საქმე N330802224010611280
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№3I-25 16 იანვარი, 2025 წელი
ქ–ი/ქ–ი რ., №3I-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – რ. (R-n) ქ–ს/ქ–სის (K-c) ინტერესების დამცველის ადვოკატ გ. შ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რ. ქ–ს/ქ–სის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები და ფაქტობრივი გარემოებები:
1.1. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი: 2016 წლის 10 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის სტამბულის ანატოლიის პირველი უმაღლესი სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით რ. ქ–იი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალებების ტრეფიკინგი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა.
1.2. 2020 წლის 19 თებერვალს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.
1.3. 2021 წლის 7 სექტემბერს თურქეთის რესპუბლიკის მურათლის პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით რ. ქ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილით (მსჯავრდებულის ან პატიმრის გაქცევა) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
1.4. 2024 წლის 12 იანვარს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.
1.5. 2020 წლის 17 სექტემბერს თურქეთის რესპუბლიკის ანატოლიის მე-6 სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით რ. ქ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილის „e“ ქვეპუნქტით და 87-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ჯანმრთელობის დაზიანება) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
1.6. 2022 წლის 22 თებერვალს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.
1.7. 2015 წლის 15 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის ანატოლიის მე-7 სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით რ. ქ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით (საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისთვის ხელის შეშლა) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა 6 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა.
1.8. 2022 წლის 9 ივნისს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში;
1.9. 2022 წლის 27 ივლისს თურქეთის რესპუბლიკის სტამბულის ანადოლუს პირველი აღმასრულებელი სასამართლოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული განაჩენებით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და რ. ქ–ის საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, 22 თვითა და 37 დღით.
1.10. 2023 წლის 5 აპრილს აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
1.11. 2024 წლის 28 თებერვალს გაიცა რ. ქ–ს დაკავების ბრძანება.
1.12. 2023 წლის 28 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის სტამბულის ანადოლუს მე-15 უმაღლესი სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ გაიცა რ. ქ–ს დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალებების ან ფსიქოტროპული ნივთიერებების დამზადება ან გასაღება).
1.13. იმავე დღეს გაიცა რ. ქ–ს დაკავების ბრძანება.
1.14. 2024 წლის 24 აპრილიდან რ. ქ–ი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. რ. ქ–ს/ქ–ს მიმართ საქართველოში განხორციელებული პროცედურები:
2.1. 2024 წლის 26 მარტს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა რ. ქ–ს ექსტრადიციის მიზნით დაპატიმრების თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.
2.2. 2024 წლის 16 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი რ. ქ–ი.
2.3. 2024 წლის 18 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით რ. ქ–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
2.4. 2024 წლის 14 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა რ. ქ–იის ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.
2.5. 2024 წლის 11 ოქტომბერს რ. ქ–ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2025 წლის 16 იანვრამდე.
2.6. 2024 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია რ. ქ–ს ექსტრადიციის თაობაზე, რომელიც მიღებულ იქნა 2024 წლის 11 ნოემბერს.
2.7. რ. ქ–ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციურ დაწესებულებაში.
2.8. 2024 წლის 16 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა დასაშვებად იქნეს რ. ქ–ს/ქ–სის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.
2.9. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა თემურ ცინდელიანმა მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი რ. ქ–ი/ქ–ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი გ. შ–ე არ დაეთანხმნენ პროკურორის შუამდგომლობას.
2.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
2.11. დასაშვებად იქნა ცნობილი რ. ქ–ი/ქ–სის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის სტამბულის ანადოლუს პირველი აღმასრულებელი სასამართლოს მიერ რ. ქ–ს მიმართ დანიშნულ სასჯელთა შეკრების თაობაზე 2022 წლის 27 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.
2.12. დასაშვებად იქნა ცნობილი რ. ქ–ი/ქ–სის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია რ. ქ–ს ექსტრადიციის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების 2024 წლის 29 ივლისის შუამდგომლობაში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალებების ან ფსიქოტროპული ნივთიერებების დამზადება ან გასაღება).
2.13. 2024 წლის 26 დეკემბერს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – რ. ქ–ი/ქ–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. შ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინების გაუქმება.
2.14. 2025 წლის 13 იანვარს რ. ქ–ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით - 2025 წლის 16 აპრილამდე.
3. კასატორის პოზიცია:
3.1. კასატორის პოზიციით, რ. ქ–ი/ქ–სი კატეგორიულად გამორიცხავს ინიციატორ ქვეყანაში იმ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას, რასთან დაკავშირებითაც ითხოვს ექსტრადიციას თურქეთის რესპუბლიკა. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკიდან გამოთხვილი და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ სასამართლოს დაესკვნა რ. ქ–ს/ქ–სის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტები. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად არ მიიღო მხედველობაში ის გარემოება, რომ რ. ქ–ი/ქ–ი იდევნება წარმოშობის ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით და შესაბამისი განცხადების საფუძველზე საერთაშორისო დაცვაზე არ არის დასრულებული ადმინისტრაციული წარმოება.
4. პოზიცია საკასაციო საჩივარზე:
4.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა პოზიცია და მოითხოვა რ. ქ–ს/ქ–სის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების უცვლელად დატოვება. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 19 დეკემბრის ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინებით სასამართლოს მიერ შესწავლილ იქნა ექსტრადიციის სამართლებრივი საფუძვლები, ორმაგი დანაშაულებრიობის პრინციპი, ხანდაზმულობის ვადები, შეფასებულ იქნა ექსტრადიციის შემთხვევაში უფლებების დარღვევის რისკები, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით თურქეთის რესპუბლიკაში არსებული ზოგადი მდგომარეობა და უფლებების დაცვის გარანტიები. ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, კი არ არსებობს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ რ. ქ–ს/ქ–სის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია, რომლის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კონვენციის დებულებებს უპირატესი ძალა აქვს კონვენციის მხარეებს შორის არსებულ სხვა ხელშეკრულებებთან მიმართებით.
3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
4. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ ძებნილი რ. ქ–ი/ქ–სი 2024 წლის 16 ივლისს საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში რ. ქ–ს/ქ–სის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
5. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს. საკასაციო სასამართლო შეაფასებს, არსებობს თუ არა რ. ქ–ს/ქ–სის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე საფუძველი.
6. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული დაექვემდებაროს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული ქმედება როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს დასჯადი; 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს.
7. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა შემდეგნაირად:
8. 2016 წლის 10 ივნისის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: 2012 წლის 28 ივნისს პოლიციის თანამშრომლებმა რ. ქ–სგან ამოიღეს გასაღებისთვის გამზადებული ნარკოტიკული საშუალება, აღწერილი ქმედება დასჯადი იქნებოდა საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების გასაღების მომზადება), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
9. 2021 წლის 7 სექტემბრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: რ. ქ–ი სასჯელის მოსახდელად მოთავსებული იყო ღია ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რ. ქ–მა აღნიშნული დაწესებულება დატოვა 2014 წლის 31 დეკემბერს და უნდა დაბრუნებულიყო 2015 წლის 7 იანვარს, თუმცა, იგი მიიმალა და პენიტენციურ დაწესებულებაში არ დაბრუნებულა. აღწერილი ქმედება დასჯადი იქნებოდა საქართველოს სსკ-ის 380-ე მუხლით (სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მოხდისათვის თავის არიდება), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
10. 2020 წლის 17 სექტემბრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: 2018 წლის 22 ივლისს რ. ქ–მა და მისმა თანამზრახველებმა ვეტერინარულ კლინიკაში გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ვეტერინარული კლინიკის თანამშრომლებს, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. აღწერილი ქმედება დასჯადი იქნებოდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
11. 2015 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: 2013 წლის 5 ივლისს რ. ქ–ი შეჩერებულ იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ, რომლებმაც მას განუმარტეს, რომ უნდა ჩაეტარებინათ მისი პირადი ჩხრეკა. რ. ქ–მა პოლიციის თანამშრომლებს გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა, რის შემდგომაც დაკავებულ იქნა. აღწერილი ქმედება დასჯადი იქნებოდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
12. რ. ქ–სთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: რ. ქ–ი და მისი თანამზრახველები ახორციელებდნენ სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას. ნარკოტიკული საშუალებების გასაღების აღნიშნული სქემა იდენტიფიცირებულ იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ და ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2023 წლის 26 აპრილს ამოღებულ იქნა აღნიშნული ჯგუფის მიერ გასაღებისთვის გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის, 4 კილოგრამი და 838 გრამი 29028 ცალი ექსტაზის აბი, 282 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი და სხვა. აღწერილი ქმედება დასჯადი იქნებოდა საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-7 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მომზადება), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
13. ამდენად, მოცემულ საქმეში რ. ქ–ს/ქ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოითხოვება ისეთი ქმედებების ჩადენისათვის, რომელიც დასჯადია როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კანონმდებლობით და ამავდროულად, მოცემული დანაშაულებისათვის სასჯელის სახით, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.
14. გარდა ამისა, დაცულია ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-3-მე-4 მუხლებითა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, კერძოდ, მოცემულ საქმეში პოლიტიკური დანაშაულის/პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულის ან სამხედრო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის.
15. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.
16. დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა ჩადენისთვისაც მოითხოვება რ. ქ–ს/ქ–სის ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება, სულ მცირე, საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 380-ე მუხლი, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-7 ნაწილი, რაც ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, განსაკუთრებით მძიმე, მძიმე და ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებია.
17. საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლების პირველი ნაწილის თანახმად, დადგენილია კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადები. მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა ა) ორ წელში იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას; ბ) ექვს წელში სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს; გ) ათ წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს; დ) თხუთმეტ წელში – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს ან/და თავი აარიდა სასჯელის მოხდას. რაც შეეხება რ. ქ–ს/ქ–სთვის ბრალად წარდგენილ დანაშაულებრივ ქმედებას, აღნიშნული დანაშაული მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ გავიდა 30 წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. როგორც წარმოდგენილი მასალებით ირკვევა თურქეთის რესპუბლიკის სტამბულის ანადოლუს მე-15 უმაღლესმა სისხლის სამართლის სასამართლომ გამოსცა რ. ქ–ს/ქ–ს დაკავების ბრძანება, ხოლო 2024 წლის 24 აპრილიდან რ. ქ–ს/ქ–ს მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები გასული არ არის. ასევე, თურქეთის რესპუბლიკიდან მიღებული ინფორმაციით, არც თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით არის გასული ხანდაზმულობის ვადები. ამდენდად, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნი, ისე – მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.
18. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სამართალწარმოება, გარდა საექსტრადიციო პროცედურებისა. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა „Non bis in idem“-ის პრინციპი.
19. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, რომ რ. ქ–ი/ქ–სი იდევნება პოლიტიკური ნიშნით, ვინაიდან საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ იგი რაიმე ნიშნით იდევნება თურქეთის რესპუბლიკაში ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის, არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც მიუთითებდა, რომ იგი შესაძლოა დაექვემდებაროს წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას. ასევე გასათვალისწინებელია, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი, რაც მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიას ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.
20. ამასთან, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ თურქეთის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ იქნა გარანტია იმის თაობაზე, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი რ. ქ–ს/ქ–ს უფლებები სრულად იქნება დაცული. საგულისხმოა, რომ გარანტიები არის კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი და ამასთანავე არის საკმარისად კონკრეტული და არა ზოგადი/ბუნდოვანი. მათ შორის მოიცავს გარანტიას იმის თაობაზე, რომ დანაშაული არ არის პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობის. ამასთან, საერთაშორისო კონვენციების და შიდა კანონმდებლობის შესაბამისად დაცული იქნება მისი უფლებები.
21. დაცვის მხარის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალები არ არის საკმარისი რ. ქ–ს/ქ–სის მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტების დასადგენად საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ექსტრადიციის პროცესში ექსტრადიციის განმახორციელებელ სახელმწიფოს არა აქვს უფლებამოსილება, იმსჯელოს პირის ბრალეულობაზე, ვინაიდან იმ პირის ბრალეულობა, ვის მიმართაც წარმოდგენილია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ექსტრადიციის მოქმედი საერთაშორისო და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტისას.
22. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.: Mamatkulov and Askarov Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtH 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
23. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“
24. რ. ქ–ი/ქ–ი არ არის საქართველოს მოქალაქე, იგი არ სარგებლობს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით. გარდა ამისა, იგი არის ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს მოქალაქე. ამდენად, არ არსებობს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, არ იკვეთება არც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები.
25. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი განსაზღვრავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი და მათზე არც დაცვის მხარე მიუთითებს.
26. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ მიუთითებია წონადი არგუმენტები თურქეთის რესპუბლიკაში რ. ქ–ს/ქ–ს მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის რეალური საფრთხის არსებობის შესახებ, ამასთან მსგავსი ინფორმაცია არც საქართველოს გენერალურ პროკურატურას გააჩნია.
27. საექსტრადიციო მასალებში არ იკვეთება, რომ რ. ქ–ს/ქ–ს საქმის განხილვისას პროცედურები აშკარად და უხეშად დაირღვა, რაც წარმოშობდა საფუძველს ვარაუდისა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მას შეეზღუდა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ამ უფლების დარღვევის საფრთხე.
28. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, რ. ქ–ს/ქ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
29. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no. 140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – რ. ქ–ს/ქ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. შ–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – რ. (R-n) ქ–ი/ქ–ი (K–c) ინტერესების დამცველის ადვოკატ გ. შ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე