საქმე N 200140024010172713
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №81-25 21 იანვარი, 2025 წელი
ფ-ე მ., N81-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ფ–ს საჩივარი თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2024 წლის 8 ოქტომბერს, თბილისის პრობაციის ბიუროდან თელავის რაიონულ სასამართლოში ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ მ. ფ–ს (პირადი ნომერი: ...........) სააღსრულებო საქმე.
2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 თებერვლის განაჩენით, მ. ფ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით, 1 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
3. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის განაჩენით, მ. ფ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – ჯარიმა 4000 ლარი.
მ. ფ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ფ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – ჯარიმა 4000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა მ. ფ–სის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 3 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (01.04.2019 წლამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც კვლავ ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა საბოლოო სასჯელმა შთანთქა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 3 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც ჩათვლილია პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. ფ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.
მ. ფ–ს საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – ჯარიმა 4000 ლარი.
4. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, მ. ფ–ს მიმართ გავრცელდა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი.
მ. ფ–ე გათავისუფლდა თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან.
მ. ფ–ე გათავისუფლდა თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული ძირითადი სასჯელისაგან.
მ. ფ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულ დამატებით სასჯელზე – ჯარიმაზე არ გავრცელდა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი.
მ. ფ–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 3 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (01.04.2019 წლამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული მოუხდელი სასჯელი – პირობითი მსჯავრი თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით (რაც შთანთქა თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის განაჩენით დანიშნულმა საბოლოო სასჯელმა) – გაუნახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი და 6 თვე.
ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედების გავრცელების შედეგად, მსჯავრდებულ მ. ფ–ს მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (01.04.2019 წლამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ დანიშნული სასჯელი განისაზღვრა შემდეგნაირად:
მ. ფ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი და 6 თვე. მ. ფ–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – ჯარიმა 4000 ლარი.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. მსჯავრდებულმა მ. ფ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის განჩინებაში ცვლილების შეტანა და მისთვის დანიშნული სასჯელის ვადის ათვლის დაწყება 2022 წლის 3 თებერვლიდან (თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 თებერვლის განაჩენის მიღების დღიდან).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2022 წლის 3 თებერვლის განაჩენით, მ. ფ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2019 წლის პირველ აპრილამდე მოქმედი რედაქცია – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).
3. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან, მ. ფ–ს მსჯავრი დაედო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც დღეის მდგომარეობით დასჯადია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, ამასთან იგი ზემოხსენებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო ნასამართლობის არმქონე და თელავის რაიონულ სასამართლოში დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ. ნ–მმა სასამართლოს წინაშე თანხმობა განაცხადა მ. ფ–ს მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გავრცელებაზე. შესაბამისად თელავის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დანიშნული სასჯელის განახევრება არის კანონიერი.
5. ამასთან, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან ამავე კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
6. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებულმა –ს–ს მუნიციპალიტეტის მერიამ სასამართლოს წინაშე თანხმობა განაცხადა მ. ფ–სის მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენებაზე. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მ. ფ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ძირითადი სასჯელისგან გათავისუფლება არის კანონიერი.
7. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა). შესაბამისად, მ. ფ–ს მოსახდელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული დამატებითი სასჯელი – ჯარიმა 4000 ლარი.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გაზიარებული არ უნდა იქნეს საჩივრის ავტორის მოთხოვნა, რომ მის მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდის ათვლა უნდა დაიწყოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 თებერვლის განაჩენის მიღების დღიდან, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. ამნისტიის კანონის გამოყენების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლო მსჯელობს მხოლოდ დანიშნულ სასჯელზე ამნისტიის კანონის გავრცელების საკითხზე. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. განაჩენთა ერთობლიობის დროს დანიშნული საბოლოო სასჯელი აითვლება ბოლო განაჩენის მიღების დღიდან.
10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მ. ფ–ს თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის განაჩენით, სასჯელი დანიშნული აქვს განაჩენთა ერთობლიობით, მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა, საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, უნდა დაეწყოს ბოლო განაჩენის მიღების დღიდან – 2024 წლის 26 იანვრიდან.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. ფ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე