-9 ნაწილის მოთხოვნათა უხეში დარღვევა, რის გამოც ბრალდების მხარეს უნდა შეეწყვიტა ფარული საგამოძიებო მოქმედებები და აღეძრა საქმე ს. მ–ს მიმართ. მართალია, შსს მარნეულის რაიონული პოლიციის 2024 წლის 19 თებერვლის წერილის თანახმად, ს. მ–ს მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე, თუმცა დაცვის მხარის პოზიციით, აღნიშნული ფორმალობაა. საქმეზე გამოძიება წარიმართა არსებითი დარღვევებით, რადგან არ იქნა შედგენილი ოქმი გამომძიებლის მიერ აგენტისათვის გადაცემის თაობაზე, ასევე გამომძიებლის მიერ ვერ მოხდებოდა მისი ვიდეო-აუდიო მოწყობილობებით აღჭურვა. საქმეზე წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებში კი, არსად ჩანს ფულის გადახდისა და სანაცვლოდ გ. ნ–ს მიერ „შპრიცში“ მოთავსებული ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი. პირიქით დგინდება, რომ ნარკოტიკული საშუალება გ. ნ–ს სახლში მიიტანა ს. მ–მა, ხოლო გ. ნ–მა - ნარკოტიკული საშუალების მინარევები. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში დარღვეული იქნა ამოღებისა და ჩხრეკის წესები, რაც აღნიშნული მტკიცებულებების დაუშვებლობას იწვევდა. ამასთან, სასამართლო თავად ადგენს ორმაგ სტანდარტს როცა ცალკეულ შემთხვევაში სთხოვს ჩხრეკის ჩამტარებელ პირებს შექმნან ნეიტრალური მტკიცებულება, ხოლო სხვა შემთხვევაში უგულებელყოფს ასეთი მტკიცებულების არარსებობას. დაცვის მხარე არ ეთანხმება 2022 წლის 15 მარტის ეპიზოდში სასამართლოების მიერ განაჩენებით დადგენილ გაქტობრივ გარემოებებს და ისინი უკანონოდ მიაჩნია. 2022 წლის 15 მარტის ეპიზოდთან დაკავშირებით ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება პოლიციის თანამშრომლების მიერ გ. ნ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას.

4.2. მსჯავრდებულ ა. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ო. მ–ი წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას, რადგან მიაჩნია, რომ განაჩენი დაუსაბუთებელია. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი იმ საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ა. ბ–ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ 2022 წლის 25 იანვარს ამოღების ოქმში აღწერილი ნივთიერება და ექსპერტიზაზე წარდგენილი ნივთიერება განსახვავდება ერთმანეთისგან. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ გამომძიებელმა ე. ბ–მ აგენტს გადასცა საგამოძიებო მოქმედებისათვის გამოყოფილი თანხა. ამასთან, ე.წ. აგენტი ს. მ–ი არ მოქმედებდა თავისუფალი ნების საფუძველზე და ემორჩილებოდა გამომძიებელს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მოითხოვს, რომ განაჩენი ეყრდნობოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებს, ამასთან იყოს კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული. მოცემულ შემთხვევაში კი, დარღვეულია ზემოხსენებული მოთხოვნები, რის გამოც, ა. ბ–ს მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

4.3. ბრალდების მხარის პოზიციით, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ა. ბ–სა და გ. ნ–ს მიერ, როგორც ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის, ასევე მათი გასაღების არაერთი ფაქტი. ა. ბ–ს მიმართ 2022 წლის 20 და 22 იანვრის ეპიზოდებს ადასტურებს ს. მ–ს ჩვენება, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო ჩანაწერი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები და სხვა, რაც შეეხება მის მიერ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვის ფაქტს - აღნიშნული დასტურდება გამომძიებელ ლ. ა–სისა და ჩხრეკაში მონაწილე პირის სამირ ისმაილოვის ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. რაც შეეხება გ. ნ–ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით გამამართლებელ ეპიზოდს, სასამართლოს წინაშე დაიკითხა უშუალოდ ჩხრეკის ჩამტარებელი გამომძიებელი რ. ბ–ე და დამსწრე პირი (პოლიციის თანამშრომელი) გ. ფ–ი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატს 2024 წლის 11 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და ა. ბ–ი და გ. ნ–ი დამნაშავედ უნდა იქნენ ცნობილნი წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთის მხრივ, განაჩენი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, ხოლო, მეორეს მხრივ, მასში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ იქნა მიჩნეული ა. ბ–სა და გ. ნ–ს მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ფაქტი, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, დამაჯერებელი და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობიდან.

5.3. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ ა. ბ–სა და გ. ნ–ს მიმართ მსჯავრდების დასადასტურებლად სასამართლოში წარმოდგენილია არაერთი პირდაპირ ხასიათის მტკიცებულება, რითაც დასტურდება მათ მიერ 2022 წლის 25 იანვარს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება. კერძოდ, ს. მ–ს ჩვენება, 2022 წლის 25 იანვრის ფარული ჩანაწერი (ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ ს. მ–ი ხვდება ა. ბ–ს, რომელიც სთავაზობს წაყოლას ვინმე გ–სთან. ს. მ–ი ეუბნება, რომ ბარემ მისცემს და ა. ბ–ს ხელის მოძრაობა აშკარად მიუთითებს, რომ რაღაცას ართმევს მუსტაფაევს, ამავდროულად ისმის მუსტაფაევის ხმა, რომ ასი მანეთია. შემდეგ მოქმედება გრძელდება სახლში, სადაც კადრში ჩნდება გ. ნ–ც. რომელიც ა. ბ–ს გადასცემს მცირე ზომის წონაკს. მამაკაცები საუბრობენ წამალზე, მისი მომზადების წესზე, ბ. ეუბნება მ-ს, რომ ეს კარგი წამალია. ბ-მ დაამზადა წამალი. შემდეგ ჩანს შპრიცი, რომელიც უჭირავს მ-ს), ამოღებული ნარკოტიკული საშუალება (2022 წლის 25 იანვარს 14:55-15:15 დროის შუალედში ე. ბ-მ ს. მ–სგან ამოიღო 1 ცალი სამედიცინო დანიშნულების შპრიცი, რომელშიც მოთავსებულია სითხე, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება. ამოღებული შპრიცი, შიგნით მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებით დაილუქა სპეც.პაკეტში შტრიხკოდით ..........) და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა (ქიმიური ექსპერტიზის N.......... დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ შპრიცში მოთავსებული მოყავისფრო 0,34 მლ სითხე შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს, რაოდენობით: ჰეროინს - 0,0162 გრამი და მორფინს (ფუძე) – 0,00048 გრამი) ქმნიან იმ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც საკმარისია ა. ბ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო გ. ნ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.4. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

5.5. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, რომ ს. მ–ი არ მოქმედებდა არსებითად პასიურად, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ფარული აგენტის გამოყენება საგამოძიებო პროცესში თავისთავად არ ხელყოფს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტით დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას. მთავარია, რომ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა/კონფიდენტებმა არ წააქეზონ სხვა პირთა მიერ დანაშაულის ჩადენა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა არაა. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ ა. ბ–მა და გ. ნ–მა თავდაპირველად უარი თქვეს ნარკოტიკული საშუალების გასაღებაზე და მათ მიერ დანაშაულის ჩადენა განპირობებული იყო ს. მ–ს წაქეზებით.

5.6. ის ფაქტი, რომ 2022 წლის 15 მარტის ეპიზოდთან დაკავშირებით ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება პოლიციის თანამშრომლების მიერ გ. ნ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გავლენას ვერ იქონიებს გ. ნ–ს მიმართ მსჯავრადშერაცხილ ქმედებაზე. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებულ ეპიზოდთან დაკავშირებით გ. ნ–სი გამართლებულია, ხოლო ს. მ–ს მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიება - განსახილველ საქმესთან არარელევანტურია.

5.7. ასევე ვერ იქნება გაზიარებული დაცვის მხარის მითითება, რომ საგამოძიებო მოქმედების ოქმში ასახული და ექსპერტიზაზე წარდგენილი ნივთმტკიცებები განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც მათი დაუშვებლობის საფუძველია, ვინაიდან გამომძიებელმა ე. ბ–მ პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ შპრიცი აღწერა ისე როგორც აღიქვა, ექსპერტს კი უფრო დეტალურად აქვს აღწერილი. ს. მ–ს ჩვენებით დასტურდება, რომ გამომძიებელს გადასცა ის ნივთი, რაც მისცა ა. ბ–მა. ამოღების ოქმით კი დასტურდება, რომ შპრიცი დაილუქა სპეც.პაკეტში, ხოლო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ნივთირი მტკიცებულების დალუქვის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.

5.8. რაც შეეხება ბრალდების მხარის საკასაციო მოთხოვნას გ. ნ–სა და ა. ბ–ს წარდგენილი ყველა კვალიფიკაციით მსჯავრდების შესახებ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის უტყუარობისა და დამაჯერებლობის საკანონმდებლო სტანდარტს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცება უნდა გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).

5.9. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.10. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ ა. ბ–ს მიერ (2022 წლის 20 იანვრსა და 22 იანვრს) ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტები არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით. კერძოდ, მოცემულ ეპიზოდებთან დაკავშირებით წარმოდგენილია მოწმე ს. მ–ს ჩვენება, ფარული ჩანაწერები, ამოღებული ნივთმტკიცებები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზები.

5.11. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი ნეიტრალური მტკიცებულებით დადგენილ გარემოებებს, როგორიც არის საკონტროლო შესყიდვის ფარული ვიდეოჩაწერი, რომლებშიც არ ჩანს არც ს. მ-ს მიერ ა. ბ–სთვის თანხის გადაცემის და არც ამ უკანასკნელის მიერ ს. მ–სთვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტი, ხოლო სხვა რაიმე ნეიტრალური მტკიცებულება რაც გაამყარებდა მოწმე ს. მ–ს ჩვენებას წარმოდგენილი არ არის.

5.12. რაც შეეხება ა. ბ–ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გ. ნ–ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვის ფაქტებს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ ამ ეპიზოდებთან დაკავშირებით წარმოდგენილია ბრალდებულების პირადი ჩხრეკის ოქმები, ამოღებული ნივთმტკიცებები, ექსპერტიზის დასკვნები და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა ჩვენებები, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით ვერ იქნება მიჩნეული საკმარის მტკიცებულებებად, რადგან პირადი ჩხრეკები ჩატარებულია სასამართლოს ნებართვით, შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს უნდა უზრუნველეყოთ საგამოძიებო მოქმედების გადაღება, ან მოეწვიათ ნეიტრალური პირი - რასაც ამ შემთხვევებში ადგილი არ ჰქონია.

5.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

5.14. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ა. ბ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 25 იანვრის ეპიზოდი), ხოლო გ. ნ–ს მიერ - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 25 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

5.15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.17. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა).

5.18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გ. ნ–ი მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული ერთიანი სასჯელის მხედველობაში მიღებით, არ არსებობს ამნისტიის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის გავრცელების საფუძველი.

5.19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას, ასევე მსჯავრდებულ გ. ნ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. მ–სა და მსჯავრდებულ ა. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ო. მ–ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე